Category: არქივი

  • კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარებისთვის ჯარიმა წესდება,ბინების შემოწმება კი სავალდებულო ხდება

    თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობლების და წყლის გამაცხელებლების გამო უბედური შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკასთან ბრძოლას ხელისუფლება კანონის ცვლილებით აპირებს. ახალი რეგულაციები ძალაში 15 ნოემბრიდან შევა.
    ცვლილებების მიხედვით საცხოვრებელი ბინების წელიწადში ერთხელ შემოწმება სავალდებულო გახდება. თვითნებურად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აღმოჩენის შემთხვევაში კი მოქალაქეს ფულადი ჯარიმა დაეკისრება. განმეორების შემთხვევაში თანხა ორმაგდება. კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებს აკრედიტირებული ინსპექტორები შეამოწმებენ.

    რეგულაციის მიხედვით, მოქალაქეთა ბინების შემოწმება წელიწადში ერთხელ სავალდებულო გახდება.

    „თბილისი ენერჯი“ თვითნებურად დამონტაჟებული გაზის დანადგარების პრობლემაზე ინფორმაციას მუდმივად ავრცელებს. კომპანიის ბოლო სტატისტიკით სექტემბერში თბილისის საცხოვრებელ ბინებში გაზდანადგარების შემოწმებისას 2918 დარღვევა გამოავლინა. კომპანიის სპეციალისტებმა მიმიდნარე წლის სექტემბერში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული . ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი კი სამგორში, ისანი-ვაზისუბანში ( 488 ) და სანზონაში ( 303) ჩაიხსნა.

  • „შმაქსის“ ქოლ-ცენტრით გამოძახება უკვე შესაძლებელია

    დღეიდან „შმაქსის“ გამოძახება ქოლ-ცენტრის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. მომხმარებლები საგანმანათლებლო სერვისს ბორბლებზე, გამოძახების საშუალებითაც მიიღებენ.  ამის შესახებ ინფორმაციას “გირჩი” ავრცელებს.

    ნებისმიერ პირს, ვისაც „შმაქსის“ საგანმანათლებლო სერვისის გამოძახება ენდომება, უნდა დარეკოს ნომერზე – 2 052 420.

    კიდევ ერთი სიახლე, “შმაქსისტებისთვის” საგანმანათლებლო მასალების პაკეტის მიწოდებაა. ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, შმაქსის მასწავლებლები მიიღებენ CD დისკებით, მათ ასევე ელექტრონულად ჩამოტვირთვის რამდენიმე გზა ექნებათ.

    შეგახსენებთ, რომ დღეისათვის თბილისის ქუჩებში უკვე ორასზე მეტი „შმაქსისტი“ მოძრაობს. “გირჩის” ოფისში “შმAXI”-ში გასაწევრიანებლად ადამიანები ამ დრომდე არიან შეკრებილები. მათი უმრავლესობა ის ტაქსისტია, რომლებსაც ტაქსის ახალი რეგულაციების წყალობით, თბილისის მერიამ თვითდასაქმების საშუალება წაართვა.

    “გირჩის” მიერ დაარსებული “შმAXI”, საგანმანათლებლო კომპანიაა, ე.წ. უნივერსიტეტი ბორბლებზე. „შმაქსი“-ს მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე “შმაქსისტები”, მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში “გირჩის” მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ.

  • “არ ვპასუხობ… დღესასწაულით ისიამოვნეთ”- ზურაბიშვილი შეწყალების სკანდალზე

    პრეზიდენტი ზურაბიშვილი მის მიერ გამოცემულ შეწყალების სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით ისევ არ საუბრობს.

    “სხვა კითხვებზე დღეს არ ვპასუხობ, დღეს ვპასუხობ იმაზე რაც არის, შესანიშნავი დღესასწაულია და გთავაზობთ თქვენც ისიამოვნოთ,”- განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

    ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გურჯაანში ღვინის ფესტივალს ესწრება. ქართული ღვინის დღეების ფარგლებში, ახტალის პარკის მიმდებარედ 20- ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, ფერისა და სიძველის ღვინო და ჭაჭაა წარმოდგენილი.

    პრეზიდენტმა თემატური პავილიონები დაათვალიერა, ღვინო დააგემოვნა და ჩურჩხელის ამოვლებაშიც მიიღო მონაწილეობა.

