Category: არქივი

  • თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა

    თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
    კალაძის თქმით,  ბაგრატიონი თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს.

    კახა კალაძემ მუნიციპალური სამსახურის ყოფილ უფროსს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების წესი და საფასური შეიცვალა

    საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

    ბრძანებით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის – 40 ლარი, 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი განისაზღვრა. ერთი სამუშაო დღის ვადაში მომსახურების გაწევა ხორციელდება ცალკეულ საგანმანათლებლო დოკუმენტებთან დაკავშრებით, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

    ამასთან, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) გადაწყვეტილების მოსამზადებლად, პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მომსახურებისათვის გადასახდელ საფასურს დაემატა 25 ლარი.

    „ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი/პროფესიული განათლების გათანაბრების საკითხი შესაბამისი განათლების საფეხურთან”,- აღნიშნულია დოკუმენტში.

  • სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლანს ესროლა, თავი მოიკლა – მალხაზ მაჩალიკაშვილი

    პანკისში დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ამ სპეცოპერაციაში მონაწილე პირთა უმრავლესობამ საქართველო დატოვა, ხოლო იმ სპეცრაზმელმა კი, რომელმაც უშუალოდ ესროლა თემირლან მაჩალიკაშვილს, სიცოცხელ თვითმკვლელობით დაასრულა.ამის შესახებ  მალხაზ მაჩალიკაშვილმა “რეზონანსთან” ისაუბრა.

    „ჩემი სანდო წყაროები მეუბნებიან, რომ სპეცრაზმის უფროსი, რომელიც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა და სხვა კიდევ მკვლელობის შემსწრე პირები საქართველოდან წავიდნენ. მათ ქვეყანა ფარულად დაატოვებინეს. ერთმა, რომელმაც თემირლანს ესროლა, არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ მითხრეს, რომ თავი მოიკლა.

    თემირლანის ოთახში სამი სპეცრაზმელი შევიდა. სწორედ ამ სამმა იცოდა რეალურად რა და როგორ მოხდა. ცოცხალი თავით არ ამბობენ, რომ თემირლანს ყურსასმენები ეკეთა და ისე მოკლეს. მერე ხელყუმბარა უკვე მაღალჩინოსნებმა მიიტანეს. რა ფარსიც არ უნდა დადგან, ამ ასქმეს მაინც ბოლომდე მივიყვან“, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი „რეზონანსთან“.

    შეგახსენებთ, მაჩალიკაშვილის საქმეზე სუსმა ვახტანგ გომელაური და სოსო გოგაშვილი გამოკითხა.

  • საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრიდან მამაკაცი გაუჩინარდა

    საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრიდან ნაოპერაციები მამაკაცი დაიკარგა. 63 წლის თამაზ აივაზოვს მერვე დღეა ეძებენ, მას  საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში კუჭის ოპერაცია გაუკეთეს, სამ დღეში კი პაციენტი პალატიდან გაუჩინარდა.  აივაზოვის ოჯახი კლინიკის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და იმ შემთხვევაში თუ დაკარგული მამაკაცი უახლოეს პერიოდში არ გამოჩნდა, საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

    საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

    “პაციენტი გაიპარა, ხელში ედგა კათეტერი, ვერ ვპოულობთ. ექიმმაც თქვა, შევედიო და იქ აღარ იყოო. დაცვას ვუთხარი სად წავიდა მეთქი და არ ვიციო”- აცხადებს დაკარგული მამაკაცის ნათესავი.

    აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • “წყლის ადუღებაც აღარ უნდა კალას”-თბილისის მერიამ ყავის აპარატში 10 000 ლარი გადაიხადა

    “თბილისის მერიამ ყავის აპარატში 10 000 ლარი გადაიხადა” – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის  დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ რა თანხა აქვს გადახდილი მერიას სხვადასხვა სახის სპეციალური დანიშნულების დანადგარებში, მათ შორის, ყავის აპარატში.

