Category: არქივი

  • საქართველოს მოქალაქეები ბარსელონადან თბილისში დაბრუნებას ვერ ახერხებენ

    საქართველოს ორმოცამდე მოქალაქე ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ამის მიზეზი არეულობა ბარსელონაში  საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა.

    ხუთი დღეა ბარსელონაში საპროტესტო აქციები და არეულობაა. ქუჩებში ასობით ათასი ადამიანია გამოსული. ისინი ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც კატალონიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ 9 ლიდერისთვის ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა.

    კატალონიაში საყოველთაო გაფიცვაა გამოცხადებული. მრავალათასიანმა დემონსტრაციებმა ქალაქის სხვადასხვა ქუჩებში ესპანეთის ამ ავტონომიის დედაქალაქის სრული პარალიზება გამოიწვია. საპროტესტო აქციების დროს მოხდა შეტაკებები პოლიციასთან. 

    საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გამო საქართველოს მოქალაქეები  უკვე მეორე დღეა ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებიან და თბილისში დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ, მიუხედავად იმისა რომ ფრენები სრულად არ გაუქმებულა და სხვადასხვა მიმართულებით მაინც სრულდება. ბარსელონა–თბილისის რეისი, რომელსაც აირზენა ასრულებს, გაურკვეველი ვადით გადაიდო. აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ  ინფორმაცია არ აქვთ როდის შესრულდება ფრენა და როდემდე მოუწევთ ბარსელონას აეროპორტში ყოფნა, რადგან ავიაკომპანიის წარმომადგენლებს ვერ უკავშირდებიან.

  • სოფელ ატოცთან შეიარაღებული პირები კვლავ გამოჩნდნენ.

    ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ატოცის განაპირას შეიარაღებული პირები ცოტა ხნის წინ კვლავ გამოჩნდნენ. თუმცა ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ.

    “ცოტა ხნის წინ გამყოფი ხაზის პერიმეტრზე კვლავ გამოჩნდა რამოდენიმე ფორმიანი პირი. ტექნიკა და სხვა გადაადგილება არ შეინიშნება. ჯერჯერობით რაიმე ტიპის სამუშაოებს აღნიშნული პირები არ აწარმოებენ”,- ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი.

    საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ატოცის განაპირას გუშინ დილით გამოჩნდნენ და იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ბოძები დაამონტაჟეს, ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები განაახლეს.

    ატოცელების განცხადებით, იმ ადგილზე, სადაც ამჟამად შეიარაღებული პირები ე. წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებენ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ სოფლის მოსახლეობას შეზღუდული ჰქონდა გადაადგილება.

    სოფლის განაპირას ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე წლის წინ დაამონტაჟეს, ბოძების მონტაჟი კი ჯერ 2008 წელს დაიწყეს, შემდეგ კი სოფლის პერიმეტრის გარკვეულ მონაკვეთზე მიმდინარე წლის გაზაფხულზე განაახლეს.

    ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები.

  • საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

    გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. როგორც ჟურნალისტებს საქალაქო სამსახურის შენობა-ნაგებობების გამაგრება-გაძლიერების განყოფილების უფროსმა დავით დოღონაძემ განუცხადა, ამ დროისთვის ნგრევის საფრთხე არ არსებობს. მისი სამსახური ელოდება შესაბამის ნებართვას, რათა შეძლონ შენობაში შესვლა.

    მისივე თქმით, სრულად შენობის რეაბილიტაციას შესაძლოა, 4 თვე დასჭირდეს.

    “ოპერატიულად გამოცხადდა ყველა სამსახური. ასევე მუნიციპალური ლაბორატორია არის ჩართული და აფასებს ტექნიკურ მდგომარეობას. ჩართულია სამხარაულის ეროვნული ბიუროც. პირველადი მონაცემებით, სახლი მდგრადია, მაგრამ იმ დაზიანებულ ადგილებთან დაკავშირებით, სადაც ვერ მოხერხდა შესვლა, მუშაობს ჩვენი კონტრაქტორი თავის საპროექტო ორგანიზაციასთან ერთად. პირველ რიგში მოხდება მისი გაწმენდა, რომ რეალური სურათი დაინახოს როგორც მუნიციპალურმა ლაბორატორიამ, ასევე სამხარაულმა და კონსტრუქტორმა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რა ღონისძიბებია საჭირო. სავარაუდოდ, ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში დაიდება სრული სურათი და გვეცოდინება რა ღონისძიებებია განსახორციელებელი. ამ დროისთვის ნგრევის საფრთხე არ არსებობს. ახლა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გვერდით კორპუსსაც აქვს დაზიანებები, მინებია ჩამსხვრეული. გუშინ დაიწყეს აზომვები და უმოკლეს ვადაში მოგვარდება ფანჯრის პრობლემები. პირველადი დათვალიერების შედეგის მიხედვით, გვერდით კორპუსს გამაგრებითი სამუშაოები არ სჭირდება”,- განაცხადა დავით ღოღონაძემ.

