Category: არქივი

  • საქართველოში დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება

    დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება.

    დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება. წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 10:00 საათიდან აღავლენს.

    გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

    მე-4 საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.

    წმიდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი – სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

    14 ოქტომბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

  • “საფლავის ქვები ქვაფენილად”- თბილისის ტრაგიკული ისტორია, რა ხდება მშრალ ხიდზე (ვიდეო)

    მშრალ ხიდზე, ქვაფენილის რეაბილიტაციის დროს, საფლავის ქვები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ფეისბუქზე დავით ჩაჩანიძე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

    როგორც ვიდეოს ავტორი ამბობს, საფლავები 1800-იანი და 1900-იანი წლებითაა დათარიღებული.

    “მშრალი ხიდის ქვაფენილი რეაბილიტაციისთვის აყარეს და საფლავის ქვები ყოფილა. მინიმუმ შესასწავლია. მშენებელს ვუთხარი, რომ არ გადაყარონ და ვისაც ეკუთვნის, მიხედოს. ხმა მიაწვდინეთ”, – წერს ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.

    „ტფილისის ჰამქრის“ წევრი, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კომუნისტები გაუქმებული სასაფლაოების ქვებს აქტიურად იყენებდნენ, სამშენებლო მასალად.

    “ძალიან ბევრი ადამიანი მწერს ამ საფლავის ქვებთან დაკავშირებით, როგორც იცით კომუნისტები გაუქმებული სასაფლაოების ქვებს აქტიურად იყენებდნენ, სამშენებლო მასალად. ამ ეტაპზე ყველა ასეთი ქვა დაინომრა და დასაწყობდა, იქვე. მთავარია, რომ ეს ქვები არ გადაიყრება. საბოლოო გადაწყვეტილება თავად მემორიალური ქვების კვლევის შემდეგ იქნება მიღებული.
    საფლავის ქვები ქვაფენილად – ესეც ამ ქალაქის ტრაგიკული ისტორიის ნაწილია.” – წერს ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

  • რამდენმა ადამიანმა „დაგუგლა“ „დიდოსტატის მარჯვენა“ თადუმაძე-გოცირიძის დიალოგის შემდეგ?

    9 ოქტომბერს, შალვა თადუმაძის პარლამენტში  გამოსვლის შემდეგ, რომან გოცირიძის კითხვას, „დიდოსტატის მარჯვენის“ ავტორის შესახებ, საზოგადოებაში დიდი ინტერესი მოჰყვა. 9 ოქტომბერს  „დიდოსტატის მარჯვენას” შესახებ ინფორმაცია, google-ში 82 600-მდე ადამიანმა მოიძია. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებათადამცველი, ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

    „სტატისტიკის მიხედვით google-ში 82 600 მდე ადამიანმა დაგუგლა დიდოსტატის მარჯვენა ვიკიპედიაში
    თუ არ გჯერათ დაგუგლეთ“​ – წერს ინგა ბერიკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. 

    შეგახსენებთ, რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, თუ ვინ იყო „დიდოსტატის მარჯვენის“ ავტორი, რაზეც მთავარმა პროკურორმა უპასუხა, რომ არ იცოდა.

  • პოლიციამ ტურისტის ცემისთვის ტაქსის მძღოლი დააკავა

    პოლიციამ თბილისში, ვაკის რაიონში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 1967 წელს დაბადებული გ.თ. დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა, აბაშიძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები.

    გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლისა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ვაკეში ტაქსის მძღოლმა ტურისტ ქალს სცემა

  • “ემზადეთ ომისთვის” – დავით ქაცარავას ინფორმაციით ოკუპანტებმა ახალი მიმართულება აირჩიეს

    ანტისაოკუპაციო მორაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ახალი მიმართულება აირჩიეს და ახლა უკვე წაღვლი-ჩორჩანას ტყეში მუშაობენ.

    შეგახსენებთ, ბოლო პერიოდია ოსური მხარე ქართული საგუშაგოების აღებას ითხოვს, თავად კი ბლოკპოსტებს აშენებს.

