Category: არქივი

  • პრეზიდენტის რეზიდენციისთვის ანტიკვარული ავეჯის შესაძენად ბიუჯეტიდან მილიონნახევარი გამოიყო

    უკვე ოთხი თვეა ექსპერტების სპეციალური ჯგუფი მთელი ქვეყნის მაშტაბით ანტიკვარულ ავეჯს და ნივთებს აგროვებს. ნივთებს ეძებენ არა მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში, არამედ ოჯახებშიც. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს.

    ორბელიანის სასახლის საპრეზიდენტო ფლიგელი ანტიკვარული ავეჯით მოწყობა სავარაუდოდ თავად პრეზიდენტმა მოითხოვა.

    სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო სასახლისთვის ავეჯის შესყიდვა მიმდინარეობს. მის სამსახურს ექვემდებარება უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. სპეციალურად შეიქმნა კომისია, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ექსპერტები და უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები შედიან. ექსპერტები ამოწმებენ, ნამდვილია თუ არა ანტიკვარიატი.

    ანზორ ჩუბინიძე მთავარ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ დავალება მათმა სამსახურმა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიიღო და ამ მიზნისთვის ბიუჯეტიდან ფულიც გამოიყო. ჩუბინიძის თქმით ექსპერტებმა შეაფასეს ავეჯი, შემდეგ იყო შევაჭრების ეტაპი, შემდეგ დადგინდა ფასები და ეს თანხა გადაუხადეს ანტიკვარული ავეჯის პატრონებს.

    ჩუბინიძე ამბობს, რომ თანხა სოლიდურია, მაგრამ რაც მოხდა, იმსახურებს ამ თანხას, რადგან სამუზეუმო ექსპონატები განადგურებას და დაკარგვას გადაურჩა. ისინი განახლდა და დაიდგმება რეზიდენციაში.

    მთავარის ინფორმაციით ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონნახევარი ლარი საიდუმლო შესყიდვის გრფით გამოიყო და ნივთები ტენდერის და კონკურსის გარეშე შეიძინეს, მათ შორის თანამედროვე ავეჯიც, რომლითაც რეზიდენციის ერთი ნაწილი მოეწყობა. მთავარის ინფორმაციით კომპანია, რომლისგანაც პრეზიდენტის რეზიდენციისთვის თანამედროვე ავეჯი შეიძინეს ადმინისტრაციის უფროსის, დიმიტრი გაბუნიას მეგობარს ეკუთვნის.
  • “პარტიის ჯარისკაცი ვარ”- გუგული მაღრაძე

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის თქმით, ის  პარტიის ჯარისკაცია, ამიტომ იქ იქნება და იმუშავებს, სადაც პარტია ეტყვის. ასე უპასუხა გუგული მაღრაძემ  მთავარი არხის კითხვას 2020 წლისთვის მმართველ გუნდში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.

    “არავის მიმართ არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. ზოგი იქნება, ზოგი არ იქნება განახლება ხდება ყოველთვის. ვიღაცა დარჩება, ვიღაცა არ დარჩება, ეს ბუნებრივი პროცესია”, განაცხადა გუგული მაღრაძემ. 

    დეპუტატის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მაღრაძე აცხადებს, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ხასიათზე იქნება და რა იქნება საჭირო ქვეყნისთვის.

    მთავარი არხის ინფორმაციით, ნუკრი ქანთარია, სოფიო კილაძე, მამუკა მდინარაძე, სოფიო ქაცარავა და ალექსანდრე ერქვანია 2020 წელს ქართული ოცნების საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან.

  • “არ მიგულისხმია, რომ ვისაც ტაქსისთვის ფული არ ეყოფა, მეტროთი უნდა იარონ”- კალაძე

    თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მას არ უგულისხმია, რომ ვისაც გაძვირებული ტაქსისთვის ფული არ ეყოფა, მეტროთი ან ავტობუსით უნდა იარონ.