  • თერჯოლაში დააკავეს მამაკაცი რომელმაც ტურისტს 2000 დოლარი მოპარა

    პოლიციამ თერჯოლაში მომხდარი ქურდობის ფაქტი  გახსნა. ქურდობის ბრალდებით დაკავებულია  1982 წელს დაბადებული მამაკაცი.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა  თერჯოლაში მდებარე სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში  უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხელჩანთიდან 2 000 ამერიკული დოლარი მოპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოპარული ფული ამავე კვების ობიექტის ტერიტორიაზე არსებული ჯიხურის უკან გადამალა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, მის მიერ მოპარული და გადამალული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

  • საქართველოდან ჩასული ახალგაზრდები სააკაშვილმა კიევის სახლში დაპატიჟა(ვიდეო)

    ახალგაზრდული მოძრაობა “შეცვალეს“ წევრები კიევში მიხეილ სააკაშვილთან ჩავიდნენ. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს საქართველოს ექსპრეზიდენტი შეხვდა და საქართველოს რეალობაზე, რუსეთზე და მის გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრა უჩვეულო ფორმატში – სანაპიროზე შედგა. მოგვიანებით კი ახალგაზრდები სააკაშვილმა საკუთარ სახლში დაპატიჟა. ვიდეო ახალგაზრდების სტუმრობის შესახებ სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე დადო.

  • თბილისში ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი მაშველებმა ამოიყვანეს(ვიდეო)

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ თბილისში, სამრეკლოს ქუჩაზე მამაკაცი ჭაში იყო ჩავარდნილი და  მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა.

    შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მივიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც მოქალაქე ჭიდან ამოიყვანეს.

    მამაკაცს აღენიშნებოდა მცირე დაზიანება თავის არეში. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

    შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

  • გიორგი გახარია სპორტსმენებს – თქვენ ამ ქვეყნის სახელს ქმნით

    “დიდი ქვეყნები ვერ იამაყებენ 21 მსოფლიო ჩემპიონით, 4 ოლიმპიური ჩემპიონით და 30 კაცზე მეტი ევროპის ჩემპიონით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში, სპორტსმენებთან შეხვედრისას განაცხადა.“

    პრემიერმა სპორტსმენებისგან სფეროში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათი მხრიდან გამოთქმულ ინიციატივებს გაეცნო.

    „თქვენ ამ ქვეყნის სახელს ქმნით, თან ამ საკმაოდ მწვავე პრობლემების წინ მდგარ რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან. ისიც მესმის, რომ ეს დამატებით ემოციას და დამატებით ჟინს გაძლევთ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის მეტი იშრომოთ და იბრძოლოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის ღირსება, ის გულწრფელობა, რომლითაც თქვენს რეგიონს და ხალხს ემსახურებით.

    მინდა იცოდეთ, რომ აქ ნათქვამი სიტყვა შესრულდება და თუ რამის გაკეთებას ვერ გავწვდებით, არც ამის პირდაპირ თქმას მოვერიდები.

    შემთხვევითი არ არის, რომ რეგიონებში სიარული დავიწყეთ ქართლით. აქ ძალიან მძიმე საოკუპაციო ხაზი გვაქვს. შემთხვევითი არ არის რომ ქართლიდან დავიწყეთ გორით, იმიტომ, რომ ამ ქალაქს თავისი წარსული, თავისი ისტორია, თავისი ადგილი და სიტყვა აქვს ჩვენი ქვეყნის წარსულშიც და დღევანდელ დღეშიც. არც ის გეწყინებათ ალბათ, რომ პირველი ჯერ პედაგოგებს შევხვდით, შემდეგ მედიკოსებს და ახლა სპორტსმენებს. სინამდვილეში ამას აქვს მარტივი ახსნა – ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია და ამის ყველაზე კარგი განსახიერება ხართ თქვენ. ჯანმრთელობა და განათლება – ეს უნდა იყოს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდობის და ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების წინაშე, რაც მთავრობის პირდაპირი პოზიტიური ვალდებულებაა, რომ ამ ხალხს ეფექტურად ემსახუროს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • “ნატო-ს სურვილს განათავსოს თავისი ბაზები ჩვენს შემოგარენში, პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთ“–დიმიტრი მედვედევი

    რუსეთის პრემიერ-მინისტრი სერბულ გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ  მათ საზღვრებთან ნატოს გაფართოებას კრემლის სამხედრო და პოლიტიკური პასუხი მოჰყვება. დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ რუსეთთან ახლოს, არ შეიძლება დადებითი ემოციები გამოიწვიოს.

    „არავინ გამორიცხავს, რომ რუსეთს თავისი ინტერესები აქვს საკუთარი უსაფთხოების დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ მძლავრი ატომური ქვეყანა ვართ და ნატო-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ ჩვენს შემოგარენში, არ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენში დადებითი ემოციები. ჩვენ ამას ყოველთვის ვპასუხობდით და ყოველთვის ვუპასუხებთ პოლიტიკურადაც და სამხედრო გზითაც“, -განაცხადა მედვედევმა ბელგრადში ვიზიტის დროს.

