Category: არქივი

  • “გრინჩმა კალაძემ მოიპარა დღესასწაული​” – საპროტესტო აქცია მერიასთან

    სამოქალაქო აქტივისტებმა და გარე მოვაჭრეებმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქტივისტები სოლიდარობას უცხადებენ გარემოვაჭრეებს, რომლებსაც თბილისის მერიამ რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის უფლება არ მისცა და პარლამენტის წინ ვაჭრობა შესთავაზა, სადაც საპროტესტო კარვების დაშლის შემდეგ მერიამ ატრაქციონები და სავაჭრო დახლები დადგა. თუმცა, გარემოვაჭრეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან მუშაობაზე პრინციპულად ამბობს უარს.

    “გვეუბნებიან პარლამენტთან გადადითო, სადაც არ გადავალთ, იმიტომ რომ იქ მაჩალიკაშვილის ცოდვით ვერ დავდგებით, რამდენი ხანია ადამიანმა სამართალი ვერ იპოვა,” – აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

    სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი გიგა მაქარაშვილი კი, კახი კალაძეს, “გრინჩს” უწოდებს და ამბობს, რომ მან ადამიანებს დღესასწაული მოპარა.

    “გრინჩმა კალაძემ, მოიპარა ეს დღესასწაული და ყველაზე მოწყვლად ჯგუფს – გარემოვაჭრეებს, ვისაც სახელმწიფომ ვერანაირი პირობა ვერ შეუქმნა, აუკრძალა ვაჭრობა. ახლა კი მანიპულირებს იმით, რომ შვილმოკლული მამის კარვის ადგილას გაშლილი დახლები უნდა შეავსოთო,”- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი ,გიგა მაქარაშვილი.

  • ინტერპოლმა “ნისანის” ყოფილი შეფის დაკავების ბრძანება გასცა

    იაპონიაში, იაპონური ავტომწარმოებლის, “ნისანის” საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, კარლოს გოსნის წინააღმდეგ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გადავიდა. პარალელურად კი საერთაშორისო პოლიცია “ინტერპოლმა” მისი დაკავების ბრძანება გადასცა ლიბანის ოფიციალურ პირებს.

    გოსნიმ იაპონია სასამართლო მოსმენამდე დატოვა და ლიბანში გადავიდა. მის წინააღმდეგ საქმე ფინანსური დარღვევების გამოა აღძრული.

    ხუთშაბათს, იაპონურმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ჩხრეკენ გამომძიებლები გოსნის სახლს ტოკიოში.

    ლიბანში აცხადებენ, რომ გოსნიმ ქვეყნის საზღვარი კანონიერად გადაკვეთა ფრანგული პასპორტით და არ არსებობდა არავითარი საბაბი, რომ ის დაეკავებინათ.

    გოსნის ადვოკატმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია მისი კლიენტის გაქცევის შესახებ. გოსნის საფრანგეთის, ლიბანისა და ბრაზილიის მოქალაქეობა აქვს. ის ბრალდებებს უარყოფს.

  • ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის მისი ძმა მადლობას ივანიშვილს, გახარიას და ფონდ ქართუს უხდის

    ცოტნე გამსახურდიას ძმა, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია მისი ძმის დაჭრასთან დაკავშირებით ტვიტერში სტატუსს წერს და საკუთარ წერილს აქვეყნებს. 

    “მოგესალმებით მეგობრებო,მადლობა ყველას გვერდში დგომისათვის, რამდენადაც ცნობილია თურქი ექიმებისაგან, ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია და იმედის მომცემი. აქვე მინდა გაგაცნოთ ჩემი პატარა განცხადება, რომელსაც ვტვირთავ ფაილის სახით.“

    ფაილის სახით ატვირთულ წერილში კი გიორგი გამსახურდია წერს, რომ ცოტნე გამსახურდიას სტამბოლში გამგზავრებისა და მკურნალობის საკითხები ფონდმა ქართუმ გადაჭრა. გიორგი გამსახურდია მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და გიორგი გახარიას. 

    ​„მოკლედ ესეთი ამბებია. ჩემი ძმა, ცოტნე გამსახურდია თბილისში ადგილობრივი სამედიცინო მუშაკებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ადგილზე ამოწურული შესაძლებლობების შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, სპეციალური თვითმფრინავით გადაყვანილ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთ ცნობილ და ძლიერ კლინიკაში მკურნალობის გასაგრძელებლად. დაინტერესებულმა პირებმა რომ იცოდნენ, ყველა საჭირო პროცედურა შესრულებული იქნა ქართული სახელმწიფოს მიერ. შემდეგში, თურქეთში გამგზავრება და თურქეთში მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაჭრილ იქნა ფონდი „ქართუს“ მიერ.

    აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ გიორგი გახარიას (რომელთანაც ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს). ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შსს-სა და სუს-ის ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სამინისტროს და ამ პროცესში ჩართულ ყველა პირს (ვამაყობ, რომ ამ პროცესში ჩართული პირების დიდი ნაწილი ჩემი უახლოესი მეგობარია).

    რაც შეეხება იმ რამდენიმე კრიმინალსა და გარეწარს, დარწმუნებული ვარ, ქართული მართლმსაჯულება გასცემს სათანადო პასუხს“, – ნათქვამია გიორგი გამსახურდიას წერილში.

    გიორგი გამსახურდიას ადგილსამყოფელად ტვიტერში პოლონეთია მითითებული. ის პოლონეთში სამსახურეობრივი მიზნებით იმყოფება.

    ცოტნე გამსახურდია საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას დაზიანება თავში აქვს მიყენებული რის გამოც ქართულ კლინიკაში მკურნალობის შემდეგ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა გადაწყდა. 

    ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს, აქედან ერთი დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

  • “ივანიშვილი ვაზელინის ოთახში ცხოვრობს, იქიდან გამოსვლა აღარ უნდა“ – გია ხუხაშვილი

    ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ 2020 წელი არასტაბილური და ძნელად პროგნოზირებადი იქნება. მისი აზრით ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით ჩადო ნაღმები, მათ შორის საგარეო მიმართულებით.  და ეს ნაღმები 2020 წელს აფეთქდება. ბიძინა კი არა, მიშა წავიდა. მიშაზე მაგარი ნამდვილად არ არის ბიძინა – გია ხუხაშვილი.
  • „თუ დააჯარიმებენ, ფულს ჩვენ შევაგროვებთ“ – ჩხარტიშვილის სასამართლოზე გარემოვაჭრეები მივიდნენ

    ლეიბორისტული პარტიის წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი 8 იანვრამდე გადაიდო. მოსამართლემ გადაწყვეტილება მტკიცებულებების არარსებობის გამო მიიღო.

    პროცესზე ის გარემოვაჭრეები მივიდნენ, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის უფლებას ითხოვდნენ. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ თუ მოსამართლე ჩხარტიშვილს დააჯარიმებს ფულს თავად აუგროვებენ.

    შეგახსენებთ, აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

    ჩხარტიშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდა, რა დროსაც მას პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა.

    ჩხარტიშვილი სხვა აქტივისტებთან ერთად სოლიდარობას უცხადებდნენ იმ გარემოვაჭრეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ვაჭრობაზე უარს აცხადებენ. გარემოვაჭრეების განცხადებით, ისინი ბუშტებს იმ ადგილას არ გაყიდიან, სადაც შვილმკვდარი მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალს ითხოვს.

    შსს-ს ინფორმაციით, ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

  • გადაუდებელი სამუშაოების გამო 6 იანვარს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

    გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 იანვარს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე რაიონში დროებით შეიზღუდება.

    ,,თელასის” ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის III და IV მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში კი 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, გიორგი ახვლედიანის, ქიაჩელის და ელენე ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

  • ახალი წლის დღეებში, ინტოქსიკაციის გამო, საქართველოს მასშტაბით 1254 გამოძახება დაფიქსირდა

    31 დეკემბრიდან დღემდე, ინტოქსიკაციით, საქართველოს მასშტაბით 1254 გამოძახება დაფიქსირდა. მათგან 387 შემთხვევა კვებითი ინტოქსიკაცია იყო, 844 კი – ალკოჰოლური. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ინფორმაციით,  23 შემთხვევაში, კვებითი და ალკოჰოლურ ინტოქსიკაციის შემთხვევა ერთად დაფიქსირდა.

  • გვარამია საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს

    მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს. 

    დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ იმ  მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ის პროცესიდან გააძევეს.  