    “წყლის ადუღებაც აღარ უნდა კალას და ასე, პირდაპირ ყავის აპარატს ყიდულობს – “ჟმოტი” და ბიუჯეტის წურბელა რომ არის, თორემ, ადგეს და საკუთარი ჯიბით იყიდოს, თავისი ყავის აპარატი. 10 000 ლარი მე და თქვენ რატომ უნდა გადავიხადოთ ?!”-წერს ხაბეიშვილი.

  • ავარია თბილისში-დაშავებულთა შორის მცირეწლოვანია

    ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში- თამარ მეფის გამზირზე, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მათ შორის- ერთი მცირეწლოვანი.

    ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

  • ანაკლიის პროექტს ზედმეტად დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ-ქობულია

    ვთვლი, რომ ანაკლიის პროექტს ზედმეტად დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ, ის პოლიტიკურად გამოიყენება, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

    „ბოლო დროს ამ პროექტთან დაკავშირებით იმდენ კითხვას სვამენ, რომ ცოტა არაკომფორტულადაც კი ვგრძნობ თავს. ვთვლი, რომ ამ პროექტს ზედმეტად დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ, ის პოლიტიკურად გამოიყენება და ა.შ. დოკუმენტალურად ვერ მოვიპოვე ამ პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობის აღწერა. რომ ჩამეკითხოთ, ზეპირსიტყვიერადაც ვერ აგიხსნით, ეს რას ნიშნავს და ვერავინ ვერ ამიხსნა გარდა იმისა, რაც სულ მესმოდა, რომ ეს პროექტი არის სტრატეგიული, დიდი და მნიშვნელოვანი. ამ სიტყვების უკან რა დგას, ჩემთვის გაურკვეველია და ძალიან ვცდილობდი, ეს გამეგო. ვფიქრობდი, ამდენი ლაპარაკია, პროექტი კონსტიტუციაში ჩაწერეს და ალბათ, მე ვცდები-მეთქი. ამიტომ, მარტო ეკონომიკას კი არა, პოლიტიკურ სტრატეგიულობასაც კი შევხედე, მაგრამ ეს ვერ ვიპოვე,“ – განაცხადა ქობულიამ.

  • პრეზიდენტის მორიგი გაუგებრობა:ეთნიკურ წმენდაში დადანაშაულებულ პოლიტიკოს ქალს ზურაბიშვილმა საქებარი სიტყვები მიუძღვნა

    იაპონიაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ფეისბუქ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც მიანმარის ლიდერთან, სკანდალურად ცნობილ პოლიტიკოს ქალთან, აუნ სან სუ ჩი–სთან ერთად არის გადაღებული.

    ფოტო წარწერით: “ Aung San Suu Kyi ნობელის პრემიის ლაურეატი.
    თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში გატარებული ცხოვრება ! დღევანდელი მსოფლიოს ერთერთი ყველაზე გამორჩეული ქალი! ქალი, რომელმაც პოლიტიკას ღირსება შეუნარჩუნა.“ – მალევე გახდა სოციალურ ქსელებში განხილვის თემა.

    საქმე იმაშია,  რომ მიანმარელი პოლიტიკოსი ქალი, რომელიც წარსულში ადამიანის უფლებათა დამცველად ითვლებოდა, დღეს ეთნიკურ წმენდასა და გენოციდშია ბრალდებული და  დღის წესრიგში დგას მისი საერთაშორისო ტრიბუნალით გასამართლების საკითხი. მას ჩამოართვეს წარსულში მინიჭებული ყველა საპატიო ჯილდო, გარდა ნობელის პრემიისა, რომლის ჩამორთმევის პრეცედენტი არ არსებობს და სწორედ ამიტომ ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა ეს პრეცედენტი არ დაეშვა.