    მედვედევის განცხადებას თბილისიდან შეფასებები მოჰყვა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ამ თემაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ მსგავსი განცხადებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან სიახლე არ არის:

    “ეს არ არის ახალი და ჩვენ მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია. ამ განცხადებების საპასუხოდ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული და მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ის არავის ემუქრება. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც და მათთან ერთად ვახდენთ ამ პოზიციის დეკლარირებას, ეს პოზიცია გორის რაიონიდან განსაკუთრებით გასაგები და მისაღებია ყველა ნორმალური ადამიანისთვის, მაშინ, რაც ხდება ატოცში,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

    “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით  მსგავსი განცხადებები რუსეთის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია.

    “ტიპიური განცხადებაა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან მათ ძალიან აშინებთ ნატოს  გაფართოება იმიტომ, რომ ნატოს ​ გაფართოების და საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში საქართველო იქნება დაცული. პროპაგანდას აწარმოებენ საპირისპიროს და ამას იტაცებენ ჩვენთან პროპუტინური ძალები, რომ აი, შევეშვათ ნატოს, თორემ რუსეთი დაგვესხმევა თავზე. საქმე არის პირიქით, რუსეთი დღეს გვესხმის თავს, დღევანდელი მოვლენებიც არის ამის საბუთი, 2008 წელიც და მთელი ჩვენი ისტორიაც. ნატოში გაწევრიანება გვჭირდება სწორედ იმისთვის, რომ ამის შემდეგ მათ თავდასხმა ვეღარ შეეძლებათ,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ  საქართველოს საგარეო კურსი ემყარება სტაბილურობის და განვითარების პრინციპს და არ არის ვინმესთან სამხედრო დაპირისპირებისკენ მიმართული:

    “ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ საგარეო კურსი უნდა შევცვალოთ, ვინაიდან ამ საგარეო კურსთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ემყარება იმ აუცილებლობას, რასაც ჰქვია სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება. ეს ორი დიდი ძალა ერთმანეთთან დაპირისპირებული, რა თქმა უნდა, თავის პოზიციებს არ დათმობს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს სწორი პოზიცია ამორჩეული, ჩვენ მომხრე ვართ მოლაპარაკების, მშვიდობის და არანაირად არავისთან დაპირისპირება არ გვსურს, მით უმეტეს, სამხედრო და მით უმეტეს, რუსეთის ფედერაციის აგრესიასთან,”- განაცხადა ვოლსკიმ.

    საექსპერტო წრეებში კი მედვედევის ადრესატად საქართველოზე მეტად ნატოს წევრ სახელმწიფოებს თვლიან. ანალიტიკოსები იმასაც იხსენებენ, რომ თავის დროზე მსგავსი მუქარა ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც ესმოდათ, თუმცა, რუსეთის მეზობლობის მიუხედავად, ისინი ნატოს წევრები მაინც გახდნენ. ექსპერტთა ნაწილისთვის მედვედევის გზავნილი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ალიანსმა საქართველოს ინტეგრაცია უნდა დააჩქაროს.

  • ოკუპანტები ატოცში მავთულხლართებს ავლებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

    საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო ბორდერზაციის  პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

    “საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას.

    ბოლო დროს ადგილზე უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობის ფონზე, საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის ეს უკანონო მცდელობა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობას, ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და წვდომას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

    საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენების შესახებ დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში საერთაშორისო პარტნიორები. შედგა სატელეფონო ზარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების თანათავმჯდომარეებთან. ქართულმა მხარემ მათ სთხოვა, ყველა ზომა მიიღონ ადგილზე პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად. ინფორმირებულია ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია აგრეთვე მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს.“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

    ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში დღეს დილიდან ბოძებს ამონტაჟებენ.. ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, მათ “ბორდერიზაციის” ტერიტორიაზე მისვლის უფლებას არ აძლევენ.

  • გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია

    გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების თქმით, მას სხეულის 60%-ზე აქვს დამწვრობა მიღებული, დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები და ამ დროისთვის კი ინტენსიური ანტიშოკური მკურნალობა უტარდება. ექიმები პროგნოზებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

    “მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. გონზეა პაციენტი, სასუნთქი გზების დაზიანება აქვს გარკვეული ხარისხით, მაგრამ ჯერჯერობით, მართვით სუნთქვაზე არ არის,” – აცხადებს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, გიორგი დავლიანიძე.

    ახლობლების ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცი მარტო ცხოვრობდა, აფეთქების შემდეგ ის სამაშველო სამსახურს თავად დაუკავშირდა. აფეთქება გურამიშვილის გამზირზე წინასწარი ინფორმაციით მეოთხე სართულზე, ერთოთახიან ბინაში კუსტარულად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.