Category: არქივი

  • 5 პროდუქტი ანტისეპტიკური თვისებებით

    იცით თუ არა რომ არსებობენ ბუნებრივი ანტისეპტიკები? ეს არის კვების პროდუქტები, რომლებიც გლიკოზიდებს, ტანინებს ან ფიტონჯიდებს შეიცავენ. მათი დახმარებით პროდუქტები ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას იძენენ და მიკროორგანიზმების ზრდას აფერხებენ.

    რუკოლა

    რუკოლა ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანი არ არის რაც ცნობილია, თუმცა უკვე პოპულარული გახდა. ის წელიწადის ნებისმიერ დროს იყიდება. ოდნავ მწარე გემოს ბალახი ფიტონციდებს, გლიკოზიდებს და ეთერზეთებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება. რუკოლათი შეიძლება სხვადასხვა სალათი მოამზადოთ. რუკოლას სალათი სხვადასხვა კერძებს უხდება, მათ შორის ხორცის და თევზის კერძებს.

    ანანასი


    ეს ეგზოტიკური ხილი გარდა ვიტამინებისა შემკვრელ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს მიკროორგანიზმებთან გამკლავებაში ეხმარება. გარდა ამისა, ანანასი შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს, რომელიც ცილების გადამუშავებას უწყობს ხელს. კარგი იქნება, თუ ანანასს თქვენს რაციონში ხანდახან მაინც ჩართავთ. ის შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ, ან სალათებში გამოიყენოთ. თუმცა, ფრთხილად იყავით, რადგან ანანასმა შეიძლება ანტიბიოტიკების მოქმედება გააძლიეროს.

    დარიჩინი

    დარიჩინი არა მხოლოდ კერძებს გემოს და სურნელს აძლევს, არამედ ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებაც აქვს. ეს კი ეთერზეთის – ევგენოლის ხარჯზე ხდება. როგორც წესი, დარიჩინს ცომეულში ხმარობენ, ან ყავას ამატებენ. მთავარია ნამდვილი დარიჩინი სუროგატში არ აგერიოთ.მსოფლიოში ორი სახის დარიჩინი არსებობს – ცეილონური და კასია. ცეილონურ დარიჩინს სასარგებლო თვისებები აქვს და ძვირიც ღირს. კასიას კი, რომელსაც მაღაზიაში ხშირად როგორც დარიჩინს ისე ყიდიან, არათუ ანტიბაქტერიული თვისებები არ აქვს, არამედ საკმაოდ ტოქსიკურიც არის და სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.

    ლიმონი


    გაციებისას ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონი ხშირად პირველ რიგში გვახსენდება. ეს ტყუილად არ ხდება. ლიმონის კანი ფიტონციდებს შეიცავს, რის გამოც ის თავისი ანტისეპტიკური მოქმედებით გამოირჩევა: ანადგურებს მიკრობებს და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. გარდა ამისა, ლიმონი ვიტამინების ნამდვილი საბადოა (С, А B1, B2, D, P). გაითვალისწინეთ, რომ ლიმონი ადუღებულ წყალში სასარგებლო თვისებებს კარგავს. ამიტომ ნუ ჩააგდებთ ახლად წამოდუღებულ წყალში. დაელოდეთ სანამ ოდნავ გაგრილდება.

    ხახვი


    ხახვი სერიოზულ კონკურენციას უწევს ნიორს, როცა საქმე ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან დაცვას ეხება. ის შეიცავს ბუნებრივ ანტისეპტიკებს – ფიტონციტებს. მკვეთრი გემოს მქონე ბოსტნეული პათოგენურ მიკროორგანიზმებს კლავს, იმუნიტეტს ამაღლებს და სისხლის გაწმენდას უწყობს ხელს. საკვებში ხახის გამოყენება არა მხოლოდ გემოს აძლევს მას, არამედ ორგანიზმს ვირუსებთან და მიკრობებთან, მათ შორის სტეპტოკოკებთან ბრძოლაში ეხმარება.

  • რა განჩინება მიიღო წმინდა სინოდმა კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ

    რა განჩინება მიიღო წმინდა სინოდმა კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ

    წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოველად მიუღებელია. ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს.

    სინოდის აზრით, COVID 19-ის გავრცელების მთავარი მიზეზია თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორება.

    ,,ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას გულისხმობს. პირველ რიგში, გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები, მთავარი მიზეზი კი, თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა, განსაცდელები არ არის შემთხვევები არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი”,- წერია სინოდის განჩინებაში.

    წმინდა სინოდმა კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაცია გასცა.

    ,,ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გამოხმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება.

    ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით. რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს და თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფთ, ან ინფიცირებულს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება”,- ნათქვამია წმიდა სინოდის 20 მარტის განჩინებაში, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ წაიკითხა.

    სინოდი მოსახლეობას მოუწოდებს, სანამ ვირუსი გავრცელებულია, ყოველდღე ლოცვები წაიკითხონ.

  • “ზიარების მერე ყველა კარანტინში წადით” – ანიტა რაჭველიშვილი

    ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში სინოდის განცხადებას ეხმაურება და მოსახლეობას და მთავრობას მოუწოდებს, ზიარების შენდეგ ყველა კარანტინში გადაიყვანონ.

    “ძალიან გთხოვთ ცოტა მეტ სიფრთხილეს მოუხმოთ და თუ ზიარებაზე აპირებთ წასვლას და მართლაც ყველას ნაპირალი კოვზით ეზიარებით,ზიარების შემდგომ ყველა კარანტინში წადით პირდაპირ რომ ჩინეთი და იტალია საქართველოში არ განმეორდეს!

    საქართველოს მთავრობა მოგიწოდებთ რომ ზიარების მერე გადაიყვანოთ ყველა სავალდებულო კარანტინში!

    შეგახსენებთ რომ 627 ადამიანი გარდაიცვალა
    ბოლო 24 საათში იტალიაში(ჯამში 4000 ზე მეტი ადამიანი) და ეს ყველაფერი იმიტომ რომ არ დაიცვეს რეგულაციები და სახელმჭიფოს თუ ექიმების რჩევები ჰიგიენასა და კარანტინზე!

    ცოტა ადეკვატურობა არ გვაწყენდა პანიკის გარეშე!”- წერს ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოველად მიუღებელია. ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს

  • 3 ადამიანი, რომლებსაც ინფიცირებულ ჩეხებთან ურთიერთობა ჰქონდათ, კარანტინში იძულებით გადაიყვანეს

    „სამი ადამიანი, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით დაინფიცირებულ ჩეხ ტურისტებთან, თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო, კარანტინში იმყოფებიან. ერთ-ერთმა სამარშრუტო ტაქსითაც იმგზავრა მლეთა-თბილისის მიმართულებით“ – განაცხადა  სასტუმრო „გეოგრაფის“ თანამშრომელმა. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. 

    „სამმა ქალბატონმა, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულ ჩეხ ტურისტებთან პირდაპირ შემხებლობაში იყვნენ, თვითიზოლაციის რეჟიმი დაარღვიეს და საპატრულო სამსახურმა ისინი კარანტინში გადაიყვანა. სამივე სასტუმრო „გეოგრაფში“ დამლაგებლებად მუშაობდა, დაავადებული ტურისტებიც სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ. ორი ქალბატონი სოფელში გადაადგილდებოდა, სახლებში თითქმის არ ჩერდებოდნენ. მესამე კი, მლეთიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსით ჩამოვიდა და ის დიდუბის ავტოსადგურში პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ეკიპირებულმა ეკიპაჟმა იძულებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანა.

    ძალიან სამწუხაროა ასეთი უპასუხისმგებლობა. ჩეხები გაგვიფრთხილდნენ, მათი დიაგნოზის გაგებისთანავე ჩეხეთიდან სასტუმრო „გეორგრაფს“ და რესტორან „მთვრალ ალუბალს“ აცნობეს ინფიცირების შესახებ და გვთხოვეს, თავს გაუფრთხილდით, სასწრაფო ზომები მიიღეთ, დახურეთ ობიექტებიო. ესენი კი, თავიანთ ოჯახის წევრებსაც კი არ უფრთხილდებიან. ჯერ საინკუბაციო პერიოდიც კი არ გასულა და თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ“ – ამბობს ადგილობრივი.

  • ლარსიდან დატვირთული მანქანები დაიძრა, შესაბამისად, სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ გვაქვს – ლევან დავითაშვილი

    „ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციაში ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა. გარკვეული პროდუქტების მოწოდებაში გვქონდა წყვეტა უამინდობის გამო. ფოთში გემების დაცლა ვერ მოხდა, ხოლო ლარსზე ვერ ხდებოდა გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების გამო.

    მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის მიმართულებით კოორდინაციის კუთხით. ასევე, მთის კურორტების კომპანიას, რომელიც მოგვეხმარა ზვავების ჩამოშლის პროცესში და, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტს. ჩვენ არაორდინალური გადაწყვეტილებები მივიღეთ. ექსტრემალურ პირობებში, ოპერატიულად მოხდა გზის გაწმენდა, რათა სურსათით მომარაგებაში არ ყოფილიყო დეფიციტი.

    ლარსიდან მანქანები უკვე დაიძრა, შესაბამისად, სურსათის მომარაგების კუთხით არ არის შეფერხება. მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად, ყოველ დღე ვხვდები საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტებისა და ქსელების წარმომადგენლებს, იმპორტიორებს და ადგილობრივ მწარმოებლებს, რათა არ გვქონდეს სურსათის დეფიციტი და ფასები არ გაიზარდოს პანიკის გამო და არ დაფიქსირდეს სპეკულაციური ტრანზაქციები.

    ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს კომპენსაციის სქემის შემოღება, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მარაგების შექმნას, არამალფუჭებადი პროდუქტების შემოტანას, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ასეთ პერიოდებში და, მეორე მხრივ, არსებული ფასების შენარჩუნებას”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

  • საქართველოში კორონავირუსის ერთჯერადი ტესტების შემოტანა ხელოვნურად ფერხდება- სააკაშვილი

    საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, კორონავირუსის ერთჯერადი ტესტები ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს უპრობლემოდ შეაქვს ქვეყანაში, საქართველოში კი ეს პროცესი ხელოვნურად ფერხდება.

    ,,რაც შეეხება ერთჯერად ტესტებს. ერთჯერადი ტესტების შემოტანა ხდება დიდი რაოდენობით ახლა ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინამ შემოიტანა საკმარისზე მეტი ჩინეთიდან. პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს საშუალება უპრობლემოდ შემოიტანოს ტესტები ჩინეთიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან. ის რაც ხდება საქართველოში, ჩემი აზრით სრულიად ხელოვნური შეფერხებაა”,- წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი.

    ის იმედოვნებს, რომ შეფერხება იმიტომ არ ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღეში შემოიტანოს და ხალხს დაურიგოს უფასოდ. სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, დროზე შემოიტანონ ტესტები საქართველოშ.

    ,,იმედია ეს იმისთვის არ ხდება, რომ ივანიშვილი გამოხტეს უახლოს ორ-სამ დღეში და თქვას რომ ის შემოიტანს ამ ტესტებს და უფასოდ დაურიგებს ხალხს…იმიტომ, რომ ეს ძველი “ტრიუკია”, ბიუჯეტიდან ფული გადაქაჩო საკუთარ ჯიბეში და მერე ყველაფერი შენს თავზე მიიწერო, როდესაც
    აღმოჩნდება რომ ბიუჯეტს არ აქვს ელემენტარული ფული. ტყუილად გონია ვინმეს, რომ ჩვენი ხალხი ამას გადაყლაპავს!

    ადამიანების ჯანმრთელობაა ახლა მთავარი და პოლიტიკური ტრიუკების დრო არ არის… უნდა მორჩეს ეს ჯამბაზობა და დროზე დაურიგონ ხალხს ტესტები, როგორც ეს კეთდება იმავე უკრაინაში, სადაც ბევრად უფრო სუსტი სისტემაა, ვიდრე მე დავტოვე საქართველოში”,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

  • “ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთში ან ირანში კორონავირუსის გავრცელების მიზეზი კოვზი გახდა” – ჯაღმაიძე

    დღეს,  სინოდმა განაჩინა, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება. მათი თქმით, ეკლესიის წევრისთვის ზიარების საიდუმლოს არსში დაეჭვება, ყოვლად მიუღებელია. გარდა ამისა, მათი თქმით, ყველა საეკლესიო ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება და აღდგომის წირვაც არ გაუქმდება.

    “ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ან ჩინეთში, ან ირანში, ან იტალიაში, სწორედ კოვზი გახდა ვირუსის გავრცელების მიზეზი. ამიტომ დაველოდოთ ვითარება როგორ განვითარდება, შევხედოთ”, — ასე უპასუხა საპატიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ კითხვას, აიღებს თუ არა ეკლესია პასუხისმგებლობას იმაზე, რომ კორონავირუსი საერთო კოვზით ზიარებისას გავრცელდეს.