    გურჯაანის ღვინის ფესტივალი მესამედ იმართება. ორგანიზატორები წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში 10 000-ზე მეტ სტუმარს ელოდებიან.

  • გერმანია თურქეთში იარაღის ექსპორტს კრძალავს

    გერმანიის მთავრობა თურქეთში იარაღის ექსპორტს კრძალავს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

    როგორც ცნობილია, ევროპულ ქვეყანაში აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის მიერ სირიაში წარმოებული ოპერაციის გამო მიიღეს.

    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, გერმანიიდან ექსპორტირებული იარაღი შესაძლოა, სირიის ჩრდილოეთში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ გამოიყენონ.

    ამასთან ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ 2016 წლის შემდეგ ანკარაში იარაღს ექსპორტისთვის რიგი შეზღუდვები დააწესა, რაც თურქეთის მიერ სირიაში, აფრინის რეგიონში ჩატარებულ ოპერაციას უკავშირდებოდა. ახლა კი, ანკარის მიერ დაწყებული ოპერაციის გამო გერმანიის ხელისუფლება იარაღის ექსპორტთან დაკავშირებით მომავალში ნებართვას აღარ გასცემს.

    სირიის ჩრდილოეთში თურქეთმა სამხედრო ოპერაცია 10 ოქტომბერს დაიწყო. როგორც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, სამხედრო ოპერაციის მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.

  • “ქალი რომ ქმრის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება” – ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი

    ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მეზობლის შეფასებით, საზარელი ფაქტი ცოლის დაუმორჩილებამ გამოიწვია, ხოლო ყოფილი ცოლის მკვლელობაში  ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე კარგი ბიჭია.

    “არ იყო ცუდი ბიჭი, ფაქტი არის, რომ მკვლელობა მოხდა. არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ ასე გაშვებული არ უნდა იყოს ქალები. ქალს კაცის მერე უნდა ჰქოდეს ხმა. დაალაპარაკე ჯერ ქმარი. ქალი რო ქმრის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება” – აცხადებს ხაშურელი ქალი. 

    შეგახსენებთ, მკვლელობა ხაშურში გუშინ მოხდა. ყოფილმა ქმარმა  30 წლის ნათია გოგოლაძეს ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში   დაზიანებები მიაყენა, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ დეკანოიძემ ყოფილ ცოლს სამსახურში ხელყუმბარა შეუგდო, რომელიც არ აფეთქდა.

    მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

    .
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირაკლი დეკანოიძე წარსულში ნასამართლევი იყო.  ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ნათელაშვილის აქცია “მატროსოვის ციხესთან“. ლეიბორისტები ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ

    შალვა ნათელაშვილიირაკლი ოქრუაშვილის და 20 -21 ივნისის მოვლენების გამო და სხვა დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ. მატროსოვის ციხესთან გამარულ აქცია-ბრიფინგზე განაცხადა. ნათელაშვილი ამბობს, რომ გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია, რის გამოც ქართული ოცნების დამფუძნებელს პასუხისგება მოუწევს.

    შალვა ნათელაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს “ქართული ოცნების” დელეგაციებს სანქციები დაუწესოს.

    “საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც ციხეში ზის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი, მშვიდობიან, უიარაღო აქციაში მონაწილეობისათვის. მე მინდა მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, ძალიან ცოტა დრო დაგრჩენია, ძალიან დიდი რისხვა გელოდება ხალხის, ესენი ყველა გაათავისუფლე, იმისათვის, რომ ერთი-ორი წელი მაინც მოგაკლდეს მერე სასამართლო განაჩენში,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

  • ავიატორები ეკონომიკის მინისტრის წინააღმდეგ.აეროპორტის დასახლებაში საპროტესტო აქცია გაიმართა

    საქართველოს მფრინავთა ასოციაციის წევრები, საერთო კრების გადაწყვეტილებით, მინისტრ თურნავას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.

    მფრინავები ნათია თურნავას სიცრუეში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ამჟამინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც 15 წლის წინაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანმდებობას იკავებდა, ყველა ავიატორი მოატყუა იმის თაობაზე, რომ საქართველოს აეროპორტი გატანილი იქნებოდა პრივატიზაციაზე და ავიატორები ამ პროცესში აუცილებლად მიიღებდნენ მონაწილეობას. თუმცა აქციები ისე გადაეცა ინვესტორებს, რომ ავიატორებისთვის და მფრინავებისთვის კომპენსაციაც კი არ მიუციათ.

