Category: არქივი

  • ” ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე”- შალვა თადუმაძე (ვიდეო)

    ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ასეთი განათლების სისტემა იყო, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენისას განაცხადა, სადაც მან კიდევ ერთი განმარტება გააკეთა საკუთარ დიპლომთან დაკავშირებით.

    როგორც თადუმაძე ამბობს, ის პასუხისმგებლობას საბჭოთა განათლების კანონზე ვერ აიღებს.

    „არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ არ მაინტერესებს სად იყო გახსნილი სასწავლებელი. სადაც იყო გახსნილი, იქაც სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის მიწისქვეშ გადასასვლელშიც უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე. მე ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით და ვერ ავიღებ იმაზე პასუხისმგებლობას, 1997 წლამდე საბჭოთა განათლების კანონი რომ მოქმედებდა ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა თადუმაძემ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ პრეცედენტულია პარლამენტში გენერალური პროკურორის მოსმენა.

    „მგონია, რომ კარგია საზოგადოებამ დაინახა, რომ გენერალური პროკურორი თავს აძლევს უფლებას ამ ფორმატში გასცეს ყველაზე კრიტიკურ კითხვებზე პასუხი, ისე რომ გენერალურ პროკურორს საკანონდმებლო რეგულაციებით ამის ვალდებულება არ გააჩია. თუმცა, ამ ფორმატში მე ვალდებული ვარ გამოვიდე და ვისაუბრო ყველა კითხვაზე და გაიხსენეთ შემთხვევები, რომელ დეპუტატს შეეძლო მოქმედი გენპროკურორისთვის ისეთი შეურაცხყოფები მიეყენებინა, რომელიც მე აქ მოვითმინე. ეს თმენის ვალდებულება ჩემს დადებით მხარეზე მეტყველებს“, -განაცხადა თადუმაძემ.

  • “მაია ასათიანს შეეძლო, ჩვენს არხზე სხვა გადაცემა ეკეთებინა”- გვარამია

    ნიკა გვარამია ჟურნალ „სარკესთან“ იმ ადამიანების შესახებ საუბრობს, რომლებიც „რუსთავი 2“-ზე დარჩნენ და ამბობს, რომ მათი საქციელით გაოგნებულია.

    „ბოდიში, მაგრამ ნაწყენი არავისზე ვარ. „ფორმულაზე“ არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მინდოდა, ჩემთან ყოფილიყვნენ, მაგრამ მათ ასეთი არჩევანი გააკეთეს და მათ არჩევანს პატივს ვცემ. არც სხვებზე ვარ ნაწყენი, ნაწყენი კი არა, გაოგნებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის არხზე დარჩნენ.

    „რუსთავი 2“ პირველად თავის ისტორიაში, არის რუსული გავლენის არხი. ეს კი კატასტროფაა და იქ მჯდომი სახეებიც კატასტროფაა ჩემთვის! ამიტომ გაოგნებული ვუყურებ ყველას, თორე ნაწყენი ვარ ხოლმე ჩემს შვილზე. თომა ჩაგელიშვილი რომ იქ ზის, ნამდვილად გაოგნებული ვარ“.

    “მე მაიაზე ცუდი არაფერი მითქვამს. მაია ასათიანი ძალიან ძლიერი „ტელევიზიონშიკია“, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყვითელ გადაცემებს პერსპექტივა აღარ აქვთ. ამიტომ ჯობია, სხვა რამ გააკეთოს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს არხზე ასე არ იქნებოდა და როგორც ხედავთ, ნანუკაც გადაფორმატდა სოციალურად მწვავე ტიპის თოქშოუდ. ვფიქრობ, ამ ჟანრმა ამოწურა თავისი თავი. მაიას გადაწყვეტილება იყო, რომ იმ არხზე დარჩა.”- განაცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალ “სარკესთან”.

  • ტაქსისტები გვყავს ორდიპლომიანი, მთავარი პროკურორი კი უდიპლომო – გიორგი გუგავა

    “ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის დიპლომის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    “ტაქსისტები გვყავს ორდიპლომიანი მთავარი პროკურორი კი უდიპლომო“ – წერს გუგავა.

    შეგახსენებთ, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის მოსმენა იურიდიულ კომიტეტში მიმდინარეობს, დეპუტატების მიერ დასმული კითხვების უმეტესობა შალვა თადუმაძის განათლებასა და დიპლომს ეხება.

  • რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

    რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს, გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, მიხეილ ღუბიანურსა და დიმიტრი დუღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

    დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ბრალდების მხარე აცხადებდა, დაკავებულებს საზღვარგარეთ კავშირები აქვთ, რის გამოც, ისინი მოსალოდნელი ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამო, შესაძლოა, მიმალულიყვნენ. პროკურატურა ასევე აცხადებდა, რომ დაკავებულების ნაწილს – გიორგი გეთაშვილსა და გიორგი ასათიანს, საზღვარგარეთ წასვლის გამარტივების მიზნით, გვარიც კი შეცვლილი აქვთ. ამას გარდა, პროკურატურა განმარტავდა, რომ საყურადღებო იყო ის ფაქტიც, რომ გამოძიებამ მკვლელობის იარაღის ამოღებაც ვერ შეძლო, რომელიც ბრალდებულს აქვს გადამალული. შესაბამისად, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, შესაძლოა, ბრალდებულებმა ხელი შეუშალონ.

