Category: არქივი

  • ,,კორონავირუსით” მეოთხე ადამიანი დაუღუპა- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს

    ჩინეთში ,,კორონავირუსით” კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 89 წლის მოხუცი კაცი ვუჰანიში ცხოვრობდა, ქალაქში, საიდაც ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ოთხშაბათს, ჟენევაში საგანგებო შეხვედრას გამართავს. ორგანიზაცია განიხილავს, გამოცხადდეს თუ არა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული განსაკუთრებული მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე“, რაც , მაგალითად , ღორის გრიპზე ან ებოლაზე მოხდა.

    ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ უკვე დაადასტურა, რომ ,,კორონავირუსი” გადამდებია. ის პნევმონიის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება.

    ინფიცირების 291-მდე შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში. ქალაქ ვუჰანიდან მიმავალ მგზავრებს ჯანმრთელობის მდგომარეობას უმოწმებენ.

  • ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი არ ხართ, როცა ლანძღავენ- წულუკიანი სახალხო დამცველს

    ,,თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ მას და მის ოჯახს. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი”,- მიმართავს წულუკიანი ნინო ლომჯარიას.

    იუსტიციის მინისტრის თქმით, სახალხო დამცველს დააგვიანდა ანრი ოხანაშვილის მცირეწლოვანი შვილების დაცვა.
    ,,ახლახანს მოვისმინე, ისიც ცოტა დაგაგვიანდათ, ბატონი ანრის მცირეწლოვანი შვილები დაიცავით და როგორღაც გახდით მათი ომბუდსმენიც”,- ამბობს წულუკიანი.

    მისივე თქმით, არ არსებობს მაგალითი, როდესაც სახალხო დამცველმა პოლიციელი, დეპუტატი , მინისტრი ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცვა.

    ომბუდსმენმა , ნინო ლომჯარიამ, დღეს ანგარიში გამოქვეყნა, რომელშიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

  • ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის- წულუკიანი ნინო ლომჯარიაზე

    ,,ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის. 2018 წელს საპატიმრო დაწესებულებაში სულ 4-ჯერ იმყოფებოდა, 2019 წელს ქალბატონი ნინოს ჩვენთან მობრძანების და პატიმრებისთვის ხელის ჩამორთმევის რიცხვი არის 0″,- აცხადებს წულუკიანი.

    მისი თქმით, როცა პატიმრებს სახალხო დამცველთან შეხვედრა უნდათ, ის მათ არ ხვდება.

    ,,როდესაც პატიმარი ითხოვს პირადად ომბუდსმენთან შეხვედრას, ომბუდსმენი უნდა დადიოდეს ციხეში, დასანანია რომ ასე არ ხდება. საქმე გვაქვს იმასთან , რომ ომბუდსმენი ანგარიშში წერს იმას, რა ამბებიც სხვებს მიაქვთ მათთან”,- ამბობს იუსტიციის მინისტრი.

    მისივე თქმით, მოლოდინი ჰქონდა , რომ კრიმინალური სუბკულტურის გაჩენას ლომჯარია მის სახელთან დააკავშირებდა, მაგრამ მადლობელია, რომ ასე არ არის.

    ,,მოლოდინი მქონდა, რომ კრიმინალური სუბკულტურის გაჩენა ჩემს სახელთან იქნებოდა დაკავშირებული. მადლობა, რომ ანგარიშში ასე არ წერია.
    ხომ მაქვს უფლება მეგონოს, რომ თქვენ მე პიროვნულად მერჩით? მაგრამ ვიცი რომ ასე არ არის,”- აცხადებს თეა წულუკიანი.

    პარლამენტში სახალხო დამცველმა ანგარიში წარადგინა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პასუხობს.

  • ომბუდსმენი აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება

    სახალხო დამცველმა პარლამენტში ანგარიში წარადგინა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ანგარიშის მთავარი საკითხი იყო ციხეში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის არსებობა.

    ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ვიზიტებს ციხეებში წინ უძღოდა სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი, კვლევის საკითხების განსაზღვრა და მონიტორინგის ამოცანებთან მისადაგება.

