Category: არქივი

  • ბოლო დღე-ღამეში იტალიაში COVID 19-ით კიდევ 627 ადამიანი დაიღუპა, 6000-მდე დაინფიცირდა

    იტალიაში COVID 19-ით ბოლო 24 საათში 627 ადამიანი დაიღუპა, 5986 ადამიანს კი ვირუსი დაუდასტურდა. იტალიაში ვირუსის გავრცელების შემდეგ ასეთი მაღალი ლეტალობა და ინფიცირება არ დაფიქსირებულა.

    უახლესი მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 47 ათასზე მეტია, გარდაცვლილი კი 4032 ადამიანია.

    დაავადებული პაციენტებიდან 2655 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

    მთელ ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული და მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სახლიდან გამოსვლა ეკრძალებათ.

  • რა განჩინება მიიღო წმინდა სინოდმა კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ

    წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოველად მიუღებელია. ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს.

    სინოდის აზრით, COVID 19-ის გავრცელების მთავარი მიზეზია თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორება. 

    ,,ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას გულისხმობს. პირველ რიგში, გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები, მთავარი მიზეზი კი, თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა, განსაცდელები არ არის შემთხვევები არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი”,- წერია სინოდის განჩინებაში.

    წმინდა სინოდმა კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაცია გასცა.

    ,,ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გამოხმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება.

    ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით. რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს და თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფთ, ან ინფიცირებულს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება”,- ნათქვამია წმიდა სინოდის 20 მარტის განჩინებაში, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ წაიკითხა.

    სინოდი მოსახლეობას მოუწოდებს, სანამ ვირუსი გავრცელებულია, ყოველდღე ლოცვები წაიკითხონ.

    ნათქვამია წმიდა სინოდის 20 მარტის განჩინებაში, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ წაიკითხა.
  • დღეს ისეთი ტიპის კრიზისთან ვართ ახლოს, რაც შეიძლება 100 წელიწადში ერთხელ ხდებოდეს- მაჭავარიანი

    ფინანსთა მინისტრი, ვანო მაჭავარიანის თქმით, დღეს საქართველო და მსოფლიოს ეკონომიკური სისტემა ისეთი კრიზისის წინაშეა, რაც 100 წელიწადში ერთხელ ხდება.

    ,,მესმის, რომ ეს მტკივნეული თემაა, მაგრამ დღეს ვართ ისეთი ტიპის კრიზისთან ახლოს და ისეთი ეკონომიკური პრობლემების წინაშეა გლობალურად მთელი მსოფლიო, რაც შეიძლება ას წელიწადში ერთხელ ხდებოდეს, შესაბამისად ახლა გვმართებს, რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ გამოსავალი და გასაღები ამისა არის ეპიდემიის ლოკალიზებაში, რომ ეკონომიკამ ხელახლა იფუნქციონიროს”,- ამბობს ვაჭავარიანი.

    ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ლარის კურსი ეკონომიკურ მოვლენებს ასახავს, ამიტომ ცალკე მისი მართვის და მოწესრიგების ღონისძიებები არ არსებობს. მისი თქმით, ლარის კურსი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად დაუბრუნდება ეკონომიკა ჩვეულ განვითარებას.

    ,,მოგეხსენებათ, ლარის კურსი ყოველთვის იყო და ასახავდა ქვეყანში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, სპეკულაციები შეიძლება იყოს მოკლე ვადაში, მაგრამ გრძელ ვადაში ასახავს იმ ეკონომიკურ მოვლენებს, რაც ქვეყანაშია და შესაბამისად, დღესაც ამის ანარეკლია, ამიტომ აქ ცალკე განყენებული ლარის კურსის მართვის და მოწესრიგების ღონისძიებები არ არსებობს”,- თქვა ვანო მაჭავარიანმა ბრიფინგზე.

    20 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.1 თეთრით, ევროსთან კი 1.2 თეთრით გაუფასურდა.

