Category: არქივი

  • მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს- კელი დეგნანი

    აშშ-ს ახალმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფიცის დადებისას სიტყვა წარმოთქვა. მან აშშ-ში საქართველოს ელჩთან, დავით ბაქრაძესთან სტუმრობა გაიხსენა, სადაც მისი თქმით, ქართული სტუმართმოყვარეობა შეიგრძნო.

    ,,მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს. დიდი მადლობა, დავით”,- ამბობს დეგნანი.

    მან ქართულ სამზარეულოზე, აშშ- საქართველოს ურთიერთობებზე და სხვა მრავალ საკითხზე ისაუბრა. ახალი ელჩის თქმით, საქართველოში აქცენტი კანონების აღსრულებაზეა, რომ გარანტირებული იყოს სამართლიანობა.

    ,,ამჟამად აქცენტი სისტემებისა და კანონების განხორციელებასა და აღსრულებაზეა, რათა გარანტირებული იყოს თანასწორობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა.
    წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია,”-აღნიშნავს კელი დეგნანი.

    დეგნანი ქალებს ბევრი შრომისკენ და ღირებულებების ერთგულებისკენ მოუწოდა.

    ,,აქ მყოფი ახალგაზრდა ქალებისა და კაცების, განსაკუთრებით ქალების გასაგონად ვიტყვი. მე მოგიწოდებთ, იმუშაოთ ბევრი იმისთვის, რისიც გწამთ და იყოთ ერთგული ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისა: გულწრფელობის, პატიოსნების და ქვეყნის მსახურების. ეს გაგაძლიერებთ. ეს არის ის, რამაც გახადა ამერიკა ძლიერი და რითიც გაგრძელდება ამერიკის ლიდერობის აღმავლობა მთელ მსოფლიოში”,- განაცხადა აშშ-ს ახალი ელჩმა საქართველოში.

    მან ფიცი დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტმენტში დადო. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოვა ელჩი საქართველოში, მის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

  • “ხელები შემიკრა, მკოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს მაიძულებდა” – 29 წლის კაცს 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 6 წელი მიუსაჯეს

    ხელვაჩაურში მცხოვრები 29 წლის კაცს 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 6 წელი მიუსაჯეს. ახალგაზრდას არასრულწლოვნის გაუპატიურებასაც ედავებოდა ბრალად, თუმცა ეს სასამართლომ არ დაადასტურა.

    საქმის მასალების თანახმად, შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა.

    დაზარალებული გოგოს ჩვენებით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა. მიკროავტობუსი ჭოროხის სანაპიროზე გაჩერდა და ბიჭი მანქანიდან გარეთ აღარ უშვებდა, კოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. მოგვიანებით, გოგოს ხელები ბრალდებულმა მანქანის ღვედით შეუკრა. გოგომ სახლში დაბრუნება დილის 6 საათზე შეძლო. მას მშობლები ეძებდნენ და პოლიციისთვის უკვე მიმართული ჰქონდათ.

    საქმის მასალების თანახმად ბრალდებულს საკუთარ მობილურ ტელეფონში 15 წლის გოგოსთან კოცნა ვიდეოთი ჰქონდა გადაღებული.

    ბრალდებულმა დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ გოგოს მოეფერა, მაგრამ ეს მისი თანხმობით გააკეთა და ვიდეოც მისი თანხმობით გადაიღო. ბრალდებული ირწმუნება, რომ არ იცოდა, თუ გოგო 16 წლის არ იყო.

  • “საკუთარ თავზე რომ გეტირება, ასეთი განცხადება იყო” – ლევან გოგიჩაიშვილი გახარიაზე

    „საკუთარ თავზე რომ გეტირება, ასეთი განცხადება იყო“,- ასე ეხმაურება ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერის განცხადებას საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.

    „ოფიციალურად მას უკავია პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, მაგრამ ქვეყნის გადაწყვეტილებებში მონაწილეობას ვერ იღებს. გიორგი გახარიას ეს ამბები აწუხებს. საკუთარ თავზე რომ გეტირება, ასეთი განცხადება გააკეთა. მე მახსოვს, როდესაც მოვიდა პარლამენტში, მას ვუთხარი, რომ შენ იქნები პრემიერ-მინისტრი, რომელიც საკუთარი ფუნქციას ვერ განახორციელებს-თქო. როდესაც გახარია მინისტრებს დავალებებს აძლევს, მეორე ხაზზე ბიძინა ივანიშვილი იძლევა დავალებებს.შეიძლება გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობა საერთოდ არ უნდოდა, შეიძლება მას გადადგომაც უნდოდა შსს-ის მინისტრობის დროს, მაგრამ უბრალოდ ის გუნდმა არ გაუშვა. საერთო გაგების მსხვერპლი გახადა“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

    დღეს გიორგი გახარიამ ჟურნლაისტებთან საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.