    „დაწესებულებაში არსებული შიშისა და ანგარიშსწორების რისკის გათვალისწინებით, ჩვენ შევიმუშავეთ ინფორმაციის მოპოვების იმდაგვარი სტრატეგია, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფდა ობიექტური ინფორმაციის მიღებას, ხოლო მეორეს მხრივ პატიმრებს დაიცავდა სავარაუდო ანგარიშსწორების საფრთხისგან. სახალხო დამცველმა მიიღო ყველა ზომა, რათა ვიზიტის შემდგომ გადამოწმებულიყო, ხომ არ ჰქონდა დაწესებულების თანამშრომელთა ან პატიმართა მხრიდან ანგარიშსწორებას ან მუქარას ადგილი, იმ პატიმართა მიმართ, რომელთაგანაც მოვიპივეთ ინფორმაციები. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის შემდეგ პატიმრებზე ანგარიშსწორების ფაქტებს ან მუქარას ადგილი არ ქჰონია. ვაგრძელებთ დავკვირვებას ამ მიმართულებით.

    ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში ჯგუფური გასაუბრების დროს, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს საცხოვრებელ კორპუსში და ეზოში მსჯავრდებულთა გარკვეული ჯგუფი (სავარაუდოდ კრიმინალური სუბკულტურის მიმდევრები) დაჰყვებოდნენ, რომლებიც სხვა მსჯავრდებულებს გულახდილად საუბრის საშუალებას არ აძლევდნენ.

    მონიტორინგმა გამოავლინა, რომ თითოეული საკნის „საწევრო“ გადასახადის ეკვივალენტის ყავა და სიგარეტი ბარდება არაფორმალურ მმართველებს. ამის შემდგომ კი, პატიმრები სიგარეტს არა მაღაზიაში, არამედ „მაყურებლისგან“ ყიდულობენ. მათი ახლობლები თანხას რიცხავენ „მაყურებლების“ მიერ კონტროლირებულ საბანკო ანგარიშებზე ან სპეციალურად გახსნილ ტოტალიზატორის ანგარიშზე“ ,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

  • ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ტენდერი მალე გამოცხადდება- ნათია თურნავა

    ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი მალე შეცვლილი პირობებით გამოცხადდება.

    ,, ის იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ პროექტთან მიმართებაში. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენი ჩართულობით გადახედავს პირობებს, რადგან პირობებმა 2017 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი მოდიფიკაცია განიცადა ინვესტორის სასარგებლოდ. ვფიქრობთ, ეს ტენდერი წარმატებული იქნება”, – ამბობს მინისტრი.

    თურნავა კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტას კიდევ ერთხელ განმარტავს და ამბობს, კონსორციუმს 7-ჯერ გაუგრძელდა ვალდებულებების შესრულების ვადა და რადგან მათ ვერ მოახერხეს პორტის მშენებლობა, ხელშეკრულების გაწყვეტა ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

    „როგორც იცით, ჩვენ მთავრობის გადაწყვეტილებით შევწყვიტეთ ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან; ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც წლების განმავლობაში ჯამში 7-ჯერ გაუგრძელდა კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა და ამის მიუხედავად მაინც ვერ მოახერხეს, რომ დროულად დაეწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა და შეეკრათ დაფინანსება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკური იყო, რადგან ანაკლიის პორტის პროექტი ჩვენი პრიორიტეტია და ვერ დავუშვებთ კიდევ უფრო მეტ დაგვიანებას”,- განაცხადა ნათია თურნავამ და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მშენებელი კომპანია მალე გამოჩნდება.

  • „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში წლის საუკეთესო ფილმად დაასახელეს

    შვედეთში ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვებთ“ წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა.ამის შესახებ  ინფორმაციას  შვედური მედია ავრცელებს.

    The Guldbagge Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც სტოქჰოლმში ჩატარდა,  მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ჟიურიმ საუკეთესო მსახიობად აღიარა. 

  • სამეგრელოში პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტმენტის თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს.პირი წარსულში მრავალჯერ არის ნასამართლევი.

    დაკავებულს ბრალად პოლიციელზე თავდასხმის მცდელობა და ცეცხლსასროლის უკანონო შეძენა-შენახვა ედება, რაც 3-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გ.ქ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

    პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

  • სალომე ზურაბიშვილი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მეხუთე ფორუმს დაესწრება.

    პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან, კანადის გენერალ-გუბერნატორთან და ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან.

    „ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია „სიონის მეგობრები“, რომელიც 70 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საქართველოს სახელმწიფო მეთაურს, ქართველი ხალხის მხრიდან ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოსადმი მეგობრობისა და თანადგომისათვის „სიონის მეგობართა ორგანიზაციის“ უმაღლეს ჯილდოს გადასცემს. ორგანიზაციის ჯილდოები, რომლის პირველი თავმჯდომარე ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი იყო, მიღებული აქვთ აშშ-ის პრეზიდენტებს ჯორჯ ბუშს, დონალდ ტრამპსა და მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

    იერუსალიმსა და თელ ავივში სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან: შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრში, ისრაელის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, ასევე გამოცდილების გაზიარების მიზნით, შშმ პირთა, გასაჭირში ჩავარდნილი პირებისა და მოხუცთა დახმარების სწრაფი რეაგირების ორგანიზაციასთან „იად სარა“.

    საქართველოს პრეზიდენტი შიბას სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ონკოლოგიურ დეპარტამენტს ეწვევა და ასევე ისრაელის პოლიტიკაში, ბიზნესსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატებულ ქალებს შეხვდება.

    დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მსოფლიო ებრაული სააგენტოს – სოხნუთის თავმჯდომარესთან, იცხაკ (ბუჟი) ჰერცოგთან და იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქთან, თეოფილე მესამესთან.

    საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების პროგრამაში, პრეზიდენტის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კულტურული პროგრამა, რომლის ფარგლებში იგი რამდენიმე მუზეუმს ეწვევა.

    პრეზიდენტი ასევე შეხვდება ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სათვისტომოს წარმომადგენლებსა და ისრაელში დაბადებულ ქართველ ებრაელთა წარმატებული ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს.

    საქართველოს პრეზიდენტი, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კულტურის მინისტრთან და ქალაქ იერუსალიმის მერთან ერთად, იერუსალიმში საქართველოს საპატიო საკონსულოს ახალ ოფსის გახსნის.

    ისრაელში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება და 28 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

  • თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    “თელასის” ცნობით,სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო,დღეს, 21 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    „საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის, აფაქიძის და კვერნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალმასიანის, ბერბუკის და ასლანიდის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გუდამაყრის, კაჭრეთის, დომენტი ჟღენტის, გულრიფშის, ენისელის, ქართველიშვილის, ვასილ თამარაშვილის, რევაზ ურიდიას, კოდალოს, ლოტკინის, ზედაუბნის, კამალოვის, სამღერეთის, პიონერის, ლევან ქართლელიშვილის, კახიანის, სართანიას, ლადო მესხიშვილის, კიკნაძის, კურნატოვის, თამარაშვილის, მაღაროს, ეკლესიის, კობალაძის, ზედაზენის, კალიუჟინის, მიქატაძის, დობროლიუბოვის, ხიმშიაშვილის, მახალდიანის, ცოტნე დადიანის, ოლგა კონსკაიას, ხუდადოვის, თოფურიძის, სურგულაძის, ნოე ჩხიკვაძის, ეროსი მანჯგალაძის, ჩოხატაურის და ალილუევის ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნანეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ორთაჭალის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ჩინეთი ადასტურებს, რომ ,,კორონავირუსი” ადამიანიდან ადამიანზე გადადის

    ჩინეთი ადასტურებს, რომ დაფიქსირდა კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევა. ინფიცირებულთა შორის სამედიცინო მუშაკებიც არიან.

    20 ივნისის მონაცემებით, ინფიცირების 217-მდე შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში. CBS-ის ინფორმაციით, ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი.

    ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, აეროპორტში მგზავრებს გაფრენამდე სიცხეს უზომავენ და ფიზიკურ მდგომარეობას უმოწმებენ. ვუჰანიდან ჩასულ მგზავრებს ამოწმებენ სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესის და ნიუ-იორკის აეროპორტებშიც.

    ვირუსი ,,2019-nCoV” პირველად ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ის სავარაუდოდ ზღვის პროდუქტების ერთ-ერთ მარკეტში გაჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პათოგენი კორონავირუსების ოჯახს ეკუთვნის. ვირუსი პნევმონიის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება