Category: არქივი

  • თბილისის ნაწილს,ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    თბილისის ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 8 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    ისნის რაიონში11:00 საათიდან 17 :00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, არბოშიკის, ბოჭორმის, ზახაროვის, იალბუზის, იორის, ლუსინიანის, ზურაბ ქვლივიძის, ბოდბის, სამასი არაგველის, შავსოფლის, პატარძეულის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, დესპინე გელოვანის, უჯარმის, ჭრელაშვილის, კაჭარავას, ეთერ კაკულიას და ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაინის მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის, გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების IX ქუჩის, ვარკეთილი-3-ის IV, VI, VII, IIX და IX კვარტლების, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • “ვფიქრობ კარავს ადგილმდებარეობა შევუცვალო.უფრო ფართო გეგმა მაქვს“–მალხაზ მაჩალიკაშვილი

    “ვფიქრობ, კარავს ადგილმდებარეობა შევუცვალო“,-ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის ამბობს, რომ პარლამენტის წინ მხოლოდ ბანერი დარჩება დროებითი საპარლამენტო კომისიის მოთხოვნით. 

    “რამდენად უსუსური ხარ “ქართული ოცნება”. იმაზეც კი წახვედი, ბავშვთა ბაღის ანგელოზებიც კი გამოიყენეთ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, რომ რამენაირად გადარჩეთ, როგორ იძირები დღე და დღე, თან ისე, ხვდებით და არ გინდა მიხვდეთ. იძულებული გავხდი პირველად, ამ 700 დღე-ღამის განმავლობაში, ამ შემთხვევით მესარგებლა, ცოტათი დავისვენო, ძალა მოვიკრიბო. ბანერი წარწერით, იმისი მოთხოვნით, რომ უნდა შეიქმნას დროებითი კომისია პარლამენტში დაიდგმევა პარლამენტის წინ, ეს ცხადია, იმიტომ რომ შესაფერისი ადგილი ის არის. რაც შეეხება კარავს, ვფიქრობ ადგილმდებარეობა შევუცვალო. კარავთან დაკავშირებით უფრო ფართო გეგმა მაქვს”, – წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის წინ საპროტესტო კარვები 30 დეკემბერს ღამით დაშალა და მათ ნაცვლად საბავშვო ატრაქციონები დაამონტაჟა.

  • ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

    ჭავჭავაძის გამზირზე, კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე, 8 იანვრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი იწყება.

    ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, ამ ღამით, 01:00 საათიდან, ჭავჭავაძის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობის სქემა შეიცვლება. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მოხდება ასფალტის საფარის დემონტაჟი და დაიწყება მიწისქვეშა კომუნიკაციების – წყლისა და წყალარინების, სანიაღვრე ქსელისა და გაზსადენის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ დაიგება ასფალტის საფარის პირველი ფენა. შემდეგი ეტაპი კი ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე მონაკვეთს შეეხება, სადაც ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება.

    დაგეგმილი სამუშაოებისა და შეცვლილი სატრანსპორტო სქემის შესახებ მედიას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ერეკლე სუხიტაშვილმა მიაწოდეს ინფორმაცია.

    ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შემდეგნაირად იცვლება:

    ჭავჭავაძის გამზირის კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო თაქთაქიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება.

    ვაკის პარკიდან მელიქიშვილის ქუჩას ტრანსპორტი მიშველაძის, აბაშიძისა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.

    ვარაზისხევიდან ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებზე მოხვედრა კვლავინდებურად შესაძლებელი იქნება ჭავჭავაძის გამზირის ან კეკელიძის ქუჩების მეშვეობით.

    ვარაზისხევიდან ვაკის პარკისა და ყიფშიძის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ შეძლებს. გმირთა მოედნიდან ვაკის პარკისკენ იგი ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებს.

    ყიფშიძის ქუჩაზე ტრანსპორტის შესვლა, ასევე, ამ ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება გალაკტიონის ძეგლის მხრიდან.

    ავალიშვილის ქუჩაზე დაწესდება ორმხრივი მოძრაობა. შესაბამისად, ამ ქუჩიდან შესაძლებელი იქნება კავსაძისა და ფალიაშვილის ქუჩების მიმართულებით გადაადგილება.

