Category: არქივი

  • „ხელისუფლების დამხობის მცდელობა“ – სააკაშვილის განცხადებას შსს შეისწავლის

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის იმ განცხადებით დაინტერესდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ნიკა გვარამიას გადაცემაში ჩართვისას გააკეთა.

    სააკაშვილის თქმით, „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“.

    შსს-ში აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ფაქტს მიეცემა სამართლებრივი შფასება.

    „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლისს მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ასევე 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

    გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც – “2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“, – აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშაუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

  • აფხაზეთში მორიგი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია

    აფხაზეთის  მორიგი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 22 მარტს გაიმართება.

    ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 8 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომლის შედეგადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მაშინ რაულ ხაჯიმბა გახდა.

    შეგახსენებთ, ოკუპირებულ სოხუმში ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, ოპოზიციონერებმა შტურმით აიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა.

  • 2020-ის წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 43 მილიონ ლარამდე დაჯდება

    საქართველოს მთავრობამ არჩევნების ჩატარებისთვის სპეციალური დადგენილება მიიღო, რომლის მიხედითაც, საარჩევნო ადმინისტრაციის დაფინანსება 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებისთვის 42 760 652 ლარით განისაზღვრა.

    საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, მაგალითად, არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადება 1 061 000 ლარი დაჯდება, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი 2 111 674 ლარი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსება კი 7 238 050 ლარი.

    სრული ხარჯთაღრიცხვა ასეთი იქნება:

    არჩევნების ჩატარების ღონისძიებები42,760,652 ლარი;
    ხარჯები – 41,953,152 ლარი;
    შრომის ანაზღაურება – 19,531,295 ლარი;
    საქონელი და მომსახურება – 9,845,000 ლარი;
    სოციალური უზრუნველყოფა – 424,133 ლარი;
    სხვა ხარჯები – 12,152,724 ლარი;
    არაფინანსური აქტივები – 807,500 ლარი; 

    არჩევნების ჩატარების ღონისძიებები32,349,928 ლარი;
    ხარჯები – 31,542,428 ლარი;
    შრომის ანაზღაურება – 19,245,028 ლარი;
    საქონელი და მომსახურება – 9,087,267 ლარი;
    სოციალური უზრუნველყოფა – 407,133 ლარი;
    სხვა ხარჯები – 2,803,000 ლარი;
    არაფინანსური აქტივები – 807,500 ლარი;

    არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება – გადამზადება – 1,061, 000
    ხარჯები – 1,061, 000
    შრომის ანაზღაურება – 286, 267 
    საქონელი და მომსახურება – 767, 733
    სოციალური უზრუნველყოფა – 17,000

    საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი- 2, 111, 673
    ხარჯები- 2,111,6744
    სხვა ხარჯები- 2,111,6744

    საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსება- 7,238, 050
    ხარჯები – 7,238,050 ლარი;
    სხვა ხარჯები – 7,238,050 ლარი.

  • ,,ანას ბაღთან” მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები განახლდა

    ვარკეთილში, ,,ანას ბაღთან” მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დღეს განახლდა.

    ადგილზე ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებიან და მშენებლობას კვლავ აპროტესტებენ. ისინი თბილისის მერიისგან ითხოვენ, კომპანიას არ მისცეს მშენებლობის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.

    თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილის განცხადებით, მშენებლობა არა ,,ანას ბაღს”, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიას ეხება. მისი ინფორმაციით, “ანას ბაღს”, რომელიც 300 კვადრატია, 200 კვადრატი ტერიტორია გადასცეს, ამავდროულად გამგეობა ბაღს 300 კვადრატულს დაუმატებს.

    რაც შეეხება მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის, “ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” პოზიციას, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ბენაშვილის განცხადებით, მშენებლობა კანონიერად მიმდინარეობს და აქციის მონაწილეებმაც კანონი უნდა დაიცვან.

    “დღეს დილით განახლდა სამშენებლო სამუშაოები. ჩვენ ვმუშაობთ კანონის სრული დაცვით და მშენებლობას დავასრულებთ კანონით გათვალისწინებულ დროში. მე ტელევიზიებიდან შევიტყვე, რომ აქციის მონაწილეები აქციების განუწყვეტლად გამართვას აპირებენ, კომპანია ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ, უბრალოდ აქციები უნდა ჩატარდეს იმ ფორმატში, რომ კანონი არ დაარღვიონ,”- ამბობს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი.

    შეგახსენებთ, რომ ,,ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობას ადგილობრივები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.

  • ,,იფხიზლეთ, რამეთუ ახლოა ზეცის სასუფეველი”-მამა პეტრე კოლხი მეორედ მოსვლაზე

    მამა პეტრე ილია მეორის ქადაგებას ეხმაურება და მორწმუნე მრევლს ბოლო ჟამის მოახლოების შესახებ აფრთხილებს.