    ავიატორებმა აეროპორტის დასახლებაში დღეს აქცია გამართეს. მათი განცხადებით გარდა იმისა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი მეთხუთმეტე წელია, ყოველწლიურად 400 მილიონს კარგავს, ადამიანებს რომლებსაც უდიდესი წვლილი აქვთ ქვეყნის ავიაციის მშენებლობაში, დღეს მათი პრობლემები აღარავის ადარდებს. მათ სტატუსიც კი არ აქვთ მინიჭებული და ბევრი მათგანი მხოლოდ ვეტერანების 22 ლარიან კომპენსაციაზე ცხოვრობს.

    დღევანდელ აქციაზე ვეტერანმა მფრინავებმა და ავიატორებმა, იმ ახალ გარემოებებზე ისაუბრეს, რომლითაც ახალი სამართლებრივი  დავის  დაწყებას აპირებენ.  მოპოვებული საბუთები კი,  მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერს, დავით ჭიჭინაძეს და ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო თანამეგობრობის თავმჯდომარეს, ვლადიმერ სააკიანს გადასცეს და დახმარება სთხოვეს.

    ვლადიმერ სააკიანის განცხადებით, პირველადი ინფორმაცია მიღებულია, ორშაბითან კი დაიწყებენ ინტენსიურ მუშაობას და რეაგირება დასკვნის მიხედვით იქნება.

    დავით ჭიჭინაძის განცხადებით „ნათია თურნავას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს პრივატიზაციების საქმეებში, ორივე მხრიდან, როგორც მაპრივატიზებელს და როგორც პრივატიზაციის გამკეთებელს და ამიტომაც ჰყავს თანამდებობეზე და მოწილედ ყველა დროის ხელისუფლებას.“ მისივე თქმით, უპირობოდ განაგრძობს ვეტერანების მხარდაჭერას.

  • საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

    საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. შესაბამისი გადაწყვეტილება 12 ოქტომბერს საბერძნეთის ეკლესიის იერარქების რიგგარეშე შეხვედრაზე მიიღეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    „სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ, საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმოსი ამიერიდან უკრაინელ მთავარეპისკოპოს ეპიფანიოსს რელიგიური მსახურების დროს მოიხსენიებს და იგი მართლმადიდებელი ეკლესიის ოჯახის წევრად ჩაითვლება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მედიამ გაავრცელა.

  • კოდორის ხეობაში რუს ტურისტს ეძებენ

    აფხაზეთში მეორე დღეა რუს ტურისტს ეძებენ, რომელიც მდინარე კოდორის დინებამ გაიტაცა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ტურისტების ჯგუფი გულრიფშის რაიონის სოფელ ჯამპალს ლაშქრავდა.

    სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი. გარდა ამისა, უწყების პირადი შემადგენლობის 15 კაციანმა ჯგუფმა, რომელიც გასაბერი ნავებით მიჰყვა მდინარის დინებას 15 კმ-ის მანძილზე, დაკარგული ტურისტის სამაშველო ჟილეტის გარდა, ჯერჯერობით, ვერაფერი აღმოაჩინა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

  • 4 სირიული სოფელი „ტერორისტებისგან გაათავისუფლდა” – თურქეთი

    თურქეთი აცხადებს, რომ 14 სირიული სოფელი „ტერორისტებისგან გაათავისუფლეს“.

    თურქული მხარის 12 ოქტომბრის ინფორმაციით, ბოლო 8 საათში „ხალხთა დაცვის რაზმების“ 73 წევრის „ნეიტრალიზაცია“ (იგულისხმება ლიკვიდაცია, დატყვევება ან დანებება) მოხდა, ხოლო ოპერაციის დასაწყისიდან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 399 ქურთის „ნეიტრალიზება“ მოხდა.

    თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას უარყოფს ქურთული მხარე: მათი თქმით, მხოლოდ 29 მებრძოლია დაღუპული.

    რაც შეეხება დანაკარგებს თურქულ ჯარში, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 3 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 3 დაიჭრა.