Category: არქივი

  • 24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ მეორე პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

    24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ მეორე პირს ვახტანგ ბურძენაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

    ბურძენაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი მეექვსე ნაწილით  წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ასევე  სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმას ბ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

    ვახტანგ ბურძენაძე გუშინ დააკავეს.

    გამოძიების თანახმად,   2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მუხრან ჩხვირკია და მურად წურწუმია ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ.დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდა ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე და მისი თანხმხლები პირი ვახტანგ ბურძენაძე. გამოძიების ინფორმაციით, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება  ბრალდებულ ზურაბ ფოფხაძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე დაიწყო.

    გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე ვახტანგ ბურძენაძესთან ერთად შეეცადა წურწუმიას და ჩხვირკიას შეჩერებას. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ზურაბ ფოფხაძემ ვახტანგ ბურძენაძერსთან ერთად ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ივანიშვილმა კრემლის დავალება შეასრულა- ხაზარაძე კონსორციუმისთვის ხელშეკრულების გაწყვეტაზე (ვიდეო)

    ,,მე მინდა ვუთხრა, პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ მან კი შეასრულა, ამ ეტაპზე, კრემლის დავალება, მაგრამ ქართველი ხალხი არ აპატიებს მას, იმას რომ გააჩერა ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

    მისი თქმით, როგორც ივანიშვილმა გაუწყვიტა ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” კონტრაქტი, ისე გაუწყვეტს მას კონტრაქტს ქართველი ხალხი.
    ,,მინდა გითხრათ, რომ ქართველი ხალხი ისევე გაუწყვეტს კონტრაქტს ბიძინა ივანიშვილს და მის ოცნებას, რომელიც მხოლოდ დესტრუქციით და შავი ოცნებით აისახება ქართველი ხალხის მეხსიერებაში, როგორც მან დღეს გაუწყვიტა კონტრაქტი ჩვენს მომავალს”,- ამბობს პარტია ,,ლელოს” ლიდერი.

    მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას უფლება არ აქვს ასეთი დიდი პროექტების გაჩერებაზე და ახალ ტენდერებზე ისაუბროს, რადგან მას მთის კურორტებზე წყლის პრობლემების მოგვარების უნარიც კი არ აქვს.

    შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დღეს ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ხელშეკრულება შეუწყვიტა.

  • არეულობა სოხუმში- ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმით აღებას ცდილობს

    სოხუმში ოპოზიციური ძალები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის აღებას ცდილობენ. ისინი ჩატარებულ არჩევნებს აპროტესტებენ და მის უკანონოდ გამოცხადებას ითხოვენ .

    ამავე დროს, დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას სარჩელის განხილვა.

    8 სექტემბერს აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ოპოზიციური პარტია ,,ამცხარას” ლიდერი დამარცხდა და ისევ რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

  • ხუთ ქალაქში გაზის შეყვანის საფასური გაორმაგდა და 800 ლარი გახდა

    თვითმმართველ ქალაქებში : ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი გაორმაგდა. ტარიფი 400 ლარი დარჩა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში.

    ,,სოკარ ჯორჯიას” განცხადებით, ახალ აბონენტებს შეუძლიათ საფასური განწილვადობით გადაიხადონ. ,,განწილვადების მოთხოვნის შემთხვევაში ახალი მომხმარებელი პირველადი გადასახადის სახით, მხოლოდ 25 ლარს იხდის. მიერთების საფასური გაზმომარაგების დაწყებიდან 5 სამუშაო დღეში სრულად უნდა დაიფაროს, ხოლო განწილვადების შემთხვევაში 15 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით”,- ვკითხულობთ ,,სოკარის” განცხადებაში. კომპანიის ცნობით, 800 ლარში შედის ქსელზე დაერთება და ერთი წერტილი.

    ,,სემეკი” ტარიფის ცვლილებას ახალ ქსელის დაერთების ხარჯების გაზრდით ხსნის.