    აუნ სან სუ ჩი მიანმარელი (ბირმა) პოლიტიკოსი ქალია, რომელიც წარსულში ადამიანის უფლებათა დამცველად, პაციფისტად და დემოკრატიისთვის მებრძოლად ითვლებოდა.  მან განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო, რის შემდეგაც ბირმაში დაბრუნდა და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. ამ პერიოდში მიანმარში ხელისუფლებაში მოდის სამხედრო ხუნტა, რომელიც უსასტიკესად უსწორდება თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. აუნ სან სუ ჩი შედის პოლიტიკურ მოძრაობაში ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის, რის გამოც პუტჩისტები მას 1989 წელს შინაპატიმრობას უსჯიან. უკანონო ხელისუფლება მას თავისუფლებას სთავაზობს ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ, მაგრამ უარს იღებს. 1990 წელს ხუნტა ატარებს არჩევნებს, სადაც ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის დამაჯერებელ გამარჯვებას აღწევს. მიუხედავად ამისა, არჩევნების შედეგები გაუქმებული იქნა, ხოლო შეიარაღებულმა ძალებმა უარი თქვეს ძალაუფლების გადაცემაზე. ამ მოვლენებმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და 1991 წელს აუნ სან სუ ჩის გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. პრემიის სახით მიღებული $1.3 მლნ. მან საკუთარი თანამემამულეების ჯანმრთელობის განვითარებასა და განათლების გავრცელებას მოახმარა. შინაპატიმრობიდან აუნ სან სუ ჩი გათავისუფლდა 1995 წლის ივლისში. 2000 წლის სექტემბერში პუტჩისტებმა იგი კვლავ შინაპატიმრობაში აიყვანეს და მხოლოდ 2002 წლის 6 მაისს გაეროს შუამავალთა ჩარევით მას კვლავ დართეს თავისუფლად გადაადგილების ნება.

    2003 წლელს მასზე თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც ქალი დაიჭრა, თუმცა გაქცევა შეძლო. მალევე დააპატიმრეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. წლების მანძილზე ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა და საკუთარ ქვეყანაში გადაადგილება შეზღუდული ქონდა.

    ამ პერიოდში მას არაერთი ჯილდო მიანიჭეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა:

    კანადის პარლამენტმა 2007 წელს კანადის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა. პარიზის საქალაქო საბჭომ 2004 წელს პარიზის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.

    უფლებადამცველმა ორგანიზაციამ საერთაშორისო ამნისტიამ 2009 წელს “სინდისის ელჩის“
    წოდება მიანიჭა.
    2008 წელს ამერიკის კონგრესმა აშშ–ს ერთ–ერთი უმაღლესი ჯილდო, კონგრესის ოქროს მედალი მიანიჭა. 2011 წელს მიანიჭეს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი

    2010 წლის 13 ნოემბერს გათვისუფლებულ იქნა შინაპატიმრობიდან. 2012 წლისდან კი მისმა პარტიამ ნაციონალური ლიგა დემოკრატიისთვის წარმატებები მოიპოვა ჯერ შუალედურ არჩევნებში, შემდეგ კი 2015 წელს საპარლამენტო არჩევნებში და ხელისუფლება აიღო ხელში.

    აუნ სან სუ ჩიმ პრეზიდენტის პოსტი ვერ დაიკავა, რადგან მას ამას კონსტიტუცა უკრძალავდა იმის გამო, რომ ბრიტანელი ქმარი ყავდა, მის შვილებს კი სხვა ქვეყნების მოქალაქეობა ქონდათ. ამის გამო მისთვის სპეციალურად შემოიღეს მიანმის სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობა, რომელიც პრაქტიკულად პრემიერ–მინისტრის ძალაუფლებას უთანაბრდებოდა.