    ფინალს დაველოდოთ, გინდათ დაგასპოილეროთ? – გახარია შესაძლო გადაყენებაზე (ვიდეო)

  • არ ვუფრთხი სიტყვა რევოლუციას, გულწრფელად არ მსურს რევოლუციური სცენარი- გიგა ბოკერია

    ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის , გიგა ბოკერიას განცხადებით, ის სიტყვა რევოლუციის გამოყენებას არ უფრთხის, თუმცა რევოლოციური სცენარის კიდევ ერთხელ განვითარების სურვილი არ აქვს.

    ,,მე კი არ ვუფრთხი სიტყვა რევოლუციის გამოყენებას, გულწრფელად არ მსურს ეს როგორც მოქალაქეს, კიდევ ერთხელ რევოლუციური სცენარი”,- ამბობს ბოკერია.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ ხელისუფლება ამომრჩეველს არჩევნებს მოპარავს, როგორც 2003 წელს მოხდა, ეს რევოლუციას გამოიწვევს. თუმცა , მისივე აზრით, მთავრობა ამას ვერ შეძლებს.

    ,,გასაღები ასეთ დროს არის ხოლმე იმის ხელში, ვინც შეიძლება, ამომრჩეველს არჩევანი მოპაროს. თუ ამ გზით წავლენ, როგორც 2003 წელს გააკეთეს, როცა ოქმები გადააკეთეს – ანუ უბრალოდ ძალადობა და მოსყიდვა კი არ იყო, უსამართლო კონკურენცია კი არ იყო, არამედ სრულიად გადაატრიალეს არჩევნები, სადაც ძალაუფლების ბედი წყდებოდა, ეს იწვევს ხოლმე რევოლუციას. მე მგონია, ამას ვერ შეძლებენ. მაგრამ თუ იქამდე რეპრესიებს მიმართა (ივანიშვილმა), დაიჭირა ლიდერები, ასლან აბაშიძესავით ყველაფერი სცადა, არჩევნებითაც წააგებს და პოლიტიკურადაც ძალიან ტრაგიკული ბედი ექნება. რევოლუცია პლახატნიუკსაც არ დასჭირვებია, მაგრამ ნახეთ ახლა, სად არის”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

  • უკრაინის პრემიერ-მინისტრი სკანდალური ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა

    უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ალექსი გონჩარუკმა თანამდებობა დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება ინტერნეტში აუდიოჩანაწერების გამოაქვეყნების შემდეგ მიიღო, რომლებშიც სავარაუდოდ გონჩარუკის ხმა არის ჩაწერილი და ის პრეზიდენტ ზელენსკიზე ამბობს, რომ ეკონომიკაში პრიმიტიული გაგება აქვს.

    გონჩარუკის თქმით, ის თანამდებობას ტოვებს, რათა პრეზიდენტის პატივისცემასთან დაკავშირებული ეჭვები გააქარწყლოს.

    “მე ამ თანამდებობაზე პრეზიდენტის პროგრამის შესასრულებლად დავინიშნე. ის ჩემთვის ღიაობის და წესიერების მაგალითია. რათა გავაქარწყლოთ ნებისმიერი ეჭვი პრეზიდენტისადმი ჩვენი პატივისცემის და ნდობის თაობაზე, დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ და გადავეცი პრეზიდენტს”,- წერს პრემიერ-მინისტრი საკუთარ ,,ფეისბუქ” გვერდზე.

    უკრაინის მთავრობის პრესსამსახური ჩანაწერის ნაწილის ავთენტურობას არ ადასტურებს.

  • რუსეთის აგრესია მეზობლების მიმართ, თანამშრომლობისთვის დაბრკოლება არ არის- მაკრონი

    საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის აგრესია მისი მეზობლების მიმართ მასთან მჭიდრო თანამშრომლობის დასამყარებებლად ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის.

    16 იანვარს, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, მაკრონმა თავის გადაწყვეტილებას, გადახედოს რუსეთთან ურთიერთობას, დიდხნიანი განსჯის შედეგი უწოდა.

    “ეს გადაწყვეტილება დროთა განმავლობაში მოვიდა. ეს იყო ისტორიული და სტრატეგიული განსჯის შედეგი”,-განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

    კითხვაზე, როგორ აპირებს რუსეთთან ურთიერთობას, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან ომს აწარმოებს და არღვევს ,,საერთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას” მაკრონი პასუხობს, რომ ,,თუ გაყინული კონფლიქტების მოგვარებას დაელოდები, ლოდინი დიდხანს მოგიწევს”.

    “რუსეთმა უკრაინის ნაწილი დაიპყრო და ჩვენ მივიღეთ ზომები. ჩვენ ვცდილობთ გაყინული კონფლიქტების გადაჭრას, მაგრამ თუ ყველა გაყინული კონფლიქტის მოგვარებას დაელოდები იმისთვის, რომ წინ წახვიდე, ლოდინი დიდხანს მოგიწევს”,- ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.

  • მედიკამენეტების პროგრამის დაფინანსებას 500%-ით გავზრდით- ლელო

    ლელო, არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, მედიკამენტების პროგრამის დაფინანსების 500%-ით გაზრდის პირობას დებს. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

    მისი თქმით, სახელმწიფომ დაავადებების პრევენციაში უნდა ჩადოს ფული, ამიტომ პროფილაქტიკასა და პირველად ჯანდაცვაზე დაფინანსებაც გაიზრდება.

    ,,პრევენციაში უნდა ჩადოს სახელმწიომ დიდი ინვესტიცია, რომ ავირიდოთ მძიმე დაავადებები თავიდან, ამიტომ 100%-ით იქნება გაზრდილი პროფილაქტიკური და პირველადი ჯანდაცვის მომსახურება”,- განაცხადა ,,ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა.

    სასამართლო სხდომის დაწყებამდე პარტიის ლიდერები სასამართლოს ეზოში სხვადასხვა საკითხებზე პრეზენტაციებს მართავენ.

  • ფინალს დაველოდოთ, გინდათ დაგასპოილეროთ? – გახარია შესაძლო გადაყენებაზე (ვიდეო)

    “მოდით ფინალს დაველოდოთ, ნუ ჩქარობთ” – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  ჟურნალისტების შეკითხვას პოსტიდან მის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით. 

    “თქვენ ისე დაჟინებით მეკითხებით, “დაგასპოილეროთ” გინდათ? დაელოდეთ ფინალურ სერიას,”-განაცხადა გახარიამ.

  • ბათუმში ძაღლებმა შუა ხნის კაცი დაკბინეს

    ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლებმა მოქალაქე დაკბინეს. შუახნის კაცი ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორიაზე სეირნობდა, რა დროსაც მას ერთდროულად რამდენიმე ძაღლი თავს დაესხა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

    მამაკაცი აცხადებს, რომ  ცხოველების მოგიერიებაში ტურისტები დაეხმარნენ, შემდეგ კი პოლიციის დახმარებით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

    საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის მანძილზე კლინიკაში ძაღლების დაკბენით მოქალაქეების მიმართვიანობის შემთხვევები გაზრდილია.

    “აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, 25 დეკემბერს ბათუმის მერიამ უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 6 იანვარს ისე დასრულდა, რომ მასში მონაწილეობა არავის მიუღია. 

  • თბილისში თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი

    17 იანვარს თბილისში თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ინფორმაციას ამის შესახებ  გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი, იქროლებს ქარი აღმოსავლეთის მიმართულებით.

    სინოპტიკოსების პროგნოზით მომდევნო დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი იქნება.

    “ხვალისთვის დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ველოდებით უმეტესად უნალექო ამინდს. რაც შეეხება დაბლობის ტემპერატურას, გვექნება 8-13 გრადუსის ფარგლებში, მთაში 3-8, ხოლო მაღალ მთაში 0-5 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ველოდებით მცირე თოვლს და ნისლს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამის სიჩქარით. ტემპერატურა ბარში და მთაში 2-7 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში გვექნება ზოგად -5 გრადუსი ყინვა. რაც შეეხება დედაქალაქს, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. შესაძლებელია დილის საათებში მცირე თოვლჭყაპი და ნისლი, იქროლებს სამხრეთ აღმოსავლეთის ქარი. დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6 გრადუსს მიაღწევს. მომდევნო დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება,”-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.