Category: არქივი

  • “შენელებული მოქმედების ნაღმზე დავსვით საზოგადოება“–გია ხუხაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

    ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, არ შეიწყალოს დეკანოზი მამალაძე, საზოგადოებაში უსამართლობის განცდა კიდევ უფრო გამყარდა:

    “რა მოხდებოდა, დეკანოზი გიორგი მამალაძე რომ შეეწყალებინათ?

    ცუდ შემთხვევაში, გამოვიდოდა ტელევიზიით და რაღაც ბრალდებებს წაუყენებდა საპატრიარქოს და მის კონკრეტულ მესვეურებს. რამდენიმე დღე ამაზე ვისაუბრებდით. ვიღაცა დაიჯერებდა, ვიღაცა არა. მაგრამ საპატრიარქოს ექნებოდა მორალური უპირატესობა, როგორც მიმტევებელს და სულგრძელს ცოდვილის მიმართ. შესაბამისად, დიდი ალბათობით, მოხდებოდა მისი მარგინალიზება და ცოტა ხანში ყველას მიავიწყდებოდა.
    რა მოხდა ახლა?

    ვიღაცას კიდევ უფრო გაუმყარდა უსამართლობის განცდა. ვიღაცას ეჭვის მარცვალი ჩაუსახლდა. ანუ, ამ თემაზეც შენელებული მოქმედების ნაღმზე დავსვით საზოგადოება.

    ჩემის აზრით გრძელვადიან პერსპექტივაში ყველამ წააგო. იმანაც წააგო, ვისთვისაც სეიფში შენახული კომპრომატით მართვა ერთგვარ ნარკოტიკად იქცა და სხვაგვარად ვეღარც წარმოუდგენია.“– ამბობს ხუხაშვილი.

  • აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი – პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე:

    „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, მოგმართავთ, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო ერნო!

    აჰა, დადგა ჟამი ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოსი. დღეს იშვა დამბადებელი, ,,რომლის მიერაც შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი, თუ ხელმწიფებანი“, დღეს იშვა ის, „ვის მიმართ და ვის მიერაც ყოველივე დაიბადა“ (კოლას.1,16).
    ამიტომაც ახლა მორწმუნენი გონებით მივისწრაფვით ბეთლემისაკენ, რათა განვიცადოთ 2000 წელზე მეტი ხნის წინ დამდგარი უდიდებულესი ჟამი, როდესაც ამსოფლიური პატივისაგან მოკლებულ, აღთქმული მიწის ერთ ცივ და ბნელ გამოქვაბულში აღესრულა სასწაული, რომლის სადარი სამყაროში არაფერი მომხდარა და არც არასოდეს მოხდება.

    მიუწვდომელი, გარეშემოუწერელი, მიუახლებელი ღმერთი განკაცდა, რათა კაცი განღმრთობილიყო; ჭეშმარიტი უფლის მადიდებელი ერის წიაღში, წმინდა დავით მეფის მოდგმაში, იშვა ძე ღვთისა და თვალშეუდგამმა ნათელმა ჩვენთან მარადიულად ყოფნა ინება; უკვდავმა მოკვდაობა, უხრწნელმა ხრწნადობა მიიღო, რათა ჩვენ მოკვდავნი და ხრწნადნი სიკვდილის საკვრელთაგან დავეხსენით.
    დღეს ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეშობის მახარებელნი ვართ, რადგან ჩვეთან არს ღმერთი! დღეიდან მისი მომძიებელნი ვეზიარებით და უხვად მივიღებთ აქამდე მიუწვდომელ მადლთა სისავსეს – კეთილმსახურებათა ნიჭსა და უნარს და ხილულ და უხილავ სამყაროს შევღაღადებთ:

    იხარებდით და აკურთხებდით შემოქმედს ცანი და ქვეყანა, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

    იხარებდით და აკურთხებდით უფალსა უფლებათასა ანგელოზნი და ყოველი სულდგმულნი, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

    იხარებდით და აკურთხებდით ახალ ადამს მეფენი და მამათმთავარნი, ერნი და ტომნი; აკურთხებდით უფლის ყოველ საქმეს, უგალობდით და განადიდებდით მას უკუნისამდე, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

    რომ არა შენი საკვირველი შობა, კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობისმყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა, სახე უზენაესი სიმდაბლისა და თავდადებისა, ერთგულებისა და მეგობრობისა; ხატი ზეციური მამა-ძეობისა.

    ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური „მეს“ მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით.
    შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში – სიდიადე; მოყვასის მსახურებაში – სიხარული; გაცემაში – შეძენა და დათმენაში – გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა…

    შენი განხორციელებისათვის, მხსნელო, დედამიწაც განემზადა და გიძღვნა ქალწულთა მშვენება, დედათა სიქადული – წმინდა მარიამი.

