Category: არქივი

  • ვინ არის ახმეტაში მოკლული 48 წლის მწყემსი

    ახმეტაში 48 წლის მოკლული მამაკაცი დავით სვეტაძე რამდენიმე ათეული წელია მწყემსად მუშაობდა.

    როგორც გარდაცვლილის ძმა ამბობს, მკვლელობა შირაქის ველზე, ფერმაში მოხდა და ყველა ის პირი დაიკითხა, ვინც ადგილზე იმყოფებოდა. ამის შესახებ მან „რეგიონულ კვირასთან“ ისაუბრა.

    გარდაცვლილს მეზობლები უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებენ.

    „ძალიან კარგი ბიჭი იყო, მშრომელი, დილით გავიგეთ ეს ამბავი. გვითხრეს რომ დეტალები 2 დღეში ეცოდინება ოჯახს“,- აღნიშნა მეზობელმა.

  • ბათუმელმა მომღერალმა თურქეთის ვოისში ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა (ვიდეო)

    ქართველი მომღერალი თათია კობალაძე „თურქეთის ხმის” წარმატებული მონაწილე გახდა. 

    მომღერალმა ოთხი სკამის კონკურსზე ჟიურის ოთხივე წევრის შემოტრიალება შეძლო.

    საბოლოოდ, თათიამ არჩევანი ჟიურის ერთ-ერთ წევრზე ბეიაზზე შეაჩერა და ამის მიზეზიც განმარტა. 

    „გასულ წელს ჩემპიონი არ გამხდარა და ამიტომ ვთვლი, რომ ერთად გავხდებით ჩემპიონები, სწორედ ამიტომ ვირჩევ ბატონ ბეიაზს,“ – განაცხადა თათიამ.

    თათია ბათუმიდანაა, მანამდე  უკრაინული პროექტის შემდეგ სურდა ბრიტანულ ნიჭიერში მიეღო მონაწილეობა.

    კასტინგზე დაბარების მიუხედავად, მას დიდი ბრიტანეთის საელჩომ  ვიზა არ მისცა, რის გამოც ქართველმა მომღერალმა  ბრიტანეთში გამგზავრება ვერ შეძლო.

  • საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი კორონავირუსზე აეროპორტშივე შემოწმდება

    კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ​კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე იმსჯელეს. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ამ დარგის ექსპერტები.

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი შემოწმდება. მათ თერმული სკრინინგი ჩაუტარდებათ და დისტანციური თერმომეტრებით ტემპერატურა გაეზომებათ, რის შემდეგაც მგზავრებს, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები ან მაღალი ტემპერატურა ექნებათ, სასაზღვრო კონტროლთან მობილიზებული ექიმები გაესაუბრებიან.

    „თუ გასაუბრების შემდეგ საჭირო გახდება დამატებითი გამოკვლევების ან მკურნალობის ჩატარება, მათ აეროპორტიდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. დღეს ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი შესრულდება და აეროპორტში მობილიზებულები იქნებიან მედიკოსები და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ყველა მგზავრს გადაეცემა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებშიც კორონავირუსის სიმპტომატიკის შესახებ სრული ინფორმაცია იქნება ასახული“, – განაცხადა გაბუნიამ.

    რაც შეეხება ტვირთს, რომელიც ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდის, ის საფრთხეს არ შეიცავს და ამ მიმართულებით დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობა არ დგას. ამასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსისგან სრული განკურნების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

    „ექვსდღიანი სტაციონარული მკურნალობის შემდეგ რამდენიმე პაციენტი სრულად განიკურნა, რაც აძლევს სპეციალისტებს იმის თქმის საფუძველს, რომ ვირუსის განკურნება შესაძლებელია“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

    ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ – ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

    ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

  • მსოფლიოს წამყვანმა გამოცემებმა თიბისი ბანკის ვაჭრობის დაფინანსების მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ აღიარეს

    თიბისი ბანკმა მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემებისგან ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.

    ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვა.

    „მოხარული ვართ, რომ თიბისი ბანკმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდოები ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით თიბისი ბანკის N1 პოზიციას ადასტურებს და ხაზს უსვამს კომპანიის წარმატებულ თანამშრომლობას მომხმარებლებთან. ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისი ბანკის ბაზრის წილი 49%-ია. წლების განმავლობაში თიბისი ამ სფეროში მსოფლიოს მასშტაბით ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებელს არაერთი პროდუქტი და მომსახურება შევთავაზეთ“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გოგა თხელიძემ.

    „თიბისი ბანკი გამარჯვებულად ვაჭრობის დაფინანსების სექტორში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და უწყვეტი განვითარებისთვის დასახელდა“, – განაცხადა Euromoney-ს რედაქტორმა, კლაივ ჰორვუდმა.

    Global Finance-ისა და Euromoney-ს გარდა, ვაჭრობის დაფინანსების სფეროში, თიბისი ბანკს – როგორც ქვეყნის საუკეთესო პროვაიდერს, საერთაშორისო აღიარება მოპოვებული აქვს ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა – EBRD, ADB, Commerzbank.

