Category: არქივი

  • საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ლევან გოგიჩაიშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

    საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.

    ერემაძის განცხადებით,  გოგიჩაშვილმა მცდარი ინფორმაცია მიაწოდა.

    „პოლიტიკოსების მხრიდან არაკორექტული გამონათქვამები, თავდასხმები არაერთხელ დამიტოვებია პასუხის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების, როგორც უზენაესი ღირებულებისადმი ფრთხილი დამოკიდებულების, მოსამართლედ მუშაობისას თმენის ვალდებულების და საკუთარი თავისადმი პატივისცემის მიზეზით. ვიცოდი, რომ ასეთი იყო ჩემი და ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებების ფასი, გადაწყვეტილებებისა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობით საკითხები გადაწყდა ადამიანის უფლებების სასარგებლოდ, რასაც, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლება ძალიან მტკივნეულად აღიქვავდა, უფრო სწორად, ისე აღიქვავდა და გამოხატავდა, როგორც ესმოდა და შეეძლო.

    თუმცა, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონი ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას (რომელიც გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან – ზაზა თავაძესთნ გასაუბრების დროს), რადგან ის, დეპუტატის მოსაზრებების გარდა, ფაქტობრივი გარემოებების აღწერის მცდელობასაც ეფუძნებოდა.

    ბატონო ლევან, რაკიღა მიეცით თავს უფლება, ასე უხეშად და უაპელაციოდ შემხებოდით, იძულებული ვარ აგიხსნათ, რომ საზოგადოებას მიაწოდეთ მცდარი, არასწორი ინფორმაცია, თითოეული წინადადება/ფრაზა იმდენად არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რომ თქვენი თხრობის დასასრულს გამაოგნებელი იყო საკუთარი სახელის და გვარის გაგონება.

    გასაკვირია და დასანანიც, რომ „სამართლიანობის აღდგენისთვის“ მებრძოლმა დეპუტატმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის (ზაზა თავაძის) დასაკავებელ თანამდებობასთან ადეკვატურობის შემოწმებისას, მის ერთადერთ ან მთავარ მინუსად, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემთან ერთად მუშაობის „სამარცხვინო“ წლები მიიჩნიეთ, რადგან გამორიცხეთ „ჩემნაირი მორალის“ მქონე მოსამართლისადმი მოსარჩელეების პოტენციური ნდობის შესაძლებლობა.

    გავკადნიერდები და გეტყვით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის 10 წლის მანძილზე, აბსოლუტურად ყველა, თითოეულ საქმეზე დაუღალავად და უდიდესი სიამოვნებით ვშრომობდი ადამიანის უფლებებისთვის, ამასთან მქონდა მყარი განცდა, რწმენა, რომ სწორედ ამ გზით ვიბრძოდი საკუთარი თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, პროფესიისთვის.

    მინდა მჯეროდეს, რომ გულწრფელი ხართ სამართლიანობისთვის ბრძოლაში. უყოყმანოდ გისურვებთ წარმატებებს ამ გზაზე, რადგან როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური სასამართლო ყველაზე ფუნდამენტურ საკითხად მიმაჩნია თითოეული ჩვენგანის თავისუფალი, თამამი, ლაღი განვითარებისთვის.

    ოღონდაც დამოუკიდებლობას ნუ ეძებთ მონობაში და ნურც წესიერებას შეამოწმებთ უწესობით, რადგან კვლავ გაწბილდებით, რასაც ნამდვილად ვერ გისურვებთ“, – ნათქვამია ქეთევან ერემაძის განცხადებაში.

  • “ამ ფეიკი ამბისთვის ბოდიშს მოიხდით თუ რას გააკეთებ?”-ნოდარ მელაძე “კვირას” ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

    „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე მედიაჰოლდინგ „კვირას“ ყალბი ახალი ამბის გავრცელებაში ადანაშაულებს.

    სააგენტო „კვირამ“ გამოაქვეყნა მასალა, სადაც თითქოს ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ახლობლები “მთავარს“ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

    მელაძე აცხადებს, რომ ესეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და გარდაცვლილი ქალის  ფოტოები “მთავარის” ეთერში საერთოდ არ გასულა. 

