Category: არქივი

  • კახა კალაძეს რამდენიმე აქტივისტი პლაკატით „კახი, გადაგვირჩინე ანას ბაღი“ დახვდა

    თბილისის მერს კახა კალაძეს ორბელიანის მოედანზე რამდენიმე აქტივისტი პლაკატით დახვდა წარწერით “კახი, გადაგვირჩინე ანას ბაღი“. აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ანას ბაღს საფრთხე არ ემუქრება და ბაღში კორპუსის მშენებლობა დაგეგმილი არ არის.

    “არანაირი პრობლემა არ აქვს ანას ბაღს. ეს არის არასწორი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, თითქოს სკვერში ხდება კორპუსის მშენებლობა. სკვერთან კონკრეტულ მშენებლობას არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის 2016 წელს გაცემული ნებართვა, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ. ჩემი დაპირება იყო, რომ სკვერებში, სპორტული მოედნების ადგილზე არანაირი მშენებლობა არ განხორციელდებოდა. შევისწავლეთ ეს კონკრეტული თემა და მას სკვერთან არანაირი კავშირი არ აქვს”,- განაცხადა კალაძემ.

  • “ტვ პირველის” ინფორმაციით, ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს

    მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები გახარიას მინისტრთა კაბინეტში-“ტვ პირველის” ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს.როგორც ცნობილია თურნავა არა გახარიას, არამედ ვანო ჩხარტიშვილის კადრია. მინისტრის პორტფელი მას მამუკა ბახტაძემ ჩააბარა, ხოლო გახარიას გაპრემიერების შემდეგ მან თანამდებობა შეინარჩუნა.

  • ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა-მელია

    “შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში”,-ეს განცხადება “ნაციონალური მოძროაბის” დეპუტატმა ნიკა მელიამ „ევროპული საქართველოს“ მიერ გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გააკეთა.

    “ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის, სრულიად და კატეგორიულად მიუღებელია “ევროპული საქართველოს” მიერ დეკლარირებული „არავინ ციხეში“, ანუ არ დაისჯება არავინ – არც ივანიშვილი, არც ფარცხალაძე, არც გახარია და არც არავინ.

    “ევროპული საქართველო” ცდილობს ეს ყველაფერი მოგვაწოდოს შურისძიებაზე და რევანშზე უარის თქმად. მახინჯი მზეთუნახავად შემოგვასაღოს, პროგრესულობის შარავანდედი დაადგას იმას, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის.

    ეს ყველაფერი არც მეტი არც ნაკლები, ივანიშვილისთვის და ივანიშვილის გარემოცვისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემაა. მეტიც, კარტბლანშის მიცემაა მთელი ქართული ოცნებისთვის მოახლოებული 2020-ის არჩევნების კონტექსტში!

    გასაგებია, ვირთხას კუთხეში თუ მიიმწყვდევ – უფრო აგრესიული გახდება, მაგრამ ამიტომ, ვირთხა წისქვილში უნდა დაპატიჟო და ნებაზე მიუშვა?

    ვინ უნდა აგოს პასუხი და ვინ არა, ამას არც მე ვადგენ, არც ბოკერია და არც არავინ. ამას ადგენს კანონი და ვისაც ჩადენილი აქვს (და ჩაიდენს) სისხლის სამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

    ვერც ერთ დამნაშავეს ვერ მოვატყუებ და ვერ ვეტყვი, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ ხახვივით შერჩება ის სახელმწიფო ქონება, რაც მიიტაცა, ის სიმდიდრე, რომელიც დააგროვა საქართველოს მოქალაქეების, ბიუჯეტის ყვლეფის ხარჯზე. მათ მიერ მიტაცებული დაუბრუნდება სახელმწიფოს! დიახ, ზღვა დაშორდება ივანიშვილის ეზოს და ამას უნდა შეეგუოს ახლავე.

    ვისაც არც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და არც ქონება არ აქვს მიტაცებული, ცხადია არავინ მოსთხოვს პასუხს, არც რამე ჩამოერთმევა და არც ციხეში გამოამწყვდევს ვინმე. არჩევნებში მარცხით, მათ უკვე გადახდილი ექნებათ პოლიტიკური ფასი.

    დიახ, ჩვენ უარს ვამბობთ რევანშზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაცვლად არავის დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა!