    Euromoney მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი პერიოდული გამოცემაა, რომელიც 50 წელია საერთაშორისო ფინანსურ მიმოხილვას აქვეყნებს. წლევანდელ დაჯილდოებაში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს. Euromoney-ს მიერ დაწესებული „ჯილდო წარჩინებისთვის“ მნიშვნელოვანია წარმატებული ბანკებისა და ბანკირებისთვის. ჯილდო, რომელიც რამდენიმე ნომინაციას მოიცავს, 1992 წელს დაარსდა და ის პირველი მსგავსი პრეცედენტი იყო საერთაშორისო საბანკო ინდუსტრიაში.

    ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

  • ” ივანიშვილი ისე ნუ იზამს, რომ რიგით მოქალაქეებზე უფრო ღარიბი გახდეს, კონგრესმენებს შეუძლიათ ანგარიშებს ყადაღა დაადონ”- ელისაშვილი

    “ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკელი კონგრესმენების ტონი დღითი დღე უფრო მკაცრი ხდება. ისინი უფრო ღიად საუბრობენ იმაზე, რაც საქართველოში ხდება. მაგალითად, ერთ-ერთი კონგრესმენი პიტ ოლსონი​ როდესაც ამბობს, რომ საქართველოს ჰყავს კორუმპირებული მთავრობა და მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს, არ ვიცი, ამაზე მეტი პირდაპირობა და ამაზე მეტად ღიად თქმა რას ნიშნავს”, – ასე ეხმაურება “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი კონგრესმენების წერილს.

    მიისვე თქმით, კონგრესმენებს შეუძლიათ გადაწყვეტილება მიიღონ და ივანიშვილის ანგარიშებს ყადაღა დაადონ.

    „ეს არის შედეგი მანამდე გამოგზავნილ წერილებზე არაადეკვატური​ პასუხების. როდესაც მსოფლიო პოლიტიკის გადამწყვეტ ხალხზე, უაღრესად პრაგამატულ და გონებაგამჭრიახ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან დეტალურად აანალიზებენ მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ამბობ, რომ ისინი არიან არაინფორმირებულები და შეცდომაში შეყვანილები, ამით მათ უბრალოდ აბუჩად იგდებ და შეურაცხყოფას აყენებ. ​​ისინი ყველაფერს ჩვენზე, ქართულ ოპოზიციაზე უფრო მკაცრ სახელს არქმევენ და ეს არის სიგნალი იმის, რომ “ქართული ოცნების” დრო იწურება. ბიძინა ივანიშვილი ისე ნუ იზამს, რომ რიგით მოქალაქეებზე უფრო ღარიბი გახდეს, ვინაიდან ძალიან მარტივად შეუძლიათ იმავე კონგრესმენებს მიიღონ გადაწყვეტილება და მის ანგარიშებს ყადაღა დაადონ. მერე „უფასო“ ბიძინა ივანიშვილი ვის რაში გამოადგება თვითონ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტოს. ამდენად დროა გონს მოეგოს “ქართული ოცნება”, დათანხმდეს პროპორციულ არჩევნებს და ახლა მაინც შეასრულოს სიტყვა როგორც მსოფლიოს, ისე ქართველი ხალხის წინაშე”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

  • ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონიმა ბრექსითის კანონს ხელი მოაწერა

    ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრექსითის კანონს ხელი მოაწერა.

    ჯონსონმა ხელშეკრულებას ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში არსებული უთანხმოება დასრულდა. მანამდე დოკუმენტს ხელი დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ მოაწერა.

    დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს.

  • ბულგარეთი რუს დიპლომატებს ქვეყნიდან გააძევებს

    რუს დიპლომატებს კიდევ ერთი ქვეყნიდან აძევებენ. ამჯერად რადიკალური გადაწყვეტილება ბულგარეთმა მიიღო.

    ქვეყანაში ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, ბულგარეთში რუსეთის ელჩს კი, შესაბამისი ნოტა უკვე გადაეცა.

    გაძევების მიზეზი ჯაშუშური საქმიანობაა. მოსკოვი საპასუხო ზომების მიღების უფლებას იტოვებს.

  • წურწუმიას საქმეზე ბრალდებულებს, ყოფილ სპეცრაზმელს ზურაბ ფოფხაძესა და მოქალაქე ვახტანგ ბურძენიძეს ბრალი დაუმძიმდათ

    ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულებს, ყოფილ სპეცრაზმელს, ზურაბ ფოფხაძესა და მოქალაქეს ვახტანგ ბურძენიძეს ბრალი დაუმძიმდათ.

    ამის  შესახებ წურწუმიას ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.

    როგორც ლონდარიძე განმარტავს, დაკავებულების ბრალს კიდევ ერთი მუხლი დაემატა – თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჯგუფურად. ადვოკატის თქმით, საქმის წარმოება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კუთხით მიმდინარეობს. ლონდარიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის შედეგები ცნობილი გახდება, გამორიცხული არ არის ბრალდებულებს ბრალი კიდევ ერთხელ დაუმძიმდეთ. 

