Category: არქივი

  • “შეწყალებით არ ხდება დამნაშავის გამართლება, არამედ ხდება მისთვის სასჯელის ფორმის შეცვლა”- ცქიტიშვილი

    „შეწყალებით ნამდვილად არ ხდება დამნაშავის გამართლება, არამედ ხდება მისთვის სასჯელის ფორმის შეცვლა“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

    მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის განხორციელების შესახებ და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად მთელ საზოგადოებაში არსებობს კითხვები შეწყალებასთან დაკავშირებით.

    „ზოგადად, შეწყალების პროცესი გულისხმობს სწორედ იმას, რომ დამნაშავის შეწყალება ხდება და როგორც ვიცით, ეს ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პრაქტიკულად, პრეზიდენტს ან მონარქს ყველა ქვეყანაში აქვს შეწყალების უფლება. შეწყალებით ნამდვილად არ ხდება დამნაშავის გამართლება, არამედ ხდება მისთვის სასჯელის ფორმის შეცვლა. როგორც ვისაუბრეთ, ბევრ ჩვენგანს, პრაქტიკულად მთელს საზოგადოებას აქვს კითხვები, თუ რომელი კატეგორიის დამნაშავეებზე უნდა გავრცელდეს შეწყალება პირველ რიგში, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი, რათა ჩვენ ასეთი კითხვები არ გვქონდეს და ყველანი ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ შეწყალების პროცესი წარიმართება სწორად და გამართულად“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

  • “საქართველოს ჰყავს სრულიად სამარცხვინო პრეზიდენტი,ზურაბიშვილი ქუჩაში უშვებს მკვლელებს”- გიორგი კანდელაკი

    „საქართველოს ჰყავს სრულიად სამარცხვინო და თავისმომჭრელი პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილის მიერ თავს მოხვეული“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    კანდელაკის თქმით, „ევროპული საქართველოს“ მიერ პროკურატურისთვის მიწოდებული ინფორმაცია და მათი წყარო არის სანდო და თუ დაწყებული გამოძიება აღმოჩნდება ფორმალური, „ევროპული საქართველო“ მოითხოვს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

    „ეს სრულიად სამარცხვინო კომენტარი, კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ მძიმე სიტუაციას, მაშინ, როცა მრავალი წლით პატიმრობა ემუქრებათ, იგივე გავრილოვის პატიმრებს, პოლიციელის ფარის ჯაჯგურისთვის, რასაც ჩვენ არ ვამართლებთ, მაგრამ ამ დროს ქალბატონი ზურაბიშვილი ქუჩაში უშვებს პოლიციელის მკვლელებს, ყაჩაღებს, ნარკორეალიზატორებს და ასე შემდეგ.

    „ევროპული საქართველოს“ მიერ, პროკურატურისთვის მიწოდებულ ინფორმაცია და ჩვენი წყარო არის სარწმუნო, ეს გამოძიება უნდა გაგრძელდეს. თუ ეს გამოძება აღმოჩნდება მხოლოდ ფორმალური, რისი საშიშროებაც არსებობს, ამ შემთხვევაში, როგორც უკვე განვაცხადეთ, მოვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – განაცხადა კანდელაკმა.

  • “საქართველოსთან ჩხუბისთვის ხელოვნურ საბაბს არასდროს ვეძებდით”- ლავროვი

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არასდროს ეძებდა საქართველოსთან ჩხუბის საბაბს და თუ თბილისი მოსკოვის მიმართ უფრო კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს, ავიამიმოსვლა შეიძლება აღდგეს. ამის შესახებ ლავროვმა გაერო-ში ბრიფინგზე განაცხადა.

    „როდესაც ჩვენ ეს (რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ) გადაწყვეტილება მივიღეთ, მაშინვე ითქვა, რომ ეს დროებითი ნაბიჯი იყო. როცა მდგომარეობა ნორმალური გახდება და საქართველოს ხელისუფლებაში ასეთი გამოვლინებების აღკვეთის აუცილებლობას გააცნობიერებენ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავაუქმებთ. ჩვენ საქართველოსთან ჩხუბისთვის ხელოვნურ საბაბს არასდროს ვეძებდით და თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს პასუხისმგებლობით მოეკიდოს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების განვითარებას და არ გაითვალისწინებს რუსოფობების აზრს… მე პირადად ავიამიმოსვლას განვაახლებდი“, – განაცხადა ლავროვმა.

  • “კურიერის ჟურნალისტებო არ გიტყდებათ?”- ნანუკა ჟორჟოლიანი

    მთავარი არხის ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში “რუსთავი2”-ის ჟურნალისტებს მიმართავს.