    ახალი კურსით ერთი აშშ დოლარი 3.1880 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.4230 ლარი.

  • სინოდს ეჭვი არ შეაქვს იმაში, რომ საერთო კოვზით ზიარებით შეიძლება ვინმეს ინფექცია გადაედოს – მეუფე ნიკოლოზი

    სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა , მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ზიარების წესზე ეკლესია იმავე აზრზე დარჩა და ამ მხრივ ცვლილებებს არ განიხილავს. 

    ,,მე პირადად ასე მიმაჩნია და წმინდა სინოდში არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ საერთო კოვზით ზიარებით შეიძლება ინფექცია გადაედოს ვინმეს ეს არის ყოვლად გამორიცხული. შესაბამისად, ამას რაც შეეხება არავითარი ცვლილება არ შეიძლება, რომ იყოს”, — თქვა მეუფემ.

    მისი თქმით, გასცემენ რეკომენდაციებს, რომ ყველა ტაძართან მსახურება გახმოვანდეს, რათა არ იყოს სიმჭიდროვე ტაძარში და მორწმუნეებმა ეზოდანაც შეძლონ მოსმენა.

    სინოდის სხდომა დღეს 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

    თავდაპირველად საპატრიარქოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეივცლებოდა. თუმცა, მოგვიანებით სასულიერო პირების ნაწილმა განაცხადა, რომ არ ღირდა ადამიანების სიცოცხლით გარისკვა. რამდენიმე დღის წინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება და რეკომენდაციები მოქალაქეებისთვის. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაშვებულია ზიარებისას ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება, თუმცა საუბარია იმაზე, რომ  “ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.“

  • “არ გადასდო და არ გადაგედება”- მეუფე ნიკოლოზი

    “მე შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს: არ გადასდო და არ გადაგედება.” –  ეს განცხადება მეუფე ნიკოლოზმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

    “მთავარი რაც მინდა გითხრათ, მე სინოდზე პირადად განვაცხადე ეს და მინდა მოვუწოდო მრევლს და ყველა დამიანს, მე შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს: არ გადასდო და არ გადაგედება. ჩვენ გვეშინია იმისი კი არა რომ არ გადაგვედოს, ჩვენ გვეშინია იმისი, რომ არ გადავდოთ. მეც შეიძლება ახლა დაინფიცირებული ვიყო, ამას ვერავინ ვერ იტყვის.

    ჩვენ ყველა რეკომენდაციას გავითავლისწინებთ, ერთადერთი რასაც ვერ გავითვალისიწინებთ და არც არსებობს ასეთი რეკომენდაცია, რომ ეჭვი ვერ შევიტანოთ საიდუმლოების მადმოსილებაში და მისტიურ კავშირში ღმერთთან”- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შექმნილ სპეციალურ საიტზე Stop.cov.ge-ზეა ასახული.

  • ტაძრებთან მსახურებას გავახმოვანებთ, რომ არ იყოს სიმჭიდროვე- მეუფე ნიკოლოზი

    ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ეკლესიას ექნება რეკომენდაცია, რომ ყველა ტაძართან მსახურება გახმოვანდეს, რათა სიმჭიდროვე არ იყოს და მორწმუნეებმა ეზოდანაც შეძლონ მოსმენა.

    მისი თქმით, წმინდა სინოდს არ შეაქვს ეჭვი იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით ვინმეს ინფექცია გადაედება.

    ,,მე მიმაჩნია და წმინდა სინოდში არავითარი აზრთასხვადასხვა არ არის. ეჭვი შეტანა, რომ ზიარების საერთო კოვზით ვინმეს შეიძლება ინფექცია გადაედოს, ეს არის ყოვლად გამორიცხული. შესაბამისად ამას რაც შეეხება არავითარი ცვლილება არ იქნება”,- ამბობს მეუფე.

    სინოდის სხდომა, რომელიც 7 საათი გრძელდებოდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ცოტა ხანში სინოდის საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება .

  • ინკასო ტვ პირველის გარდა მთავარ არხსაც დაედო

    საგადასახადო ინკასო მთავარ არხსაც დაედო. ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ფეისბუქზე წერს:

    “მაშინ როდესაც ბიზნესი კრიზისშია, შესაბამისად ვერც ტელევიზიებს ურიცხავს სარეკლამო მომსახურების თანხას, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მედიის მუშაობაა არა საჭირო და ინკასო დაადო ორ ტელევიზიას, მთავარ არხს და ტვ პირველს.“ –ამბობს მელაძე.

    ცოტა ხნის წინ ტელეკომპანიის ანგარიშებზე ინკასოს დადების შესახებ ტვ პირველის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმაც განაცხადა.

  • საფინანსო სერვისები საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შეიზღუდება- ეროვნული ბანკი

    საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საფინანსო სექტორი მომსახურების სრული სპექტრის მიწოდებას აგრძელებს დაწესებული შეზღუდვების პირობებში და გააგრძელებს მაშინაც, თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

    ,,საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები. ეს სერვისები არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება”,- წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

    ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებლობის გარეშე სახლიდან გამოსვლას მოერიდონ და მიმართონ ინტერნეტ გადახდის სერვისებს.

    ეროვნული ბანკი საფინანსო ინსტიტუტებს ურჩევს, მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის ცენტრებში ფიზიკური კონტაქტი მომსახურე პერსონალსა და კლიენტებს შორის ან უზრუნველყონ რიგში მომხმარებელთა შორის დისტანციის დაცვა.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, საბანკო და საფოსტო გზავნილების ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, უნდა დაიკეტოს. პრემიერის თქმით, ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.

  • “გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის ! “–ვატო წერეთელი. ტვ პირველს ინკასო დაადეს

    ტელეკომპანია პირველის ანგარიშებს ინკასო დაედო. ამის შესახებ არხის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ფეისბუქზე წერს:

    “არსებობს რაღაც, რასაც ალბათ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს !
    მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის !
    მაშინ, როცა ბიზნესს წარმოუდგენელი გამოწვევები აქვს !
    მაშინ, როცა არავინ იცის, რა ელოდება ამ ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას !
    მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რომ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდონ. ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი !
    მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია !
    ტელეკომპანია ,,პირველს” ისევ ინკასო დაადეს !
    გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის !
    ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია !
    გავიმეორებ : ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ !!!“– წერს წერეთელი.

    შეგახსენებთ, რომ ინკასო ტელეკომპანია პირველისა და ტელეკომპანია კავკასიის ანგარიშებს გასული წლის დეკემბრის ბოლოსაც დაედო. მაშინ ტელეკომპანიების ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ დაუშვებელია ინკასო დაადო დამუკიდებელი ტელეკომპანიების ანგარიშებს მცირე დავალიანების გამო, როცა სამ სამთავრობო ტელეარხს: იმედს, რუსთავს და მაესტროს 55 მილიონი ლარის საბიუჯეტო დავალიანება აქვთ. ტელეკომპანიები ყველა მაუწყებლის თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას მოითხოვდნენ.  თუმცა, ფინანსთა სამინისტრომ ამ არხებს პოზიცია არ გაითვალისწინა. 

    ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავი2–ს 28 მილიონი, იმედს 19 მილიონი, მაესტროს კი 8 მილიონი საბიუჯეტო დავალიანება აქვთ, გასული წლის აგვისტოში გახდა ცნობილი. ფინანსთა მინისტრი ამბობდა, რომ მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება დავალიანების გრაფიკის შედგენის შესახებ, რომელიც იმგვარად უნდა შედგეს, რომ არხების მუშაობა არ შეფერხდეს. ამ დრომდე ამ არხებთან საბიუჯეტო დავალიანების ამოღების შესახებ შეთანხმების თაობაზე არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ მათ ვალის ხუთწლიან რესტრუქტურიზაციას უკეთებენ.