    პოლიტიკური განცხადებების, საქმიანობის გამო, არავინ აღმოჩნდება ოქრუაშვილივით ციხეში და არც სახლს ვუქცევთ რომელიმე პოლიტიკოსს ციხედ.

    დიახ, შურისძიება არ უნდა იყოს და არც იქნება, მაგრამ ბოდიშის მოხდით მინდა ვიკითხო:

    – შურისძიება იქნება, როდესაც დაისჯებიან ისინი, ვისაც წვლილი მიუძღვით კერძაიას სიკვდილში?

    – შურისძიება იქნება, როცა დაისჯებიან არჩევნების გამყალბებლები, რომელთა დანაშაულები ფირზეა აღბეჭდილი?

    – შურისძიება იქნება მაჩალიკაშვილის მკვლელების დასჯა?

    – გეკითხებით, შურისძიება იქნება იმათი დასჯა ვინც ტომარა თავზე ჩამოაცვა მუხთარლის?

    – შურისძიება იქნება, როცა სახელმწიფოს საკუთრების მიმტაცებლებს უკან დააბრუნებინებ სახელმწიფოსგან მოპარულს?

    – შურისძიება იქნება ფარცხალაძის დასჯა?

    – შურისძიება იქნება საყდრისის ამფეთქებლების დასჯა?

    – შურისძიება იქნება გაშიფრული ზონდერების დასჯა?

    – შურისძიება იქნება თუ ვანო ჩხარტიშვილს გამოძიება შეკითხვებს დაუსვამს?

    არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის „გმირებისთვის“ რაიმეს პატიებას და ვერც მოვატყუებ.
    იმიტომ კი არა, პირადად მე რომ შემეხო მათი ძალადობა, არამედ იმიტომ რომ მათ მოსახლეობაზე იძალადეს,იძალადეს ბევრჯერ, სხვადასხვა ქალაქებში, და რაც მთავარია, თუ მოძალადეები არ დაისაჯნენ, ძალადობას გააგრძელებენ როგორც ისინი, ისე მათი დაუსჯელობით წაქეზებული სხვა მოძალადეები”-წერს ნიკა მელია.

  • “ივანიშვილმა მიითვისა დოვლათის ძალიან დიდი ნაწილი, ეს მას უნდა შერჩეს – არასწორია “- სააკაშვილი (ვიდეო)

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავის ვიდეო მიმართავში, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა, აცხადებს, რომ დღეს მოქმედი მთავრობის მაღალჩინოსნები, რომლებსაც დანაშაული დაუმტკიცდებათ, საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდნენ. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ერთიანობის, სულგრძელობისა და მაქსიმალური პატიების მიუხედავად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის დოვლათი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა.

    „ამნისტიაზე, პატიებაზე, შერიგებაზე… რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ის სიველურე, რაც ხდება ბოლო პერიოდის განმავლობაში, როცა მოდის ერთი მთავრობა და იწყებს ნებისმიერი საბაბით წინა მთავრობის დევნას. ეს არის არაცივილიზებული, ეს ძალიან აზარალებს საქართველოს. ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა ამ განწყობამ და კლიმატმა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ეროვნული ერთიანობა და გვჭირდება მაქსიმალური სულგრძელობა და მაქსიმალური პატიება, მაგრამ არსებობს რაღაც სხვა რეალობები. ივანიშვილმა მიითვისა ეროვნული დოვლათის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ამგვარად საუბარი იმაზე, რომ ეს უნდა შერჩეს არ არის სწორი, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამის წაღება?! არა მურუსიძეების და თუნდაც ახალი მურუსიძეების მიერ. ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ, სადაც ჩვენ მოვიწვევთ რამდენიმე ინგლისელ, ამერიკელ, ჰოლანდიელ და სხვა დასავლელ მოსამართლეს და ისინი ძალიან ზედმიწევნით, იურიდიული პროცედურის შედეგად თუ დაუმტკიცდებათ ყველაფერი, მოახდენენ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების საკითხების გარკვევას“, – აცხადებს სააკაშვილი.

    {{VIDEO}}

  • “ამდენი თეთრი ტაქსი, ბევრ ადამიანს სიამოვნებს” – კახა კალაძე

    თბილისის მერი ტაქსების რეფორმის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს კიდევ ერთხელ ეხმაურება და განმარტავს, რომ ეს ყველაფერი მისი მხარდამჭერებისთვის და ქართული ოცნებისთვის კი არა, ქალაქისთვის კეთდება.

