Category: არქივი

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 22 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8877 ლარი ეღირება, ევრო – 3.2077 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7676 ლარი.

    21 იანვარის ოფიციალური კურსით კი ერთი ამერიკული დოლარი 2.8770 ლარი ღირდა, ევრო – 3.1892 ლარი, ფუნტი – 3.7369 ლარი.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 იანვარს შევა ძალაში.

  • “საკანში ვიზიტის ვიდეოს გამოქვეყნება წულუკიანის გადაყენების საფუძველია”- არასამთავრობოების განცხადება

    არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გაასაჯაროვა ვიდეო, რომელშიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლის სასჯელაღსრულების დაწესებულების საკანში, პატიმართან ვიზიტის დროს არის აღბეჭდილი.

    NGO-ები  აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.

    “პრევენციის ეროვნული მექანიზმი დღესდღეობით წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზმს, რომელსაც უფლება აქვს, სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდეს თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში და შეამოწმოს იქ განთავსებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. შესაბამისად, პრევენციის ეროვნული მექანიზმი ინფორმაციის ერთადერთი წყაროა დახურულ და მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.

    ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტების უფლებამოსილების განსაზღვრისას საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ეყრდნობა გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით განსაზღვრულ პრინციპებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, რომელიც საქართველომ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერით აიღო და რომელიც მოცემულია ოქმის მე-20 მუხლში, სწორედ თავისუფლებააღკვეთილი პირისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტის შეხვედრის კონფიდენციურობას შეეხება. ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, პრევენციის ეროვნული მექანიზმი უზრუნველყონ “მოწმეების გარეშე, პირადად ან თარჯიმნის დახმარებით, თავისუფლებააღკვეთილ პირებთან, ასევე ნებისმიერ იმ პირებთან კერძო საუბრის გამართვის შესაძლებლობით, რომლებსაც შეუძლიათ პრევენციის ეროვნული მექანიზმებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება”. ამავე მუხლში ნათქვამია, რომ მონიტორებს აქვთ “მოსანახულებელი ადგილების ან პირების საკუთარი შეხედულებისამებრ არჩევის უფლება”.

    საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ მე-19 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.“

    ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენელი გადაწყვეტს, პატიმარს გაესაუბროს ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ, აღნიშნული კადრების გასაჯაროება კატეგორიულად დაუშვებელია და უხეშად არღვევს ზემოთ მითითებულ პრინციპებს”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

    NGO-ები ასევე მიუთითებენ იმაზე, რომ ბოლო წლებში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის გაუარესებაზე არა მხოლოდ სახალხო დამცველი, არამედ წამების პრევენციის ეროვნული კომიტეტიც ალაპარაკდა.

    “კომიტეტის 2018 წლის ვიზიტის ამსახველ ანგარიშში მოცემულია უკიდურესად შემაშფოთებელი ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს შორის გახშირებული ძალადობის შემთხვევებსა და ე.წ. მაყურებლების გავლენაზე, რაც უდიდეს გავლენას ახდენს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გახშირებაზე, ასევე, სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოებისა და სახალხო დამცველისთვის, განხორციელებული ძალადობის თაობაზე მსხვერპლისა და თვითმხილველების მხრიდან ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით.

    ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროსთან ინტეგრირების შემდგომ, აღნიშნული უწყება საჯარო ინფორმაციას, უმეტეს შემთხვევაში, აღარ გასცემს, რის თაობაზეც პასუხისმგებლობა ასევე იუსტიციის ამჟამინდელ მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს ეკისრება. საჯარო ინფორმაციის სისტემატური გაუცემლობის თაობაზე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშში. აღნიშნულს ასევე ადასტურებს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ინტერესის სფეროსაც პენიტენციური სისტემა წარმოადგენს”, – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

    დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

    ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG)

    საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TIG)

    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

    კონსტიტუციის 42-ე მუხლი

    წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია”

    ადამიანის უფლებათა ცენტრი

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

    საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

  • ეს არის გზავნილი პატიმრებისთვის, რომ ხმა არ ამოიღონ- გია ხუხაშვილი წულუკიანის გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერებზე

    პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის თქმით, იუსტიციის მინისტრის მიერ ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების მიზეზი პატიმრებისთვის მესიჯის გაგზავნაა , რომ ხმა არ ამოიღონ, რადგან ყველაფერი იწერება.

