Category: არქივი

  • ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პირგასამტეხლოს გადახდა, პროექტისა და მიწების დაბრუნება მოუწევს- მაია ცქიტიშვილი

    საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” დარიცხული პირგასამტეხლო უნდა გადაიხადოს, დააბრუნოს სახელმწიფოსგან გადაცემული მიწები და ღრმაწლოვანი პორტის საპროექტო დოკუმენტაცია.

    მინისტრის თქმით, კონსორციუმს 10 მილიონის პირგასამტეხლო სახელმწიფომ უკვე აპატია, თუმცა მათ კიდევ აქვთ დარიცხული გარკვეული რაოდენობის თანხა.

    “პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით უკვე იქნა ნაპატიები 10 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რა თანხაც უკვე გაწეული შეღავათია სახელმწიფოს მხრიდან. დღეის მდგომარეობით კონსორციუმს აქვს კიდევ დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და შესაბამისად, ამ პირგასამტეხლოს ანაზრაურების საკითხი, ისევე, როგორც შემდგომი იურიდიული პროცედურები, ბუნებრივია, იქნება დაწყებული. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმასაც, რომ კონსორციუმმა უნდა მოახდინოს სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული მიწების დაბრუნება, ბუნებრივია, უნდა მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის დაბრუნება სახელმწიფოსთვის. მთელი ეს პროცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და ზედმიწევნით მივყვებით ხელშეკრულების მოთხოვნებს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

    მთავრობამ ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება დღეს შეწყვიტა.

  • ავიაკატასტროფის გამო 9 იანვარი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა

    უკრაინული ბოინგ-737-ის ავიაკატასტროფის გამო უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

    ავიაკატასტროფა 8 იანვარს, გამთენიისას თეირანში მოხდა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თვითმფრინავში 180-მდე ადამიანი იმყოფებოდა. უკრაინული წყაროების ცნობით, მათგან 11 უკრაინელი იყო.

    უკრაინის საჰაერო ტრანსპორტის რეგულატორმა მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ირანში ფრენები მანამდე აკრძალა, სანამ ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზები დადგინდება.

  • “ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო”-გახარია მთის კურორტებზე უწყლობაზე

    “ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო” – ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ბაკურიანსა და გუდაურში უწყლობის პრობლემას.

    “გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები. ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვების თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა და შესაბამისად, დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით გამომწვევი მიზეზები და გვესმის, რომ პრობლემა არის სისტემური. გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომელიც უკვე გაკეთდა და ჩვენ 2020 წელი უნდა დავუთმოთ იმას, რომ მომავალ წელს მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს.

    იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, საათების განმავლობაში, ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. თუმცა ამ დროისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრ შემთხვევაში აშკარად გამოჩნდა კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პრობლემა, სამუშაო გვაქვს ერთობლივად. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ასეთ მუშაობას დავიწყებთ ღიად, გამჭვირვალედ თანამშრომლობას იმ სასტუმროებთან და იმ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოდგენილები არიან მთის კურორტებზე” – თქვა გახარიამ.

    შეგახსენებთ 1 კვირაზე მეტია, ბაკურიანსა და გუდაურში მოსახლეობისა და სასტუმროების ნაწილს წყალი არ მიეწოდება. ამის გამო, თანამდებობა დატოვა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა.  მთის კურორტებიდან ტურისტები გარბიან. სასტუმროს მეპატრონეებით თქმით, მათ სერიოზული ზარალი მიადგათ.

  • თბილისში, გრიპის ვირუსის სიმპტომებით 28 წლის გოგონა გარდაიცვალა

    თბილისში, სავარაუდოდ გრიპის ვირუსით 28 წლის გორელი გოგო გარდაიცვალა. newpost-ის ცნობით, დაღუპული გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით თავდაპირველად მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.