    „მათ, ვისაც მეორედ მოსვლა მითოსი და ლეგენდის ნაწილი ჰგონია, მათ, ვისაც რელიგია საკუთარი განდიდების, გამდიდრების წყაროდ უქცევია, არც უნდა გაგონება, რომ ეს სამყარო, მთელი მისი მშვენიერების მიუხედავად, წარმავალია!..
    მორწმუნე ადამიანის დანიშნულება, სწორედ მზადებაა უფალთან შესახვედრად… არ აქვს მნიშვნელობა, უფალი მომისწრებს მიწაზე, თუ პირიქით, მე წავრდგები უფლის წინაშე…
    დიახ, ყოველი წამი ახლოს არის რაღაცის დასასრულთან და უფრო დიდის დასაწყისთან…
    ,,იფხიზლეთ, რამეთუ ახლოა ზეცის სასუფეველი…
    ერთამენთის განკითხვას, სიძულვილს და აგრესიას სჯობს, მოვამზადოთ ჩვენი გული იმ ტახტად, რომელზეც უფალი დაბრძანდება!..“, – წერს მამა პეტრე.

    შეგახსენებთ, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ქადაგებისას განაცხადა, რომ  „ჟამი ახლოს არისო ამბობენ, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა“. ილია მეორის ქადაგებას საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვა.

  • ანტისამთავრობო აქციაზე ირანელი სტუდენტები აშშ-ს და ისრაელის დროშებს ფეხს არ აბიჯებენ

    ირანში ანტისამთავრობო აქციაზე სტუდენტები ცდილობენ, რომ ისრაელისა და აშშ-ს დროშებს ფეხი არ დაადგან. ვიდეოში ჩანს, რომ სტუდენტები სიტყვიერად უპირისპირდებიან მათ, ვინც დროშებზე მიზანმიმართულად დადიან. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

    ამერიკისა და ისრაელის დროშები უნივერსიტეტის შესასვლელში მთავრობამ სპეციალურად დახატა, რათა სტუდენტებს მათზე გადავლით ორი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობა გამოეხატათ.

    ირანში რამდენიმე დღეა სტუდენტები ანტისამთავრობო აქციებს აწყობენ. ისინი ირანის რეჟიმის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას აპროტესტებენ.

    {{VIDEO}}

  • საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებენ, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენისგან თავი შეიკავონ

    საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, რომ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენისგან თავი შეიკავონ.

    სააგენტოს განცხადებით, მოწოდების მიზეზი ევროკავშირის საავიაციო უშიშროების მიერ გავრცელებული რეკომენდაციაა, რომელიც ირანის მიერ უკრაინული ბოინგის ჩამოგდებას მოჰყვა.

    ,,ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენები შეფასდა როგორც მაღალი რისკის შემცველი და ევროპულ ავიაკომპანიებზე გაიცა რეკომენდაცია თავი შეიკავონ აღნიშნული საჰაერო სივრცის გამოყენებისგან”,- წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

    ცნობისთვის, 8 იანვარს, თეირანში უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 180-მდე მგზავრი გარდაიცვალა. ირანმა 11 იანვარს აღიარა, რომ თვითმფრინავი მათმა რაკეტებმა ,,უნებლიედ” ჩამოაგდეს.

  • რა კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმელს თემირლან მაჩალიკაშვილთან გასროლამდე-EMC-მ საქმეზე დამატებითი დეტალები შეისწავლა

    EMC-ს  იურისტებს, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საიდუმლო მასალების გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ. ამის შესახებ EMC-ს წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ორგანიზაცია  საწყისი ეტაპიდანვე ითხოვდა საქმის საიდუმლო ნაწილზე დაშვებას (სპეცრაზმელთა მაიდენტიფიცირებელი პირადი მონაცემების დაცვით), თუმცა, თბილისის პროკურატურა მასალებს ამ დრომდე, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის არგუმენტით ასაიდუმლოებდა.