    ,,როდესაც იუსტიციის მინისტრი ამ ვიზიტების ვიდეო-ჩანაწერებს აჩვენებს, ეს პირდაპირი გზავნილია პატიმრების მიმართ, რომ ხმა არ ამოიღონ, რადგან ყველაფერი იწერება და “პასუხი მოეთხოვებათ” ადმინისტრაციის და\ან მაყურებლების მხრიდან…”- წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

    პოლიტოლოგი სახალხო დამცველის ციხეში შესვლის მიზეზად ციხეში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღებას მიიჩნევს.

    ,,სახალხო დამცველის ციხეში შესვლის მთავარი მიზანი ალბათ პატიმრების მხრიდან ინფორმაციის მიღებაა შესაძლო პრობლემებზე ციხის ადმინისტრაციის და\ან “მაყურებლების” მხრიდან”,- ამბობს გია ხუხაშვილი.

    თეა წულუკიანმა კომიტეტის სხდომაზე გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სვამს ყავას და ჭამს პატიმრის შოკოლადს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

  • “ვარდიკო ნადიბაიძეც კი არ იყო ასეთი”- გვარამია თეა წულუკიანზე

    “ისეთი საბჭოთა საზიზღრობა, როგორიც თეა წულუკიანია, ამ ქვეყანაში არაფერი მახსენდება. ვარდიკო ნადიბაიძეც კი არ იყო ასეთი” – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი თეა წულუკიანის განცხადებებს.

    “ისეთი საბჭოთა საზიზღრობა, როგორიც თეა წულუკიანია, ამ ქვეყანაში არაფერი მახსენდება. ვარდიკო ნადიბაიძეც კი არ იყო ასეთი.ასე ბრუნდება საბჭოთა კავშირი ჩვენს სახლებში, ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს ქვეყანაში. და დროზე თუ არ მოვუღებთ ბოლოს ბიძინა ივანიშვილს – მთავარ საბჭოთა სიმბოლოს და საბჭოთა კავშირის მთავარ დამნერგავს რეგიონის ოდესღაც ყველაზე ლაღ და თავისუფალ ქვეყანაში, სამუდამოდ და შეუქცევადად წავალთ მოუსავლეთში.

    ps ერთპიროვნული, ხუთსახოვანი თუ ათასთვალიანი, გაუთავებლად იდაოს ყველამ (მასშტაბური ფიგურებიც იმისია, რომ მათზე იდაონ. აბა სწორხაზოვნად კარგი და ცუდი ისტორიამ არ იცის). თუმცა, არ მგონია საომარი მოქმედების გამოცხადებად ღირდეს გინდა ერთი, გინდა მეორე პოზიცია, ცოტა უხერხულიც კია თავისუფალი ხალხისთვის. მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, მარტო სააკაშვილის დროს იყო ეს ქვეყანა დასავლეთი და გაბუს მრავალწახნაგოვანი შინაგანი სამყაროს და თავისუფლების, ნიკას განათლების და შრომისმოყვარეობის უპატრონოდ რეალიზაციის, ნოდარს თავისი ნიჭის და კარიერის სხვისი ხელშეწყობის გარეშე თავბრუდამხვევად განვითარების და მრავალი სხვა ადამიანის მიერ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის მიღწევა, პირველ რიგში, ზუსტად ამ მიშას და ასევე მისი გუნდის დამსახურებაა.”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

