Category: არქივი

  • ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

    ადამიანის უფლებებს სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. ორგანიზაციის განცხადებით, სტრასბურგმა საქართველოს მთავრობას 27 სექტემბერს ოფიციალური წერილით მიმართა.

    “ევროპულმა სასამართლომ, განაცხადში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა”, — აცხადებენ EMC-ში. 

    მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია — ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს.

    შეგახსენებთ, რომ 2017 წლის   26 დეკემბერს, პანკისში ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო.

    პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. სპეცოპერაციიდან თითქმის 2 წელი გავიდა, თუმცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

  • ივანიშვილს ვლანძღავდი, გავლანძღავ ახლაც და მივაყოლებ გახარია-თვალთხარიას- ჩალაგაშვილი

    ივანიშვილი იყო ჩემი სამიზნე, მას ვლანძღავდი, გავლანძღავ ახლაც და იქამდე, ვიდრე ამ ხელისუფლების ხელისუფალი და სისხლისმსმელია, მივაყოლებ გახარია-თვალთხარიას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

    „საპატრულო პოლიციამ მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, ანუ კამერის ჩანაწერი, ტექნიკური პრობლემა ჰქონია შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს ყველაფერი ფარსია და უნდოდათ, ჩალაგაშვილი შეეშინებინათ. მოსახლეობას მინდა ერთი რამ ვუთხრა, თუ საკუთარ მანქანაში, უკანა სავარძელზე იქნებით დამჯდარი და ფანჯარა გექნებათ ჩამოწეული, მოინდომებთ სიმართლის თქმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სისხლისმსმელი, მას აუგად მოიხსენიებთ, ამ შემთხვევაში, აუცილებლად, მესამე სართულზე, 50 მეტრში მდგარ კორპუსში ვიღაც გაიღვიძებს, გამოვა და იტყვის, რომ თქვენ ხართ დამნაშავე. ეს არის დღევანდელი სამართალი, სხდომა დარჩა მხიარული”, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.

  • “მთავარმა” “კურიერს” რეიტინგით მოუგო

    30 სექტემბერს მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვება “მთავარმა” რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება “კურიერს” მოუგო.

    ინფორმაციას რეიტინგების შესახებ “მთავარი არხის” ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი  სოციალურ ქსელში ავრცელებს:

    “მთავარი news 5,15% თბილისი 16% შრ

    კურიერი – 4,03% თბილისი 10,65% შრ

    მოგვძებნეთ სატელიტზე”- წერს ჟორჟოლიანი.

  • გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

    „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

    აღნიშნულის მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სასამართლო პროცესზე არასრული მტკიცებულებების წარდგენა იყო. შესაბამისად, სასამართლო პროცესი გადაიდო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩალაგაშვილის დაკავებიდან 12 საათი გავიდა, იგი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

    შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს.

  • დღეიდან მიმოქცევაში ახალი 10-ლარიანი შემოვა

    დღეიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

    განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული” მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.

    უკანა მხარეს წარმოდგენილია  ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემი” ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი.

  • ზურა ჯაფარიძე ტაქსაობისთვის 200 ლარით დააჯარიმეს

    ზურა ჯაფარიძე ტაქსაობისთვის 200 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ “გირჩი” ავრცელებს. 

    “მას შემდეგ, რაც თბილისის ქუჩებში ფერადი ტაქსით გადაადგილება აიკრძალა და ეს უფლება მხოლოდ თეთრი ტაქსების მძღოლებს დარჩათ, ზურა ჯაფარიძემ რეგულაციის დარღვევა საკუთარი შავი ავტომობილით გადაწყვიტა.

    დედაქალაქის ქუჩებში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში სიარულისა და ერთი მგზავრის გადაყვანის შემდეგ, ჯაფარიძე ლიცენზიისა და თეთრი ავტომობილის არქონის გამო, საპატრულო პოლიციამ 200 ლარით დააჯარიმა.

    “დღეიდან შევიდა ძალაში მერიის მიერ დაწესებული ახალი რეგულაცია და ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ გავლილი რეგისტრაცია მერიაში, არ აქვთ ლიცენზია და არ ჰყავთ თეთრი მანქანა, აეკრძალათ ტაქსაობა.

    ჩემი აზრით, ეს რეგულაცია არის იდიოტობა იმიტომ რომ არღვევს ადამიანების საკუთრების უფლებას. სახელმწიფოს არ ესაქმება არაფერი იმაში, ადამიანი თეთრი მანქანით იტაქსავებს თუ შავით, ტრაფარეტი ეყენება თუ არა და ა.შ.

    ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული მავნებლობა და მე გადავწყვიტე, ეს რეგულაცია სპეციალურად დამერღვია. დღეს დილით ვიყიდე ტრაფარეტი, ჩემს შავ მანქანაზე დავიდგი და თბილისის ქუჩებში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში დავდიოდი.

    საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დასრულდა იმით რომ გამაჩერა პატრულმა, რომელმაც შემდეგ სხვა ეკიპაჟს დაუძახა და მიუხედავას იმისა რომ ამ პოლიციელებისგან აზრის გაგება მინდოდა, ისინი იქცეოდნენ ჩვეულებრივი რობოტებივით და გამომიწერეს ორასლარიანი ჯარიმა.

    საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება – მოფიქრებული მაქვს კონკრეტული გზა როგორ შეიძლება “გავღუნოთ” ეს რეგულაცია – კალაძე ამ ომს ვერ მოიგებს” – განაცხადა ჯაფარიძემ გირჩი-ნიუსთან საუბრისას.

    შეგახსენებთ, რომ დღეიდან, თბილისში თეთრის გარდა, ყველა სხვა ფერის ტაქსის გადაადგილება იკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა გასული წლის სექტემბერში მიიღო და თბილისის სილამაზის შესანარჩუნებლად ქალაქში მხოლოდ თეთრი ტაქსების მოძრაობა დაუშვა.

    ასევე, პირველი ოქტომბრიდან, ტაქსის სერვისის განხორციელებას ვეღარ შეძლებენ ვერც სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები.

    თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გარდა თეთრი ავტომობილისა, ტაქსის მძღოლებს სამუშაოდ ლიცენზიებიც უნდა აეღოთ – ცნობილია, რომ ტაქსის სერვისის განსახორციელებლად დედაქალაქში სულ 22 563 ნებართვა გაიცა” – აღნიშნულია “გირჩის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ახალციხეში „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

    როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის საბოლოოდ აღმოფხვრა.

    „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ახალციხეში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

    1976 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევ ი.კ.-ს და 1982 წელს დაბადებული გ.გ. „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ხოლო წარსულში ნასამართლევ ორ პირს – 1979 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და 1981 წელს დაბადებულ კ.ა.-ს „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში ედებათ ბრალი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის – კ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით თანხა – 87 ათასი ამერიკული დოლარი. ასევე, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

    გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ნოემბერში ბიზნესპარტნიორებმა – გ.მ.-მ და კ.ა.-მ ფინანსური დავის გადასაწყვეტად, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით, ქურდული სამყაროს წევრების – ი.კ.-სა და გ.გ.-ს მეშვეობით, ცალ-ცალკე მიმართეს თურქეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციაში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს – ჯეირან კინწურაშვილს (მეტსახელად „ჯეირანას“) და ედუარდ ასატრიანს (მეტსახელად „ასატრინას“).

    კანონიერმა ქურდებმა დავის გადაწყვეტამდე ბიზნესპარტნიორების ფინანსური დავის შესწავლა ქურდული გარჩევით დაავალეს თავიანთ ნდობით აღჭურვილ პირებს, რომლებიც შეხვდნენ ბიზნესპარტნიორებს და მათ შუამავლებს – ქურდული სამყაროს წევრებს.

    ე.წ. კანონიერმა ქურდმა ჯეირან კინწურაშვილმა ფინანსური დავის გადასაწყვეტად და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად მოდავე მხარეები თურქეთის რესპუბლიკაში დაიბარა. შეხვედრაზე კინწურაშვილმა დავა ნაწილობრივ ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მეორე პირის შუამავალს 45 ათასი აშშ დოლარის თურქეთში ჩატანა დაავალა.

    დავის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. კანონიერმა ქურდმა ჯეირან კინწურაშვილმა ქურდული გარჩევა თურქეთში კიდევ ორჯერ – 2019 წლის 22 და 29 იანვარს მოაწყო, თუმცა ფინანსური დავა საბოლოოდ ვერ გადაწყდა.

    გამოძიება მიმდინარეობს ქურდული სამყაროს წევრობის, ასევე, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-პრიმა ოთხი მუხლის 1-ლი ნაწილით“, – განაცხადა ბორცვაძემ.

  • მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით სამართალდამცავებმა 56 წლის მამაკაცი დააკავეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმსჯელეს.

    როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან, სამსახურთან და სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას ემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა.

    პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა 28 სექტემბერს, დღის საათებში, ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გასროლა მოახდინა, რის შემდეგაც ჩხეიძემ 112-ში დარეკა, ვინაიდან ბრალდებული მას თვითმკვლელობით ემუქრებოდა.

    ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ სცნობდა, დანარჩენზე კი არ ისაუბრებდა. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას, დაცვა კი, 2 000 ლარის შეფარდებას ითხოვდა.

    სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს.

  • შსს გურამ ჩალაგაშვილის დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზეა დაკავებული.

    აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

    „საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.