    გიხაროდენ, ურჩეულესო ჭურჭელო, ყოველთა ნათესავთა შორის სანატრელო (ლუკ. 1.48);

    გიხაროდენ, დედაო ღვთისა, ევას ცრემლთა აღმხოცო; ცხოვრების ხეო, სიცოცხლის ნაყოფის მომცემო;

    გიხაროდენ, ცოცხალო ტაძარო ღვთისაო, ჩვენს ლოცვათა უფლისადმი აღმწევნელო.

    უფლის განგებამ ინება, რომ შენი მზრუნველობით ჩვენც ღვთის ერი გავმხდარიყავით საუკუნეთა განმავლობაში მრავალფერ განსაცდელთაგან ვნებულმა მცირე სამწყსომ შენი მფარველობით გაუძლო ათას ქარტეხილს და დარჩა ქრისტეს ერთგული. დღესაც შენ გსასოებს ჩვენი დამაშვრალი ერი, მრავალთაგან მრავალჯერ ნაღალატები და ჯვარცმული, მაგრამ მაინც გაუტეხელი და ღვთის მოიმედე.

    ჩვენც, მონანი და მხევალნი შენნი, მოგმართავთ ცისა და ქვეყნის დედოფალს: კვლავაც შეეწიე უძლურებათა ჩვენთა, შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა ყოველნი მკვიდრნი იბერიისანი, შეცდომილნი ძენი და ასულნი ჩვენნი, გზასა ჭეშმარიტებისასა შეუდგნენ; ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა და მაჭირვებელთა გულნი ლმობიერ-ჰყავ და დაამშვიდე; დამნაშავეთ სინანული მიეც, საპყრობილეთა შინა მყოფთ – თავისუფლების სიხარული, უსამართლოთ – სამართალი, მშიერთ – პური, შიშველთ – სამოსელი, უპავართ – სარჩო-საბადებელი, კეთილად მუშაკთ – ღირსი სასყიდელი…

    ურვათა მრავალთა დამტევნელო, ყოვლადუბიწოო ღვთისმშობელო, ნუგეში-ეც მტირალთ, ყოველივე სასიკეთოდ წარუმართე მადლიერებით ჭირთა დამთმენილთ, ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე მიჰმადლე და სულიერად განსწავლე, სნეულნი განკურნე, მხცოვანნი შთამომავალთა კეთილდღეობით გაახარე, უცხოეთში მყოფნი თანამემამულენი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე, იქ დარჩენილნი კი უფლის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ აღვაწე.

    განგვიმტკიცე სიყვარული, სასოება და შიში უფლისა, ერთგული მსახურება ეკლესიისა, მამულისა და მოყვასისა. მოგვმადლე გული წმინდა და სული წრფელი, გონება ნათელი და შემეცნების სიღრმე, სხეული ჯანსაღი და უვნებელი. გვაშორე მუცლადღებულ ყრმათა კვლა და თვითმკვლელობები.

    აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, და მას შინა მკვიდრნი დაიცევ „შიმშილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა მოსვლისაგან მტერთასა“, სტიქიონთა ვნებისაგან და ყოველი ბოროტი ძალის მანქანებისაგან; დალოცე და განამტკიცე ოჯახები ჩვენი და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლითა და ნაყოფთა სიუხვითა.

    გევედრებით, მეოხ-ეყავ მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა წინაპართა –მეფე-დედოფალთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, სამშობლოს ერთგულთა და თავდადებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მომხსენიებელთა გარეშე დარჩენილთა ყოველთა; გევედრები შორებელთა და მახლობელთათვის, რომელნი შეწევნასა ჩვენსა შემოვედრებულ არიან, რათა ყოველნი შემოქმედმან სავანესა მართალთათვის გამზადებულსა დააწესოს.

    არ განგვეშორო, დედაო, არცა ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და ჩვენ მსასოებელთა შენთა, მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რათა მართალთა თანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა, მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

    ბეთლემს შობილო ქრისტე ღმერთო, ამ დიდებულ ღამეს, სულითა და გონებით შენსკენ მოლტოლვილნი, კანდლად გინთებთ ჩვენს ლოცვა-ვედრებასა და ქება-დიდებას; ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად ძღვნად მოგართმევთ ჩვენს გულებს, სიყვარულსა და ერთგულებას, კრძალვითა და თაყვანისცემით მოგეგებებით და ვხმობთ:

    დიდება შენს მობრძანებას, ყრმაო, მშვიდობის მთავარო! (ეს.9,5)

    დიდება შენს გარდამოსვლას, უფალო საბაოთ! (ეს. 37,16)

    დიდება შენს მოვლინებას, ადონაი უფალო! (ეზ. 37.3)

    გაკურთხებთ და აღგამაღლებთ შენ საუკუნითგან უკუნისამდე და ვაკურთხებთ მშობელსა შენსა, დედათა შორის კურთხეულს (ლუკა 1.42).

