Category: არქივი

  • NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს

    NDI-ის მიერ ჩატარებული  კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, ინსტიტუტებს შორის ყველაზე ცუდად პარლამენტის საქმიანობას აფასებს. კერძოდ, NDI-ის კვლევის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა რესპონდენტთა 40 %-მა უარყოფითად შეაფასა.

    კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 1 % აფასებს. კარგად – 8%, საშუალოდ – 27 %, ძალიან ცუდად 17%.

    ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებისას, პარლამენტის შემდეგ მოსახლეობა ცუდად აფასებს სასამართლოს მუშაობას. კერძოდ, გამოკითხული მოსახლეობის 31 % ამბობს, რომ სასამართლოები ცუდად მუშაობს, 14%-ის აზრით სასამართლო ძალიან ცუდად მუშაობს, 29%-ის შეფასებით – საშუალოდ, 9%-კარგად, 1%- ძალიან კარგად.

    საქართველოს პოლიციის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 15%- ცუდად, 35%-საშუალოდ, 37%-კარგად, 6%-ძალიან კარგად, 4%- ძალიან ცუდად აფასებს.

    მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 10% – ცუდად აფასებს, 2%-ძალიან ცუდად, 37%-კარგად, 13-%-ძალიან კარგად, ხოლო 12%-მა კითხვაზე პასუხისგან უარი განაცხადა.

    გამოკითხული მოსახლეობის 9% ცუდად აფასებს საქართველოს ჯარის საქმიანობას. 2%-ძალიან ცუდად, 44%-კარგად, 8%-ძალიან კარგად, ხოლო 31 %-საშუალოდ.

    ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. პრეზენტაციაზე ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები იყო წარმოდგენილი.

    კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.

    საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.

  • მოსახლეობის 64% მთავრობის მუშაობას უარყოფითად აფასებს- NDI

    ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მთავრობის მუშაობას უარყოფითად აფასებს.

    2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში გამოკითხულთა 64% ამბობს, რომ მთავრობა ცუდად მუშაობს, 30% კი მათ საქმიანობას დადებითად აფასებს.

    2019 წლის მაისში მთავრობას უარყოფითად 56% აფასებდა, სექტემბერში კი 60%.

    კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

  • “კალაძის გარშემო დაჭერების სერია დაიწყება. ივანიშვილი კისერს მოუგრიხავს კალაძეს“ – ალეკო ელისაშვილი

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ახლო მომავალში თბილისის მერის გარემოცვის წევრების დაჭერა დაიწყება და არ არის გამორიცხული, თავად კალაძის დაჭერის საკითხიც დადგეს. ეს განცხადება ელისაშვილმა ტვ პალიტრის ეთერში გააკეთა.

    „კახა კალაძის მენეჯერობის რა მოგახსენოთ, შეხედეთ სატრანსპორტო კოლაფსს , შეხედეთ ნაძვის ხეს, გაპუტული ქათამივით რომ არის, მილიონი გადაიხადა და ნაძვის ხეშიც კი ფულს რომ აკეთებს. ვარკეთილში, კორპუსშიც კი ფულს რომ აკეთებს ის და მისი მერიაც.

    შემთხვევითი ამბავი კი არ იყო დღეს კალაძე რომ გამოვიდა და თქვა, მოვუწოდებ გამგებლებს და სამსახურების უფროსებს და მოადგილეებს კორუფციას გაეშვანო. ეს შემთხვევითი ამბავი კი არ იყო. კალაძის გარშემო დაიწყება დაჭერების სერია.
    მე კი არ დავიჭერ, მე კი არ ვარ მთავარი პროკურორი და სუსის ანტიკორუფციული სამსახურის წარმომადგენელი. თუ ვინმე კისერს მოუგრიხავს კახი კალაძეს ისევ ბიძინა ივანიშვილი იქნება და ეს დაიწყება დღე დღეზე. მის გარშემო ძალიან ხმამაღალ, ხმაურიან დაჭერების სერიას ვიხილავთ ჩვენ.

    კალაძე თვითონ არის აღვირახსნილ კორუფციაში ჩართული, იტალიაში შესყიდვები იქნება თუ სამშენებლო ბიზნესი და არქი ჯგუფი იქნება, თვითონ არის ჩართული კორუფციაში. ყველაფერში ატკატს იღებს.

