Category: არქივი

  • ოცნებაში კალაძის გავლენის შემცირება დაიწყო. გაწირავს თუ არა ივანიშვილი თბილისის მერს

    ვანო ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლაში, რაც ოფიციალური ვერსიით დეპუტატმა თვითონ გადაწყვიტა, არაოფიციალური ვერსიით კი ივანიშვილმა გაუშვა, უფრო სერიოზულ პროცესებს ხედავს უმრავლესობის ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე. მისი თქმით ოცნებამ შესაძლოა კახა კალაძე გაწიროს, რომელიც 72 მილიონის გაფლანგვის საქმეში ფიგურირებს. ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე სიის მიხედვით პარლამენტში ირაკლი ზარქუა უნდა ყოფილიყო, რომელიც კალაძის გუნდის წევრია, თუმცა ზარქუამ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა და თბილისის საკრებულოში დარჩენა ამჯობინა. დავით ჭიჭინაძე თვლის, რომ ზარქუას პარლამენტარობაზე უარი ათქმევინეს:

    “ზარდიაშვილის გაშვებით „ქართულმა ოცნებამ“ თვითგანახლების პროცესი დაიწყო, მაგრამ რამდენად დროულია ეს და ვისით ჩაანაცვლებს, ეს მეორე საკითხია. რადგან იმდენად ბევრნი არიან ეს „კოლექტიური ზარდიაშვილები“, რომ „ოცნება“ მაშინ პრაქტიკულად უსისხლოდ უნდა დარჩეს. მითუმეტეს, რომ ქართული ოცნება“ დღეს გარკვეული ჯგუფებით, თუ დაჯგუფებებითაა დაკომპლექტებული.

    ამასთან, ფაქტია ისიც, რომ ზარქუამაც კი უარი თქვა ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეობაზე, თუმცა არა იმიტომ, რომ პარლამენტარობა არ სურს.საქმე იმაშია, რომ აუდიტის სამსახურმა, რომელიც საკმაოდ კარგად, ინტენსიურად და ეფექტურად მუშაობს, ბოლო პერიოდში 33 დასკვნა დადო, მაგრამ არცერთ მათგანზე პროკურატურის მიერ საქმის გამოძიება არ დაწყებულა.

    აუდიტის დასკვნებს შორისაა საქმე, რომელიც ენერგეტიკის სფეროს ეხება. უფრო კონკრეტულად საუბარია ელექტროსისტემაში 72 მილიონიან ზარალზე, კორუფციაზე, ასტრალურ პრემიებზე, უმართავ ხარჯებზე… დასკვნა დაიდო 4 ოქტომბერს და პროკურატურამ გამოძიებაც პრაქტიკულად მაშინვე დაიწყო.  ზარქუა კი , სწორედ იმ გუნდის, ანუ კალაძის გუნდის, წევრია, რომელსაც დღეს პრობლემა წაუყენეს. აი ამიტომ ათქმევინეს ზარქუას პარლამენტის წევრობაზე უარი, თორემ ის კომიტეტის სხდომებსაც კი დიდი ენთუზიაზმით ესწრებოდა.“ – ამბობს ჭიჭინაძე.

    უმრავლესობის კიდევ ორი წევრის მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვებაზე წერს ქრონიკა +–ის რედაქტორი ელისო კილაძე. მისი ინფორმაციით პარლამენტს მალე დატოვებენ მამუკა მდინარაძე და სოფო კილაძე.  ორივე მათგანი პარლამენტში კალაძის გუნდის წევრად ითვლება.

  • 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

    20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური გირაოს სანაცვლოდ  გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა.

    დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.

    ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა, ვინაიდან პროკურორ ვაჟა თოდუას განმარტებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მტკიცებულებებს უდაოდ სცნობს და ამას გარდა, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის თანახმად, ლევან ჯიქურს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს.