    EMC-ს შეფასებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ, სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფ სხვა სპეცრაზმელთა გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა. ასევე მათ მიმართ არ არის დასმული საქმეზე სიმართლის დასადეგნად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები, არ არის დაზუსტებული შემდეგი გარემოებები:

    • საწოლის რა კონკრეტული ადგილიდან და როგორ აიღო ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილმა; თუ მან ხელყუმბარა აიღო, რატომ დაბრუნდა კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში და როგორ შეეძლო მას გაექატიურებინა ხელყუმბარა ამ მდგომარეობაში;

    • პროკურატურას არ აქვს კითხვები დასმული თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტელეფონით სარგებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ჩვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია უთითებს სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თემირლანის აქტივობას სოციალურ ქსელებში;
    • რა კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმელს თემირლან მაჩალიკაშვილთან გასროლამდე, რატომ ესროლა თავის არეში და რატომ არ შეეცადა სხვაგვარი ზიანის მიყენებით მისი ე.წ. წინააღმდეგობის განეიტრალებას.
    • რა იყო ხელყუმბარის თავდაპირველი განთავსების ადგილი გასროლის შემდეგ და იყო თუ არა უსაფრთხო სპეცრაზმელის მიერ მისი დამოუკიდებლად გადაადგილება.

    სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვები აჩვენებს ერთმანეთთან ფუნდამენტურ შეუსაბამობას. არსებითი ხასიათის შეუსაბამობა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლასა და გასროლის მომენტებს უკავშირდება. ოთახში მყოფი სპეცრაზმელების განმარტებით, გასროლა სპეცოპერაციის დაწყებიდან 10 წუთში მოხდა, მაშინ როცა სხვა სპეცრაზმელების მითითებით, გასროლა რამდენიმე წამში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ოთახში შესვლისა და გასროლის თანადროულაბაზე უთითებენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილს იმყოფებოდნენ.

    ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ დამატებითი საქმის მასალების შესწავლამ გამოავლინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ

    • სუს-ის მიერ მასშტაბური სპეცოპერაცია არასათანადოდ დაიგეგმა, რისკების ჯეროვანი ანალიზის და პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე.

     

    • სუს-ს არ გააჩნდა სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება და სპეცოპერაციის წერილობითი გეგმა, ისევე როგორც სპეცრაზმელებისთვის გაცემული წერილობითი მკაფიო ინსტრუქციები და სპეცოპერაციის დროს და მისი შემდგომი მონიტორინგის პროცედურები.

     

    • გამოძიების დაწყების პირველივე ეტაპზე სუს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის გამოყენებით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას სპეცრაზმისთვის, კიდევ უფრო დაუსაბუთებელი და სუსტი აღმოჩნდა.

     

    • ძალის გამოყენების დროს სპეცრაზმელმა არ დაიცვა პროპორციულობის პრინციპი, რასაც ერთი მხრივ, გაფრთხილების არგამოყენების და მეორე მხრივ, თითქოსდა წინააღმდეგობის დროს სხვა, ნაკლებად მძიმე ღონისძიებების არგამოყენების გარემოებები ადასტურებს.

     

    • სპეცრაზმელებმა დაადასტურეს, რომ გასროლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახზე სრული კონტროლი სპეცრაზმელებს (დაინტერესებულ პირებს) ჰქონდათ და მათ შორის, სუს-ის გამომძიებლებს ოთახში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

    “მთლიანობაში, ჩვენი შეფასებით მიმდინარე გამოძიება ფორმალური, არაეფექტიანი და ილუზორულია და გამოძიების პროცესში აშკარად გამოჩნდა სუს-ის თვითნებური ინტერვენცია, რამაც გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი დაარღვია”-აღნიშნავენ EMC-ში.

  • საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება

    დღეს, 13 იანვარს  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეისთვის საქართველოში კვლავ შენარჩუნებულია არამდგრადი ამინდი. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს დაბლობში, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ძლიერადაც. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია  ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამი სიჩქარით, ზოგან შესაძლოა, 17-22 მ/წამსაც მიაღწიოს.

    დასავლეთ საქართველოში დაბლობის ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება, მთაში 0.5 სითბო, მაღალ მთაში კი 0.5 გრადუსი ყინვა. ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი შტორმი.

    რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც ზოგან გაძლიერდება 17-22 მ/წამამდე. ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 5-10 გრადუსს მიაღწევს, მთაში 0.5 გრადუსს, ხოლო მაღალ მთაში 0.5 გრადუსი ყინვა იქნება.

    „რაც შეეხება დედაქალაქს, აქ უმეტესად უნალექო ამინდს ველოდებით. გამოიდარებს და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის განმავლობაში რვა გრადუსამდე აიწევს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი, რომელიც ქალაქის გარეუბნებში შესაძლებელია, გაძლიერდეს 17-22 მ/წამამდე“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმისა და ოთხი ათასი მესხის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი ლისის, ფერმწერთა დასახლების, ნუცუბიძის IV მიკრორაიონისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილისა და ვაგან მამასახლისის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონისა და კონსტანტინე კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მელაანის შესახვევისა და ჯორჯ ბუშის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილისა და სანქტ-პეტერბურგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი – 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რობაქიძის გამზირის მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.