    2016-2017 წლებში მიანმარის ჩრდილო დასავლეთში როჰინჯი მუსლიმების მასობრივი სამხედრო დევნა განხორციელდა შეიარაღებული ძალების და პოლიციის მიერ. როჰინჯი მუსლიმების მიმართ ფართომაშტაბიანი ადამიანის უფლებების დარღვევა დადგინდა: არასამართლებრივი დასჯა, ჯგუფური გაუპატიურება, ხანძრის გაჩენა და ბავშვების მკვლელობა. როჰინჯების სამხედრო დევნამ მთელი ცივლიზებული სამყაროს, საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკა გამოიწვია. მიანმარის დე-ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელი, აუნ სან სუ ჩი განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე გახდა თავისი დუმილის გამო, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით და აგრეთვე უმოქმედობისა და სამხედრო ბოროტების თავიდან არაცილების მიზნით. საუბრობდნენ იმაზე, რომ სამხედროები სწორედ მისი წახალისებით მოქმედებდნენ. გაერომ როჰინჯი მუსლიმების მასობრივი დევნა, რის გამოც 700 000 ადამიანს ქვეყნის დატოვება მოუხდა, გენოციდად და ეთნიკურ წმენდად შეაფასა.

    2018 წელს აუნ სან სუ ჩის ჩამოართვეს საერთაშორისო ამნისტიის ჯილდო, კანადის საპატიო მოქალაქეობა, პარიზის საპატიო მოქალაქეობა და მრავალი პრიზი თუ წოდება, რომელიც მას წლების წინ მიანიჭეს. განიხილებოდა მისთვის ნობელის პრემიის ჩამორთმევის საკითხიც, თუმცა საბოლოოდ ნობელის კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, რადგან მათი განმარტებით არ სურდათ პრეცედენტის შექმნა, რის შემდეგაც მუდმივად მოუწევდათ ნობელის ლაურეატების ცხოვრების ყველა ეტაპის კონტროლი და გაცემული ჯილდოების გადახედვა.

  • ანა დოლიძე აზარტული თამაშების საწინააღმდეგო კამპანიას იწყებს

    ანა დოლიძე აზარტული თამაშების საწინააღმდეგო კამპანიას იწყებს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისივე შეფასებით, ეს არის პრობლემა, რომელიც საქართველოს მოსახელეობის უდიდეს ნაწილს აწუხებს.

    “აზარტულ თამაშებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება თქვენი ჰოლდინგის მიმართ იმიტომ, რომ თქვენ სერიოზული მორალური პოზიცია გაქვთ დაკავებული აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით და ეს ჩემი და ჩემი თანამოაზრეების სახელით დასაფასებელია.

    ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კამპანიას, ახსნა განმარტებებს. ხალხს უნდა ავუხსნათ, რა გვინდა და რატომ გვინდა. მე დღესაც მქონდა კამპანიის მონაწილეებთან შეხვედრა და ვგეგმავდით კამპანიას. საუბარია ორ ძირითად, ყველაზე მტკივნეულ წერტილზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. ეს არის: აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა და ბავშვების, არასრულწლოვნების დაცვა. ეს არის დაავადება, ვიღაცისთვის შესაძლოა ეს რეკრეაცია და გართობაა, მაგრამ მსოფლიო სამედიცინო დიაგნოსტიკაში ლუდომანია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის დაავადება. ამ თემაში მე არ ვარ მარტო, უამრავი ორგანიზაციაა, რომლიც მუშაობს არასრულწლოვნების საკითხზე, მშობლები, ოჯახის წევრები. თუ რამით არის ხალხი შეწუხებული არის ის, რომ მათ შვილებს, როცა ბოლო 70 ლარი აქვთ მიდიან და აზარტულ თამაშებს თამაშობენ. კეთილი ინებონ პოლიტიკოსებმა და დაუკვირდნენ, რას ფიქრობს ქართველი ხალხი ამ თემაზე“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

