Category: არქივი

  • როგორც უნდათ ისე დაწერენ ციფრებს – კალაძე NDI-ს კვლევაზე

    „ამ კვლევაში როგორც უნდათ ისე დაწერენ ციფრებს, მათ ამის პრობლემა არ აქვთ“,- ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.

    „სტატისტიკაც შესაძლებელია ამოვიღოთ და ვნახოთ, როგორი კვლევები ქვეყნდებოდა 2012 წლამდე, 2012 წლის მერე და რა შედეგები იდებოდა. შესაბამისად, ანალიზის გაკეთება ძალიან მარტივია. ჩემი რეიტინგს რაც შეეხება, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ, ჩემი პარტიის მიმართ. ასე რომ, ძალიან კარგად გვაქვს ჩვენ ეს ურთიერთობები საზოგადოებასთან აწყობილი და მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ. ამ კვლევაში როგორც უნდათ ისე დაწერენ ციფრებს, მათ ამის პრობლემა არ აქვთ“,- განაცხადა კალაძემ.

    კვლევის თანახმად, პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასებისას, რეიტინგში დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ლიდერობს.

  • ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა

    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თავდაცვის ყოფილი მინისტრი,  ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.

    საქმის პროკურორის, გიორგი მუკბანიანის განმარტებით, სასამართლო თვეში ერთხელ განიხილავს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს. ვინაიდან საქმეში აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის წინაპირობა და ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა, მოსამართლემ ის პატიმრობაში დატოვა.მოსამართლემ მიიჩნია, რომ ოქრუაშვილის მხრიდან კვლავ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. მას პროკურატურა ადანაშაულებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში 27 ივლისიდან იმყოფება.

  • სამეგრელოში უკანონოდ 11400 ღერი უაქციზო თამბაქო გადაჰქონდათ

    ქალაქ ზუგდიდში უკანონოდ 11400 ღერი უაქციზო თამბაქო გადაჰქონდათ- ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი.

    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

  • NDI-ის კვლევის თანახმად, ტაქსების რეგულაციაზე საზოგადოების აზრი ორად გაიყო

    NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის  თანახმად, ერთადერთი კითხვა, რომელზეც გამოკითხულთა აზრი თანაბრად გაიყო, თბილისში, ტაქსების რეგულაციას შეეხება.

    გამოკითხულთა 47% რეგულაციების გატარება დადებითად აფასებს.  გამოკითხულთა იგივე  რაოდენობა, 47% მიიჩნევს, რომ ტაქსებზე დაწესებული რეგულაციები არასწორი იყო.

  • არავინ, ღვთის გარდა, ამ ქვეყნის მშველელი აღარ არის- გედევან ფოფხაძე NDI-ს კვლევაზე

    დამოუკიდებელი დეპუტატი, გედევან ფოფხაძის აზრით, ქვეყანაში არსებული ვითარება დეპრესიისა და აპათიის წინაპირობაა, რასაც ხელი პროპორციული არჩევნების საკითხმა შეუწყო.

    ,,მე მართლა მიმაჩნია, რომ საზოგადოებას ამ დეპრესიაში და აპათიაში ხელი შეუწყო პროპორციული არჩევნების საკითხმა. შეიძლება ბევრმა არც იცის პროპორციული არჩევნების მნიშვნელობა და ის, თუ რამდენად უკეთესი იყო პროპორციული არჩევნებით ხელისუფლების ბედის გადაწყვეტა 2020 წელს, მაგრამ ხალხმა დაინახა, რომ შეიძლება ხელისუფლება გამოვიდეს, საჯარო დაპირება გასცეს და მერე ეს პირობა არ შეასრულოს”,- ამბობს ფოფხაძე.

    მისივე თქმით, ღმერთის გარდა , ქვეყანას სხვა ვერ უშველის და მას პატრონი არ ჰყავს.

    ,,ქვეყანა გაჩერებულია ერთ ადგილას, ნაფოტივით მიჰყვება დინებას და სად გადაიჩეხება ღმერთმა უწყის. არავინ, ღვთის გარდა, ამ ქვეყნის მშველელი და იმედი აღარ არის. რეალობა არის ძალიან მარტივი, ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. მოცემულობა მარტივია, არის ორი პოლიტიკური პოლუსი და „ქართული ოცნება” ყველანაირად ხელს უწყობს ერთადერთი ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ შენარჩუნებას ხელს.”

    ცნობისთვის, დღეს NDI-ს ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელშიც, გედევან ფოფხაძის აზრით, კატასტროფული ციფრებია ასახული.

  • გუდაურში ახალი სასტუმრო „გუდაური ლოჯი“ გაიხსნა

    თბილისიდან 120 კილომეტრში, ზამთრის სწრაფად განვითარებად, სპორტულ კურორტ გუდაურში ახალი სასტუმრო „გუდაური ლოჯი“ გაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. გამორჩეული დიზაინის მქონე ski-in/ski-out ტიპის სასტუმრო, 4 კატეგორიის 121 კომფორტულ ოთახს აერთიანებს. სასტუმროს სკი დეპო დამსვენებლებს უმაღლესი ხარისხის ტექნიკურ სერვისსა და უახლესი სათხილამურო ინვენტარით მომსახურებას სთავაზობს.

    ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულის, თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორანი „კულინარიუმ ხაშერია“ სტუმრებს, როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ქართული კერძებით უმასპინძლებს. რესტორნის ტერასიდან, სადაც apres-ski ბარი მდებარეობს, კავკასიონის ულამაზესი ხედი იშლება.