  • “პარლამენტი შესაძლოა მამუკა მდინარაძემ და სოფიო კილაძემაც დატოვოს”-ელისო კილაძე

    პარლამენტი შესაძლოა, მამუკა მდინარაძემ და სოფიო კილაძემაც დატოვოს. ამის შესახებ  „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს.

    „როცა კობახიძის “გუნდმა” ძველებზე “გამარჯვება” მოიპოვა, მაშინვე ვთქვი, რომ სულ მალე ამათი რიგიც მოვიდოდა. პარლამენტი შესაძლოა, მამუკა მდინარაძემ და სოფიო კილაძემაც დატოვოს! იცის იმ ბრძენმა კაცმა მისი საქმე. მოახლოვდა 2020 !“, – წერს ელისო კილაძე.

    შეგახსენებთ, რომ დეპუტატის მანდატზე უარი ვანო ზარდიაშვილმა თქვა. ის ე.წ. კალაძე-კობახიძის გუნდში მოიაზრებოდა. ამავე გუნდში არიან სოფო კილაძე და მამუკა მდინარაძეც.

  • მთავრობა კვლავ აფინანსებს მედიებს, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ტირაჟირებენ-MDF

    მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს იმ მედიების დაფინანსებას, რომლებიც სიძულვილის ენას, ანტიდასავლურ განწყობების აღვივებენ და კრემლის პროპაგანდას ტირაჟირებენ.

    ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2018 წელს 7 მედია გამოიკვეთა, რომლებსაც სახელმწიფო დაწესებულებები რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით კონტრაქტებს უფორმებენ. ეს მედიებია: საქართველოს რესპუბლიკა, Newspress.ge (nsp), თბილისი 24, ალია, მარშალპრესი, ობიექტივი, სამეფო არხი. მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანი და მაღალი ღირებულების კონტრაქტები გაზეთ საქართველოს რესპუბლიკასთან და ონლაინ გამოცემა Newspress.ge, nsp-სთან გაფორმდა.

    გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა – ბიუჯეტიდან გადაუხადეს ჯამში 129.710 ლარი. დამკვეთები არიან:

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
    მუნიციპალური განვითარების ფონდი;
    სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია;
    აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
    სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”;
    ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
    საქპატენტი
    სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო
    სხვა საქვეუწყებო ან ადგილობრივი ხელისუფლების სამსახურები
    Newspress.ge, nsp – ჯამში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 36 173 ლარი. დამკვეთები არიან:

    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
    ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
    ცენტრალური საარჩევნო კომისია;
    სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია;
    ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
    თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა;
    ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობა;
    ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია და სხვა საქვეუწყებო ან ადგილობრივი ხელისუფლების სამსახურები.
    თბილისი 24 და გაზეთი ალია.

    მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, სარეკლამო სააგენტო “კლიპარტთან” გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შვიდ მედია საშუალებაში ინფორმაციის განთავსების ღირებულება 50 000- ს ლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხის ნაწილი ონლაინ გამოცემა თბილისი 24-ზე და გაზეთ “ალიაზეც” გადანაწილდა, თუმცა, სამინისტროდან ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაცია თითოეულ მედიაზე განაწილებული ზუსტი თანხის იდენტიფიცირების შესაძლებლობას არ იძლევა. თუმცა, ცნობილია, რომ დამკვეთებს შორის არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

    სააგენტო მარშალპრესი – ბიუჯეტიდან გადაუხადეს ჯამში 8 114 ლარი. დამკვეთები არიან:

    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
    სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი;
    ქედის მუნიციპალიტეტი;
    ობიექტივი – ბიუჯეტიდან მიიღო 3746 ლარი. დამკვეთი:

    ცენტრალური საარჩევნო კომისია
    “სამეფო არხი” (ყოფილი ხარისხის არხი) – ბიუჯეტიდან დაიხარჯა 3100 ლარი. დამკვეთი:

    ცენტრალური საარჩევნო კომისია
    აღსანიშნავია, რომ ეს მედიები ინფორმაციისა და რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო ხელშეკრულებებს გასულ წლებშიც იღებდნენ.