  • ყოფილი პროკურორის სკანდალური წერილი. რატომ დატოვა პროკურატურა ახალგაზრდა ქალმა

    პროკურორმა სალომე ადეიშვილმა პროკურატურა დატოვა და ფეისბუქზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს. პროკურატურის თანამშრომელი, რომელმაც უწყებაში 2013 წლიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე იმუშავა  პროკურატურაში არსებულ უსამართლობაზე, შერჩევით სამართალზე, მძიმე შრომით პირობებზე, სექსუალურ შევიწროებაზე და სხვა ბევრ ნიუანსზე წერს. ახალგაზრდა ქალმა ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ სავარაუდოდ საქართველო დატოვა. ის მედიისთვის კომენტარს არ აკეთებს. ფეისბუქზე კი ვრცალდ წერს, რატომ დატოვა სამსახური:

    “იმიტომ, რომ 4-5 წლის მერე მოჯადოებულ წრეზე ტრიალებ და ვეღარ ვითარდები;

    იმიტომ, რომ „პატრონის“ და „ჩალიჩის “ გაერშე შუშის ჭერი კი არა ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი (მინიმალური გამონაკლისებით);

    იმიტომ, რომ ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს (ახლა მითუმეტეს);

    იმიტომ, რომ 7-ზე თუ მიდიხარ უსაქმური ხარ, თუმცა ღამის 3-ზე გასვლაც პრობლემაა – ესე იგი ოფიციალურად დადგენილ დროში ვერ ასწრებ მუშაობას და უუნარო ხარ (იხ. იმღერეთ „ჭრელო პეპელა“);

    იმიტომ, რომ დიდ დატვირთვას გაუძელი და ვადები არ გაგივიდა? ესე იგი ათმაგს გაუძლებ;

    იმიტომ, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ  და სხვა ოჯახი (თუნდაც ბიოლოგიური) არ არსებობს;

    იმიტომ, რომ პირადი ცხოვრება ვის დაუკავშირო, ვის ემეგობრო და რა დოზით ხელმძღვანელობას უნდა შეუთანხმო. სისტემა არ უნდა შეარცხვინო;

    იმიტომ, რომ დრესკოდი უნდა დაიცვა, მაგრამ ვინც ამ დაცვას გიკონტროლებს მათზე წესები არ მოქმედებს;

    იმიტომ, რომ უშნოდ ახუნტრუცებული მამაკაცი მენეჯერის (ან გავლენიანი რიგითის) ბღლარძუნის გამო კარგი თანამშრომელი გოგონები ან სამსახურიდან მიდიან ან უხმოდ ითმენენ;

    იმიტომ, რომ ყოველი თვის ბოლოს „ღმერთი“ თავის სტატისტიკას ითვლის და რა მნიშვნელობა აქვს “შესაწირი“ ვარგისია თუ არა;

    იმიტომ, რომ იქიდან იმან დაგვირეკა, და გვთხოვა/დაგვავალა სამართლებრივი აბსურდი. არ შეასრულებ? შენზე ცუდად აისახება და როცა საჭრო იქნება გაგიხსენებენ. შეასრულებ? წლების მერე სხვა ხელმძღვანელობა ამოგიქექავს რა უკანონობაზეც გაქვს ხელი მოწერილი და შენზე მაინც ცუდად აისახება;

    იმიტომ, რომ რიგითები დამოუკიდებლები ვართ. შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებაზე საკუთარი კისრით ვაგებთ პასუხს. ჩვენს აი იმ გადაყწვეტილებაზე წეღან რომ დარეკეს და დაგვავალეს;

    იმიტომ, რომ გახმაურებულ საქმეებზე ჟურნალისტებთან გამოსაჩენი არ ხარ, რადგან ამოღამებული თვალები და უძილობით ანგრეული სახე გაქვს სწორედ იმ გახმაურებული საქმის გამო. სამაგიეროდ, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ყოველთვის მოიძებნება ნაშის ვიდიანი თანამშრომელი, რომელიც საჯაროდ ისაუბრებს იმ საქმეზე, რომელსაც არ იცნობს. შენი ოფლით და ნერვების დაგლეჯით დაყენებული შედეგის გამო საყოველთაო აღიარებას ის მიიღებს;