    “წაღვლი-ჩორჩანის ტყეში სამუშაოები არ ჩერდება. ოკუპანტებმა ახალი მიმართულება აირჩიეს და საოკუპაციო ხაზის მიმართულება სოფელ ყობის და დოლომიტის საბადოსკენ მიმართეს, რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ აბანოში მდებარეობს.
    მესამე დღეა, ოკუპანტებმა ეს მიმართულება გააქტიურეს, თუმცა ჩვენი ხელისუფლება კვლავ დუმს და ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ს წევრებისთვის გადაადგილების შეზღუდვების დაწესებას აგრძელებს.
    კიდევ ერთი სტრატეგიული სიმაღლე გადასცა ჩვენმა ხელისუფლებამ ოკუპანტებს, ის სიმაღლე და ტერიტორია, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად არ დაკარგულა, მაგრამ იკარგება იმ ხელისუფლების მმართველობის პირობებში, რომელიც დაგვპირდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას.
    მოვიგებთ ომს მშვიდობით?
    არ მგონია. დათვისთვის არც ბაბაიას ძახილი შველის და მორჩილად ჯარის დაშლა, ჯარისკაცების ჯარიდან გაგდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჯარისკაცი საოკუპაციო ხაზთან მივიდა მშვიდობიანი აქტივისტების გასამხნევებლად, დადებითად არ იმოქმედებს ჯარის მორალურ მდგომარეობაზე.
    წაღვლი-ჩორჩანის ტყის რუსებისთვის გადაცემაზე, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვყვირით, მაგრამ რამდენიმე ასეული ადამიანის, 2 ტელევიზიის და ერთი-ორი რადიოსადგურის გარდა თითქმის არავინ რეაგირებს.
    ხელისუფლება მედგრად სდუმს და ფეხზე იკიდებს ამ კრიტიკას, მთავარია, რუსებს არ აღიზიანებს და კრემლის დავალებას პირნათლად ასრულებს.
    გინდათ მშვიდობა? ემზადეთ ომისთვის.”- წერს დავით ქაცარავა სოიალურ ქსელში.

  • “არ დამნებდები და ჩაჯდები ციხეშიო” – სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებლი “ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი

    სექსუალურ შევიწროებაში “ქართული ოცნების” კიდევ ერთ დეპუტატს ადანაშაულებენ.

    ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარს ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებაში  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „პაროსის“ დამფუძნებელი ნარინე გისონიანი საჯაროდ ამხელს „ქართული ოცნების“ ნინოწმინდის მაჟორიტარს.

    “პოსტ ფაქტუმმა” გაარკვია რა წინადედებით მიუგზავნა ენზელ მკოიანმა შუამავლები ნინოწმინდაში მცხოვრებ ქალბატონს, რა მოხდა მკოიანის კაბინეტში და რატომ ემუქრება პოლიცია დაჭერით მსხვერპლს.

    “წლების წინ ნინოწმინდის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსი ვიყავი. სამსახურიდან გამომდინარე ხშირად მიწევდა ჩვენს მაჟორიტართან საქმიანი შეხება. ერთ-ერთ მორიგ შეხვედრაზე, როგორც ჩანს მოვეწონე და ჩემს უახლოეს მეგობარს უთხრა, ნარინესთან დამეგობრება მინდაო, მერე უფრო კონკრეტულად შემომითვალა, საყვარლობა. რა თქმა უნდა მის შემოთავაზებებს, ყოველთვის უარით ვპასუხობდი, ისევ ჩემი მეგობრის საშუალებით. ბოლოს თვითონ დაიწყო ჩემს ტელეფონზე დარეკვა.“ – ამბობს ნარინე გისონიანი.

    მაჟორიტარი ენზელ მკოიანი ბრალდებას სრულიად უარყოფს.

  • რეჟისორი მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა

    ქართველი რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

    კობახიძე არაერთი ფილმის ავტორია. 1964 წელს მიხეილ კობახიძემფილმი „ქორწილი“. ამასთან, რეჟისორია ფილმების „ქოლგა“, „მუსიკოსები“, „გზაზე“.