    და კიდევ ერთხელ შეგთხოვთ, მოჰფინე შენი მშვიდობა, შენი წყალობა, ურწმუნოებით დამძიმებულ მშფოთვარე მსოფლიოს; ავის და კარგის გარჩევის უნარი და სიბრძნე მოგვეც და შენი სასუფევლის მკვიდრნი გაგვხადე.

    „ქრისტე იშვების, – ადიდებდეთ! ქრისტე ზეცით, – მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა, – ამაღლდით… კვალად ბნელი დაიხსნების, კვალად ნათელი მოიქცევის… ძველნი წარხდეს, აჰა, იქმნა ყოველივე ახალ“ (გრ. ღვთისმეტყევლი),
    გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

    სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
    ილია II“.

  • მარნეულში დამწვრობის შედეგად, 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

    მარნეულში ორი წლის ბავშვი თერმული დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა.

    ექიმების ინფორმაციით,  ბავშვი კლინიკაში დაგვიანებით მიიყვანეს, როცა მას უკვე  შოკური მდგომარეობა აღენიშნებოდა.ბავშვს  სხეულის 80% ჰქონდა დამწვარი.

    არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს  ცხელი წყალი გადაესხა და სახლში მალამოებით მკურნალობდნენ.

    შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • „ალილოს“ გამო, დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანში ტრანსპორტით გადაადგილება დროებით შეიზღუდება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით,მსვლელობა „ალილოს“ გამო თბილისის ზოგიერთ უბანში 14:00 საათიდან ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება. 

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაგეგმილია ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა ,,ალილო“, რის გამოც თბილისში, 14:00 საათიდან, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის, კოტე აფხაზის, შალვა დადიანისა და სამრეკლოს ქუჩებზე.

    ალტერნატიულ მარშრუტებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

    მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე აღდგება“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • მკვლელობა სასაფლაოზე.შსს–ს სპეცრაზმელებმა 24 წლის ბიჭი წამებით მოკლეს

    მთავარი არხის ინფორმაციით ბედობის ღამეს შსს–ს ორმა სპეცრაზმელმა ვარკეთილის სასაფლაოზე 24 წლის მურად წურწუმია მოკლეს. მურად წურწუმია და მისი ძმა, მუხრან წურწუმია მამის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, როცა ორ სპეცრაზმელთან ჩხუბი მოუვიდათ. სპეცრაზმელებმა ძმებს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს, მუხრან წურწუმიამ გაქცევა შეძლო, მისი ძმა კი ფაქტიურად წამებით მოკლეს – გარდაცვლილს ჩამსხვრეული აქვს თავის ქალა, ამოთხრილი აქვს თვალი, მისი დასახიჩრებული სხეული კი სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში  ქუჩაში დააგდეს, სადაც მეორე დილით გამვლელებმა იპოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

    სასაფლაოდან გამოქცეულმა მუხრან წურწუმიას ეგონა რომ გაქცევა მისმა ძმამაც შეძლო, სახლში მოსვლის შემდეგ კი ნახა, რომ ის არ დაბრუნებულა. ამის შემდეგ მამის სასაფლაოზე დაბრუნდა, სადაც ძმის სისხლიანი ტანსაცმელი დახვდა.

    მკვლელობაში საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის ორი სპეცრაზმელი მონაწილეობდა. გამოძიება  ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობის და ადამიანისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთის მუხლით დაიწყო შემდეგ კი დაემატა მუხლი განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, რასაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავებულია ერთი ადამიანი, თუმცა შსს–ში არ აკონკრეტებენ, არის თუ არა ის სპეცრაზმელი. საქმე გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეცა. 

    საქმის ერთადერთი თვითმხილველი მოკლულის ძმაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. 21 წლის მუხრან წურწუმია გორის ჰოსპიტალში მკურნალობს, საიდანაც ძმის დაკრძალვაზე დროებით გამოუშვეს. 

    მოკლულის ოჯახი ამბობს, რომ ეს იყო წამებით სიკვდილი და გამოძიებამ მუხლი უნდა გადააკვალიფიციროს. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ გამოძიება სპეცრაზმელებს ხელს აფარებს და ოჯახი მკვლელების დასასჯელად ყველაფერს გააკეთებს. 

