Category: არქივი

  • ბოლნისში 16 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 6 წლამდე პატიმრობა მიესაჯა

    ბოლნისის სასამართლომ არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებასა და ძალადობაში ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა და დ.ჯ დამნაშავედ ცნო.

    “დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს, დ.ჯ.-მ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველ თანასოფლელ გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, შემდეგ კი მუცლის არეში ხელი დაარტყა” – აცხადებს პროკურატურა.

    სამართალდამცველებმა დ.ჯ. 2019 წლის 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება) და 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.

  • ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა

    გვიან ღამით, ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა. მას ქვედა კიდურები დაუზიანდა.

    დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    ექიმების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცს ორივე ქვედა კიდურზე  მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

  • ჩინური ვირუსი ევროპაში გამოჩნდა- საფრანგეთში კორონავირუსით 2 ადამიანი დაავადდა

    საფრანგეთის მთავრობა კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევას ადასტურებს. 

    საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირების ერთი შემთხვევა ქალაქ ბორდოში, მეორე კი პარიზის მახლობლად დაფიქსირდა. მისივე თქმით, ორივე ინფიცირებული ჩინეთში მოგზაურობდა.

    ,,ჩვენ გვაქვს ორი შემთხვევა, ჩვენ შესაძლოა გვქონდეს სხვა შემთხვევებიც”,- აღნიშნავს მინისტრი.

    ფრანგული გაზეთი Le monde-ს ინფორმაციით, ბორდოში დაავადებული ჩინური წარმოშობის 48 წლის კაცია. ის საავადმყოფოში გრიპის ვირუსის კლასიკური სიმპტომების გამო გადაიყვანეს.

    შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო ამ დროისთვის გარდაცვლილია 26 ადამიანი, 939 კი ინფიცირებულია.

  • თურქეთში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია მინიმუმ 4 ადამიანი

    თურქეთში, ქალაქ სივრისის მახლობლად, ელაზიგის პროვინციაში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. CNN-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია მინიმუმ 4 ადამიანი.

    მიწისძვრა 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 20:55 წუთზე მოხდა. თურქეთის შს მინისტრის განცხადებით, ჩამოინგრა მინიმუმ 10 შენობა.

    აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა სირიაში, საქართველოში და სომხეთშიც. 

    თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარები ადამიანების დახმარებისთვის მზადყოფნაში არიან.

  • კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ ჩინეთში 1000-საწოლიან საავადმყოფოს 10 დღეში ააშენებენ

    ჩინეთში, ქალაქ უჰანში, სადაც კორონავირუსით 500-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 23 იანვარს 1000 საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყეს, რომელიც , გეგმის მიხედვით, 10 დღეში პაციენტებს მიიღებს.

    სამშენებლო სამუშაოებში ჩართულია 35 ექსკავატორი, 10 ბულდოზერი და 100-ზე მეტი მუშა. საავადმყოფოს მშენებლობა მათი გათვლებით 3 თებერვალს დასრულდება.

    ,,ამ პროექტის მშენებლობა არსებული სამედიცინო რესურსების დეფიციტის მოგვარებაა”,- იუწყება ჩინური მედია. მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოს მშენებლობა ძვირი არ დაჯდება, რადგან ის ასაწყობი ტიპის იქნება.

    ქალაქი უჰანი კორონავირუსის ეპიცენტრია, თავდაპირველად ვირუსი ამ ქალაქში გაჩნდა. უახლესი ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 830-ს მიაღწია, გარდაცვლილი კი 26 ადამიანია.

  • ,,ძმებ იზორიებს სიმბოლურად პლანეტიდან გავუშვებთ “- ,,შეცვალეს” პერფორმანსი შსს-სთან

    მოძრაობა ,,შეცვალეს” აქტივისტებმა შსს-ს შენობასთან პერფორმანსი მოაწყვეს. მათ საახალწლო მაშხალაზე ძმები იზორიების ფოტოები დაამაგრეს და ჰაერში გაუშვეს.

    ,,ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო კადრები, თუ როგორ ხდება პოლიციის დემორალიზება. ბიძინა ივანიშვილის დაწინაურებული მონები პოლიციელებზე ახორციელებენ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას და თავიანთი გავლენების შენარჩუნების გამო ატოვებინებენ თანამდებობას. მათ თავი უკვე პლანტის მმართველები ჰგონიათ.

    დღეს ჩვენ სიმბოლურად ძმებ იზორიებს გავუშვებთ ჩვენი პლანეტიდან და გვინდა ვუთხრათ, რომ მალე დატოვებენ ხელისუფლებასაც, ვინაიდან ქართველი ხალხი უკვე გაბრაზდა და მოქმედება დაიწყო”,- განაცხადა შეცვალეს ერთ-ერთმა აქტივისტმა.