    “მე ვუთხარი, რომ შეუძლია ყოველდღე ნიშნოს სხდომები, არის დღეები, როცა ვერ მივალ და შეუძლია ხელიხელჩაკიდებულმა იაროს პროკურორთან ერთად. ბოლოს ხელიხელჩაკიდებულები სადამდე მივლენ ის და პროკურორი, მაგას განახებთ

    ყველა სხდომა ორშაბათს ჩანიშნა. დაახლოებით, ათი სხდომის ჩანიშვნას აპირებს იანვარში. ეს კაცი ამ პროცესის ორ-სამ თვეში მორჩენას აპირებს, გასაგებია რითი. მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მოსამართლე. ეს არის მოსამართლე, რომელიც იხილავს თიბისის საქმეს. და ჩემი სახელით და მამუკა ხაზარაძის და დანარჩენი ადამიანების, ვის ციხეში ჩასმასაც აპირებს, რომ ციხეში მოხვდება ის, გიორგი არევაძე და ხელიხელჩაკიდებული ჩაჯდება კამერაში იმ პროკურორთან ერთად, რომელიც აქ ზის და თიბისის საქმეზე უზის საპროკურორო სკამზე”-აცხადებს გვარამია.

    შეგახსენებთ, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.

    რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება მიმდინარე წლის 20 ივლისს დაიწყო.

    გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალი წაუყენეს. მას,ბრალად ედება ფულის გათეთრებაც.

    11 აგვისტოს გვარამიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

  • აშშ-ს სარაკეტო ძალებმა ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი, ქასემ სოლეიმანი მოკლეს

    აშშ-ს სარაკეტო თავდასხმის დროს ირანის ყველაზე გავლენიანი გენერალი, ქასემ სოლეიმანი დაიღუპა. ის ირანის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტში 3 იანვარს, გამთენიისას მოკლეს. 

    62 წლის ირანელი მეთაური შუა აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა და ერთ-ერთი ყველაზე ელიტური ქვედანაყოფი ,,ქუდსი”-ს ლიდერი იყო. სწორედ ეს ქვედანაყოფია პასუხისმგებელი რეგიონში ირანის მიერ ჩატარებულ საიდუმლო ოპერაციებზე. ის სირიაში და ერაყში მიმდინარე კონფლიქტებშიც აქტიურად იყო ჩართული და ბაშარ ასადს მისი მებრძოლების შეიარაღებით ეხმარებოდა. სოლეიმანი ლიბანში შიიტურ დაჯგუფება ,,ჰეზბოლასაც” აძლიერებდა. “ქათაიბ ჰეზბოლა” 2007 წელს ირანის დახმარებით შეიქმნა. 

    სოლეიმანზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ ,,ტვიტერზე” ამერიკის დროშის ფოტო განათავსა. პენტაგონის განცხადებით, სოლეიმანის მკვლელობა ტრამპის ბრძანებით განხორციელდა.

    “პრეზიდენტის ბრძანებით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების დასაცავად, შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვითი ხასიათის ზომები მიიღეს. ჩატარებული ოპერაციის შედეგად, მოკლულია ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ქუდსის ქვედანაყოფის მეთაური ქასემ სოლეიმანი. ქვედანაყოფი აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაშია,- აცხადებს აშშ თავდაცვის სამინისტრო.

    მათივე თქმით, ოპერაციის მიზანი ირანისგან თავდასხმების პრევენცია იყო. რამდენიმე დღის წინ, ერაყში ამერიკის საელჩოს დაესხნენ დემონსტრანტები თავს, რის ორგანიზატორადაც ამერიკული მხარე ქასემ სოლეიმანს მიიჩნევს. 

    ირანის გავლენიანი სამხედროს მკვლელობამ შესაძლოა ამერიკასა და ირანს შორის სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს. სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანის სამხედრო და სულიერმა ლიდერმა, ალი ხამეინმა განაცხადა, რომ მათ , ვინც მკვლელობის უკან დგას, მძიმე შურისძიება ელოდებათ. ანალოგიური პირობა დადო ჰეზბოლას უმაღლესი საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარე ჰასან ნასრულამაც.

    აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის , ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში შუა აღმოსავლეთის კოორდინატორი ფილიპ გორდონის თქმით, აშშ-ს მიერ სოლეიმანის მკვლელობა ირანისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს.

    სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადდა.

  • წნორში დისშვილმა დეიდა შეშით მოკლა – მკვლელობის ახალი დეტალები

    სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში დისშვილის მიერ მოკლული ქალი 50 წლის ირინა ხალილოვაა.არსებული ინფორმაციით, კაცმა დეიდა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ინციდენტი უძღოდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დეიდას ფულს სთხოვდა, რის შემდეგაც მას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა.

    მათივე თქმით, მამაკაცი ხშირად სვამდა და ქალს ფულისთვის აკითხავდა.მამაკაცი უკვე დაკავებულია.  მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.