  • “ჩუმად კვდება ადამიანი”- ნიკა გვარამიამ გიორგი მამალაძე მოინახულა

    “მოკლედ, ჩუმად კვდება ადამიანი და ჩვენ”- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. როგორც  ცნობილია გვარამიამ დეკანოზი გიორგი მამალაძესთან შევიდა. 

    “ახლა გამოვედი დეკანოზი მამალაძისგან. ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია. შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს, წართმეულ მხარეს კიდურები დაუწვრილდა. მოკლედ, ჩუმად კვდება ადამიანი და ჩვენ, უთავმოყვაროებს, @@@ქალა პრეზიდენტის მოლოდინი გვაქვს.”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

    დღეს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძეს საშობაოდაც არ იწყალებს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ დეკნოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ ეს არ ყოფილა პრეზიდენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და პირად საუბრებში შეწყალებაზე მას თავად პატრიარქმა უთხრა უარი.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 7 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8716 ლარი ეღირება, ევრო – 3.2150 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7799 ლარი.

    6 იანვრის ოფიციალური კურსით კი, ერთი ამერიკული დოლარი 2.8672 ლარი ღირდა, ევრო –3.1918 ლარი, ფუნტი – 3.7489 ლარი.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ომბუდსმენი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტის უარს ეხმაურება

    საქართველოს სახალხო დამცველი  გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    ” საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე გამოვლენილ არსებით ხარვეზებს, რასაც ეფუძნებოდა სახალხო დამცველის მიერ მის შეწყალებასთან დაკავშრებით გაკეთებული განცხადებები.

    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლომ გიორგი მამალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო
    თუმცა, მოცემული საქმის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე პარლამენტის წევრები, პრემიერ–მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მიანიშნებდნენ, რომ გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე კიდევ ერთხელ გააკეთა მინიშნება, რა ვერსიაც გამოძებისა და სასამართლოს მიმდინარეობის დროს არ განხილულა.

    როგორც გამოძიების, ისე – დახურული სასამართლო პროცესის სრულყოფილი შესწალის შედეგად სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა მონიტორინგის ანგარიში , სადაც მითითებულია გამოძიების ეტაპზე დაშვებული ისეთ საპროცესო ხარვეზებზე, რომლებიც სასამართლო განხილვის დროს არ გამოსწორდა და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა პროცესის საბოლოო შედეგზე, კერძოდ:

    სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევამ ხელი შეუწყო ბრალდებულის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობის გაჩენას განაჩენის გამოტანამდე
    ადვოკატებისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება და პროცესის სრულად დახურვა არ ემსახურებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს და არათანაბარ პირობებში აყენებდა დაცვის მხარეს
    მხარეთა თანასწორობის დარღვევა კიდევ უფრო საგრძნობი ხდებოდა ბრალდების მხარის მიერ მისთვის სასარგებლო მტკიცებულებების განგრძობადი გასაჯაროების ფონზე
    საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად არ მისცეს საქმის მთავარი ნეიტრალური მტკიცებულების – აეროპორტის ვიდეოჩანაწერების მოპოვების საშუალება
    პროკურატურის მოქმედებების შედეგად, დაცვის მხარისთვის შეუძლებელი გახდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ექსპერტიზის ჩატარება

    ამ და სხვა საგულისხმო ხარვეზების შედეგად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ იყო საკმარისად დასაბუთებული, მტკიცების ტვირთი ბრალდებულზე იქნა გადატანილი და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გადაწყდა 

    აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი წლების განმავლობაში, მათ შორის, შეწყალების კომისიის წევრობის დროს, მხარს უჭერდა გიორგი მამალაძის შეწყალებას. შეწყალების კომისიის გაუქმების შემდგომ სახალხო დამცველი პრეზიდენტს მოუწოდებდა, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი განხილულიყო შესაბამისი პროცედურების დამტკიცებისთანავე.

    სახალხო დამცველი წუხილს გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, რომლის შედეგადაც გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში გამოკვეთილი სამართლებრივი ხარვეზები შესაბამისი შეფასების გარეშე დარჩა”-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

  • შობის ღამეს მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება

    თბილისის მეტრო შობის ღამეს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

    თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო 6 იანვრის 23:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე იქნება უფასო.

  • გორის საკრებულოსთან ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

    გორში საკრებულოს შენობასთან, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

    ვითარება კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის წევრებმა საკრებულოს შენობასთან მისვლა სცადეს. პოლიციამ ისინი არ გაატარა.