Category: არქივი

  • ” ჯარის გამოყენებამდე საქმე არ მივა” – მამუკა მდინარაძე

    „ჯარის გამოყენება და მოქალაქეებისთვის იმის თქმა, რომ ხელისუფლებას საჯარისო შენაერთების ქუჩაში გამოყვანა დაგვჭირდება, ვფიქრობ, საქმე აქამდე ნამდვილად არ მივა“ – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

    „ჩვენ აბსოლუტურად სხვა სტანდარტი და მიდგომა გვაქვს, ასეთი ღონისძიებების გატარება, ჩემი აზრით, საჭირო არ იქნება. ჩვენი ზეპირი კონსულტაციების ფორმატი არ ითვალისწინებდა და დღის წესრიგშიც კი არ დამდგარა, რადგან პოლიცია თავის საქმეს დღემდე კარგად ართმევს თავს, ისევე როგორც ტიკარაძის და დავითაშვილის უწყება. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ პრობლემები არ გვექნება აღსრულების ნაწილში, რადგან მოქალაქეების დიდი ნაწილი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ თემას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

  • რა ღონისძიებებს გაატარებს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში

    საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. „ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.

    რა ღონისძიებებს გაატარებს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში:

    მუხლი 1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები:

    1. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი: საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოებს მიეცეთ უფლება, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისათვის პირი იძულებით გადაიყვანონ შესაბამის დაწესებულებაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილას.

    2. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი:
    ა) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის წესები;
    ბ) შეჩერდეს საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;
    გ) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით, დაარეგულიროს საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.

    3. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი:

    შეჩერდეს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული პაემნის უფლების მოქმედება.

    4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი:

    საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები.

    5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი:

    საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

    6. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი:

    შეიზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.

    7. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი:

    ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ კერძო სამართლის სუბიექტებს აეკრძალოთ, შეეზღუდოთ ან დაევალოთ ცალკეული საქმიანობის განხორციელება, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
    ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესები;

    გ) საქართველოს მთავრობამ აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება;

    დ) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დაადგინოს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისაგან განსხვავებული წესები და პირობები;

    ე) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული
    წესის შესაბამისად.

    მუხლი 2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული პროცენტული შეზღუდვები.

    მუხლი 3. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება სარეზერვო ფონდის მაქსიმალური მოცულობა გაზარდოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების მთლიანი ოდენობის 5%-მდე.

    მუხლი 4. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, გამოიყენოს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო უფლებები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 32-ე მუხლით განსაზღვრული საგანგებო ბიუჯეტი.

    მუხლი 5. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, შეაჩეროს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ფარგლებში ასიგნებების ხარჯვის უფლებამოსილება, საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებისა და მუხლების მიხედვით, ასევე, შეაჩეროს ან შეზღუდოს სახელმწიფო შესყიდვები შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV) კოდების მიხედვით.

    მუხლი 6. საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიეცეს უფლება, პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმის დაცვის ვალდებულება, ასევე პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადება დაარეგულიროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით.

    მუხლი 7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილე არცერთ პირს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე, მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით.

    მუხლი 8. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს:

    1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით.

    2. ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

    მუხლი 9. ამ დეკრეტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისრონ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულმა პირებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 10. სამართალდამცავმა ორგანოებმა, საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით, გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.

    მუხლი 11. ეს დეკრეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

    მუხლი 12. ეს დეკრეტი ძალაშია გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.

  • ჰიგიენის წესების დაცვა ხელს არ უშლის რწმენას, ნუ ჩავყრით წყალში ექიმების შრომას

    ჰიგიენის წესების დაცვა ხელს არ უშლის რწმენას, ნუ ჩავყრით წყალში ექიმების შრომას

    სურსათის მარაგებისა და ფასის მონიტორინგის შტაბის უფროსის, პროფესიით ეპიდემიოლოგ თენგიზ კალანდაძის განცხადებით, არ ეთანხმება ეკლესიის მოსაზრებას იმაზე, რომ საეკლესიო ღვთისმსახურებისას ვირუსის გავრცელების რისკი არ არის. მისი თქმით, ადამიანების სიმჭიდროვე საფრთხისშემცველია და დაუშვებელია ერთი კოვზის რამდენიმე პირის მიერ გამოყენება.