    კალაძე ოპონენტების კრიტიკასაც პასუხობს და ამბობს, რომ ისინი მმართველ გუნდს ებრძვიან.

    “მე მესმის, რომ ებრძვიან ქართულ ოცნებას. შეიძლება, მებრძოდნენ მე, მაგრამ ბრძოლას აქვს თავისი წესები.

    როდესაც ქვეყნისთვის სასიკეთოს აკეთებ, ქალაქისთვის სასიკეთოს აკეთებ, მე მგონია, რომ თუნდაც ჩვენი ოპონენტები უნდა ხედავდნენ ამას.

    ეს მარტო ქართული ოცნებისთვის, ჩემი ან ჩვენი მხარდამჭერებისთვის არ კეთდება. ეს კეთდება მთლიანად ქალაქისთვის. ის, რომ ზოგადად ტრანსპორტი იქნება ქალაქში მოწესრიგებული…

    მერე უკვე ვერაფერს რომ ვერ გახდნენ , დაინახეს რომ მართლა წარმატებით წარიმართა ეს პროცესები.

    ამდენი თეთრი ტაქსი, ახალი მანიშნებელი, ძალიან ბევრ ადამიანს სიამოვნებს ეს, რომ მოწესრიგებულია ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მოწესრიგდება მომდევნო წლების განმავლობაში”, – განაცხადა კალაძემ “ქრონიკის” ეთერში.

  • მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო-მეუფე გრიგოლი

    მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

    „პატიმრის მოკითხვა არის ერთ-ერთი სათნოება სხვა სათნოებათა შორის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს განვახორციელოთ. როგორც თვითონ ამბობს, მძიმეა მისი მდგომარეობა.

    სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს და თუხთუხებს, მგონი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო ამ ადამიანის შეწყალება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

  • დღევანდელი პატრიარქი ვერ არის ღირსეული მემკვიდრე ჩვენი პირველი პატრიარქების – დავით ბერძენიშვილი

    „დღევანდელი პატრიარქი და მისი უმრავლესობა ჯერჯერობით, რაც შერჩენილი ჰყავს დღევანდელ სინოდში, ვერ არის ღირსეული მემკვიდრე ჩვენი პირველი პატრიარქების“, – ეს განცხადება  „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის„ ეთერში გააკეთა. მან  უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის პოზიციაზე ისაუბრა.

    „ავტოკეფალიის აღმდგენი ქართული სამღვდელოება და საზოგადოება, პირველი პატრიარქი კირიონი, შემდეგ ლეონიდე და ამბროსი, არც ერთი რუსეთს მაამებლობით, ლოიალობის დადასტურებით არ გამოთხოვდა რუსეთს რაღაცა პირობებს. ჩვენი სასულიერო წოდება მაშინ უფრო პატრიოტული იყო და შორსმჭვრეტი, ვიდრე ეს არის ახლა. სამწუხაროდ დღევანდელი პატრიარქი ილია მეორე და მისი უმრავლესობა ჯერჯერობით, რაც შერჩენილი ჰყავს დღევანდელ სინოდში, ვერ არის ღირსეული მემკვიდრე ჩვენი პირველი პატრიარქების” – განაცხადა ბერძენიშვილმა

  • “კომენტატორად ნუ დამაჯენთ” – პაპუაშვილი ზარდიაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე

    მმართველი პარტიის დეპუტატს, ზაზა პაპუაშვილს “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ კომენტარის გაკეთება არ სურს.

    “ადამიანებს თავისი გადაწვეტილებებით საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენები. შემეკითხეთ, მე რას ვაპირებ. სხვისი გადაწყვეტილებების კომენტატორად ნუ დამაჯენთ. ამის გამკეთებელები მრავლად მოინახება“,- განაცახადა პაპუაშვილმა.

    კითხვაზე, თუ რას აპირებს თავად?!- პაპუაშვილი გვპასუხობს, რომ ჯერჯერობით, არ იცის.