    რამიშვილის ქუჩაზე იმოქმედებს ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმი, ჭავჭავაძის გამზირიდან ამირეჯიბის გზატკეცილის მიმართულებით. აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩებიდან რამიშვილის ქუჩასთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება არაყიშვილის ქუჩის გავლით.

    დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც:

    N9 და N59 ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან ავალიშვილის ქუჩით დაუკავშირდებიან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს, თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებენ ბაგების მიმართულებით. ბაგებიდან მოძრაობისას N9 და N59 ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან დაუკავშირდებიან მიშველაძის ქუჩას, რის შემდეგაც აბაშიძისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გავლით მოძრაობას ჭავჭავაძის გამზირზე განაგრძობენ.
    N21, N51 და N61 მარშრუტები ჭავჭავაძის გამზირიდან მოუხვევენ კავსაძის ქუჩაზე, რის შემდეგაც გაივლიან ფალიაშვილის ქუჩას და გაჩერდებიან მიშველაძის ქუჩაზე (N21 მარშრუტი დროებით აღარ იმოძრავებს თსუ-ის მაღლივი კორპუსისკენ). უკუმიმართულებისას N21, N51 და N61 ავტობუსები მიშველაძის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ აბაშიძისა და თაქთაქიშვილის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც ილია ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან.

    N34 მარშრუტი სადგურის მოედნიდან ბაგებისკენ საბურთალოს გავლით იმოძრავებს. კერძოდ, გმირთა მოედნის შემდეგ გაივლის ჯერ კოსტავასა და მიროტაძის ქუჩებს, შემდეგ პეკინის, ვაჟა ფშაველასა და თამარაშვილის გამზირებს და წერეთლის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, N34 ბაგებიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, გაივლის ჯერ თამარაშვილის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებს, შემდეგ კი, კოსტავას ქუჩას.

    N66 მარშრუტი ჭავჭავაძის გამზირიდან მოუხვევს მირცხულავას ქუჩაზე, გაივლის ფალიაშვილისა და არაყიშვილის ქუჩებს, საიდანაც აბაშიძის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას შატბერაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდება მრგვალი ბაღის, ერისთავის, ფალიაშვილისა და ბაზალეთის ქუჩების გავლით.

    N83 მარშრუტი მრგვალი ბაღიდან გაივლის ერისთავის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, შემდეგ ჭავჭავაძის გამზირს, საიდანაც მოუხვევს ავალიშვილის ქუჩაზე და ამირეჯიბის გზატკეცილიდან თამარაშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „დელისს“ დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას ტრანსპორტი ჩვეული მარშრუტით იმოძრავებს.

    N85 წრიული მარშრუტი ჭავჭავაძის გამზირიდან მოუხვევს კავსაძის ქუჩაზე, გაივლის ფალიაშვილის, მიშველაძის, აბაშიძისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება. ჭავჭავაძის გამზირიდან იგი მოძრაობას გააგრძელებს საბურთალოს მიმართულებით მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, ხოლო მოძრაობას დაასრულებს ვაკის პარკის მიმდებარედ.

    N87 წრიული მარშრუტი ასევე იმოძრავებს ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკამდე. ვაკის პარკთან იგი მობრუნდება და თავისუფლების მოედნის მიმართულებით იმოძრავებს თამარაშვილის და ყაზბეგის გამზირების, ვარაზისხევის, ასევე პეკინის გამზირისა და მელიქიშვილის ქუჩების გავლით.

    N88 მარშრუტი ქავთარაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩის გავლით. უკუმიმართულებისას N88 რუსთაველის გამზირიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით გაივლის კოსტავასა, მიროტაძის, პეკინისა დავაჟა-ფშაველას გამზირებს.

    N140 მარშრუტი დამოკლდება და პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ვაკის პარკამდე წრიულად იმოძრავებს.

    ამასთან, ამოქმედდება ავტობუსის ახალი მარშრუტი. იგი მგზავრებს ბაგებიდან, წყნეთის გზატკეცილის მე-2 კორპუსიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ დიდი ტევადობის ავტობუსებით მოემსახურება.