    მიხეილ კობახიძის სახელთან და გვართან ყველაზე მეტად მაინც “ქორწილი” ასოცირდება. ეს ფილმი რეჟისორის სადიპლომო ნამუშევარია, რომელმაც მაშინვე მოიპოვა მაყურებლის უდიდესი სიყვარული.

    მაგრამ “ქოლგა” მისი პირველი სადიპლომო ფილმი არ ყოფილა, მიხეილ კობახიძის მიერ გადაღებული პირველი სადიპლომო ფილმი იყო „რვანახევარი“, რომელიც საბჭოურმა ცენზურამ ანტისაბჭოურ ნაწარმოებად მიიჩნია და მოსკოვში გაგზავნამდე გაანადგურა.

    რაც შეეხება ფილმს “მუსიკოსები”, ის მიხეილ კობახიძემ 1969 წელს გადაიღო, რის შემდეგაც მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე რომანოვმა გამოსცა განკარგულება და ქართველ რეჟისორს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა.

    შემოქმედის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი 1984 წელს დადგა, როდესაც მისი და ნათელა მაჭავარიანის შვილი – 23 წლის გეგა კობახიძე თვითმფრინავის გატაცების საქმეზე დაიჭირეს და დახვრიტეს.

    2019 წელს რეჟისორ მიხეილ კობახიძეზე დოკუმენტური ფილმი „დაკარგული რვანახევარი“ გადაიღეს, რომლის რეჟისორები ლაშა ოთხმეზური და ვახო ვარაზი არიან. ფილმი რეჟისორის ექვს კინონოველაზეა აგებული. ავტორებმა საკუთარი ნამუშევარი რეჟისორის 80 წლის იუბილეს მიუძღვნეს.

  • ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

    წინასწარი პატიმრობა ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის – გორის სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

    მის პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა. როგორც ცნობილია, ირაკლი დეკანოიძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და აცხადებს, რომ მეუღლის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა. დაკავებულს ბრალი ოფიცილაურად დღეს წარედგინა.

    შეგახსენებთ, ხაშურში, 30 წლის ქალის მკველობისთვის მისი ყოფილი მეუღლე გუშინ დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • მაშველებმა ჯუთას მწვერვალზე დაშავებული საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს

    სტეფანწმინდის რაიონში, სოფელ ჯუთაში, მწვერვალზე, დაშავებული საქართველოს ორი მოქალაქე მაშველებმა თბილისში გადაიყვანეს. დაშავებულები სტაციონარში იმყოფებიან და ექიმები შესაბამის სამედიცინო დახმარება უწევენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    უწყების ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენიც მონაწილეობდა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ სტეფანწმინდის რაიონში, სოფელ ჯუთაში, მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება. შემთხვევა ჭაუხების ტერიტორიაზე ერთ-ერთ მწვერვალზე გადაადგილებისას მოხდა.

    შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყონებლივ გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. რთული რელიეფის და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

    ჯუთას მიმართულებით დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

    მაშველებმა დაშავებული მოქალაქეები თბილისში გადაიყვანეს. ისინი ამაჟამად სტაციონარში იმყოფებიან, სადაც ექიმები შესაბამის სამედიცინო დახმარება უწევენ.

    სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება

    ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება – ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტშია აღნიშნული.

    პროექტი, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, პარლამენტში უკვე წარდგენილია. ცვლილებების მიხედვით, საუბარია A1 ქვეკატეგორიისა (მოტოციკლი) და B კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი) მართვის მოწმობებზე. შესაბამისად, თუ აქამდე ამ კატეგორიებზე მართვის უფლება პირი 17 წლიდან იღებდა, ცვლილების შედეგად ეს ასაკი 18 წელი გახდება.

    „ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან დიდ უმრავლესობაში B კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება ხდება 18 წლიდან. იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი არის 17 წელი, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში. მიუხედავად საქართველოში დღეისათვის მოქმედი ქულათა სისტემის, უკონტაქტო პატრულირებისა და ტექნიკური ინსპექტირების რეგულაციებისა, საგზაო უსაფრთხოება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებაც ემსახურება საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას,“- აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.