    ნულოვან სართულზე დამსვენებლებს ლობი ბარი (სასმელებისა და წასახემსებლების მრავალფეროვანი არჩევანით), ენოთეკა (150-ზე მეტი დასახელების უნიკალური ქართული ღვინის კოლექციით) და Concept Store მოემსახურება.

    მთიდან დაბრუნებისას სტუმრებს საშუალება ექნებათ დაისვენონ სპა ცენტრში, სადაც ისარგებლებენ მასაჟის ოთახებით, აუზით, ღია ჯაკუზითა და კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზით.

    თიბისისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორაციული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარს შეადგენს.

  • ეკლესიის საქმიანობის დადებითი შეფასება 50%-მდე დაეცა – NDI

    NDI-ს კვლევის მიხედვით, მართლმადიდებლური ეკლესიის დადებითი შეფასება ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.

    ეკლესიის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 50% აფასებს. მათგან 13% – ძალიან კარგად, ხოლო 37% – კარგად. კვლევის მონაწილეთა 25% ეკლესიის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 10% – ცუდად, 2% – ძალიან ცუდად, ხოლო 12%-მა პასუხი არ იცის.

    კვლევაში აღნიშნულია, რომ 2015 წლიდან 2019 წლამდე ეკლესიის დადებითმა შეფასებამ 25%-ით დაიკლო. 2015 წელს ეკლესიას ,,კარგად” 75% აფასებდა, 2019 წლის ივლისში კი – 64% .

    ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    დღეს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება ზოგიერთ ქუჩას  დროებით შეეზღუდება.

    მათივე ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

    ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, შოთა ნადირაშვილის, უშაკოვის და მთისძირის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბრიელ სალოსის გმზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V, VI, VII, VIII მიკრორაიონების, ილია ვეკუას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი I, II, III მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), დუმბაძის, ალეკო გობრონიძის და ლეო კერესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, თეთრი ტბის დასახლების, სოფელი გლდანის, ბადრი კობახიძის, ზაქარია მაისურაძის, დავით აღმაშენებლის (გლდანი), გიორგი ბაბილოძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქვემო ვეძისის დასახლების, იმედაშვილის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ილია ოდიშელიძის, ანაგის, ლვოვის, გაბრიელ ისაკაძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ონიაშვილის, სახოკიას, ყუშიტაშვილის, გაგარინის, გოთუას, არდაზიანის, გურამ ფანჯიკიძის, კანდელაკის, შარტავას, ოჩამჩირის, ვიტალი დარასელიას, ოდესის, სოკრატ არშბას, ზოვრეთის, მგალობლიშვილის, კოსტავას, ზემო ვეძისის, ჟღენტის, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის, პაბლო პიკასოს ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების, გოთუას და ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, პეტრე ქავთარაძის და შავიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, აეროდრომის დასახლების მე-9 ქუჩის, გარდაბნის გზატკეცილის, ზემო მეტალურგიულის, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, თავკვერის, ველისთავის, შუამთის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოხუას და კედიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 02:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაარბრიუკენის მოედნის, თამარ მეფის გამზირის, გედევანიშვილის, ტყვიავის, მაზნიაშვილის, ახალციხის, ივანე როსტომაშვილის, საქანელას, ცხემის, სანაპიროს, მამარდაშვილის, 9 აპრილის, 8 მარტის, რომის, სანკტ-პეტერბურგის, ხეთაგუროვის, ელენე ახვლედიანის, კოტე ხიმშიაშვილის, ხუდადოვის, კანკავას, ნიკოლოზის, ფშავის, პლატონის, ოცდაექვსი მაისის, ტურგენევის, ივანე ჯავახიშვილის, ლაღიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ვანო სარაჯიშვილის, ბარათაშვილის და ბროსეს ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • თბილისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა

    ავარია თბილისში-ვაშლიჯვარში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. დაშავებულებს დაბეჟილობები და მოტეხილობები აღენიშნებათ. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ,,ქართულ ოცნებას”- 20%, ,,ნაცმოძრაობას”- 13% მისცემდა ხმას – NDI

    ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას,13% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 8% – ევროპულ საქართველოს, 5% – ლეიბორისტულ პარტიას, 4% – პატრიოტთა ალიანსს, 3-3% – ახალ საქართველოს და ერთიან საქართველოს, ხოლო 2% – გირჩს.

    გამოკითხული ადამიანების 14% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას მისცემდა ხმას, უარს პასუხზე ასევე 14% ამბობს, 12%-მა კი არ იცის პასუხი.

    აღსანიშნავია, რომ NDI-მ კვლევა ახალი მეთოდით ჩაატარა. გამოკითხვისას რესპონდენტებს მისცა პლანშეტი და კითხვაზე პასუხი თავად მოანიშნინა.

    გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას გამოკითხულთა 65% მიიღებდა. მათგან 49%-ს გადაწყვეტილი აქვს ვის მისცემს ხმას, 48%-ს – არა.

    NDI-ის კვლევის მიხედვითვე (ახალი მეთოდით), გამოკითხულთა 20%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 13% – ენმ-ს, 7% – ევროპულ საქართველოს, 6% – ლეიბორისტულ პარტიას, 5% – პატრიოტთა ალიანსს, 4% – ახალ საქართველოს, 3% – ერთიან საქართველოს, 2% – გირჩს. 14% პასუხზე ამბობს უარს, ხოლო 6%-მა არ იცის, რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ახლოს.

    კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.