    პაციენტი კლინიკაში  6 იანვარს შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა,მანამდე   5 დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, მეტეხის გვირაბის, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, მეტრო „ავლაბარი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ცისკრის, ფაღავას, ლაგოდეხის, ბოროდინის, იორის, ირბახის, რუისის, სევანის, ფერიცვალების, ჯორბენაძის, მაჭარის, გონაშვილის, მეტეხის, ალიხანიანის, ჩეხოვის, ნიკოლოზ იზაშვილის, ურბნისის, დუტუ მეგრელის, ლადო მესხიშვილის, სამასი არაგველის, სართიჭალის, ისნის, ხერხეულიძის, მეფე სოლომონ ბრძენის, ჯორჯაძის და წურწუმიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, დემნა შენგელაიას, მორეტის, მამკოდის, ნიკოლოზ შენგელაიას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, IIIა, VII მიკრორაიონების, ვლადიმერ ნანეიშვილის, მემედ აბაშიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის და არბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ტიციან ტაბიძის, ძმები კიკნაველიძეების, დარიალის, ფალიაშვილის, მიშველაძის, ირაკლი აბაშიძის და ცხვედაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, ბაგების დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი დიღმის, ფხაკაძის, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის, გიორგი დანელიას და იოსელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

  • 9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში თოვლია მოსალოდნელი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი.

    „9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

  • კარლო კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს. მას მანდატის დატოვება მოუწევს

    ქართული ოცნების დეპუტატი, კარლო კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს, შესაბამისად, მას საპარლამენტო მანდატის დატოვება მოუწევს.

    კოპალიანის თქმით, უნივერსიტეტში კანცლერის თანამდებობა და დეპუტატის მანდატი ერთმანეთთან შეუთავსებელია და ის პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართავს.

    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას გულისხმობს, დეპუტატის მანდატთან შეუთავსებელია.

    პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ვალდებულია, შეისწავლოს შემთხვევა და დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

    შეგახსენებთ, რომ კარლო კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად დღეს აირჩიეს. მას თანამდებობის არჩევნებზე კონკურენტი არ ჰყოლია.

  • ირანი ემუქრებოდა ცივილიზებულ სამყაროს- ტრამპი

    აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ირანი ცივილიზებულ სამყაროს ემუქრებოდა და მათი გენერალი უფრო ადრე უნდა მოეკლათ. ,,სოლეიმანის ლიკვიდაცია დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, ის მსოფლიოს ყველაზე დიდი ტერორისტი იყო, მისი ხელები სისხლით იყო გაჟღენთილი”,- განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენციისას.

    მან აღნიშნა , რომ სოლეიმანის სიკვდილი სხვა ტერორისტებისთვის იქნება მესიჯი- ,,თუ თქვენ აფასებთ საკუთარ სიცოცხლეს, არ უნდა დაემუქროთ ჩვენი ხალხის სიცოცხლეს”.

    გარდა ამისა, ტრამპმა მოუწოდა რუსეთს, ევროპულ ქვეყნებსა და ჩინეთს, დატოვონ 2015 წელს, ბარაკ ობამას დროს დადებული ბირთვული შეთანხმება და ახალ შეთანხმებაზე მოილაპარაკონ. ტრამპი ნატოს სთხოვს , მეტად ჩაერთოს შუა აღმოსავლეთის საკითხებში.

    აშშ-ს პრეზიდენტმა განცხადება თბილისის დროით 20:30 წუთზე გააკეთა.

  • “ამერიკული სამხედრო ძალები ყველაფრისთვის მზად არიან”- ტრამპი

    ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა სიტყვით გამოსვლისას, ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე

    განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა.

    „მანამ, სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება. დილა მშვიდობისა. მოხარული ვარ, გაცნობოთ, ამერიკელი ხალხი უკიდურესად მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოს – ამერიკელები ირანის რეჟიმის წუხანდელი შეტევის დროს არ დაშავებულან. ჩვენ დანაკარგები არ განგვიცდია, ყველა ჩვენი ჯარისკაცი უსაფრთხოდაა და ჩვენს სამხედრო ბაზებს მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა“, – განაცხადა ტრამპმა.

    აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, “ამერიკული სამხედრო ძალები ყველაფრისთვის მზად არიან”.

  • მამა გიორგი მამალაძემ დროებით შიმშილობა შეწყვიტა-სახალხო დამცველი

    სახალხლო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დროებით შეწყვიტა.

    “ჩემი თხოვნის შედეგად დეკანოზმა დამიდასტურა, რომ წყვეტს შიმშილობას დროებით. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ, რომლის დეტალებსაც ახლა არ ვიტყვი. ძალიან მაშფოთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას პროგრესი არ აქვს, უარესდება კიდეც მდგომარეობა, ეს ინფორმაცია მისი მკურნალი ექიმისგან მაქვს”, – განაცხადა   ლომჯარიამ.

    სახალხო დამცველი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულ დეკანოზს ცოტა ხნის წინ შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ომბუდსმენთან შეხვედრა  დეკანოზმა თავად მოითხოვა.