  • “სადეზინფექციო გელს თუ ხშირად არ ვიზილავ, ლომკა მეწყება”- სტეფანე

    ეპიდემიურ პერიოდში ექიმების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ზედმიწევნით ასრულებს.  როგორც სოციალურ ქსელში წერს, მუსიკოსი ახლა სახლში ზის და “ფეიქბუქზე”  პოსტებით  ირთობს თავს.

    „სახლში ვზივარ და არ გავდივარ, მაგრამ სადეზინფექციო გელს თუ ხშირად არ ვიზილავ, ლომკა მეწყება“ – წერს სტეფანე მღებრიშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • მადლობა კორონას, უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა- ემზარ კვიციანი სინოდის განჩინებაზე

    ,,პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატი, ემზარ კვიციანი წმინდა სინოდის განჩინებას აფასებს და კორონავირუსს მადლობას უხდის, რადგან ,,,უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა”.

    მისი თქმით, COVID 19-მა ბევრი სიკეთე მოიტანა, ემიგრანტები სამშობლოში დააბრუნა და გლობალიზაცია შეაჩერა.

    ,,ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა, მადლობა ჩემს გამჩენს, რომელმაც ქართველად, მართლმადიდებლად გამაჩინა! მადლობა კორონას, უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა და უამრავი სიკეთე მოგვიტანა, ემიგრანტი დედები უბრუნდებიან შვილებს, სოფლად მიტოვებული სახლებში 80% დაბრუნდა, გლობალიზაცია, უსაზღვრო ლიბერალიზმი შეაჩერა. ქართველებს დაუბრუნდათ ქართველებისადმი პატივისცემა. მე პირადად აწი რომც შემეყაროს კორონა , მაინც სამადლობელს ვიტყვი კორონას მიმართ.”მადლობა ჩემო მტერო კორონა საკმარისად სიკეთე გვიყავ, აწი წადი მშვიდობით სხვაგან, დანარჩენ მსოფლიოში დაამყარე წესრიგი, ჩვენ გამოვსწორდით! დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის!!!”,- წერს კვიციანი სოციალურ ქსელში.

    ის რუს ოკუპანტებს მოუწოდებს, მოუსმინონ საკუთარ წმინდანს და საქართველოსთან დაპირისპირება შეაჩერონ.

    ,,ჩემო აფხაზო ძმებო და დებო, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ ერთმანეთს, ჩემო ოსებო, ჩავთვალოთ რომ ემიგრაციაში ვიმყოფებით ერთმანეთისგან და დავბრუნდეთ სახლში, ჩვენ ერთნი ვართ! ჩემო რუსო ოკუპანტებო, მოუსმინეთ თქვენს წმინდანს, სერაფიმ საროველს და შეაჩერეთ ჩვენთან დაპირისპირება! ნუ შეუშლით რუს, აფხაზ და ოს ხალხს ქართველებთან მეგობრობაში ხელს, მარიამ ღვთისშობელი შეგეწევათ ამ მძიმე სნეულებასთან ბრძოლაში. უფალს ებარებოდეთ!!! “,- ამბობს ემზარ კვიციანი.

    სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ზიარების წესი უცვლელი რჩება.

  • ინკასო ტელევიზიებს ავტომატურად დაედოთ, ისინი გამონაკლისები არ არიან- მაჭავარიანი

    ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი მთავარი არხისა და ტელეკომპანია პირველის ანგარიშებზე ინკასოს დადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მათ ინკასო ავტომატურად დაედოთ და გამონაკლისები არ არიან.

    ,,სხვა ყველა დანარჩენი სფერო ჩვეულებრივად, ავტომატურად ფუნქციონირებს და შესაბამისად, ინკასოს დადებაც ავტომატურად ხდება. ამიტომ, ტელევიზია ან ნებისმიერი სხვა კომპანია გამონაკლისს არ წარმოადგენს.” – ამბობს მაჭავარიანი.

    მისი განმარტებით, კრიზისის დროს მთავრობამ შეღავათები შესთავაზა მხოლოდ იმ სექტორს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდებოდა, სხვა სექტორებზე კი ეს არ ვრცელდება.

    დღეს, 20 მარტს ინკასოს დადების შესახებ განაცხადეს ,,ტელეკომპანია პირველმა” და ,,მთავარმა არხმა”.