Category: არქივი

  • სალომე ზურაბიშვილს გორში საპროტესტო აქციით დახვდნენ

    საქართველოს პრეზიდენტს გორში ნაძვის ხის ზეიმზე ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ. ზეიმი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

    პოლიციამ აქციის მონაწილეებს პრეზიდენტთან მისვლის უფლება არ მისცა.

    სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიურად რეგიონებში ნაძვის ხის ზეიმს აწყობს. წელს გორში ღონისძიებაში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები და გორის თეატრის მსახიობები მიიღებენ. 

    ფოტო: ,,რადიო თავისუფლება”

  • “დეზინფორმაციაა, თითქოს გუდაურსა და ბაკურიანში წყლის შეწყვეტა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ჩართვამ გამოიწვია”- მთის კურორტების განვითარების კომპანია

    მთის კურორტების განვითარების კომპანია განცხადებას აკეთებს. მათი განმარტებით, მედიასაშუალებებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს გუდაურსა და ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ჩართვამ  წყლის შეწყვეტა გამოიწვია.

    “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში წყალმომარაგების სისტემიდან არ მოხდარა წყლის გამოყენება, სწორედ იმ მიზეზით რომ მთის კურორტებზე უნალექობის გამო წყლის ნაკლებობა შეინიშნებოდა.

    გათოვლიანების სისტემისთვის სეზონის გახსნამდე შეგროვდა 10 000 კუბი წყალი. სწორედ ეს მცირე მარაგი იქნა გამოყენებული ხელოვნური გათოვლიანების მეორე ფაზის ტესტირებისთვის. ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, როგორც აღვნიშნეთ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, მას სრული დატვირთვით არ უმუშავია არც სათხილამურო გზის სრული საფარი გაუთოვლიანებია, ამას ემატება ისიც რომ კურორტზე დღის განმავლობაში სათანადო ყინვა არ იყო, შესაბამისად სრული დატვირთვით სისტემა ვერ იმუშავებდა.

    მთის კურორტების განვითარების კომპანია ემიჯნება სპეკულაციებსა და ცრუ ინფორმაციებს”- აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

  • მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი მთელ მთავრობას და ყველაფერს 1 საათში გააკეთებინებდი- მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

    ,,გუდაურში 5 დღე არ არის წყალი და ხელისუფლება მცხეთაში ქეიფობს – მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი მთელ მთავრობას და ყველაფერს 1 საათში გავაკეთებინებდი”,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ,,ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

    მისი თქმით, სამთო კურორტების პერსპექტივები და შემოსავლები კორუფციისა და ივანიშვილის ბოღმის გამო იკარგება.

    ,,ახლა იკარგება არამხოლოდ შემოსავლები, ამ წუთას, არამედ იკარგება პერსპექტივები ჩვენი კურორტებისთვის. ბაკურიანში წყალი თითქმის არავის არ აქვს, გარდა გამგებლის პირადი სასტუმროსი, გაჩერდა ის პროექტები, რომელიც მე დავიწყე. სვანეთში მე ავაშენე კურშაველის სიდიდის სათხილამურო კურორტი, რომელიც იქნებოდა ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტი და ყველაზე დიდი ევროპაში, როგორც მინიმუმ. უზარმარზარი რეკლამა გავაკეთეთ, საბაგიროებიც ჩამოვიტანეთ, გააჩერეს, გზებიც გააჩერეს, ყველაფერი, კორუფციის გამო, ივანიშვილის პირადი ბოღმის გამო”,- აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

    სააკაშვილი ვიდეოში აღნიშნავს, რომ შეუძლებელია საკურორტი ადგილებზე ხალხი ღარიბი იყო, იქ ჩამსვლელთა რაოდენობა კი 8-ჯერ უნდა გაზრდილიყო. 

  • გრიპის დიაგნოზით გარდაცვალების ორი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა-მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა

    ოფიციალური ინფორმაციით, მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით, დაახლოებით 3%-ით მომატებულია. ლაბორატორიულად დადასტურებულად წელს ვირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა. 

    დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რომ  ორივე შემთხვევაში მიზეზი დაგვიანებული მიმართვიანობა გახდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის  განცხადებით, ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ემორჩილება.