    ცვლილება შეეხება მიკროავტობუსების მარშუტებს: N4, N15, N32, N44, N73, N126, N128, N131, N137, N170, N171, N195 და N202.

    N32, N126, N137, N170, N171 და N202 მიკროავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან ვაკის პარკის მიმართულებით ავალიშვილის ქუჩის, ამირეჯიბის გზატკეცილის, თამარაშვილის გამზირისა და წერეთლის ქუჩის გავლით იმოძრავებენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან მოუხვევენ მიშველაძის ქუჩაზე, გაივლიან აბაშიძისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს და კვლავ ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან.

    N4, N131, N15, N73, N44 და N128 – ბარნოვის ქუჩიდან თამარაშვილის გამზირისკენ მოძრაობისას გაივლიან მრგვალ ბაღს, ერისთავის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს და შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირიდან მოუხვევენ ავალიშვილის ქუჩისა და ამირეჯიბის გზატკეცილის მიმართულებით. უკუმიმართულებისას აღნიშნული მიკროავტობუსების მარშრუტები არ იცვლება.
    N195 მარშრუტი მოძრაობას ჭავჭავაძის გამზირისა და ყიფშიძის ქუჩის კუთხეში დაასრულებს.

  • ახალქალაქში, ტყეში ახალგაზრდა მამაკაცი გაყინული იპოვეს

    ახალქალაქში, ტყეში 23 წლის მამაკაცი გაყინული იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • “არანორმალურია იმ ხალხს ბნელი და რუსეთუმე ეძახო, ვინც 7 იანვარს აღნიშნავს შობას” – გიორგი კეკელიძე

    ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

    “სრულიად ნორმალურია, კულტურულ დისკუსიაში გქონდეს არგუმენტი, 25 დეკემბერს შევუერთდეთ შობის აღნიშვნას, თუმცა სრულიად არანორმალურია იმ ხალხს ბნელი, ჩამორჩენილი და რუსეთუმე ეძახო, ვინც დღეს, 7 იანვარს აღნიშნავს შობას. დიდ რელიგიურობას ვერ დავიბრალებ, მაგრამ ასე, ,,შორიდან მაყურებელს” რწმენა კალენდარული განცდა ნაკლებად მგონია, კალენდარი უბრალოდ სიმბოლურ ნიშნულებს გვთავაზობს მნიშვნელოვნის შესახსენებლად და დაე, იყოს მაგალითად, დედაჩემისთვის ეს ნიშნული 7 იანვარი, ჩემი ერთი მეზობლისთვის 6 და მეორესთვის 25 დეკემბერი, თორემ ქრისიტიანი რომ ყოველდღიურად საკუთარ თავში უნდა შობდეს ქრისტეს, როგორც იდეას და ეს გვიჭირს, ამაზე ვიდარდოთ.
    ჰოდა, შობას გილოცავთ! “, – წერს კეკელიძე. 

  • მკვლელობაში ბრალდებულ შსს-ს თანამშრომელს თანამდებობა ჩამოერთვა

    მკვლელობაში ბრალდებულ დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს, ზურაბ ფოხაძეს თანამდებობა ჩამოერთვა. გამოძიება დაკავებული პირის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა.

    ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა.

    ადვოკატიც და ბრალდებულიც პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმნენ, რის შემდეგაც მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

    ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ზურა ფოფხაძეს პატიმრობა შეეფარდა.

    ზურაბ ფოფხაძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • იარაღის გავარდნის შედეგად 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

    იარაღის გავარდნის შედეგად 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა.  მცირეწლოვანი სოფელი კვახჭირიდანაა. როგორც ცნობილია ოჯახმა ბავშვი ქუთაისში გადმოიყვანა, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მათ გზაში შეხვდათ, თუმცა ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. მოზარდი ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაასვენეს.

  • 24 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც 24 წლის მამაკაცის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობაში არის ბრალდებული, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    ბრალდებული პატიმრობას დაეთანხმა.