  • “ჩვენ რატო უნდა დავინტერესდეთ “- თსუ რექტორის სავარაუდო პლაგიატზე

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ აპირებს დაინტერესდეს აქვს თუ არა უნივერსიტეტის რექტორს ხარისხის დაცვის დროს პლაგიატის შემცველი ნაშრომი. ამის შესახებ უნივერსიტეტის პრესსამსახურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    “ამ ეტაპზე ნაშრომის პლაგიატზე შემოწმების საჭიროებას ვერ ვხედავთ. ჩვენ რატო უნდა დავინტერესდეთ ილიაუნიმ რა შეამოწმა?”- ასე უპასუხა ურნალისტებს უნივერსიტეტის პრესსამსახურის თანამშრომელმა. 

    უნივერსიტეტი ირწმუნება, რომ არ იციან რა დოკუმენტი შეამოწმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომლის ბლანკით გავრცელებულ დოკუმენტშიც წერია, რომ გიორგი შარვაშიძის დისერტაციის მესამედი პლაგიატია. თუმცა ავრცელებენ, ვერსიას, რომლის მიხედვითაც “მაშინ შეიძლება სხვა სტანდარტები არსებობდა” 

    შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი დაასტურდება. საქმე ეხება 2003 წლის დისერტაციას, რომელიც შარვაშიძემ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა. 

    ,,გუშინ მივიღე ოფიციალური წერილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც შავით თეთრზე, არაორაზროვნად წერია, რომ შარვაშიძის დისერტაციაში დადასტურებულია პლაგიატი ნაშრომის 34%-ის (!!!) მოცულობით”,- წერს პროფესორი და აქვეყნებს ილიაუნის ოფიციალურ წერილს.

    წერილში ნათქვამია, რომ თსუ-ის რექტორის დისერტაციაში ბროშურის ტექსტი გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე.

    ,,გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას,”- წერია კაჭკაჭიშვილის გამოქვეყნებულ ილიაუნის დასკვნაში.

    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღანელის თქმით, რექტორი მანიპულაციურად მოიქცა და დისერტაცია გაატარა ისეთ ანტიპლაგიატის პროგრამაში (Turnitin), რომელშიც ბროშურა შეტანილი არ ყოფილა.

  • უწიგნური, უვიცი და ბნელი- გიგა ბოკერია წულუკიანზე

    ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია კომიტეტზე თეა წულუკიანის გამოსვლას სპეკტაკლს უწოდებს.

    მისი თქმით, წულუკიანი სახალხო დამცველის მიერ დასახელებულ პრობლემებზე მსჯელობის ნაცვლად, საუბრობდა იმაზე, თუ როგორ უნდა იცავდეს ომბუდსმენი ივანიშვილის რეპუტაციას.

    ,,ჩვენ ვიხილეთ სახალხო დამცველის მოსმენა კომიტეტში, უფრო სწორად ვიხილეთ წულუკიანის სპექტაკლი ამ კომიტეტზე. უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ვნახეთ და რაც ადრე გვინახავს. ისიც კი არ იცის, არ გაუგია და არ დაინტერესებულა, რომ სახალხო დამცველის ფუნქცია არსად მსოფლიოში, ნორმალურ ქვეყნებში, არ არის ივანიშვილის, ზოგადად ხელისუფლების და უფრო ფართოდ, პოლიტიკოსების რეპუტაციის დაცვა. ეს საყვედურად წაუყენა, რატომ არ იცავთ ჩვენს რეპუტაციასო. ან ვინ უთხრა, რომ გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე უნდა ისაუბროს იუსტიციის მინისტრმა?”,- აცხადებს ბოკერია.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანი არის მინისტრი, რომელმაც იუსტიციის სახლში საბჭოთა ქაღალდები დააბრუნა.