    “ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ შესაბამის დადგენილებაში სემეკმა აღნიშნული ცვლილება 2019 წლის 26 დეკემბერს შეიტანა, რომელიც ძალაში 30 დეკემბერს შევიდა.

  • „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ცესკო-მ არჩევნებისთვის ერთთვიანი პირადობის მოწმობები არ დაუშვას (ვიდეო)

    „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ცესკო-მ არჩევნებისთვის ერთთვიანი პირადობის მოწმობები არ დაუშვას. ამის შესახებ  ლევან ბეჟაშვილმა და თინა ბოკუჩავამ  პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი განცხადებით, ქაღალდის პირადობის მოწმობები ხელისუფლებას არჩევნების მარტივად გააყალბებისთვის სჭირდება.

    „ხელისუფლება ხედავს, რომ საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს და საარჩევნო წელს გაყალბების ახალი მექანიზმების შემუშავება დაიწყო. იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე იმ მოქალაქეებზე შეიძლება გაიცეს, რომლებიც რწმენის გამო პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე უარს აცხადებენ. ბრძანების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინოს. ასეთი წესით გაცემული პირადობის მოწმობის მოქმედების ვადაა 1 თვე. ამ გადაწყვეტილებით თეა წულუკიანმა შევარდნაძის ეპოქაში დაგვაბრუნა, როდესაც ლამინირებული ქაღალდის მოწმობების დაბეჭვდით არჩევნები ყალბდებოდა. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს. არსებობს კითხვები, რომლებზეც ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს: რატომ ლამინირებული, ქაღალდის, დაუცველი მოწმობები? არაბიომეტრიული სურათებით, მაშინ, როცა შეიძლება უფრო მაღალი დაცულობის, ბიომეტრიულ პარამეტრებთან თავსებადი უჩიპო მოწმობების დაბეჭდვა;

    როგორ მოხდება, ვინ მოახდენს აღმსარებლობის შესახებ ცნობის გაცემას? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ დაბრუნდეს ნდობა. დღევანდელ ხელისუფლებას აქვს პრაქტიკა, რომ 2018 წლის არჩევნებში არასამთავრობო და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათ შორის ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებით, თუმცა ამ ფაქტზე გამოძიება ჯერ არც დაწყებულა’’, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. „2019 წლის მარტში ქალბატონმა წულუკიანმა თავად განაცხადა, რომ ქაღალდის პირადობებს მაღალი სანდოობა არ ჰქონდა, რადგან გაყალბება მარტივად შეიძლებოდა. რა მოხდა მარტის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა „გავრილოვის სისხლიანი ღამე“ მოაწყო, შემდეგ საზოგადოება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მოატყუა და ასევე არაერთი მაკომპრომეტირებელი ცნობა გავრცელდა, რამაც ივანიშვილის ნდობა საზოგადოებაში შეამცირა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ყველა ფალსიფიკაციის მეთოდი გამოიყენოს არჩევნების გასაყალბებლად. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ცესკო-მ ერთთვიანი პირადობის მოწმობები არ დაუშვას, ლამინირებული მოწმობების მაგივრად ბიომეტრიულ პარამეტრებთან ადაპტირებული „უჩიპო“ მოწმობები დამზადდეს და ამ პროცესში მონიტორინგის მიზნით არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჩაერთონ. პარტიების წარმომადგენლებისთვის კი ხელმოწავდომი იყოს ის ბაზები, რომლებითაც საარჩევნო სიების ფორმირება ხდება და ამისთვის სიების გადამოწმების კომისია შეიქმნება, რომელიც 2012 წლის არჩევნების დროსაც არსებობდა. ხალხის ნდობა დაკარგულ ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნების მოპარვის საშუალებას არ მივცემთ’’, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

  • თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდა

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, ნაქერალას უხელტეხილის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

    ,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,”- აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 

    დეპარტამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • რუსთავში 24 წლის ბიჭს მაშხალა სახესთან აუფეთქდა

    რუსთავში მამაკაცს პიროტექნიკა სახესთან აუფეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

    24 წლის მამაკაცს  ნიკაპი დაუზიანდა. დაშავებული კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, მას შესაბამისის სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია.

    მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

  • ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილის საქმეზე მხარეთა შორის მორიგება არ შედგა- EMC

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, მათ 8 იანვარს ევროსასამართლომ აცნობა, რომ საქმეზე “მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა. შესაბამისად, სადავო პროცედურების განხილვა დაიწყო.

    ევროპულმა სასამართლომ მთავრობას 2020 წლის 31 მარტამდე მისცა ვადა, რათა ევროსასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადთან დაკავშირებით, ასევე უპასუხოს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებსა და მოთხოვნებს.

    ,,მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისს წარედგინა. მოსარჩელეები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე”,- წერს განცხადებაში ადამიანის უფლებათა ცენტრი.

    მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე იცავს ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC).

  • მოძრაობა ,,შეცვალემ” ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან წყლით სავსე სათლები მიიტანა

    სამოქალაქო მოძრაობა ,,შეცვალეს” წარმომადგენლებმა რეგიონული განვითარების და ინსტრასტრუქტურის სამინისტროსთან წყლით სავსე სათლები მიიტანეს. მათ ამ ფორმით სამთო კურორტებზე წყლის პრობლემა გააპროტესტეს.

    მოძრაობის წევრებს სამინისტროს კარი დაკეტილი დახვდათ. საპატრულო პოლიციამ სამინისტროს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.

    ,,მათ ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების, დღისით-მზისით, სამუშაო პერიოდში დაკეტეს სამინისტროს კარი, რადგან შეეშინდათ ჩვენი მოძრაობის წევრების. ჩვენ უბრალოდ გვინდოდა წყლით სავსე ვედრო დაგვეტოვებინა მათთვის და ცოტათი მაინც დავხმარებოდით გუდაურსა და ბაკურიანში ჩავარდნილ ტურისტულ სეზონს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

    შეგახსენებთ, რომ ერთ კვირაზე მეტია გუდაურსა და ბაკურიანს წყალი არ მიეწოდება, პრობლემის გადაჭრას მთავრობა ვერ ახერხებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას პრევენციულად მეტი მუშაობა მართებდა და ეს პრობლემა უნდა მოეგვარებინა.

  • უცხოური ავიაკომპანიები აშშ-ირანის მოვლენების გამო საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებენ

    ერაყში ირანის მიერ აშშ-ს ბაზების დაბომბვის გამო, საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილი ირანისა და ერაყის გვერდის ავლით, საქართველოს საჰაერო სივრცეში დაფრინავენ.

    უცხოური პორტალის, Flightradar24-ის ინფორმაციით, თურქმენეთ- აზერბაიჯანის დერეფანი დღეს გაცილებით დატვირთულია. სწორ ამ დერეფანში ექცევა საქართველო ავიაკომპანიების ნაწილისთვის.

    ,,9 იანვარს განსაკუთრებით დატვირთულია ჩრდილოეთის დერეფანი აზერბაიჯანისა და თურქმენეთის გავლით, რადგან ბევრი ავიაკომპანია აღარ იყენებს ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეს”,- წერს ,,ტვიტერზე” პორტალი.

    რუკაზე, რომლიც თვითმფრინავების გადაადგილებას რეალურ დროში აჩვენებს, ჩანს, რომ ავიაკომპანიების ნაწილი ირანსა და ერაყს გვერდს უვლის, შედის თურქმენეთში, კვეთს კასპიის ზღვას და აზერბაიჯანისა და საქართველს გავლით ევროპისკენ მიემართება.

    შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა ირანში და ერაყში ფრენები მას შემდეგ აკრძალა, რაც ირანმა ერაყში აშშ-ს ბაზები დაბომბა. მათ შორის არიან, Air France-ის ავიახაზები, ნიდერლანდური KLM , Air China, ავსტრალიური Singapore Airlines, პოლონურმა LOT , Emirates და სხვა ავიაკომპანიები.