    “ყოველ ორშაბათს ვაჯამებთ ქვეყანაში ეპიდზედამხედველობის მონაცემებს და გვაქვს ინფორმაცია 2 მთავარი ინდიკატორის მიხედვით. ერთია ქვეყანაში გრიპის და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, რომელიც განისაზღვრება ჩვენი საყრდენი ბაზების მიხედვით და გვაძლევს ინფორმაციას სიტუაციური ანალიზისთვის, თუ როგორია მიმართვიანობა ქვეყანაში; მეორე არის ე.წ. მძიმე-მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი. პირველი ინდიკატორის მიხედვით, აღვნიშნავდით, რომ დეკემბრის ბოლო 3 კვირა ხასიათდებოდა გრიპისა და გრიპის მსგავსი ინფექციების მიმართვიანობის და ახალი შემთხვევების მიხედვით, იანვრის პირველი კვირის მონაცემებით, ასეც ვპროგნოზირებთ, მიმართვიანობა როგორც წესი, იკლებს. დღევანდელი ციფრი 100 ათას მოსახლეზე არის 191. თუ დეკემბრის ბოლო კვირაში გვქონდა 312, ახლა არის – 191, რომელიც ნაკლებია როგორც წინა კვირასთან, ასევე გასული წლის, 2019-ის პირველ კვირასთან მიმართებაში. ასე რომ, სიტუაცია უფრო სიმშვიდისკენ მიდის. მეორე ინდიკატორი, მძიმე-მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით, არის ოდნავ, დაახლოებით 3%-ით მომატებული. თუ დეკემბრის ბოლო კვირას გვქონდა 19%, ახლა არის 22%. ანუ, ჰოსპიტალიზაციის წილი მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციებით მომატებულია, თუმცა ის ორჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

  • თავდაცვის ძალები ნედლი, ქართული ხორცით მომარაგდება- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ძალები ნედლი (გაუყინავი), ქართული ხორცით მომარაგდება. ამისთვის უწყებამ შესყიდვების სააგენტოსგან 1-თვიანი უფლება აიღო, რათა ხორცის შესყიდვისთვის გამარტივებული ტენდერი გამოეცხადებინა .

    სამინისტროს განცხადებით, შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ფერმებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ,,თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების სააგენტოსთან კოორდინაციით მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართველ ფერმერებთან, რათა ჯარის ქართული ხორცით უწყვეტი მომარაგების მიზნით მოახდინონ მობილიზება,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

    გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ნოემბრიდან კვების დანახარჯი 25%-ით გაიზარდა.

  • ავიაბაზების აშენება მილიარდობით დოლარი დაგვიჯდა, არ წავალთ, დანახარჯს თუ არ დაგვიბრუნებთ- ტრამპი ერაყს

    ,,ძალიან ძვირადღირებული ავიაბაზები გვაქვს, მათი აშენება მილიარდობით დოლარი დაგვიჯდა, არ წავალთ, თუ დანახარჯს არ დაგვიბრუნებთ”,- ასე მიმართა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერაყის ხელისუფლებას.

    მისი თქმით, ერაყს ისეთ სანქციებს დაუწესებს, როგორიც არასდროს უნახავთ.

    აშშ-ს ერაყში ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლ საერთაშორისო კოალიციაში 5000-მდე ჯარისკაცი ჰყავს. სწორედ ამ საერთაშორისო კოალიციური შეთანხმების გაუქმების რეზოლუციას ერაყის პარლამენტმა 5 იანვარს დაუჭირა მხარი.

    მიღებული რეზოლუციით , პარლამენტი მოუწოდებს ერაყის ხელისუფლებას, აუკრძალოს ნებისმიერი უცხო ქვეყნის ჯარს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება. ამავე რეზოლუციით თანახმად, უცხო ქვეყნებს ეკრძალებათ ერაყის ტერიტორიის და საჰაერო სივრცის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება.

  • თუ ლავროვი ჩამოვა, საქართველოში დახვდება ძალიან პრინციპული პოლიტიკური განცხადებები ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან- არჩილ თალაკვაძე

    ,,თუ ის ჩამოვა, საქართველოში დახვდება კონკრეტული დასკვნები და შეფასებები იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები მძიმედ ირღვეოდა, იყო მკვლელობები, გატაცებები და უკანონო პატიმრობები.
    საქართველოში დახვდება ძალიან პრინციპული პოლიტიკური განცხადებები ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან “, – განაცხადა სერგეი ლავროვთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძემ.