    “კურიერის ჟურნალისტებო, სპეცრაზმელი რომ გაათავისუფლეს და მარტო კადრები მოხვდა თქვენს ნიუსში არ გიტყდებათ? იმ ფონზე როცა 7 წლის ბავშვი მშიერია იგივე სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მამის უმძიმესი მდგომარეობა არ აღმოჩნდა მოსამართლისთვის საკმარისი არგუმენტი.

    თავი რომ დავანებოთ ლარის გამყარებას. და ლავროვთან შეხვედრას რომ “აპრავებდით” მთელი გამოშვება ერთი წუთით არ გაქვთ უხერხულობა?!

    სოციალური მედიის საუკუნეში რთული იქნება თან კაი ტიპები იყოთ, თან ეგ ნიუსი აკეთოთ.

    მათ, ვისაც ეგონათ რომ შარზე ვიყავით, აუცილებლად უყურეთ კურიერს და მიხვდებით რომ ადამიანები არ იცვლებიან.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

  • 29 სექტემბერს თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

    29 სექტემბერს, „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 07:00 საათიდან 13:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება:

    კრწანისის მოედანზე – ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე;

    თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით;

    გადაიკეტება თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, დავით აღმაშენებლის გამზირი, მიხეილ წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩები;

    მოძრაობა, ასევე, აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.

    მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით:

    სოლოლაკიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ლადო ასათიანის და ოვანეს თუმანიანის ქუჩების გავლით, საიდანაც ჩავლენ ვახტანგ გორგასლის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით;

    ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას დანიელ ჭონქაძის ქუჩით გააგრძელებენ;

    ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტოტრანსპორტის ნაკადი მოძრაობას ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებს;

    ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ავტომანქანების ნაკადი მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებს, ავლაბრის მოედნის მიმართულებით. მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ტრანსპორტი კი მარი ბროსეს ქუჩის გავლით იმოძრავებს რეზო თაბუკაშვილის ქუჩისკენ;

    უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე, “ლაგუნა ვერეს” მიმართულებით;

    ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

  • “შერჩევითი სამართალი სირცხვილია” – თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ლაივი)

    “შერჩევითი სამართალი სირცხვილია” – ამ სახელწოდებით ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინრეობს.

    აქტივისტები 20 ივნისის დარბევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული სპეცრზმელისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გირაოში შეცვლას აპროტესტებენ, მაშინ როცა აქციის 2 დაკავებული მონაწილე, ლევან ჯიქური და ბესიკ თამლიანი, მათი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, პატიმრობაში რჩებიან:

    “სპეცრაზმელი დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ ბრალდებულს 10 000- ლარიანი გირაო დააკისრა. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, მიზეზად კი ლევან იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. პარალელურად, ციხეში რჩებიან 20 ივნისის გავრილოვის პატიმრები. ადამიანები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ელოდებიან საბოლოო განაჩენს.

    ლევან ჯიქურისა და ბესიკ თამლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, თუმცა მოსამართლემ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინა ახალ გარემოებად და ისინი კვლავ რჩებიან პატიმრობაში. ლევან ჯიქური ვერ გადაადგილდება ეტლის გარეშე და პარალიზებული აქვს სხეულის ნახევარი” ,- ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში. 

    თბილისის საქალაქო სასამართლოთან მიმდინარე აქციას “რადიო თავისუფლება” სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში აშუქებს. 

  • “ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ” – გიორგი კვირიკაშვილი

    საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობის დატოვების შემდეგ, პირველად დუმილს არღვევს. ყოფილი პრემიერი “ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ აკრიტიკებს და უპირისპირდება. კვირიკაშვილი ტელეკომპანია “მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ ძირითად პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნულზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

    ყოფილი პრემიერი ინტერვიუს პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებით იწყებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე “თანამდებობისთვის ბრძოლას არ აპირებს“.

    “აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ. არც ერთი პოლიტიკური თანამდებობისთვის ბრძოლას არ ვაპირებ, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი და თუ გნებავთ, პოლიტიკური პოზიცია მექნება. რაც გამოიხატება იმაში, რომ რაღაცა შეიძლება მომწონდეს, რაღაცა შეიძლება არ მომწონდეს. მაგალითად, 20 ივნისს, რაც მოხდა ძალიან არ მომეწონა და გავაკეთე კიდევაც ამის შესახებ განცხადება. ასეთი რაღაცა, შესაძლოა, კიდევ მოხდეს მომავლში და არასოდეს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

    გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თანამდებობა იმიტომ არ დაუტოვებია და პოლიტიკაში იმიტომ არ ბრუნდება, რომ აშანტაჟებენ. ყოფილი პრემიერის თქმით, “ის დაშანტაჟებულ კაცს არ გავს“.

    “ზოგი ამბობს, რომ დააშინეს, დააშანტაჟეს და ა.შ. დაშატაჟებულ კაცს, მემგონი, არა ვგავარ ხო?! ეს ყველაფერი არის სუსტი ადამიანების მოგონილი ძალიან მტკნარი სიცრუე და სპეკულაცია. მე ქვეყანას ძალიან პატიოსნად ვემსახურე და დღემდე ასე ვაგრძელებ“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

    კვირიკაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელთან მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლებისმიერ ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებლია.

    „ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული. ხაზარაძესთან დაკავშიირებით, რაც ხდება, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის. ეს არის წყალში ჩაყრა ძალიან ბევრი ადამიანის ნაშრომის“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

    კვირიკაშვილი ზღაპარს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის და მამუკა ხაზარაძე, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

    “ეს ისტორია და ზღაპრები, რომ თითქოს, მე და მამუკა ხაზარაძე წელიწად-ნახევრის წინ რაღაცებს ვაპირებდით, ეს არის მოგონილი კონკრეტული ადამიანების, რომლებსაც ამ მითის მოგონება აწყობდათ, მათი მოგონილი და დაწერილია ეს ზღაპარი. ამაში ძალიან სამწუხარო ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს არა თუ დაიჯერა, არამედ მთელი თავისი მოქმედებები ააწყო ამ მითებზე“,- ამბობს ყოფილი პრემიერი.

    გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანაში სახელისუფლებო კრიზისია, რაზეც პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. ამასთან, კვრიკაშვილი წყრომას გამოთქვამს იმასთან დაკავშირბით, რომ “ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე განმწესებული წინა რეჟიმის დამნაშავეები ჰყავს.

    “ჩემი აზრით, იმ ადამიანების პირდაპირ დეპორტირება მმართველ პარტიაში არის ძალიან დამაზიანებელი “ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენი სახელიმწიფოსთვის. მე ყველას ვგულისხმობ, არ მინდა გვარებზე საუბარი. თუკი რაიმე ნეგატივი არსებობდა იმ სახელმწიფოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრბდით 2012 წლამდე, ძალიან ბევრი რამ იყო დაკავშირებული იმ სისტემის ყველაზე ცუდ ნაწილთან. მაინცდამაინც ის ცუდი ნაწილი რატომ უნდა გინდოდეს, რომ შენს სახელმწიფოში გადმოაპორტირო ჩემთვის ძალიან რთულად გასაგებია. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა არის. ჩემი აზრით, ეს მითვის, მისი პარტიისთვის და სახელმწიფოსთვის არის, პირველ ყოვლისა, დამაზიანებელი“,- განაცხადა გიორგი კვრიკაშვილმა.

    საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პირველი პირის თანამდებობა 2015 წლის 30 დეკემბერს დაიკავა და 2018 წლის 13 ივნისს დატოვა, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა Unicef -ის კვლევას დაუკავშირა, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა წინა წლებთან შედარებით გაღარიბდა. არაოფიციალური ინფორმაციით, კვირიკაშვილის გათავისუფელბის მიზეზი, ბიძინა ივანიშვილის შურისძიება გახდა, რომელმსაც გიორგი კვრიკაშვილს დამოუკიდებლობა არ აპატია.

  • “შეწყალება არ ექვემდებარება ობიექტურ კრტერიუმებს”- სალომე ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეწყალებულთა სიის ერთადერთი ავტორი პრეზიდენტია. ზურაბიშვილის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

    “არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული. ეს არიან ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ რაღაც გარემოებებში და რომლებიც, ჩემი შეფასებით, ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა, შემეწყალებინა. ეჭვი არ მაქვს, ყველა ამ საკითხზე შეიძლება იყოს ორი, სამი ან ბევრი სხვადასხვა მოსაზრება“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ნიუ იორკში.

    “კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება ეს არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება რაღაც ობიექტურ კრიტერიუმებს. ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც ეს უფლება აქვს, შეაფასოს გარემოებები და არა გამართოს ახალი სასამართლო. ეს არის ცნებების არევა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

    მისივე განცხადებით, შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებით არავის უფლება ირღვევა.

    “მე გამოვაცხადე ჩემი წუხილი, რომ საზოგადოებაში ამდენი ვნებათაღელვა ატყდა ამ საკითხების შესახებ და ამიტომ, მორატორიუმი გამოვაცხადე. რადგან ამაზეც იყო რეაქციები, ხაზგასმით ვიტყვი, რომ არ არსებობს უფლება, რომ იყო შეწყალებული. მორატორიუმი არ არის არავის უფლებების დარღვევა. ეს არის ფრთხილი გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებაში მოხდა ამ კუთხით. დაველოდოთ გამოძიებას, ამ საკითხზე მე არაფერი ახალი აღარ მაქვს სათქმელი, სამწუხაროდ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • კვირიკაშვილის და ბესელიას შეხვედრა კაფეში და ყოფილი პრემიერის პირველი კომენტარი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

    მთავარი არხის ჟურნალისტმა ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და უმრავლესობის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია თბილისის ერთ–ერთ კაფეში გადაიღო, სადაც ისინი შეხვედრას მართავდნენ. რა იყო შეხვედრის თემა, არცერთს არ დაუკონკრეტებია. ბესელიამ განაცხადა, რომ ისინი მეგობრები არიან, უბრალოდ მიმდინარე საკითხებზე საუბრობდნენ და არანაირი ერთობლივი პოლიტიკური გეგმები არ აქვთ.

