Category: არქივი

  • “ივანიშვილი ზის ბუნკერში, რომლის კედლები გაპოხილია ვაზელინით. მისი წამზომი ჩართულია“–გია ხუხაშვილი

    ექსპერტი გია ხუხაშვილი ივანიშვილს მოუწოდებს პოლიტიკაში პრემიერ–მინისტრის რანგში დაბრუნდეს და მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა აიღოს. ხუხაშვილი თვლის, რომ ეს ივანიშვილის გადარჩენის ბოლო შანსია. ექსპერტის აზრით დღეს ივანიშვილის წამზომი ჩართულია და ივანიშვილზეა დამოკიდებული რა ფორმით მოუწევს მას ხელისუფლებიდან წასვლა.

    „ის სტერილურ ოთახში ცხოვრობს. პოლიტიკურ ბუნკერში ზის, თავზე ახვევია ხუთი –ექვსი კაცი. ოლიმპზე ავიდა, გაუჩინეს განცდა, რომ ის არის ღმერთი, ყოვლისშემძლე. ტელევიზორს კი რთავს, მაგრამ იმედს რთავს. იმედიც იმ ხუთ–ექვსი კაცის მონაწილეა. ხუთი ცოცხალი კაცია და ერთი იმედია. ეს არის ბუნკერი, რომლის კედლები გაპოხილია ვაზელინით, რომლებიც უქმნიან იმ რეალობას, როგორი ცხოვრებაც მას უნდა. ძნელია ასეთი ადამიანი მიწაზე დააბრუნო. რასაც მე ვთავაზობ ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ვიღაცას შეიძლება ლიტონი სიტყვები ეგონოს, მაგრამ მე მასზე ვლაპარაკობ როგორც მისი გულშემატკივარი, შეიძლება ერთადერთიც. ისინი, ვინც მის ირგვლივ არიან, მისი გულშემატკივრები კი არ არიან. ისინი თავის პატარა ჭიებს იხარებენ,  მის ამ ფობიას, პარანოიებს კიდევ უფრო ამძიმებენ. ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერ მინისტრად. ჩრდილოვან ავტორიტარიზმს ორი მინუსი აქვს – ერთი ის, რომ ანაქრონიზმია და თავისთავად ცუდია. გარდა ამისა სისტემა არაეფექტურია. ავტორიტარიზმითაც კი ვერ ამუშავებ სისტემას, სტაგნაციაშია. გადაწყვეტილების მიღების ცენტრი რომ სხვაგან არის და ინსტიტუციური ცენტრი სხვაგან, ვერ იმართება ქვეყანა, ეფექტურობას კარგავს, მთლიანად ჭაობში იძირება.შესაბამისად გრძელვადიანს ვერაფერს ვერ შევთავაზებ.

    მისი წამზომი არის ჩართული. არ ვამბობ, რომ ორ თვეში, სამ თვეში. რა მნიშვნელობა აქვს როდის დაამთავრებს, შეიძლება ორი–სამი წელი გაძლოს. მაგრამ რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო მძიმე სცენარით დაამთავრებს. მე ამის მეშინია. ბიძინა ივანიშვილსაც რომ თავი გავანებოთ ქვეყანა ამ პერიოდში ზიანდება. მას რომ ეს ნაბიჯი გადაედგა ერთი წლის წინ, მეტი შანსი იქნებოდა რომ რაღაც უკეთესობისკენ წასულიყო და კიდევ გაემაგრებინა თავისი პოზიციები. დღეს ამის ნაკლები შანსი აქვს. ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს გარდამავალ პრემიერმინისტრად ორი ძირითადი ფუნქციით– უნდა ჩაატაროს ღირსეული არჩევნები. დარჩება ხელისუფლებაში? დარჩეს ხელისუფლებაში. მოუწევს წასვლა? დატოვოს ხელისუფლება ღირსეულად და შესაბამისად მოექცევა ეს ხალხი, დაივიწყებს თუ ვინმეს რამე წყენა ქონდა და შევარდნაძის რეჟიმში მაინც შეძლებს ცხოვრებას ქვეყანაში.“–განაცხადა ხუხაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

  • “იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა, შვილებზე მუქარაც”–ანრი ოხანაშვილი

    ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ომენტარს აკეთებს – დეპუტატი ამბობს, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა მისთვის უცნობი მამაკაცი მას დაემუქრა.

    “ბაკურიანში ჩემს სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი კაფეში, სასრიალოსთან ახლოს და ვვახშმობდით. ამ დროს ჩემთვის უცნობმა კაცმა დაიწყო შეურაცხყოფის მოყენება და დებოში ატეხა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა. შვილებზე მუქარაც იყო,” – ამბობს ოხანაშვილი.

    პირი, რომელმაც დეპუტატს შეურაცხყოფა მიაყენა, ვახტანგ რობაქიძეა – ის პოლიციამ ადმინისტრაციული წესით უკვე დააკავა.