    ცნობისთვის, 23 იანვარს პოლიციელმა , გიორგი დვალიშვილმა გაასაჯაროვა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს ის მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის , ლევან იზორიას ძმას, შემდეგ კი მას აიძულებენ დაკავებულის გათავისუფლებას.

  • თურქეთში ჩასული მგზავრი რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა უკან გააბრუნეს

    თურქეთში ჩასული მგზავრი, რომელსაც მსოფლიოში ახალი, საშიში, კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა უკან გააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას  უცხოური მედია წერს. ინციდენტს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს.  გამოცემა წერს, რომ ვირუსით დაავადებული ქალი ჩინეთში შეთანხმების საფუძველზე დააბრუნეს.

    შეგახსენებთ რომ  ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 26-ს მიაღწია, დაავადებული კი 800-ზე მეტია.

    მთავრობამ ქალაქ უჰანში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩერა.

    ჩინეთის ხელისუფლება მოუწოდებს უჰანის მცხოვრებლებს, არ დატოვონ ქალაქი და მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღესაც გააგრძელებს მსჯელობას , გამოცხადდეს თუ არა განსაკუთრებული მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე. ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი ინფორმაციაა საჭირო.

  • ზაზა სარალიძე ჟურნალისტებს ბოდიშს უხდის

    ზაზა სარალიძე ჟურნალისტებს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, მას ერთი თხოვნა აქვს.

    „ბოდიშს ვუხდი ყველა მედიასაშუალებას დღევანდელი ჩემი საქციელიდან გამომდინარე. არ გთხოვთ პატიებას, თქვენ თქვენ საქმეს და პროფესიას ემსახურებით. ვიცი უნდა გავითვალისწინო ყველაფერი. უფალმა გვაპატიოს ყველა ცოდვა! მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება: ბატონი ზურაბ თოდუა დაითანხმეთ პირისპირ დამიჯდეს და რამოდენიმე კითხვას დავუსვამ. პირობას ვდებ საქმის მასალებს და დეტალებს არ შევეხები და მითუმეტეს არც პოლიტიკური იქნება ჩემი კითხვები. მხოლოდ და მხოლოდ პირისპირ და პირდაპირ ეთერში. ბოდიშს გიხდით კატეგორიულიბისთვის“, – წერს ზაზა სარალიძე.

    დღეს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

    ნამუსი გაქვთ?- რატომ უყვირა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს

  • საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ექსკურსიებში 180 ათას ლარამდე დახარჯა- ფლანგვის დეტექტორი

    ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, საქართველო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ექსკურსიების ორგანიზებისთვის თითქმის 180 ათასი ლარი დახარჯა.

    ,,2018 წელს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ექსკურსიების მოწყობის მიზნით, 179,755 ლარი ტრანსპორტის დასაქირავებლად გადაიხადა.

    დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების ექსკურსიები 40-ზე მეტ ქალაქსა თუ სოფელში განხორციელდა – ყველა საქართველოს ფარგლებში. გასვლითი შეხვედრებისთვის არჩეული ადგილების მცირე ჩამონათვალი ასე გამოიყურება: წილკანი, მარტყოფი, შიომღვიმე, კასპი, ყაზბეგი, უფლისციხე, ქვათახევი, უჯარმა და ა.შ.

    სტუ-მ შესყიდვა ორ ნაწილად განახორციელა – პირველ შემთხვევაში ტენდერის ღირებულება 121,335 ლარი იყო და კონტრაქტი შპს „თამარ ტურთან“ გაფორმდა, ხოლო შემდეგი კონტრაქტი 58,400 ლარს შეადგენდა და მიმწოდებელი შპს „კინგსი“ აღმოჩნდა”,- წერია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში.

    მათი ინფორმაციით, ტექნიკური უნივერსიტეტი 2019 წელსაც ცდილობდა ტუროპერატორებისგან საექსკურსიო მომსახურების შეძენას, რისთვისაც 6-ჯერ გამოაცხადეს ტენდერი, თუმცა ყველა ტენდერი უშედეგოდ დასრულდა.

  • დევნილთა შემწეობისა და პენსიის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბანკის ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთ-ერთი ბანკის 4 თანამშრომელი და 1 მოქალაქე დააკავეს.

    უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდათ დევნილთა შემწეობისა და სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირთა საბანკო ანგარიშებზე.

    “უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მოიძიეს, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეთა ანგარიშები, რომლებზეც ნაშთის სახით განთავსებული იყო გარკვეული ფულადი თანხები, საერთო ჯამში – 71 972 ლარის ოდენობით, რაც სხვადასხვა მანიპულაციების მეშვეობით, მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხეს და შემდგომ გაანაღდეს.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების მხილების მიზნით”, – წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.