    კვირიკაშვილმა კი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველი მოკლე ინტერვიუ მისცა მთავარი არხის ჟურნალისტს და რამდენიმე კითხვას უპასუხა.

    ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა უკმაყოფილოა მიმდინარე პროცესებით.

    “აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ. არცერთი პლიტიკური თანამდებობისთვის ბრძოლას არ ვაპირებ, მაგრამ ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული რაც დღეს ხდება.როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ყოფილ პრემიერ მინისტრს რა თქმა უნდა ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი და თუ გნებავთ პოლიტიკური პოზიცია მექნება.

    რაღაც შეიძლება მომწონდეს, რაღაც შეიძლება არ მომწონდეს. მაგალითად 20 ივნისს რაც იყო ძალიან არ მომეწონა და გავაკეთე კიდეც ამის შესახებ განცხადება, გამოვხატე ჩემი პოზიცია. ასეთი რაღაცა შეიძლება მომავალშიც მოხდეს და არასოდეს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ.

    ზოგი ამბობს რომ დააშინეს და დააშანტაჟეს, დაშანტაჟებულ კაცს მგონი არ ვგავარ.

    ეს ყველაფერი არის სუსტი ადამიანების მოგონილი. ძალიან მტკნარი სიცრუე და სპეკულაცია. მე ჩემს ქვეყანას ვემსახურე პატიოსნად და დღემდე ასე ვაგრძელებ ჩემს ცხოვრებას.“ – ამბობს კვირიკაშვილი და ხაზარაძესთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესზეც საუბრობს. ის თვლის, რომ ანაკლიის და ხაზარაძის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

    “ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული. ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება ჩემი აზრით ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის და ეს არის წყალში ჩაყრა ძალიან ბევრი ადამიანის ნაშრომის.

    ისტორია და ზღაპრები, თითქოს წელიწადნახევრის წინ ჩვენ რაღაცეებს ვაპირებდით, არის მოგონილი კონკრეტული ადამიანების, ვისაც ამ მითის მოგონება აწყობდათ. მათი მოგონილი და დაწერილია ეს ზღაპარი. ძალიან სამწუხარო ის არის, რომ ივანიშვილმა ეს არათუ დაიჯერა, არამედ თავისი მთელი მოქმედებები ააგო ამ მითებზე.“ – ამბობს კვირიკაშვილი და ასევე პასუხობს კითხვას სახელისუფლო ძალაში მიმდინარე პროცესების და ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის შესახებ:
    “ჩემი აზრით იმ ადამიანების პირდაპირ დეპორტირება მმართველ პარტიაში არის ძალიან დამაზიანებელი ქართული ოცნებისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის. გვარებზე საუბარი არ მინდა, ყველას ვგულისხმობ. თუკი რაიმე ნეგატივი არსებობდა იმ სახელმწიფოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით 2012 წლამდე ყველაფერი დაკავშირებული იყო იმ სისტემის ცუდ ნაწილთან და რატომ უნდა გინდოდეს რომ მაინცდამაინც ის ცუდი ნაწილი შენს სახელმწიფოში გადმოაპორტირო არ მესმის. რა თქმა უნდა, ივანიშვილის პასუხისმგებლობა არის ამ ყველაფერში. ეს ყველაფერი ივანიშვილისთვის , ხელისუფლებისთვის, მისი პარტიისთვის და სახელმწიფოსთვის არის დამაზიანებელი.“– თქვა კვირიკაშვილმა.

  • არასრულწლოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წაართვეს მობილური, რის შემდეგაც თავი მოიკლა – შსს (ვიდეო)

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარკეთილში, მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს.

    როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით, 6 პირი დააკავეს. დანაშაული 2-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2002 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ., 1998 წელს დაბადებული გ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.მ. და 1998 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.წ.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.

    მომხდარიდან მეორე დღეს, ამავე ფაქტზე პოლიციამ 1999 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.მ.-ც დააკავა, რომელსაც, ძარცვასთან ერთად, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია “ნაგანის” ტიპის რევოლვერი და საბრძოლო ვაზნები.

    გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.~

    {{VIDEO}}