    “მე ვსაუბრობდი მაშინ დეკემბერში და ახლაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მთავარი ამოცანა რა არის ჩვენთვის? რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისეთი პოპულარული გახდეს, რომ ადამიანებს საკუთარ ავტომობილებზე ვათქმევინოთ უარი.

    რაც შეეხება ტაქსს, მას ყავს თავისი კლიენტი. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ ამ პროექტის და სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც წამოვიწყეთ და საკმაოდ ამბიციურია, სერიოზულ კონკურენციას გავუწევთ ტაქსებს. გვეყოლება ახალი ავტობუსები, რომელსაც ექნება სპეციალური ზოლები ქალაქში, მოწყობილი იქნება ინფრასტრუქტურა… აი, ეს იყო ჩემი ნათქვამი და კონტექსტიდან ამოიღეს იმ თვალსაზრისით, რომ თუ ტაქსით მგზავრობა არ გინდათ აგერ იარეთ ავტობუსით ან ჩადით მეტროში”, – განაცხადა კახა კალაძემ გადაცემა რეაქციაში.

    “თუ ვინმესთვის ეს პრობლემა იქნება იქნება შესაბამისად ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადაადგილება, იქნება მეტრო, განახლებული სადგურებით და რეაბილიტირებული ვაგონებით”, – ეს განცხადება ქალაქის მერმა დღეს, 8 ოქტომბერს გააკეთა.

  • ქობულეთში 27 წლის მამაკაცმა ყელის გამოჭრა სცადა

    ქობულეთში, 27 წლის ახალგაზრდამ თვითდაზიანება მიიყენა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და ამჟამად პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. როგორც ექიმი ამბობს, პაციენტი კისრის არეში ჭრილობით მიიყვანეს, რომელიც პასიურად კონტაქტური იყო. ახალგაზრდა კაცს ჭრილობა დაუმუშავდა ​და გაიკერა.

    როგორც 27 წლის ახალგაზრდა კაცის მეზობლები ამბობენ, ის ყელის არეში ჭრილობით საკუთარ საცხოვრებელ სახლის ოთახში ოჯახის წევრმა იპოვა, სხვა დეტალბი ჯერ-ჯერობით უცნობია. 

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით გიორგი გახარიასადმი ილია მეორის წერილს აქვეყნებს

    საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის წერილს აქვეყნებს.

    „მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ჩვენი აზრით მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო. საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან მონასტერს- უდაბნოს და ჩიჩხიტურს. იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია. საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან 1938 წლის 5-7 მარტს და 1996 წლის 13 ივნისს ორმხრივად მიღწეული აქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საზღვარი უნდა გაივლოს 1936-1938 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით.

    ორმხრივად აღიარებული ამ რუკით უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული ( განსხვავებით ბერთუბნისა, რომელიც ასევე გარეჯის განუყოფელი ნაწილია, აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული). ამიტომაც იყო, რომ 1991 წლის 21 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის # 315 დადგენილებით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გამოთავისუფლებული პოლიგონის ფართობი ( იქ, სადაც მონასტრები მდებარეობს), სხვა მიწასთან ერთად, საკითრებაში გადმოეცა საქართველოს საპატრიარქოს. ეს საკუთრება სამართლებრივად კიდევ უფრო განმტკიცდა 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით, სადაც ვკითხულობთ : ყველა ტაძარი და მონასტერი და მიწა, რომელზეც ისინია განლაგებული, აღიარებულია ეკლესიის საკუთრებად ( 7,1).

    ამიტომაც, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ის ქმედებები, რომლითაც უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და იქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა.

    გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით.

    ვითხოვთ, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს კვო და სასულიერო პირებს და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისათვის ჩამოსულ ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონახულებაზე, მით უმეტეს, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად და მით უმეტეს ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა დაუშვებელია.

    ვფიქრობთ, ქართველი ერის მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხი და მათი სახელმწიფოს ხელისუფლება სწორად შეაფასებენ შექმნილ ვითარებას, მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენ ერებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ ექნება.