    იმიტომ, რომ შენი საქმე სიგიჟემდე გიყვარს, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ რომ წასვლა გაიძულონ;

    იმიტომ, რომ შერჩევითი სამართალია. მსგავს საქმეებზე უპატრონოს პატიმრობას ითხოვ და პატრონიანს განრიდებას უფორმებ;

    იმიტომ, რომ ტრენინგებზე და შეხვედრებზე სიტყვებს ვარახუნებთ და რეალობაში რა როგორ კეთდება არავინ იცის რიგითის გარდა;

    იმიტომ, რომ სისტემას საკუთარი თანამშრომლის ზიზღი აქვს და ჩასაფრებულია, არიქა, ფეხი გადაუბრუნდესო;

    იმიტომ, რომ სპეციალიზაცი(ებ)ის გამო ლამის ყველა საქმე შენია, მაგრამ სამართლიან გადანაწილებაზე არავინ ფიქრობს;

    იმიტომ, რომ ზოგი სამართლებრივ საკითხებზე იჭეჭყავს ტვინს და ზოგი იმაზე ხელფასით ოქროს ნივთები იყიდოს თუ ვერცხლის, რომელი ფეხსაცმელი ჯობია, როგორი მაკიაჟი გაიკეთოს და ვინაა გოიმი. ხო, ხელფასი ერთი და იგივეა;

    იმიტომ, რომ ერთხელაც არავის მოაფიქრდება უბრალო სიტყვიერი მადლობა გითხრას იმ თავდადებისთვის და სიყვარულისთვის, რასაც საქმისადმი იჩენ. აქ სისტემისადმი „თავდადება“ ფასდება;

    იმიტომ, რომ თმის ფერის ცვლილებით, რატომღაც შენი პროფესიონალიზმი ქვეითდება. მეცნიერებმა დაადგინეს;

    იმიტომ, რომ არ დასჭირდეთ, თორემ საქმეში გამომძიებლის შეცდომა, სასამართლოს გადაწყვეტილება, მოწმის „გადაბრუნება“, მტკიცებულებების ბუნებრივი არარსებობა, გლობალური დათბობა, ორივე მსოფლიო ომი, სამოთხიდან ადამიანების გამოდევნა შენი ბრალია;

    იმიტომ, რომ წლების განმავლობაში განუწყვეტელ უძილობას, სტრესს, ლანძღვა-გინებას, წყევლას, მუქარას, ვადებზე ნერვიულობას, უჭმელობას, შეურაცხყოფას, დამცირებას, შენი ქვემდგომი სისტემის ჭკუაზე სიარულს, უსამართლობას, უუნარობას, როგორ ვერ უძლებ! რატომ ითხოვ ადამიანურ პირობებს? რატომ ითხოვ თანაბარ გადანაწილებას? რატომ ითხოვ კადრის დამატებას? თქვენ ხომ ისედაც საქმე არ გაქვთ!;

    იმიტომ, რომ სხვაგან გადასვლა თუ გინდა ჩუმად უნდა მოაგვარო, თუ არა და დაგბლოკავენ;

    იმიტომ, რომ უსამართლობას აპროტესტებ? არ მოგწონს? დაწერე განცხადება და წადი!

    იმიტომ, რომ რაც გაძლებინებს ის რამდენიმე ადამიანია ვინც აქ იპოვე. ქვეყნის განუვითარებელი ეკონომიკის შენნაირი მსხვერპლი, წასასვლელი რომ არ აქვთ.
    იმიტომ, რომ მათ იმედი და მაგალითი უნდა მისცე! ჭაობიდან ამოსვლა შესაძლებელია!

    P.S. არადა კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა და დიპლომ(ებ)ი მაქვს.“ –წერს სალომე ადეიშვილი.