    თუ ვინმე დაუსრულებს პოლიტიკურ კარიერას კალაძეს იქნება ბიძინა ივანიშვილი

    კორუფციას არცერთი არ ებრძვის,უბრალოდ კალაძე აღიზიანებს აშკარად ივანიშვილს, იმიტომ რომ ჩემი ინფორმაციით ოპოზიციის ლიდერებს შეუთვალა, რომ მე თქვენთან ვარ და თუ რამე თქვენსკენ გადმოვხტებიო. ესეც გაირკვევა თანდათან და თვითონ თქვან იმ ოპოზიციონერებმა. მაქვს საკმაოდ სერიოზული და საფუძვლიანი ინფორმაცია.კალაძემ იგრძნო საფრთხე და დაიწყო პრევენციულად ამაზე ლაპარაკი რომ თქვას: აი, ხომ ვამბობდი, როგორგ გაბედეს…

    მერიის მაღალჩინოსნებიც შეიძლება ვნახოთ დაკავებულები. ამ დაკავების მიზეზი იქნება ის, რომ გარიგება შესთავაზონ და იმათ უფრო დიდ ღლავს დაადონ ხელი. და ეს დიდი ღლავი იქნება კალაძე. “ – ამბობს ელისაშვილი , თუმცა მის ხელთ არსებული ინფორმაციის დეტალებს არ აკონკრეტებს.

    “ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არ დავუხრით არავის“, – ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

    „მინდა მივმართო მოადგილეებს, გავაფრთხილო საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, რომ თქვენი მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის პრევენციაზე. რაიმე არ გამოგეპაროთ! იცით ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება ყველანაირად გვერდში დავუდგებით და არავის დავტოვებთ მარტო. მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. იყო მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება მაქსიმალური ყურადღება ამ მიმართულებით, რომ ყველანაირი პრობლემა ავიცილოთ თავიდან“,- განაცხადა კალაძემ.

  • ავარია ვაშლიჯვარში – არის მსხვერპლი

    თბილისში, ვაშლიჯვრის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 20 წლამდე ახალგაზრდა ბიჭი.

    როგორც ირკვევა, ის ერთ-ერთია იმ სამი თანატოლისგან, რომლებიც ერთ ავტომობილში ისხდნენ. მეორე მანქანაში კი ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი ისხდნენ. 

    ოთხივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

    შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • გმირობის ტოლფასი ოქროს მედალი!ქართველი მოციგურავე წყვილის წარმატება ოლიმპიადაზე

    ქართველმა მოცირუგავეებმა ლოზანაში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე დიდი წარმატება მოიპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ახლახანს ავრცელებს:

    “15 იანვარი ,2020 წელი , ლოზანა ( შვეიცარია)
    ზამთრის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები

    გმირობის ტოლფასი ოქროს მედალი საქართველოსათვის!

    ლოზანაში ,დღეს, ოლიმპიურ თამაშებზე მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა გუნდურ ასპარეზობაზე ფიგურულ ციგურაობაში.
    ინდივიდუალური გამოსვლების შემდეგ , კენჭისყრის საფუძველზე , შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დაკომლექტდა 8 გუნდი: Courage, Determination, Discovery, Focus, Future, Hope, Motivation, Vision.

    გუნდების ფორმირება მოხდა შემთხვევითი შერჩევით,ინერნაციონალური პრინციპის დაცვით.თითოეული გუნდი წარმოდგენილი იყო ოთხივე კატეგორიიდან სხვადასხვა ქვეყნის ორი მოციგურავითა და ორი წყვილით. გუნდებისათვის თანაბარი შანსების შესანარჩუნებლად გუნდების ფორმირებისას გათვალისწინებული იყო ინდივიდუალურ გამოსვლებში მათი შედეგი. თანაბარი რეიტინგის 15 ქვეყნის 32 მოციგურავის მიერ შესრულდა მხოლოდ თავისუფალი პროგრამები.

    8 გუნდის ექვსსაათიანი დაძაბული ასპარეზობა საქართველოსათვის ტრიუმფალური შედეგით დასრულდა.

    ლოზანის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი სპორტული წყვილი ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა დღეს უკვე , ოლიმპიადის მეორე მედლის – გუნდური ასპარეზობის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

    გუნდი “Courage” , რომლის შემადგენლობაში ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავასთან ერთად გამოდიოდა მოცეკვავე წყვილი იაპონიიდან უტანა იოშიდა – შინგო ნიშიამა, ერთეულებში რუსი ქსენია სინიცინა და ესტონელი არლეტ ლევანდი , გუნდურ ასპარეზობაში ოლიმპიადის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

    2020 წლის ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული ოქროსა და ბრინჯაოს მედალი ეს ის ისტორიული მონაპოვარია,რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის სასპორტო განვითარების ისტორიაში და სანიმუშო მაგალითად იქცევა იმისა, რომ მთავარია მიზნისაკენ სწრაფვა და საკუთარ თავში რწმენა იმისა , რომ თუ მოინდომებ შეუძლებელი არაფერია…

    2019 წლის გრან პრის ფინალის ოქროს, 2020
    წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური
    თამაშების ოქროსა დ ა ვერხლის მედლები – ეს ჩვენი ქართველი მოციგურავეების ბოლო 1 თვის მონაპოვარია და ეს ყველაფერი – ჩვენი საქართველოსათვის !… “– წერია ფედერაციის განცხადებაში.