    ვიმედოვნებთ, ბატონო გიორგი, თქვენი ჩარევით საკითხი დადებითად გადაწყდება და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებუყლი ისტორიული სამართლიანობა აღდგება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, – წერს პატრიარქი.

    წერილი პირველი ოქტომბრით თარიღდება. ასლები გადაეგზავნათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, შს მინისტრს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს.

  • “ვიმედოვნებთ, რომ რუსეთიდან გამოგზავნილი სიგნალი ქართული მხარისგან გაგონილი იქნება”- ანდრეი რუდენკო

    ვიმედოვნებთ, რომ რუსეთიდან გამოგზავნილი სიგნალი ქართული მხარისგან გაგონილი იქნება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

    მისი თქმით, საუბარი კონკრეტული იყო და რუსულ მხარეს მდგომარეობის ნორმალიზების იმედი აქვს.

    „ყოველ შემთხვევაში, იმის იმედი მაინც გვაქვს, რომ მდგომარეობა ივლისის ინციდენტამდე არსებულ ვითარებას დაუბრუნდება“, – განაცხადა რუდენკომ.

    აღნიშნული განცხადებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის წინ გააკეთა. ანდრეი რუდენკო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პირველად მონაწილეობს. მანამდე რუსული მხრიდან ჟენევის ფორმატში გრიგორი კარასინი მონაწილეობდა.

  • დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

    დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობასა და ცემაში ადანაშაულებდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    “2019 წლის 8 ოქტომბერს, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებიული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)”.

  • გერმანიის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

    გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ – ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა.

    შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან მეუღლესთან ერთად ჩავიდა და იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. ასევე, ესაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს. ღონისძიება უშუალოდ ევროკავშირის მისიის მიერ დაიგეგმა. მისიის მონიტორებმა გერმანიის პრეზიდენტს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნეს.

    შეგახსენებთ, რომ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ – ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და საქართველოს პატრიარქს.

  • ლევან ჯიქურის ემოციური შეხვედრა ოჯახის წევრებთან (ვიდეო)

    20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა.

    დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.

    ჯიქური ციხეში შიმშილობდა. ოჯახის ინფორმაციით, მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

  • „იანდექს ტაქსი“ – ტაქსების რეგულაციას ჩვენი კომპანიის ფასებზე არ უმოქმედია

    „იანდექს ტაქსი“ ახალი რეგულაციების ამოქმედების შედეგად ტაქსით მომსახურების საფასურის გაზრდის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ცვლილებებს მათი კომპანიის მიერ დაწესებულ ტარიფებზე არ უმოქმედია.

    „ტაქსების რეგულაციას ჩვენს ფასებზე არ უმოქმედია. გასულ კვირას თბილისში ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავდნენ და ამიტომ ტაქსებზე მოთხოვნა გაზრდილი იყო. შესაბამისად, ალგორითმმა, რომელიც ფასებს ითვლის, ავტომატურად გაზარდა კოეფიციენტი კონკრეტულ მომენტებში კონკრეტულ ადგილებზე. თუმცა ეს სტანდარტული შემთხვევაა. ასე მოხდა გასულ წელსაც და ასე ხდება ყოველთვის, როდესაც კონკრეტულ ლოკაციაზე ხელმისაწვდომი მანქანების რაოდენობას მოთხოვნა აჭარბებს“, – აცხადებენ „იანდექს ტაქსში“.

    რაც შეეხება ტაქსების ნაკლებობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კომპანიაში განმარტავენ, რომ ტაქსის მანქანების რაოდენობა მოთხოვნის შესაბამისად იზრდება.

    „ჩვენი მომსახურება სწრაფად იზრდება. მომხმარებლებისა და მგზავრობების რაოდენობა სწრაფად მზარდია და ჩვენ მზად ვართ პარტნიორი მძღოლების რაოდენობის ზრდისთვისაც და შეგვიძლია შეკვეთებით მათი სრულად დაკმაყოფილება“, – განმარტავენ „იანდექს ტაქსში“.