    ,,რაზე საუბრობს საერთოდ? ეს არის ფიგურა, რომელმაც იუსტიციის სახლში საბჭოთა ქაღალდები დააბრუნა. მაგრამ ამ ერთ ადამიანში არ არის პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ივანიშვილში, ამ სამარცხვინო ლიდერში, რომელმაც ასეთი „კლოუნები“ მოგვიყვანა და ამდენი წელია მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ფუნქციებს თავზე დაასვა”,- ამბობს გიგა ბოკერია .

    დღეს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც ის თეა წულუკიანმა გააკრიტიკა. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ომბუდსმენი არ იცავს ბიძინა ივანიშვილს და სხვა მინისტრებს.

  • ომბუდსმენის ფუნქციაა ის, რომ ადამიანები დაიცვას გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგანაც- ნინო ლომჯარია

    სახალხო დამცველი თეა წულუკიანის კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ მისი მოვალეობა არა გავლენიანი პირების დაცვა, არამედ მათგან სხვების დაცვაა.

    „სახალხო დამცველის ფუნქციაა ის, რომ ადამიანები, მოქალაქეები დაიცვან გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგანაც. შესაბამისად, ჩემი ვალია ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა. ამიტომ ვერ ვხვდები, კონკრეტულად რას გულისხმობენ, თუ მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ყველას უფლებას დაიცავს. თუმცა, მე ვერ მოვისმინე კონკრეტული მაგალითები, რა შემთხვევებზე აქვს საუბარი იუსტიციის მინისტრს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

    თეა წულუკიანმა ომბუდსმენს უთხრა, რომ ის არ არის ბიძინა ივანიშვილის დამცველი, როცა ლანძღავენ. ასევე, არ იცავს სხვა მინისტრებს, დეპუტატებსა და თანამდებობის პირებს.

  • იუსტიციის სამინისტრო პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ვიდეოკადრებს ავრცელებს (ვიდეო)

    საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს, სახალხო დამცველის ანგარიშის საპასუხოდ, პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების შესახებ ვიდეო აჩვენა.

    ვიდეომასალაში ხუთი ფაქტია ნაჩვენები. რამდენიმე ფაქტზე წულუკიანმა თავად ისაუბრა.

    „ამ ვიდეოზე წითელშარფიანი ქალბატონი, რომელიც შემოდის საკანში, გახლავთ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. დანარჩენი კი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და ერთი პატიმარია. ამ ვიდეოზე ჩანს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი აბსოლუტურად თავისუფლად შედის საკანში, როგორც ამას გვავალებს კანონი, იმ მომენტში, როდესაც პატიმარი ეჩხუბება ექთანს. შემდეგ ეს პატიმარი სახეში აყრის მაგიდიდან, რაც მაგიდაზე დევს და წყალსაც ასხამს ექთანს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამას ესწრება. რა ხდება შემდეგ? შემდეგ ხდება ის, რომ ეს დავა გრძელდება და პატიმარი დაწვდება, შეგვიძლია ეს გაჩვენოთ მაგრამ გრძელი ვიდეოა. თუ ეჭვი შეგეპარებათ სიმართლეში, გაჩვენებთ.

    სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრება სცენას, პატიმარი ღელავს, ღელავს მას შემდეგ, რაც ექთანს მიაყენა შეურაცხყოფა, რომელიც უდრტვინველად აგრძელებს თავის საქმეს. შემდეგ დაწვდება პლასტმასის დანას, გადაამტვრევს, იგდებს პირში და ყლაპავს დანის ერთ ნაწილს, რა დროსაც, ჩვენი თანამშრომელი მამაკაცი ხელს ურტყამს პატიმარს სახეში, რომ ეს მისი ქმედება აღკვეთოს. როდესაც ყველაფერი სრულდება და გამოდიან გარეთ, ჩემი თანამშრომლები სახალხო დამცველის წარმომადგენელს აძლევენ ორ ოქმს ხელმოსაწერად და ეუბნებიან, მოაწერე ხელი, რომ თანამშრომელმა ხელი აჰკრა სახეზე პატიმარს, რაც დაუშვებელია და გთხოვთ, ასევე ხელი მოაწეროთ იმას, რომ პატიმარმა ექთანს შეაყარა სახეში ჭიქა, წყალი და ა.შ. პირველ ოქმს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ხელს აწერს, ხოლო მეორე ოქმის ხელმოწერაზე აცხადებს უარს, ეს არის თქვენი თანამშრომელი, ვინმე ქალბატონი ნათია. მე ვსვამ კითხვას, რა არის ეს მიკერძოება? ის დაინახეთ, რომ თანამშრომელმა ხელი აარტყა და ის ვერ დაინახეთ, რომ პატიმარმა ექთანს შეურაცხყოფა მიაყენა. ვფიქრობ, რომ ასე არ შეიძლება. ასევე, თქვენ მომიწოდებთ ამ ანგარიშში, რომ ექთანი და პატიმარი მარტო დატოვეთ ერთმანეთთანო. ასეთ პირობებშიც ერთად დავტოვოთ? თუ არ უზრუნველვყოთ ექთნის უსაფრთხოება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

  • ომბუდსმენის წარმომადგენელს დახეული ჯინსი ეცვა, ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში-წულუკიანი

    იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ჩაცმულობა დაუწუნა.

    :მოდით, ვიყოთ ობიექტურები და ასეთ თანამშრომლებს ნუღარ გამოგვიგზავნით, რომელსაც, სხვათა შორის, დახეული ჯინსი აცვია. როდესაც თქვენ მე მსაყვედურობთ იმას, რომ შენს

    ანამშრომელს გეგუთში ფორმა არ ეცვა და პატიმრისგან ვერ განასხვავეო, მე ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო, ისრით რომ არი იყოს მონიშნული, თუ ვინ არის პატიმარი და ვინ არის სახელწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ერთადერთი იმით შეიძლება მიხვდე, რომ ჩვენ ქუდის ტარების უფლებას, მათ შორის კაპიშონის, არ ვაძლევთ პატიმრებს. ბასკური ბერეტი რატომ უნდა ეხუროს სახალხო დამცველის წარმომადგენელს, არ ვიცი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არამც თუ ციხეში”- განაცხადა წულუკიანმა.

  • თსუ-ის რექტორის დისერტაციაში პლაგიატი დადასტურდა- იაგო კაჭკაჭიშვილი

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი დადასტურდა.

    საქმე ეხება 2003 წლის დისერტაციას, რომელიც შარვაშიძემ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა.

    ,,გუშინ მივიღე ოფიციალური წერილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც შავით თეთრზე, არაორაზროვნად წერია, რომ შარვაშიძის დისერტაციაში დადასტურებულია პლაგიატი ნაშრომის 34%-ის (!!!) მოცულობით”,- წერს პროფესორი და აქვეყნებს ილიაუნის ოფიციალურ წერილს.

    წერილში ნათქვამია, რომ თსუ-ის რექტორის დისერტაციაში ბროშურის ტექსტი გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე.

    ,,გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას,”- წერია კაჭკაჭიშვილის გამოქვეყნებულ ილიაუნის დასკვნაში.

    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღანელის თქმით, რექტორი მანიპულაციურად მოიქცა და დისერტაცია გაატარა ისეთ ანტიპლაგიატის პროგრამაში (Turnitin), რომელშიც ბროშურა შეტანილი არ ყოფილა.

    იაგო კაჭკაჭიშვილისთვის ჯერჯერობით გიორგი შარვაშიძეს ან თსუ-ის ადმინისტრაციას არ უპასუხია.

    თსუ-ის რექტორის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ 2019 წლის შემოდგომაზე ,,სტუდია მონიტორმა” გადაცემა ,,თავისუფლების მონიტორში” ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. შარვაშიძე მაშინ პლაგიატს უარყოფდა.