Category: არქივი

  • “გუშინ რაც ტრამპმა თქვა, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ” – თენგიზ ცერცვაძე

    “ის ტრამპმა რაც გუშინ თქვა, ჩვენ თვენახევარია, ვაკეთებთ, ამის გამო პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში,”  – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

    „მოხდა საინტერესო რამ, გუშინ გამოქვეყნდა ფრანგების რეკომენდაციები, სადაც მათაც „პლაქვენილი“ დაასახელეს ამ დაავადების, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ. კიდევ მოხდა უფრო მნიშვნელოვანი რამ, ტრამპი, იცით მისი ექსტრავაგანტულობა, ამ დროს ზოგჯერ გადამჭრელი, სწრაფი მოქმედებები ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვიდა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ს ოფიციალურ რეკომენდაციებს და ექსპერტების რჩევისა და ანალიზის საფუძველზე, თავის თავზე იღებს, რომ ეს მედიკამენტი, „პლაქვენილი“ პრეზიდენტის ბრძანებით დაუშვას გამოსაყენებლად. ანუ, ექიმებს ჰქონდეთ უფლება, გამოიყენონ, ვიდრე FDA დასკვნას გააკეთებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მართალი გითხრათ, პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თვენახევარია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.

    გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა​, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, აშშ-ში მალარიის სამკურნალო ექსპერიმენტული წამალი გახდება ხელმისაწვდომი.

  • ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 171 ადამიანი დაიღუპა, 1903 დაინფიცირდა

    ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID 19-ით 171 ადამიანი გარდაიცვალა, 1903 კი დაავადდა.

    ესპანეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ ირანისას გადაასწრო და თითქმის 20 ათასს გაუტოლდა. გარდაცვლილი მთლიანობაში 1002-ია.

    რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში 43 ინფიცირებულია, კარანტინში კი 1925 ადამიანი იმყოფება.

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    20 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.1 თეთრით, ევროსთან კი 1.2 თეთრით გაუფასურდა.

    ახალი კურსით ერთი აშშ დოლარი 3.1880 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.4230 ლარი.

  • რეზერვების ხარჯვა არაფერს უშველის, თუ ეკონომიკური სტრატეგია არ არის ძალაში- ბოკერია

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ეკონომიკურ მდგომარეობას და ლარის კურსს რეზერვების ხარჯვა არაფერს უშველის, თუ ეკონომიკური სტრატეგია არ არის ძალაში.

    ბოკერიას თქმით, მისი პარტია ხელისუფლებას გადასახადების დაწევისკენ და საპენსიო რეფორმის შეჩერებისკენ მოუწოდებს, რაც ეკონომიკაზე დარტყმებს შეანელებს.

    ,,რეზერვები გაიხარჯება და კიდევ უფრო მეტი პანიკა იქნება. ამიტომ ვთავაზობთ ჩვენ, „ევროპული საქართველო“, უკვე ამდენი ხანია გადასახადების დაწევას, საპენსიო რეჟიმის შეჩერებას მაინც თუ გაუქმებას არა და საბიუჯეტი დეფიციტის შემცირებას, უაზრო ხარჯების შემცირებით. ეს არის ერთადერთი გზა, რაც შეანელებს ამ დარტყმას. რეზერვების ხარჯვა ამ ყველაფრის დროში გადაწევას ახდენს და საბოლოო ჯამში, პანიკას დაუმატებს იმიტომ, რომ არ აღმოიფხვრება მიზეზი, რატომ მიდის საქმე ცუდად“, – განაცხადა ბოკერიამ.

    გუშინ, 19 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა $40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. პირველი ინტერვენცია 2020 წელს13 მარტს შედგა, რომელზეც $20 მილიონი დოლარი გაიყიდა.

  • კორონავირუსის ტესტის კომერციალიზაციას არ ვემხრობი, პანდემიას ერთად ვებრძვით და არა მოგების მიზნით – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დასადგენი ტესტის კომერციალიზაციას არ ემხრობა. ასე უპასუხა მან კითხვას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს კერძო ლაბორატორიებში ტესტირების ჩატარებაზე.

    “ხაზს ვუსვამ, ეპიდემიების დროს კომერციალიზაცია ტესტირებისა არ ხდება. დღეს ჩვენ გვაქვს პანდემია მსოფლიოში, ამ დროს ყველაფერს თავის თავზე იღებს სახელმწიფო, რათა ადამიანებისთვის ის იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი.

    ამიტომ განისაზღვრება ოპტიმალური ფასი, რაც არის ბაზარზე სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული და პი სი არ ტექნოლოგიების ტესტის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, უფლება ექნება ყველას, ვისაც შეუძლია ამ ტესტირების ჩატარება და ამას აანაზღაურებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა. მაგრამ ის, რომ ვიღაცას მოუნდეს და კომერციალიზაციისთვის გააკეთოს, ეს კიდევ განსახილველი საკითხია”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია ჩავიდა

    ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

    საქართველოს პრეზიდენტის და WHO- ს გენერალური დირექტორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების რისკებისგან დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს, ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია ჩავიდა.