    „Keti Khositashvili @Kakha Gogicha ახლა ამ ფეიკი ამბისთვის ბოდიშს მოიხდით თუ რას გააკეთებ? არც ერთი სურათი ეთერში არ ყოფილა მთავარში და არც სახელი არ შეგვშლია. გადაახვიეთ და ნახეთ. ყალბი და დამახინჯებული ნიუსი თქვენს მსგავსაც ვინც გაავრცელა, გადახვევის ფუნქცია არსებობს და ნახეთ.

    კოლეგებო, დღეს სააგენტო კვირამ გაავრცელა ყალბი ახალი ამბავი მთავარ არხზე და ამ დრომდე არ ასწორებს ამ ინფორმაციას. იმის გამო რომ ვებ გვერდი არ გვაქვს, იქნებ დაგვეხმაროთ რეალური ინფორმაციის გავრცელებაში. შეცდომა დაუშვა სხვა ტელევიზიამ და ცოცხალი ადამიანის ფოტოები გადასცა სხვამ და არა მთავარმა არხმა“- წერს მელაძე.

    ამ დროისთვის აღნიშნული მასალა სააგენტოს ვებ-გვერდიდან წაშლილია.

    ცნობისთვის, ქმრის მიერ მოკლული ქალის ფოტოების ნაცვლად, „რუსთავი 2“-მა ეთერში ცოცხალი ქალის ფოტოები აჩვენა.

  • ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა მეუღლემ მოკლა

    ხაშურის საავადმყოფოში, ცოტა ხნის წინ ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 30 წლის ნათია გოგალაძეა.

    მოკლულს ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა.

    გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, დღეს სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, სადაც მათი ოფიციალური განქორწინება მოხდებოდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ქალის დაჭრამდე მის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა.

    გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

    ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

  • თიბისიმ ოქტომბრის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

    სექტემბრის მიმოხილვის შემდეგ, ზედმეტად გაუფასურებული ლარი და მზარდი ინფლაცია ძირითად მაკროეკონომიკურ გამოწვევად დარჩა. სექტემბრის ინფლაციამ 6.4%-ს მიაღწია და ამასთან, ფასების ზრდა საკმაოდ ბევრ პროდუქტზე დაფიქსირდა. თიბისი კვლევების შეფასებით, ლარის ეფექტური კურსის სადღეისოდ არსებულ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში, წლის ბოლოსათვის ინფლაცია დაახლოებით 8%-მდე გაიზრდება, ნაცვლად მანამდე პროგნოზირებული 7%-სა. ფასების საერთო დონის ზრდაზე ლარის კურსის გაუფასურებიდან ჯერ კიდევ დარჩენილი გადაცემა და ოქტომბერსა და დეკემბერში დაბალი საბაზო ეფექტი იმოქმედებს.

    მზარდი ინფლაციის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარში მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და ამავდროულად, უცხოური ვალუტით დაკრედიტების პირობები შეარბილა. თიბისი კვლევების შეფასებით, თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, ლარში გამკაცრება კვლავ მოსალოდნელია. ამასთან, არაა გამორიცხული ვალუტაში დაკრედიტების შემდგომი წახალისება. სასურველი გამყარება 5%-ის ფარგლებში შეიძლება იყოს, რაც ლარის ეფექტური კურსის სადღეისოდ არსებული დონიდან გამომდინარე, აშშ დოლარი ლარის გაცვლითი კურსს დაახლოებით 2.8-2.85 დონეზე დაიყვანს. ასეთი გამყარების შემთხვევაშიც, წლის ბოლოს დაფიქსირებული ინფლაცია მაინც მაღალი იქნება. თუმცა, მნიშვნელოვანია ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა, რათა 2020 წლის ბოლოსაკენ ფასების საერთო დონის ზრდა სებ-ის სამიზნეს დაუახლოვდეს.