    პარლამენტის თავმჯდომარე ლავროვის ქვეყანაში შემოშვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ რომ არ იცის, სად ჩავა სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ,,სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე მე ნამდვილად ვერ გეტყვით სად ჩავა და სად არ ჩავა. საქართველომ ჩაიბარა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა და ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ რაც ტრადიციულად თავმჯდომარე ქვეყნების მიერ ტარდება, ის ღონისძიებები ჩავატაროთ, მათ შორის მინისტერიალი,- აცხადებს თალაკვაძე.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთის წარმომადგენლად მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში შესაძლოა ოკუპანტი ქვეყნის მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩამოვიდეს . ცნობილია, რომ ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი და ის ნამყოფია როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ისე ოკუპირებულ აფხაზეთში. ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში 15 მაისს არის დაგეგმილი და მასში მონაწილეობას ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ.

  • “გადაწყეტილებას ქ–ნი სალომე პატრიარქთან და ივანიშვილთან კონსულტაციის გარეშე ვერ მიიღებდა“–დავით ზურაბიშვილი

    რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ პრეზიდენტი  გადაწყვეტილებას დაკანოზ მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ პატრიარქთან და ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციის გარეშე ვერ მიიღებდა.

    “ყველამ ვიცით, რომ სინოდის ოფიციალური მიმართვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, გვარს არ დავასახელებ და ქ-ნი სალომე, პატრიარქთან და ბიძინა ივანიშვილთან დამატებითი კონსულტაციის გარეშე ვერ მიიღებდა.

    ან პატრიარქს ან ივანიშვილს რომ ჰქონოდა მკაფიო და ცალსახა პოზიცია დეკანოზის გათავისუფლების თაობაზე, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტად მომუშავე ეს სამარცხვინო მარიონეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაბედავდა მის პატიმრობაში დატოვებას.

    და კიდევ, რაის პატრიარქის მკვლელობა? რამდენადაც ვიცით დეკანოზ მამალაძეს სულ სხვა პირის მოწამვლის მცდლობა აქვს ბრალად წაყენებული! და რაის რომის პაპი და თურქი ტერორისტი? ასეთი იდიოტური პარალელი მარტო ბიძინას პიარშჩიკებს შეიძლებოდა მოსვლოდათ თავში

    მოკლედ, სახელმწიფოში კი არა ბოსტანში ვცხოვრობთ და ალაგ-ალაგ ყანაში.“– ამბობს ზურაბიშვილი.

    სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვერ ნახა ვერც ერთი არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეიწყალოს დეკანოზი მამალაძე.

    ,,საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით.

    მისი თქმით, მისი გადაწყვეტილება, არ შეიწყალოს დეკანოზი, ეფუძნება საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას.

    პრეზიდენტის განცხადებით, შეწყალება საზოგადოების დაყოფას გამოიწვევდა. ,,დღეს ჩვენი დაყოფა-დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს მომავალს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

  • შემოსავლების სამსახურმა წითელ ხიდზე და ქუთაისის აეროპორტში 61 773 ლარის ოქროს ნაკეთობები გამოავლინა

    61 773 ლარის ოქროს ნაკეთობები შემოსავლების სამსახურმა წითელ ხიდზე და ქუთაისის აეროპორტში გამოავლინა.

    არადეკლარირებული 444,37  გრამი ოქროს , 4,18 გრამი ვერცხლის ნაკეთობები და ოქროს მონეტები ოფიცრებმა აზერბაიჯანის და საქართველოს მოქალაქეების ბარგში აღმოაჩინეს.

    კანონდამრღვევ მოქალაქეებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ერთ შემთხვევაში ფულადი ჯარიმა 27,003 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო მეორე შემთხვევაში საქმეთა მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

  • ,,მე ვარ ბოტი”- მიხეილ სააკაშვილის შვილი ვიდეოს აქვეყნებს

    მესამე პრეზიდენტის შვილი, ნიკუშა სააკაშვილი ,,იუთუბზე” ვიდეოს აქვეყნებს,  სახელწოდებით ,,მე ვარ ბოტი”.

    ის კლიპით სავარაუდოდ ,,ფეისბუქზე” ტროლებისა და ბოტების დაბლოკვას ეხმაურება.