    აღნიშნული ანგარიში 2018 წელს მოიცავს და ეყრდნობა შემდეგი დოკუმენტების ანალიზს: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომი დოკუმენტაციის გარდა, დამატებით საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილ მონაცემებს და ღია წყაროებით გავრცელებულ სხვა ცნობებს.

  • სილამაზის სალონში ირემმა კარი შეამტვრია (ვიდეო)

    ნიუ-იორკში მდებარე სილამაზის სალონში ირემმა შუშის  კარი შეამტვრია და იმ დროს შევარდა, როცა სალონში ხალხი იმყოფებოდა. 

    ირემის მოულოდნელ გამოჩენას ადგილზე პანიკა მოჰყვა. როგორც გაირკვა,  ირემი მწერს მისდევდა. კადრები სალონის კამერამ დააფიქსირა.

    ცხოველმა სალონი რამდენიმე წამში თავისით დატოვა. 

  • დოკუმენტების მიხედვით, თადუმაძემ 1994 წელს დაფუძნებულ უნივერსიტეტში 1993 წელს ჩააბარა-იხილეთ დოკუმენტი

    დოკუმენტების მიხედვით, რომელიც “საერთაშორის გამჭირვალობა-საქართველომ” გაასაჯაროვა, დიპლომის მიხედვით, თადუმაძე სასწავლებელში 1993 წელს ჩაირიცხა, თუმცა უნივერსიტეტი სადაც მან ჩააბარა 1994 წელს დაარსდა.  

    ორგანიზაციაში  მიიჩნევენ, რომ მოქმედი გენერალური პროკურორისა და უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატისგანათლების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან  დაკავშირებით შეუსაბამობა გამოიკვეთა. ორგანიზაციამ ამ საკითხზე კვლევა გაასაჯაროვა.

  • ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰ.მ. დააკავა.

    მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

    7 ოქტომბერს, ჰ.მ.-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა საპატიმრო გირაო. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

  • “შალვა თადუმაძის განათლებასთან დაკავშირებით არაერთი შეუსაბამისობა გამოვლინდა” – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ” შეისწავლა მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები და მის დიპლომთან დაკავშირებით არაერთი შეუსაბამობა გამოავლინა.

    “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შესწავლილი დოკუმენტებით შეუსაბამობა დგინდება მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით. კერძოდ, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც – დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი 1999 წელი აქვს მითითებული. აღსანიშნავია ასევე ადმინისტრაციული ორგანოების ის საეჭვო ერთსულოვნება, რომლითაც ისინი მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა მოტივით უარს გვეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე.

    არსებული მიგნების საფუძველზე აუცილებელია, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ გენერალური პროკურორის დიპლომი და წარმოადგინონ დასაბუთებული განმარტებები არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დარჩება შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა.

    ვინ არის და სად მუშაობდა შალვა თადუმაძე

    შალვა თადუმაძე საქართველოს მოქმედი გენერალური პროკურორია. 2011-2012 წლებში ის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი და შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც გახდა. 2018 წლის ივლისში შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა და მას პარლამენტმა 101 ხმით მხარი დაუჭირა. დღეისათვის თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად არის წარდგენილი პარლამენტში და ღიად აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს.

    საზოგადოებისათვის დამალული დიპლომი

    შალვა თადუმაძის დიპლომის შესახებ კითხვები მისი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენისას წარმოიშვა. თადუმაძის განმარტებით, ის იმ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც ლეგალურად ფუნქციონირებდა და აღნიშნული უნივერსიტეტში მიღებული განათლებით ქვეყანაში მცხოვრები „ორი მილიარდერის“ (ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის) ოჯახს ემსახურებოდა.

    მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ რამდენიმე ადმინისტრაციული ორგანიზაციიდან შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი გამოითხოვა. სამწუხაროდ, არც მთავრობის ადმინისტრაციამ, არც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და არც იუსტიციის სამინისტრომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია. ამ უკანასკნელმა საერთოდ არ გვიპასუხა, რის გამოც უკვე ერთი წელია სასამართლოს გზით ვცდილობთ შალვა თადუმაძის დიპლომის ასლის მიღებას. შალვა თადუმაძის დიპლომი არც საქართველოს პარლამენტში იყო წარდგენილი მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანო მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მის დამტკიცებას განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი „ადვოკატთა ასოციაციაშიც“ აღარ არის დაცული, რადგან მათი განმარტებით, ძველი დოკუმენტები პერიოდულად ექვემდებარება განადგურებას.

    საბოლოოდ, თადუმაძის დიპლომის ასლის მოპოვება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოვახერხეთ.

    სად სწავლობდა შალვა თადუმაძე

    საქართველოს გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შალვა თადუმაძე „თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“ სწავლობდა, რომელიც 1999 წელს დაამთავრა და მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მოგვიანებით მან დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი, სადაც ტექნიკურ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება მიენიჭა.

    იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ ბიოგრაფიაში უფრო დეტალურად არის მითითებული, რომ დამთავრებული აქვს „ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“, სწავლების პერიოდი კი 1994-1998 წლებს მოიცავს. თადუმაძემ პარლამენტში გამოსვლის დროსაც დაადასტურა , რომ ის სასწავლებელში 1994 წლიდან სწავლობდა.

    რის საფუძველზე გაჩნდა ეჭვი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით

    შალვა თადუმაძის დიპლომის შესწავლასთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაციის მიერ მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, გამოვითხოვეთ შესაბამისი დაწესებულებიდან დიპლომის ასლი და პარალელურად, შევამოწმეთ უმაღლესი სასწავლებლის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები და საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი მასალა. ოფიციალურ მიმართვებზე უწყებებისგან შემდეგი პასუხები მივიღეთ:

    მთავრობის ადმინისტრაციამ, სადაც შალვა თადუმაძე წლების განმავლობაში საპარლამენტო მდივანი, ბოლოს კი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ მოგვაწოდა;

    გენერალურმა პროკურატურამ არ მოგვაწოდა მთავარ პროკურორად ახლადარჩეული შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი, რაც დასაბუთებული იყო იმით, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა მისი ხელმძღვანელის გამწესების პროცესში არ მონაწილეობს;

    საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც 101 ხმით თადუმაძე გენერალურ პროკურორად აირჩია, დიპლომი იმ მოტივით არ მოგვაწოდა, რომ „რეგლამენტი არ ითვალისწინებდა შესაბამისობის დადგენის პროცედურებს“ და შესაბამისად, პარლამენტში დიპლომი არ იყო წარმოდგენილი.

    იუსტიციის სამინისტრომ საერთოდ არ გვიპასუხა წერილზე, რის გამოც სასამართლოში დავა დავიწყეთ.

    ადვოკატთა ასოციაციამ მოგვწერა, რომ მათთან დაცულია ადვოკატთა ტესტირების ჩაბარების (2006 წელი) დამადასტურებელი სერთიფიკატი, თუმცა შალვა თადუმაძის დიპლომი არ ფიქსირდება, ვინაიდან ძველი დოკუმენტაცია დროდადრო ექვემდებარება განადგურებას.

    იმავდროულად, შევისწავლეთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე უმაღლესი სასწავლებლის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ასევე, არქივში დაცული დოკუმენტაცია.