    საგარეო სექტორს რაც შეეხება, ის ცალსახად დაბალანსებულია. საკუთრივ, მართალია ტურიზმიდან და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან შემოსულობები შემცირდა, თუმცა ასევე შემცირდა მე-2 კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ივლის-აგვისტოს სავაჭრო ბალანსის, ტურიზმისა და გზავნილების შემოდინებების სალდო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაუჯობესების ტენდენციასაც კი აჩვენებს. ამასთან, გლობალური ზრდის პროგნოზის გაუარესებასთან ერთად, საქართველოსთვის პოზიტიური ტენდენციებიც აღინიშნება. ამ მხრივ, საყურადღებოა რომ არაერთი ნეგატიური განვითარების ფონზე, ბოლო პერიოდში თურქეთში ეკონომიკური სტაბილიზაციის ნიშნები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ასევე, ამერიკის 10 წლიანი სახელწიფო ფასიანი ქაღალდების სარგებელი კვლავ შედარებით დაბალ ნიშნულზეა, რაც პოზიტიურად მოქმედებს საქართველოს მსგავსი ქვეყნების საინვესტიციო მიმზიდველობაზე. ეს ასევე ვლინდება ლარში დენომინირებული საქართველოს მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილის ზრდის დინამიკით.

    საკრედიტო აქტივობის მხრივ, აგვისტოს თვეში ჯამურად დაახლოებით წინა თვის მსგავსი ტენდენცია ფიქსირდებოდა. ამასთან, ლარში დაკრედიტების გამკაცრებამდეც, მნიშვნელოვანი შენელება დაფიქსირდა იპოთეკურ დაკრედიტებაში. ბიზნეს დაკრედიტება კვლავ ძლიერია და თიბისი კვლევების შეფასებით, თუ რისკის დონე დაახლოებით იგივე დარჩა, სამომავლოდ ბიზნეს დაკრედიტების ზრდის ტემპიც უნდა შენელდეს.

    ფისკალური სექტორი კვლავ აქტიურია. ასევე, გამოქვეყნდა 2020 წლის ბიუჯეტის წინასწარი ვერსია, რომელიც უფრო სოციალურად ორიენტირებულია, თუმცა მაკრო დონეზე მაინც მდგრადია.

    აგვისტოს ეკონომიკური ზრდა 5.8%-ით განისაზღვრა, თუმცა დაბალმა საბაზო ეფექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მთლიანობაში, აშკარაა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, რაც წლიურ გამოხატულებაში უფრო თვალსაჩინო მეოთხე კვარტალში იქნება. თიბისი კვლევების შეფასებით, იმ დაშვებით რომ საგარეო, ფისკალური და დაკრედიტების მიმართულებით დაახლოებით იგივე ტენდენცია გაგრძელდება, რაც ამჟამად ფიქსირდება და ლარი აშშ დოლარის მიმართ 5%-ით გამყარდება, 2019 წლის მე-4 კვარტალში წლიური ზრდა 3%-ის ფარგლებში იქნება. მთლიანად 2019 წელს 4.4%-იანი და 2020 წელს 4.2%-იანი ზრდაა ნავარაუდები, 2020 წლის მეორე ნახევარში წლიური ზრდის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით. საბაზო სცენართან შედარებით, ეკონომიკის ზრდის დაჩქარების ფაქტორებია – რუსეთიდან ფრენების აღდგენა, გლობალური და რეგიონული ეკონომიკის გაუმჯობესება, ანაკლიის ღრმა წლოვანი პორტისა და მსხვილი ჰესების მშენებლობის უფრო აქტიურ ფაზაში შესვლა, დაკრედიტების ზრდა, განსაკუთრებით საცალო ნაწილში, აშშ დოლარის მიმართ ევროს გამყარება და ლარის აშშ დოლარის მიმართ 5%-ზე უფრო მეტად გამყარება. თავისთავად, მოვლენების საპირისპირო მიმართულებით განვითარება ეკონომიკურ აქტივობას კიდევ უფრო შეამცირებს. ამ მხრივ, სხვა დაშვებებთან ერთად, გასათვალისწინებელია რომ სადღეისოდ, აშშ დოლარი საერთაშორისო ბაზრებზე ძალზედ მყარია. ეს ფაქტი, მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან მიმართებაში აშშ დოლარის შემდგომ გამყარებას თავისთავად არ გამორიცხავს, თუმცა ზოგადად უკვე მყარი ვალუტის კიდევ უფრო გამყარების ალბათობა შედარებით მცირეა.

