Category: არქივი

  • პოლიციამ მაღაზია „აისაფორთის“ გაქურდვაში ბრალდებული დააკავა (ვიდეო)

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ი.კ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში, შარტავას ქუჩაზე დააკავეს. შსს-ს ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამა წლის 12 იანვარს, თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზია „აისაფორთიდან“ მობილური ტელეფონები და ფული მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.კ. მომხდარიდან მეორე დღესვე დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები და მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში უკანონოდ შეღწევით ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, – აცხადებენ შსს-ში.

  • კლუბ ,,ბასიანთან” 3 პირის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

    კლუბ “ბასიანთან” სამი პირის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

    დაცვის მხარე 5000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

    კლუბ “ბასიანთან” 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი 13 იანვარს წარედგინა. მას ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ”, მე-5 ნაწილის “გ”, მე-7 ნაწილის “ა” და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ჩაჩხიანი 12 იანვარს დააკავეს. მან კლუბ ბასიანთან რამდენჯერმე გაისროლა და 3 ადამიანი დაჭრა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი , 6 დანა და 23 საბრძოლო ვაზნა.

  • სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს – სუსი

    ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახური ადასტურებს.

    „ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე.

    აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არაერთგზის დაფიქსირდა კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

    მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს“,– აცხადებენ სუს-ში.

  • 4 არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 6 წელი მიესაჯა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული თ.წ. დამნაშავედ ცნო.

    პროკურატურის ინფორმაციით, თ.წ-მ 2018-2019 წლებში, ოთხი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. სამართალდამცველებმა ის 2019 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით – ოთხი ეპიზოდი (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    საქალაქო სასამართლომ თ.წ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

  • წამლები იყო და ხალხს ელოდებოდა, ხალხი არ მივიდა- პაატა იმნაძე მედიკამენტების გაფუჭებაზე

    ,,c ჰეპატიტის სამკურნალო წამლები იყო და ამ ხალხს ელოდებოდა, ეს ხალხი არ მივიდა”,- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

    პაატა იმნაძე მედიკამენტების გაფუჭებას იმით ხსნის, რომ c ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები არ მკურნალობენ, რადგან ,,ქართველი კაცის ხასიათი ასეთია, თუ არაფერი აწუხებს , არ მკურნალობს.”

    ,,c ჰეპატიტი არის ისეთი დაავადება, რომელიც “ჩუმი მკვლელია”. მთელი ცხოვრება შეიძლება გქონდეს და არ შეგაწუხოს, ქართველი კაცის ხასიათი ხომ იცით? თუ არაფერი აწუხებს, რატომ უნდა წავიდეს და იმკურნალოს? ძალიან ბევრი ადამიანი არ მიდის უბრალოდ”,- ამბობს იმნაძე.

    მისივე ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 16 000 ადამიანია, ვისაც c ჰეპატიტი აქვს, მაგრამ პროგრამაში არ ერთვება.
    ,,ლაპარაკია 2000 დოზაზე, მაშინ, როდესაც დღესაც კი, არის დაახლოებით 16 ათასი კაცი, ვისაც დადასტურებულად აქვს c ჰეპატიტი. ეს 16 ათასი კაცი, მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენჯერმე უკავშირდებიან, თხოვენ, რომ ჩაერთონ პროგრამაში, ეს ხალხი დღემდე არ არის ჩართული პროგრამაში”.

    შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 560 645 083 ლარის ღირებულების c ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები გაუფუჭდა. გაფუჭებული მედიკამენტებით 2321 ადამიანის განკურნება იქნებოდა შესაძლებელი.

  • პიროტექნიკით 9 ადამიანი დაშავდა

    ძველით ახალი წლის აღნიშვნისას პიროტექნიკით  9 ადამიანი დაშავდა.

    როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თბილისში დაშავებული  ყველა პირი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერილია.

    პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით 81 ადამიანი დაშავდა.  მათგან ერთს, თითების ამპუტაცია დასჭირდა.

  • სახელმწიფოს 50 მილიონის გარანტია რომ გაეცა, დღეს პორტის მშენებლობის პროცესში ვიქნებოდით- მამუკა ხაზარაძე

    მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოთხმა ბანკმა სახელმწიფოსგან 50 მილიონის გარანტია მოითხოვა, რათა ანაკლიის პორტში 650 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოეტანათ, მაგრამ სახელმწიფომ ის არ გასცა.

    ,,ეს იყო ბანკების მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს მიეღო რამენაირი მონაწილეობა რისკებში. მოგეხსენებათ, რომ 4 კილომეტრში ანაკლიიდან არის ე.წ საოკუპაციო ზოლი და შესაბამისად, ტვირთბრუნვის დაზღვევის თვალსაზრისით, ბანკებმა მოითხოვეს 50 მილიონი დოლარის გარანტია, რომელიც ალბათ არასდროს დაჭირდებოდა, რომ გამოეყენებინა, იმიტომ რომ 40 პროცენტიანი ზრდა იქნებოდა კონტეინერების, საქართველოს გავლით. მაგრამ რომც გამოყენებულიყო ის გარდაიქმნებოდა სესხად და ამ სესხს მოემსახურებოდა კომპანია,” – აცხადებს ხაზარაძე.

    მისივე თქმით, ანაკლიის პორტი პირველ ათ წელში 35 ათას სამუშაო ადგილს შექმნიდა, რაც რუსეთის ინტერესში არ შედის.

    ,,შედის თუ არა რუსეთის ინტერესში ანაკლიის პროექტი. რუსეთის ინტერესში იგი არ შედის. რამდენ სამუშაო ადგილს შექმნიდა ანაკლია და ქალაქი ანაკლია მის უკან. პირველ ათ წელიწადში შექმნიდა 35 ათას სამუშაო ადგილს. ინვესტიცია, 50 მილიონის გარანტიით, 650 მილიონი დოლარი შემოვიდოდა და უკვე დღეს მშენებლობის პროცესში უნდა ვყოფილიყავით,”- ამბობს პარტია ,,ლელოს” დამფუძნებელი.

    ცნობისთვის, ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება ხელისუფლებამ 9 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. კონსორციუმი ამ საკითხში საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებს დავას.

  • ელიზაბეთ რუდის შესრულებული ,,სულიკო” კალანდობის დღესასწაულზე (ვიდეო)

    აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდიმ გურიაში კალანდობა აღნიშნა. ის დღესასწაულს გურულებთან ერთად სოფელ ცხემლისხიდში, ერთ-ერთ ოჯახში შეხვდა.

    ელიზაბეთ რუდიმ ,,სულიკო” ტრისტან სიხარულიძესთან, ანზორ ერქომაიშვილთან და სხვა ქართველ მომღერლებთან ერთად იმღერა.

  • როდის განახლდება ბაღებში სასწავლო პროცესი

    სასწავლო პროცესი თბილისის ბაგა-ბაღებში 15 იანვარს განახლდება. სწავლა ხვალ ასევე განახლდება რუსთავის  ბაგა-ბაღებშიც.

    რაც შეეხება თავისუფალი დასწრების რეჟიმს, გაერთიანებაში აცხადებენ, რომ  ჯანდაცვის სამინისტროსთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ და რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებენ.

    რაც შეეხება სხვა ქალაქებს  თელავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვრამდე გადაიდო. 

    20 იანვარს განახლდება სასწავლო  პროცესი  ქუთაისის ბაგა-ბაღებშიც.

  • გლდანში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

    გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

    არსებული ინფორმაციით, წაღებულია  მობილური ტელეფონები.