  • ქართველი გოგო, რომელიც საბერძნეთში ჩვილის ნაგვის ყუთში გადაგდების გამო დააკავეს ციხიდან დახმარებას ითხოვს

    საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ციხიდან დახმარებას ითხოვს. 24 წლის ქალი ჩვილი შვილის მიტოვების შემდეგ ბერძნულმა პოლიციამ დააკავა, მას სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობას ედავებიან. დაკავებული საპატიმროდან წერილს აგზავნის და მომხდარს პოსტ-სამშობიარო აფექტით ხსნის, მას მუხლის შეცვლა და საკუთარ შვილთან შეხვედრა სურს. თემა იმდენად აქტუალურია საბერძნეთში, რომ ბერძნულ მედიაში აქტიურად მსჯელობენ, უნდა დაუბრუნდეს თუ არა დაკავებულ ქალს დედობის უფლება. კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს ადვოკატიც.

    ჩვილი კალამატაში ნაგვის ყუთში იპოვეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ დაინახეს ქალიც რომელმაც ახალშობილი დატოვა.

    ნაგავში ჩვილის პოვნიდან მალევე პოლიციამ ახალშობილის დედა დააკავა. 24 წლის საქართველოს მოქალაქეს ბრალად მკვლელობის მცდელობა ედება. დანაშაული ბერძნული სამართლის მიხედვით მძიმე კატეგორიის დანაშაულია და თავისუფლების ათ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

    გუშინ ბერძნულ მედიაში ჩვილის დედის წერილი გამოქვეყნდა. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ბავშვი უსახსრობისა და მძიმე ემოციური სტრესის გამო დატოვა და ითხოვს მას შვილი არ ჩამოართვან.

    განცხადება გაავრცელა შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულის ადვოკატმაც. იურისტი საქმის სასწრაფო გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

    კალამატაში მიტოვებული ჩვილის ამბავს ინტენსიურად აშუქებს ბერძნული მედია. სხვადასხვა ტოქ-შოუებში განიხილავენ საკითხს უნდა დაუბრუნდეს თუა არა ჩვილი დედას და უფრო მსუბუქი მუხლით შეიცვალოს საქმის გამოძიება.

    სასამართლო სხდომა რამდენიმე დღეში უნდა განახლდეს. პროცესზე ადვოკატი 24 წლის ქართველი ქალის გათავისუფლებას მოითხოვს. ჩვილი ამ დრომდე ათენში ბავშვთა საავადმყოფოში რჩება. მის ჯანმთელობის მდგომარეობას საფრთხე აღარ ემუქრება.

  • სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთში „გურიის“ საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა (ვიდეო)

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთში „გურიის“ საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მიესალმება მსგავს პროექტებს, რომლებიც მიზნად ქართული სპორტის განვითარებას ისახავს და მომავალში ქალთა ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარება ისურვა.

    „ამ ტიპის საფეხბურთო აკადემია გურიაში პირველია. ფეხბურთის ფედერაციისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შენობის რეაბილიტაცია ხორციელდება და ხელოვნურსაფარიანი მინდვრისა და ტრიბუნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

    სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსი 50 აღსაზრდელის მიღებას შეძლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8862 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8862 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8876 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2138 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2151 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0013 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • რუსეთის მთავრობა გადადგა

    რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მინისტრთა კაბინეტის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

    პუტინი მინისტრებს თავისი მიმართვის შემდეგ შეხვდა, რომლის ფარგლებში კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა.

    რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, დიმიტრი მედვედევი მთავრობის მოქმედი შემადგენლობის გადადგომას სწორად მიიჩნევს. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

    „აღნიშნული ცვლილებები არსებითად შეცვლის არა მხოლოდ კონსტიტუციის მუხლების მთელ რიგს, არამედ მთლიანად აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების ბალანსს. ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა მისცეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს საშუალება, მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები და ამ პირობებში, სწორად მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით გადადგეს“, – განაცხადა მედვედევმა.