    იხილეთ უფრო მეტი თიბისი კვლევების მორიგ ყოველთვიურ მიმოხილვაში ბმულზე https://www.tbcresearch.ge/en/Research/monthly-october

    თუ გსურთ თიბისის მაკროეკონომიკური და სექტორული, თიბისი კაპიტალის კვლევების მიღება, მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი „subscribe“ უჯრაში საიტზე www.tbcresearch.ge

  • ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის ბოლო შეხვედრაზე დამარცხდნენ

    2019 წლის მსოფლიო რაგბის მესამე ტურში ავსტრალიის ნაკრებმა საქართველო 27:8 დაამარცხა. ჰეიგის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.გუნდის შემადგენლობაში ლელო სანდრო თოდუამ დადო, ერთი საჯარიმო კი ზუსტად სოსო მათიაშვილმა გამოიყენა.

    ეს თამაში ეროვნულ ნაკრებში უკანასკნელი იყო მთავარი მწვრთნელისთვის, მილტონ ჰეიგისთვის და ლეგენდარული მამუკა გორგოძესთვის, რომელმაც მსოფლიოს თასზე მეთხუთმეტე თამაში გამართა და მერაბ კვირიკაშვილს გაუთანაბრდა.

    მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი ქართველმა მორაგბეებმა 1 მოგებით და 3 წაგებით დაასრულეს. შედეგად საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა და ფინალურ ეტაპზე მოხვედრას რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან შეეცდება.

  • Microsoft-მა სვანეთის ფოტო Windows-ის ოფიციალურ ვერსიაში დაამატა

    რამდენიმე დღის განმავლობაში სვანეთის ფოტო Microsoft Windows-ის მილიონობით მომხმარებლის საწყის ეკრანზე გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Facebook-ზე ავრცელებს.

    ფოტოს თან ახლავს წარწერები: “დალაშქრე შავი ზღვისპირეთიდან კასპიის ზღვამდე მდებარე მთები, იმოგზაურეთ დედამიწის ამ წერტილში და საქართველო შეიძლება თქვენს გულში აღმოჩნდეს“.

  • სუს-ის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა. მანამდე გიგა ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 2016-2017 წლებში კი თბილისის მერის მოადგილე იყო.

    გიგა ნიკოლეიშვილი მხედრული მამაცობისთვის პრეზიდენტმა მედლით დააჯილდოვა, ასევე, მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება: უსაფრთხოების პოლკოვნიკი. ამ ეტაპბზე სუს-ში გიგა ნიკოლეიშვილითან ერთად მოადგილეებად მუშაობენ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შენგელი ფიცხელაური და გრიგოლ ლილუაშვილი. ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია და პარლამენტშო სუს-ის ხელმძღვანეილის პოზიციაზეა წარდგენილი.

  • ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

    ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა.  ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა.

    ხაშურში ახალგაზრდა ქალს ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.

    გარდა ამისა, ეჭვმიტანილმა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში, გავრცელებული ინფორმაციით, ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა.

  • მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებამდე ცოლის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო

    ყოფილი ცოლის დაჭრაში ეჭვმიტანილმა დაზარალებულის სამსახურში სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა. ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. 

    განაღმვის სამუშაოების დროს ახლომდებარე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუირება მოხდა. 

    ხაშურში ახალგაზრდა ქალს ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.

  • არავის დავიცავთ, არავის დავინდობთ-კალაძე

    თბილისის ბაგა ბაღებში კვების ხარისხი გამორიცხულია სტანდარტს არ შეესაბამებოდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. კალაძე აცხადებს, რომ მერია არავის დაიცავს და არავის დაინდობს, თუ რამე სახის დარღვევა გამოვლინდება.

    „გამორიცხულია სწორი იყოს ეს ინფორმაცია. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ მონიტორინგს. თუ ისეთი შემთხვევა დაფიქსირდება, როგორც გასულ წელს იყო პრობლემები, მაშინვე ჩვენი მხრიდან იქნება რეაგირება, რომ პრობლემები თავიდანვე იყოს მოხსნილი. არავის არ დავიცავთ, არავის არ დავინდობთ! ჩვენთვის ბავშვების კვება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა იმ სტანდარტს და გვექნება ის მიდგომები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა კალაძემ.