    “რას ვაპირებ ასე ჩამოყალიბებული გეგმა არ მაქვს. მიდის ამაზე ფიქრი და ჯერჯერობით, რაღაც მიმდინარე პროცესია. ხვალ და ზეგ რას ვაპირებ, ასეთი ისრებით არ ვცხოვრობ. ვითარება, რეალობა, საჭიროობა და ა.შ აქედან გამოვალ“,- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

  • “როდესაც ღიად დავუპირისპირდი შევარდნაძეს, მხოლოდ ამის შემდეგ შევქმენი ნაციონალური მოძრაობა”- სააკაშვილი

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 1999 წლის არჩევნებში ის გავიდა არა სიით , არამედ მაჟორიტარ დეპუტატად ვაკის ოლქში.

    “ის ვინც მათ მიერ ამომრჩევლების გადაგდებას ამართლებს იმით რომ თურმე სააკაშვილიც შევარდნაძის პარტიის სიით გავიდა და მერე ცალკე პარტია შექმნა უბრალოდ იტყუება. ჯერ ერთი უკვე 1999 წლის არჩევნებში მე გავედი არა სიით , არამედ მაჟორიტარ დეპუტატად ვაკის ოლქში, მართალია ფორმალურად მოქალაქეთა კავშირის სახელით, მაგრამ დავამარცხე შევარდნაძის საყვარელი საგადასახადოს უფროსი. ამის მერე მე არსად გავსულვარ. მხოლოდ იუსტიციის მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ როდესაც ღიად დავუპირისპირდი შევარდნაძეს, დამოუკიდებელ კანდიდატად მოვიგე ისევ ვაკე და მხოლოდ ამის შემდეგ შევქმენი ნაციონალური მოძრაობა. ასე რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. საქართველოში უნდა გათენდეს!”- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

  • “დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გადაქცევა”- პაატა ზაქარეიშვილი

    დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გადაქცევა, გონიერი და ანგარიშგასაწევი პოზიციაა, თუ ხელისუფლება ამაზე წამსვლელია და კომისიები მუშაობენ ქართულ-აზერბაიჯანულ დონეზე, მათ უნდა დავუსვათ კითხვა – განიხილებოდა თუ არა საერთოდ ეს ვარიანტი, – ამის შესახებ კონლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რითაც ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ინიციატივას გამოეხმაურა დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიებად გამოცხადების თაობაზე.

    პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ანა დოლიძის მიერ დღეს დაყენებული ინიციატივა ექსპერტულ წრეებში დიდი ხანია განიხილება. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ „იუნესკო“ და სხვა ბუნების დაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციები „სიამოვნებით ჩაერთვებოდნენ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში“.

    „ეს წინადადება დიდი ხანია მაგიდაზე დევს და ობიც კი მოეკიდა. ვთვლი, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნება სჯობს, ვიდრე სახელმწიფო საზღვრის გამო დაძაბულობის შექმნა. დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიებად გადაქცევა არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც რატომღაც წინ ვერ მიდის. ექსპერტების და ეკოლოგების დონეზე იყო შემოთავაზება, რომ ეკოლოგიური არეალი უფრო ფართოა ამ რეგიონის, ვიდრე სამონასტრო კომპლექსის და შეიძლება ამ კონტექსტში ყოფილიყო გააზრებული. მგონია, რომ ეს გონიერი და ანგარიშგასაწევი პოზიციაა და თუ ხელისუფლება ამაზე წამსვლელია და კომისიები მუშაობენ ქართულ-აზერბაიჯანულ დონეზე, მათ უნდა დავუსვათ კითხვა-განიხილებოდა თუ არა საერთოდ ეს ვარიანტი. თუ განიხილებოდა და სხვადასხვა მიზეზების და დასაბუთებული არგუმენტების გამო იქნა უარყოფილი. საჭიროა ამაზე ხელისუფლებამ პასუხი გასცეს და მსჯელობა მაინც დაიწყოს. ქართულ და აზერბაიჯანულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს პასუხი მიდის თუ არა ამაზე მსჯელობა, თუ მიდის და მიდიოდა, რატომ ეთქვა უარი თავის დროზე, ან ახლა რატომ ეუბნებიან უარს. ანუ, რა პლუსები და მინუსები აქვს, შეიძლება დამაჯერებელი არგუმენტები იყოს, მაგრამ მე ვერ ვხედავ დამაჯერებელ არგუმენტებს“, – აცხადებას პაატა ზაქარეიშვილი.