    “ვთხოვ ყველას, როგორც მოსახლეობას, ასევე, ეკლესიას ნუ ჩავყრით წყალში ჩვენი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდადებულ შრომას და ნუ მივცემთ საშუალებას, რომ ვირუსი გავრცელდეს ეკლესიიდან

    რატომ არ ამბობენ ამას არ ვიცი, ეტყობა ერიდებიან და ეს გასაგებია, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით: დიახ, ეს საშიშია… ძალიან მარტივად ვიტყვი, როგორც სპეციალისტი, რომ ჰიგიენური წესების დაცვა ხელს არ უშლის რწმენას.დღეს ჩვენ გავდივართ დანის პირზე, მაქსიმალურად შენარჩუნებელია ეს ჩვენი ექიმების ძალისხმევით და პროფესიონალიზმით და ვთხოვ ყველას, ერთობლივად მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე გავიდეთ გამარჯვებით.რწმენა თუ გაქვს ძალიან კარგია და შესანიშნავია, სახლში ვილოცოთ დროებით, რამე მნიშვნელობა აქვს ამას? ზიარების პროცედურები გასაგებია, მაგრამ რწმენით ვილოცოთ სახლში, გულით გვიყვარდეს უფალი”,-   განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

  • აშშ-ში ტუალეტის ქაღალდებით სავსე ფურგონი გაიტაცეს

    აშშ-ში ტუალეტის ქაღალდებით სავსე ფურგონი გაიტაცეს

    ჩრდილოეთ კაროლინაში მამაკაცმა ტუალეტის ქაღალდებით სავსე სატვირთო მანქანა გაიტაცა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.  პოლიციამ არ იცოდა გატაცების შესახებ, როდესაც გზატკეცილზე შეამჩნია ფურგონი, რომელიც წესებს არღვევდა.

    პოლიცია მას დაედევნა და მოპარული ტუალეტის ქაღალდები  იპოვა. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილში 8 ტონა ტუალეტის ქაღალდი აღმოაჩინეს.

  • “ქალაქი მე მეკუთვნის, მეფე ვარ” – ტურისტი თბილისის ცარიელი ქუჩებიდან ვიდეოს აქვეყნებს

    YouTube-ბლოგერი RJinspire-ი, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მშვიდობის ხიდზე იმყოფება. ვიდეოში ის ამბობს, რომ ეს ადგილი როგორც წესი ტურისტებით არის სავსე, თუმცა შექმნილი სუტუაციის გამო ხიდზე არავინ იმყოფება. ამის ამსახველ ვიდეოს “ნაირის” დამფუძნებელი გიორგი ხერგიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

    “ახალი მეფე რო გვყავს ბრატცი თუ იცით ეგ?! ეს იმ ირანელ ძმაზე მეტად მიყვარს!”- წერს გიორგი ხერგიანი სოციალურ ქსელში.

    „ქართველების სოლიდარობა საოცარია. რა ცარიელია ქალაქი. ვერ გადაგედება კორონავირუსი, თუ მარტო ხარ, რაც მე თბილისის მეფედ მხდის. ქალაქი მე მეკუთვნის“, – ხუმრობს ტურისტი.

  • ესპანეთში დღეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

    “არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი, ესპანეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ შეტყობინება, რომ სამწუხაროდ, ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს, კორონავირუსი“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირშია, როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება.

    როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დღევანდელი რეკომენდაციებია რომ, მთელი ქვეყანა მზად უნდა ვიყოთ ვირუსის შიდა გადაცემისთვის.

    „ეს ეტაპი, ამჟამად, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაფერი ის, რაც მთავრობის მიერ აქამდე იყო მიღებული, აღსრულება მოხდეს ყველა ამ ღონისძიების, ამიტომ ჩვენი რჩევაა, კიდევ და კიდევ, იყო მთავრობისათვის, რომ ეს ყველაფერი უკეთესად გაკეთდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 48-მდე გაიზარდა.

    ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის.

  • საგანგებო მდგომარეობისას შეზღუდვები მედიას არ ეხება

    პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას. ასე უპასუხა გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კითხვას, საგანგებო ვითარების გამოცხადება როგორ აისახება მედიის მუშაობაზე.

    „საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. სხვა შეზღუდვა მედიას არ ეხება”, – აღნიშნა გახარიამ.

  • რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა საქართველოში

    საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. როგორც პრემიერ-ინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 აპრილამდე.

    საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობას

    • იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის გადაყვანისთვის. წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები;
    • საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
    • დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
    • საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
    • იზღუდება ათ კაცზე მეტი ადამიანის შეკრება;
    • მთავრობას ექნება უფლება კერძო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
    • აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;
    • მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ კანონისგან დადგენილი წესების განსხვავებულ წესებს;
    • საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა მობილიზებას;
    • საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად;
    • ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევა, რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე ვადით.
    • სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები

  • საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

    საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

    “საქართველოს მთავრობა და მე, დღეს, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიღებულ იქნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების შემდგომ – შიდა გავრცელების ეტაპზე, რომელიც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და საზოგადოების მხრიდან.

    „საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ჯერ კიდევ პირველი შემთხვევა გამოვლინდა 26 მაისს. დღეს არის 21 მარტი და უკვე 48 ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. 2300 ადამიანზე მეტი საკარანტინო ზონაში და ბევრი თვითიზოლაციაში იმყოფება.

    შესაბამისად, თავიდანვე შევქმენით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები – კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

    მინდა, ჩამოგითვალოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული

    1. შევაჩერეთ სასწავლო პროცესი;

    2. ჯარში გაწვევა;

    3. საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი გადავიყვანეთ დისტანციური მუშაობის და ელექტრონული სერვისების მიწოდების რეჟიმზე;

    4. იგივე რეკომენდაცია გაიცა კერძო სექტორის მიმართ;

    5. ეტაპობრივად შევზღუდეთ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლა, ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლა;

    6. დავაწესეთ საკარანტინო პროცედურები, გავამკაცრეთ თვითიზოლაციის დაცვის კონტროლი;

    7. დავხურეთ სამთო-სათხილამურო კურორტები,;

    8. აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა;

    9. შეწყდა სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება – როგორც კულტურული, ისე სპორტული;

    10. გავეცით სავაჭრო ობიექტების გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ფარგლებში განსაზღვრული ობიექტების და სურსათისა და სააფთიაქო, საბანკო მომსახურების დახურვის რეკომენდაციები.

    ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისათვის, რომ შეგვეჩერებინა ვირუსის გავრცელების პირველი ეტაპი, რომელიც გახლდათ, ძირითადად, იმპორტირებული, უცხო ქვეყნიდან ვირუსის გავრცელების ეტაპი.

    დღეის მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ფაქტის კონსტანტირება იმ რაოდენობის ინფიცირებულები, რომლებიც ჩვენ გვყავს და, განსაკუთრებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რაოდენობის ზრდა საკარანტინე ზონაში, არის უკვე აშკარა ფაქტი იმისა, რომ ჩვენ გადავდივართ ვირუსის გავრცელების შემდგომ – შიდა გავრცელების ეტაპზე, რომელიც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და საზოგადოების მხრიდან,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

    მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ძირითადი ამოცანა არის და უნდა იყოს ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება.

    „ჩვენი ძირითადი ამოცანა, ამ ეტაპზე, არის და უნდა იყოს ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება და შეჩერება, ასევე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეფერხება. ეს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას აძლევს საშუალებას, უფრო მომზადებული დახვდეს და უფრო ხარისხიანად უმკურნალოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღონისძიება, რომელიც მე ჩამოვთვალე, უკვე მიღებულია და გაგრძელდება, საქართველოს მთავრობა და მე დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.