    პრეზიდენტი სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობას უხდის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას სწრაფი რეაგირებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან საბრძოლველად ელემენტარული სამედიცინო დახმარების ჩატანისათვის.

    “ამ საერთო გაჭირვების ჟამს ჩვენ ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

  • 5 რჩევა, როგორ შევინარჩუნოთ თვითიზოლაცია პანდემიის პირობებში

    რამდენიმე კვირის წინ სახლში გამოკეტვა ალბათ კარგ იდეად არ მოგვეჩვენებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად იქცა.

    სოციალური დისტანცია გულისხმობს მოგზაურობისგან თავის შეკავებას და თავშეყრის ადგილებზე არწასვლას, რაც არ უნდა მომაბეზრებელი იყოს სახლში ყოფნა.

    5 რჩევა, როგორ უნდა შევინარჩუნოთ თვითიზოლაცია:

    1) თუ შენიშნავ, რომ ვირუსის სიმპტომები, სიცხე ან ხველება გვაქვს, პირდაპირ საავადმყოფოში ნუ წახვალ. ეცადე, დაურეკო ოჯახის ექიმს და მასთან ტელეფონით  გაიარო კონსულტაცია. რჩევები ნახო ინტერნეტში და მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში მიმართო ჰოსპიტალს;

    2) თუ სახლში მარტო არ ცხოვრობ, საჭიროა ოჯახის წევრებთან კომუნიკაციისგანაც თავი შეიკავო. ეცადე, დრო შენს ოთახში გაატარო. კარის მიხურვა და ოთახის ხშირად განიავება არ დაგავიწყდეს. თუ ყველა ერთი სააბაზანოთი სარგებლობთ, არ გამოიყენო ოჯახის წევრების პირსახოცი და თავის მოვლის საშუალებები; 

    3) იზრუნე შენს ნარჩენებზე. თუ ინფიცირებული ხარ, ნაგავი ცელოფანში კარგად შეფუთე და ყურადღება მიაქციე, რომ მას ხელი შენმა ოჯახის წევრებმა არ მოკიდონ;

    4) თუ მარტო ცხოვრობ და საჭმელის კეთებაც მაინცდამაინც არ გეხერხება, ნუ გახვალ მის საყიდლად გარეთ. ისარგებლე მიტანის სერვისით ან მეგობრებს თხოვე დახმარება. როცა ისინი საკვებს მოგიტანენ, მას არ გამოართვა ხელიდან და თხოვე, კართან დაგიტოვოს;

    5) მოკლედ, შენი თვითიზოლაცია ნიშნავს, რომ ხარ სახლში, არ დადიხარ სკოლაში ან სამსახურში და არ იღებ არცერთ სტუმარს. თვითიზოლაცია საკუთარი თავის გარე სამყაროსგან ჩამოცილებას გულისხმობს.

    ამ რჩევებს თუ გაითვალისწინებ, შენი COVID 19-ით ინფიცირების შანსი მკვეთრად შემცირდება.

  • საჭიროების შემთხვევაში მერია დროებით თავშესაფრებსაც მოაწყობს

    თუ იქნება აუცილებლობა და გახდება საჭირო დამატებითი, დროებითი თავშესაფრები შეიქმნას, ჩვენ ამას გავაკეთებთ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

    „ჩვენ გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა განვათავსოთ ლილოს თავშესაფარში. სანამ მათი შესახლება მოხდება, განხორციელდება სრული შემოწმება, რომ ყველანაირად დაზღვეულები ვიყოთ.თუ იქნება აუცილებლობა და გახდება საჭირო დამატებითი, დროებითი თავშესაფრები შეიქმნას, ჩვენ ამას გავაკეთებთ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ლილოს თავშესაფარი ცარიელია“, – განაცხადა კალაძემ.

  • “მომავალ 3–4 დღეში კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები“–ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კითხვაზე, როდის გვეყოლებიან საქართველოში კორონავირუსისგან ახალი გამოჯანმრსთელებულები პასუხობს, რომ ეს მალე მოხდება. თუმცა მას შემდეგ, რაც პაციენტებს დამკვიდრებული სტანდარტის მიხედვით 24 საათის განმავლობაში ორჯერ ზედიზედ პიარტესტი უარყოფით შედეგეს უჩვენებს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება პაციენტი გამოჯანმრთელებულად.

    “დარწმნუებული იყავით, რომ მომავალ 3–4 დღეში კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები.“– აცხადებს ამირან გამყრელიძე.
    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 43 პაციენტია. აქედან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

  • მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა

    მსოფლიოს მასშტაბით COVID 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა და 10 405-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი გაცდა 250 ათასს და 252 014-ია.

    უახლესი ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ლეტალობა იტალიაში ფიქსირდება, ქვეყანამ გუშინ ჩინეთსაც გადაასწრო, საიდანაც ვირუსი გავრცელდა.

    საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 3-ით გაიზარდა და 43-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 271 პაციენტი.