    განათლების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება:

    შეუსაბამობა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის თარიღთან დაკავშირებით: დიპლომში, რომელიც ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის მიერ არის გაცემული, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ტექსტში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძე 1993 წელს ჩაირიცხა სასწავლებელში. თუმცა, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, აღნიშნული სასწავლებელი 1994 წელს დაფუძნდა, განთავსებული იყო თბილისის 62-ე სკოლის შენობაში და იმავე, 1994 წელს მიიღო ლიცენზია. სწავლების დაწყების თარიღად თადუმაძეს 1994 წელი აქვს მითითებული იუსტიციის საბჭოში წარდგენილ ბიოგრაფიაში და საჯაროდაც იგივეს ადასტურებს. ანალოგიური ინფორმაციაა განთავსებული საპროკურორო საბჭოს გვერდზეც. აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძემ საშუალო სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ის 1993 წელს სტუდენტი ყოფილიყო.

    შეუსაბამობა უმაღლესი სასწავლებლის დასრულების თარიღთან დაკავშირებით: შალვა თადუმაძის იმავე დიპლომში, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ტექსტში მითითებულია, რომ მან 1998 წელს დაასრულა სასწავლებელი. თუმცა, საპროკურორო საბჭოს და გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე სწავლის დასრულების თარიღად 1999 წელია აღნიშნული.

    აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძე, ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის პარალელურად, 1994-1998 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე სწავლობდა, სპეციალობა სამთო ინჟინერი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ საპროკურორო საბჭოს გვერდზე არის მითითებული.

    იმ ფონზე, როდესაც შალვა თადუმაძე იკავებს ქვეყანაში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას და პარალელურად მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში, კითხვები მის განათლებასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს. მითუმეტეს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება უზენაეს სასამართლოში მისი უვადოდ გამწესება და შემდგომ თავმჯდომარედ არჩევა.

    ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის საკითხი და დასაბუთებული პასუხი გასცენ ლეგიტიმურ კითხვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიპლომის ნამდვილობა არსებული მდგომარეობით ეჭვქვეშ დარჩება, რაც მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არიან პირები, რომელთა იურიდიული განათლების ქონა კითხვის ნიშნებს წარმოშობს-სახალხო დამცველი

    მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არიან პირები, რომელთა იურიდიული განათლების ქონა კითხვის ნიშნებს წარმოშობს-სახალხო დამცველი- ეს დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიშში არის აღნიშნული.

    როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს.

    კანდიდატის შორის არიან პირები, რომელთა მიერ უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხით ქონა სათანადოდ არ არის დადასტურებული, ან სერიოზულ კითხვებს წარმოშობს.