    „ერთი გარემოება იყო შეფასების გარეშე დარჩენილი, რასთან დაკავშირებითაც, ადვოკატებს პრეტენზია გვქონდა. მურად წურწუმია შემთხვევის ადგილიდან საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, ის მთელი ღამის განმავლობაში ჰყავდათ სახლში, სადაც ორი ბრალდებული იმყოფებოდა. ცნობილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დილით ზურაბ ფოფხაძემ ბინა დატოვა და სამსახურში წავიდა. მეორე ბრალდებულმა როცა შეატყო მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი შედეგი იყო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას დაურეკა. სწორედ ეს გარემოება იყო შეფასების გარეშე დარჩენილი.

    დადგენილი იყო სისხლის სამართლის 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა, ამ ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამებოდა მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ვინაიდან ამ ყველაფერს თავისი გარემოებები ჰქონდა. მსჯელობის შედეგად მოხდა მუხლის კიდევ დამძიმება – თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჯგუფურად. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის და არც ისაა გამორიცხული, რომ კვალიფიკაციის საკითხში კიდევ მივიღოთ გარკვეული ცვლილება“, – განაცადა ლონდარიძემ.

    ცნობისთვის, 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მურად წურწუმია ძმასთან, მუხრან ჩხვირკიასთან ერთად ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებულები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი ზურაბ ფოფხაძე და მისი თანმხლები პირი ვახტანგ ბურძენაძე. გამოძიების ინფორმაციით, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება დაიწყო ბრალდებულ ზურაბ ფოფხაძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.

    გამოძიების თანახმად, ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე ვახტანგ ბურძენაძესთან ერთად შეეცადა წურწუმიას და ჩხვირკიას შეჩერებას. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ზურაბ ფოფხაძემ ვახტანგ ბურძენაძესთან ერთად ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მუხრან ჩხვირკვიამ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

    ზურაბ ფოფხაძე 5 იანვარს დააკავეს. ამავე საქმეზე, 8 იანვარს, ბრალდებულის სახით დააკავეს ვახტანგ ბურძენიძე.

  • სალომე სამადაშვილი ხელუსუფლებას მოუწოდებს, დღის ბოლომდე აშშ-ს სენატიდან მიღებული წერილი გაასაჯაროვოს

    „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაასაჯაროვოს წერილი, რომელიც მიღებული აქვს ჯერ კიდევ დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან და კონკრეტულად იმ კომიტეტიდან, რომელიც მუშაობს სანქციების საკითხზე უცხო ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება სენატიდან მიღებულ წერილს არ გაასაჯაროვებს დღის ბოლომდე, მაშინ ამას თავად გააკეთებენ.

    „გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა კონგრესის კიდევ ორმა წევრმა, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანას მართავს კორუმპირებული ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ უპირსპირდება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებს ქვეყანაში და მოვისმინეთ ის, რომ ვაშინგტონში სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი არა მხარდაჭერაზე, არამედ სანქციების დაწესებაზე საქართველოს ხელისუფლებისთვის, რადგან აშშ-ს მხარდაჭრა, პირველ რიგში, ემყარება დემოკრატიის და კანონის უზენაესობის პრინციპებს. რას ნიშნავს ეს უპრეცედენტო კომუნიკაცია ვაშინგტონიდან? ერთი, ის რომ დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ატარებს ქვეყანაში რუსულ ინტერესებს და ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოს ისტორიაში და მეორე, ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები და საქართველოს მეგობრები ვაშინგტონში და ისევე როგორც ევროპაში, ელოდებიან პოლიტიკურ ცვლილებებს. სწორედ ამიტომ, ყველა კომუნიკაციაში პირდაპირაა მითითება ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე – შეცვალოს საარჩევნო სისტემა და მისცეს ხალხს საშუალება დემოკრატიული, პროპორციული არჩევნების გზით გაუკეთოს ფორმირება შემდეგ ხელისუფლებას. მინდა მივმართო ივანიშვილს, გახარიას, წულუკიანს და ყველა ე.წ „ამბოხებულ დეპუტატს“- არჩევანი, რომლის წინაშეც თქვენ დღეს დგახართ არის ნათელი, ეს არჩევანი არ არის წერილსა და სიხარულს შორს, იმიტომ, რომ წერილები თქვენ უკვე ბევრი მიიღეთ არც თუ ისე სასიხარულო. არჩევანი არის ის, რომ შემდეგ მოლაპარაკებებზე ოპოზიციასთან მოხვიდეთ იმ მზაობით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გახდეს სრულად პროპორციული, როგორც ეს იყო დაპირებული, ან მოემზადოთ იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს თქვენ დატოვებთ არა როგორც უბრალოდ დამარცხებული პოლიტიკოსები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებიც იქნებიან სანქცირებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის მიერ, რაც ნიშნავს თქვენი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, თქვენი საბანკო ანგარიშების და ქონების დაყადაღებას და ასევე, შეზუდვას თქვენი ოჯახის წევრების გადაადგილებაზე“, – განაცხადა სამადაშვილმა.

  • მომდევნო დღეებში საქართველოში თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი – მთაში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაიკლებს

    დღეს 25 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. ასევე 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. დღეს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

    თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.