  • ანრი ოხანაშვილს ბაკურიანში ფიზიკურად გაუსწორდნენ

    ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

    პარლამენტის წევრი, ბაკურიანის ერთ ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა, სადაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

  • მართალი ხართ, გავრილოვის ღამე მე მოვაწყვე- მიხეილ სააკაშვილი შსს-ს მიმართავს (ვიდეო)

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

    “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა, მივმართო სრულიად საიდუმლოდ; მართალი ხართ, გავრილოვის ღამე მე მოვაწყვე, გავრილოვი მე ჩამოვიყვანე, რა თქმა უნდა, ჩემი ძველი აგენტი და ძმაკაცია. ქუცნაშვილი ჩვენი “ნაციონალური მოძრაობის” საიდუმლო წევრია. გახარია ჩემ ბრძანებებს ასრულებდა, როდესაც არბევდა მიტინგებს, მე დავავალე რა თქმა უნდა და ივანიშვილი ხომ ჯიბეში მიზის, რადგან 19 მილიარდი მაქვს და ივანიშვილს მხოლოდ ხუთი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტრამპთან და პუტინთან იყო კარგად მოლაპარაკებული. რა ვიცი ახლა, ძმებო, როგორ ვქნათ, თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად, თუ ჩამოგაკითხოთ მანდ და დავილაპარაკოთ, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში”,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ შსს-მ ,,მთავარ არხზე” გასულ გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ,,2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო და ცოტა ეს რეჟიმი დაემხობოდა”.

  • იაპონიის 1000-მდე სუპერმარკეტში შქმერული გაიყიდება

    დღეიდან იაპონური სწრაფი კვების ქსელ ,,მაცუიას” ათასამდე ფილიალში ქართული კერძი, შქმერული გაიყიდება. ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

    ,,აღსანიშნავია, რომ ყველა ფილიალში გამოაკრეს პოსტერი, რომელზეც დატანილია საქართველოს რუქა, დროშა და ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაცია,”- წერია საელჩოს განცხადებაში.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 15 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.8876 ლარია, ევროს 3.2151 ლარი, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.7478 ლარი იქნება.

    14 იანვარის ოფიციალური კურსით კი, ერთი ამერიკული დოლარი 2.8980 ლარი ღირდა, ევრო –3.2214 ლარი, ფუნტი – 3.7636 ლარი.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან, შევა ძალაში.

  • აშშ ირანის, რუსეთისა და ჩინეთის შეკავების სტრატეგიას აღადგენს- მაიკ პომპეო

    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანელი გენერლის, ყასემ სოლემიანის ლიკვიდაცია შეკავების სტრატეგიის ნაწილი იყო. ამ სტრატეგიაში მოიაზრებიან არამარტო ირანი, არამედ ჩინეთი და რუსეთიც.  

    “მოწინააღმდეგეს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არა მარტო მოგვეპოვება იმის შესაძლებლობები, რომ მისი მოქმედებებისთვის ფასის გადახდა მოვთხოვოთ, არამედ მართლა მზად ვართ ამის გასაკეთებლად”, – ამბობს პომპეო.

    აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლა , ამერიკის ახალი იარაღის გამოცდა და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება რუსეთის შეკავების პოლიტიკის გამო მოხდა.

  • დავით გარეჯაში საქართველოს მოქალაქემ მესაზღვრე მძევლად აიყვანა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გ.ი. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ინფორმაციით, დღეს, 14 იანვარს, საქართველოს მოქალაქე – გ.ი. იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში.

    „მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ი” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ეფექტიანი თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • თამთა თოდაძე პახმელიაზე არ იყო?- ილია ჯიშკარიანის კითხვა გამომძიებელს

    ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა დაკითხვისას განაცხადა, რომ თამთა თოდაძე შემთხვევის დღეს აღელვებული იყო.

    ,,პახმელიაზე არ იყო?”- მიმართა საკრებულოს ბრალდებულმა დეპუტატმა გამომძიებელს ვიქტორ მახარაძეს, რის შემდეგაც მოსამართლემ ჯიშკარიანს თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

    დღეს თამთა თოდაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის , ილია ჯიშკარიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

    ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს 2019 წლის 30 სექტემბერს მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე წარედგინა ბრალი.

  • ლელო BBC-ის რუსული ბიუროსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

    პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” საქართველოსთვის ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, BBC-ის რუსული ბიუროსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ BBC-ის რუსულმა ბიურომ ოკუპირებული აფხაზეთი სუვერენულ ერთეულად მოიხსენია. როგორც პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” აცხადებს, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელის აფხაზეთის პრეზიდენტად მოხსენიება წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი საზღვრების უგულებელყოფას და ქართული სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფას.

    გამოცემას უკვე გაუგზავნეს საპროტესტო ნოტა და მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ ჩაასწორონ არასწორი ინფორმაცია.

    12 იანვარს BBC-ის რუსულმა ბიურომ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის ზეწოლის შემდეგ გადადგა. ამ მასალაში ოკუპირებული რეგიონი მოხსენიებულია, როგორც “საქართველოსგან გამოყოფილი რესპუბლიკა”.  სტატიაში არ არის გამოყენებული სიტყვები დე ფაქტო ან თვითაღიარებული და ე.წ. უწყებები ოფიციალურ სახელმწიფო ორგანოებად არის წარმოჩენილი.