    დაცვის მხარე დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

  • “უვიცი ხართ… იმ ფიქტიურ უნივერსიტეტში ფეხიც არ გაქვთ მიდგმული”-სამადაშვილი თადუმაძეს (ვიდეო)

    “იმ ფიქტიურ უნივერსიტეტში ფეხიც არ გაქვთ მიდგმული”-ასე მიმართა სალომე სამადაშვილმა თადუმაძეს, მას შემდეგ რაც მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა ვერ დაასახელა რა საგნებს სწავლობდა ის პირველ კურსზე უნივერსიტეტში.

    “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს თაღლითი უწოდა, რაზეც სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა სამადასვილს კორექტულობისკენ მოუწოდა.

    „ქალბატონო სალომე თქვენ იქცევით პარლამენტის წევრისთვის შეუფერებელი საქციელით. კეთილი ინებეთ, შესაბამისი ქცევით დასვით კითხვა. მე კითხვებში არ გზღუდავთ. ვთხოვ ეუთოს წარმომადგენლებს, რომლები ამ სხდომას ესწრებიან, ჩაინიშნონ, როგორ იქცევიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

    თადუმაძის მოსმენა დილის 10:00 საათიდან მიმდინარეობს. შეკითხვების უმეტესობა მის  დიპლომს შეეხება.

  • თადუმაძე ვერ ასახელებს რომელ საგნებს სწავლობდა პირველ კურსზე

    “პირველი საგანი რა იყო, როდესაც იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარეთ, რასაც სწავლობდით?-ეს შეკითხვა სალომე სამადაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს და ამჟამინდელ გენერალურ პროკურორს დაუსვა.

    თადუმაძემ უპასუხა, რომ მას არ ახსოვს რა საგანი გაიარა პირველ კურსზე.

    “რა პროგრამაც არსებობდა, ის გავიარე, ზუსტად არ მახსოვს 25 წლის წინ რომელ ლექციაზე რა ტანსაცმელი მეცვა არ მახსოვს”-უპასუხა თადუმაძემ.

    მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა იურისტი, ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში, სამართლებრივ განათლებას იწყებს რომაული სამართლის საფუძვლებით”-განაცხადა სამადაშვილმა.

  • “3-იანები მყავს”- რა ნიშნები ჰყავდა მთავარ პროკურორს (ვიდეო)

    უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის დიპლომის ასლის თანახმად, ის 1993 წელს ნ. დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა და 1998 წელს დაამთავრა, იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობა.

    დიპლომს თან ერთვის საბოლოო შეფასების უწყისი და იმ საგნების ჩამონათვალი, რომელსაც შალვა თადუმაძე სწავლობდა.

    თადუმაძემ მის განათლებასთან დაკავშირებული კითხვების საპასუხოდ განმარტება გააკეთა.

    “სკოლა დავამთავრე 1994 წელს, 1994 წელს ჩავაბარე თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო სახელწოდებაც იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. სასამართლო დადგენილებაში სახელის მინიჭებაა უნივერსიტეტზე და არა ინსტიტუტზე… მე უნივერსიტეტს მივმართე სურვილით, რომ ექსტერნატის ფორმით დამესრულებინა და 1998 წელს გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი.

    დიპლომში მაშინაც და დღესაც აუცილებელი იყო ეწეროს, დიპლომის გაცემის ფაქტიური პერიოდი და მეორე აუცილებელი მოთხოვნა იყო სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა. 1998 წელს მე დავამთავრე 5 წლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით, შესაბამისად დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა 5 წლიანი პროგრამის განმსაზღვრელი ვადა და ეს ბუნებრივია წლებით განისაზღვრებოდა. რომ ჩაეწერა ფაქტიური 1994-1998 ერთის მხრივ მე მექმნებოდა პრობლემა და მეორეს მხრივ ეს არ იყო იურიდიული საფუძველი,”- ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პარლამენტში განახცხადა.

  • გოცირიძემ თადუმაძეს სახინკლის დასახელება მოსთხოვა, სადაც სტუდენტობის დროს დადიოდა

    გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა   სამი თანაკურსელის და ლექტორის დასახელება მოსთხოვეს, რაზეც თადუმაძემ განაცხადა, რომ მათგან ნებართვა არ ჰქონდა და ვერ დაასახელებდა. 

    ამის შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ  შალვა თადუმაძეს სთხოვა, დაესახელებინა რომელ სახინკლეში დადიოდა გენერალური პროკურორი სტუდენტობის დროს.

    „სახინკლეები მაშინ ასე არ იყო“,- უპასუხა თადუმაძემ  გოცირიძეს.

    შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

  • “მინდოდა თადუმაძისთვის თვალებში ჩამეხედა და კითხვები დამესვა” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

    არლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის დასწრების საკითხზე “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის კამათის შემდეგ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეუშვეს.

    როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას სწორედ იმ სხდომაზე უნდოდა დასწრება, სადაც მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე იმყოფებოდა, რათა მისთვის თვალებში ჩაეხედა და კითხვები დაესვა.

    მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეუშვეს, თუმცა განუმარტეს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მას თადუმაძისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა არ ექნებოდა.

    ამ მოცემულობით, მაჩალიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე შესვლა არ ისურვა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე პარლამენტში, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ოთახში რჩება.