    “2019 წლის 6 მაისიდან 6 სექტემბრამდე, ოთხ თვიან პერიოდში, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი წარიმართა, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი მანდატის ფარგლებში აკვირდებოდა. დაკვირვების შედეგები და რეკომენდაციები წარმოდგენილია სპეციალურ ანგარიშში, რომელსაც ვაქვეყნებთ. დაკვირვებამ გამოავლინა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის სამართლიანად და მაღალი სტანდარტებით წარმართვაზე არსებითი გავლენა მოახდინა მრავალმა ხარვეზმა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზრუნველყო სრულყოფილად შეემოწმებინა კანდიდატების შესაბამისობა იმ საკანონმდებლო მოთხოვნასთან, რომლის მიხედვითაც მათ უნდა ჰქონდეთ უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით. აღნიშნულ საკანონმდებლო მოთხოვნასთან პირის შესაბამისობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პროცესის საწყის ეტაპზევე უნდა დაედგინა და ისე დაერეგისტრირებინა კანდიდატად. ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ 50 კანდიდატისაგან შემდგარ სიაშიც და პარლამენტისათვის წარდგენილ კანდიდატებს შორისაც არიან პირები, რომელთა მიერ უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხით ქონა სათანადოდ არ არის დადასტურებული ან სერიოზულ კითხვებს წარმოშობს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში თვალსაჩინო იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ორ ჯგუფს შორის არსებული დაპირისპირება. მთელი პროცესის განმავლობაში, მათ შორის ფარული კენჭისყრებისას და კანდიდატთა ქულებით შეფასებისას, სახალხო დამცველის აპარატმა შეძლო გამოეკვეთა 10 ბიულეტენი/შეფასების ფორმა, რომელიც დამთხვევების მაღალი ხარისხით ხასიათდებოდა. წევრებს შორის შეთანხმებებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, თუ როგორი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოს რეალობაში სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობა. ამ პირობებში, კენჭისყრებისა და შეფასების ფარულობა მხოლოდ პროცესზე საზოგადოებრივ ზედამხედველობას აბრკოლებს, რასაც თავისთავად რაიმე ღირებულება არ გააჩნია და პირიქით, ზიანის მომტანია. გასაუბრების შემდგომ კანდიდატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 12-მა წევრმა შეაფასა. 12 შემფასებლის ფარგლებში, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც საკმაოდ დიდია სხვაობა კანდიდატისათვის დაწერილ ქულათა შორის (30-დან 57 ქულამდე). 12 შემფასებლის ფარგლებში, რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით დაფიქსირდა მინიმალურ და მაქსიმალურ ქულათა შორის სიახლოვეც (3-დან 10 ქულამდე). 50 კანდიდატიდან 20 კანდიდატის შერჩევის მიზნით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების ანალიზისას დაფიქსირდა, რომ საბჭოს 10-მა წევრმა ხმათა მაღალი რაოდენობა მისცა 20 კონკრეტულ კანდიდატს, საშუალო რაოდენობის ხმები არავის არ მიუღია, ხოლო 18-მა კანდიდატმა ხმათა დაბალი რაოდენობა მიიღო. 10 წევრის მხრიდან ამ სტრატეგიით მოქმედებამ და კანდიდატებისათვის ხმათა საშუალო რაოდენობის მიუცემლობამ, საბჭოს დანარჩენი წევრების ხმათა თანხვედრით კანდიდატების მომდევნო ეტაპზე გადასვლის შემთხვევები გამორიცხა. შეფასების მოქმედი სისტემის ფარგლებში, როდესაც მინიჭებული ქულა არ საბუთდება, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო კომპეტენტურია კანდიდატი, თუმცა ამ პირობებშიც კი ნამდვილად გასაკვირია საბჭოს იმ 10 წევრის გადაწყვეტილება, რომლებმაც მაღალი ქულებით შეაფასეს კანდიდატი, თუმცა ხმა არ მისცეს მას, ან პირიქით, ნაკლები ქულებით შეაფასეს კანდიდატი, თუმცა ხმა მისცეს მას. საბჭოს 10 წევრის ფარგლებში ასეთი 4 კანდიდატი გამოიკვეთა. ანგარიშის ბოლოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს, მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს თვითნებობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებისას, უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის აცილების მაღალ სტანდარტს, ღია კენჭისყრას, გადაწყვეტილებების დასაბუთებას და მათი გასაჩივრების შესაძლებლობას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

  • როგორც ჭაში ჩაგდებული კენჭები, ასე არის ჩვენ სასამართლოში შეტანილი საქმეები-ანა დოლიძე

    “როგორც ჭაში ჩაგდებული კენჭები, ასე არის ჩვენ სასამართლოში შეტანილი საქმეები’’, – ეს განაცხადება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ გააკეთა.

    „დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შევიტანე გასული წლის 13 ნოემბერს. გვრიტიშვილმა დამაბრალა, რომ რუსეთის აგენტი ვარ. საპროცესო კანონმდებლობით, სასამართლოს აქვს 5-თვიანი ვადა და ამ დროის განმავლობაში უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ყველა ვადა დაარღვია. ეს აიხსნება იმით, რომ სასამართლოს „კლანი“ რომელთანაც დაკავშირებულია დიმიტრი გვრიტიშვილი, ელოდება რომ თვითონ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, რადგან ჩემს საქმეს შემდგომ მისივე მოსამართლეები დახვდნენ უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.