    „ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. მე ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა. ჩემი მიზანი იყო, რომ მანქანა არ წაეყვანათ და მოყვა ასეთი ტრაგიკული შედეგი, რაც ჩემი მიზანი არ ყოფილა.

    რა თქმა უნდა, ჭირისუფალი ვერ გაიგებს და რა ვიცი, პატიმრობა შემიფარდეთ“, –განაცხადა ბრალდებულმა.

    შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, დაპირისპირება ორ მამაკაცსა და შსს-ს მოქმედ თანამშრომელს შორის 2 იანვარს “დამპალოს სასაფლაოს” ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა 24 წლის მამაკაცი აწამა, რის შედეგადაც ის სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

  • შსს-ს თანამშრომელმა 24 წლის მამაკაცი წამებით მოკლა – საქმის ახალი დეტალები

    ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლის, ზურა ფოფხაძის ადვოკატი, მევლუდ ჯანჯღავა აცხადებს, რომ ბრალდებული ცემის ფაქტს აღიარებს.

    როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა, მან ბრალდებული დროებითი დაკავების იზოლატორში მოინახულა, რომელმაც მომხდარის შესახებ მოუყვა.

    “გუშინ მქონდა კომუნიკაცია დროებითი მოთავსების იზოლატროში ამ პირთან. ის აღიარებს ფაქტს, რაც მოხდა – მან სცემა, დაარტყა, მაგრამ ამას ჰქონდა სხვა პერიპეტიები. შემთხვევა მოხდა ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე, სადაც ბრალდებული მეგობართან ერთად იმყოფებოდა ახლობლის სასაფლაოზე და როდესაც დაბრუნდა, მის მანქანაში იყო ორი პიროვნება, რომელიც ცდილობდა ამ მანქანის წაყვანას არა ფარულად, არამედ აშკარად. შემდეგ თავისთავად ბრალდებული ეცადა, რომ გადმოეყვანა ეს პირები საკუთარი მანქანიდან, მაგრამ როგორც ბრალდებული ამბობს, ისინი იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში. მათ ბუნებრივია, გაუწიეს წინააღმდეგობა, შემდეგ მოხდა გაწევ-გამოწევა. ამ პირებმა მაინც მოახერხეს მანქანის გაყვანა, დაახლოებით 15 მეტრი გაიარეს და ბოძს დააჯახეს. ცხადია, ესენი გაეკიდნენ. პირი, კანონიერად იბრუნებდა ნივთს, ამას მოჰყვა ცემა და ჩვენდა სამწუხაროდ, სავალალო შედეგი დადგა”, – განაცხადა ადვოკატმა.

    ის უარყოფს ინფორმაციას, რომ ნაცემი პირი სასაფლაოზე დატოვეს. ადვოკატის თქმით, დაშავებული სახლში წაიყვანეს და მდგომარეობის გართულების შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო.

    ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ზურა ფოფხაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

    სასამართლო სხდომის პარალელურად სასამართლოში გარდაცვლილი ახალგაზრდას დედა მივიდა. გარდაცვლილის დედის თქმით, მას არ აინტერესებს, რას შეუფარდებენ დაკავებულს, რადგან მას “თავის მოკვლას” ურჩევს, სხვა შემთხვევაში კი აცხადებს, რომ არ გაახარებს.

    საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა 24 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება.

    შეგახსენებთ, რომ თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია დაკავებული. პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე მოხდა. პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • კარგია, რომ წირვას დაესწარით, ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ – მეუფე დიმიტრი ჟურნალისტებს (ვიდეო)

    „აი, რა კარგი ქენით, რომ წირვას დაესწარით. იმიტომ, რომ ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ“,- ასე მიმართა ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ ბათუმის საკათედრო  ტაძარში მისულ მედიის წარმომადგენლებს. ვიდეოს აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

    კითხვაზე, რატომ სჭირდებათჟურნალისტებს  წირვაზე დასწრება განსაკუთრებულად, მეუფემ უპასუხა, რომ ისინიც მათსავით ცოდვილები არიან.

    „ჩვენსავით ცოდვილები ხართ და იმიტომ“,- უპასუხა მეუფე დიმიტრიმ.

    7 იანვარს მართლამადიდებლური ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს.