Category: არქივი

  • თუ ხელისუფლებას ვითარების ადეკვატური განცდა აქვს, უნდა მიიღოს პროპორციული- გიგი წერეთელი

    გიგი წერეთლის თქმით, წინა კვირას ხელისუფლებამ სტრატეგიული პარტნიორების, ევროპარლამენტარებისა და სენატორების მხრიდან არაერთი კრიტიკული მოსაზრება მიიღო, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სენატორ ვიკერის წერილია.

    მისი თქმით, როჯერ ვიკერი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი სენატორია, რადგან მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელის და ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. სწორედ ამიტომ, მისი განცხადება კიდევ უფრო შემაშფოთებელია. 

    ,,მე მინდა საგანგებოდ განვაცხადო ის, რომ როდესაც ამ დონის პოლიტიკოსი, ასეთი გავლენიანი სენატორი ამბობს, რომ თუკი არ იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება და არ იქნება გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, მაშინ შესაძლებელია, მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობა დადგეს საფრთხის ქვეშ, ეს არის მართლაც ძალიან შემაშფოთებელი განცხადება,”- ამბობს წერეთელი.

    მისივე განცხადებით, ხელისუფლების პასუხი, რომ მაგალითად “100 სენატორიდან მხოლოდ ერთმა გააკეთა განცხადება”, დამამძიმებელია. წერეთლის აზრით, თუ ხელისუფლებას ადეკვატური ვითარების განცდა აქვს, ოპოზიციასთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა მოილაპარაკოს.

    ,,რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა ძალიან დამამძიმებელი იქნება. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ჯერ კიდევ გარკვეული დრო არსებობს და არსებობს ოპოზიციაშიც გარკვეული მზადყოფნა იმისთვის, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად იყოს მოლაპარაკება. სხვა შემთხვევაში, ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდება, გართულდება და სხვა არასასურველი სცენარები არავისთვისაა მიზანშეწონილი, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის”,- ამბობს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

    ცნობისთვის, ამერიკელი სენატორის, როჯერ ვიკერის წერილი ენმ-მ გაასაჯაროვა. სალომე სამადაშვილის თქმით, სენატორმა პრემიერ-მინისტრს წერილი გასული წლის 19 დეკემბერს გამოუგზავნა და ის საქართველოს ხელისუფლებამ დამალა. ვიკერი წერილში საარჩევნო სისტემის უკან წაღებას, პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და სხვა პრობლემებს ეხმაურება.

  • სომხეთმა ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა

    26 იანვარს სომხეთმა ჩინეთიდან ცხოველური წარმოშობის ნედლი პროდუქტების და ჩინური ნედლეულისგან სხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქტი აკრძალა.

    სომხეთის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურის ინფორმაციით, აკრძალვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღეს.

    „აკრძალვა იმოქმედებს იქამდე, სანამ ჯანდაცვის და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები არ გაავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კორონავირუსი აღარ არის“, – წერია უწყების განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ მეცნიერების ვარაუდით კორონავირუსი უჰანის გარეული ხორცპროდუქტების მარკეტში გაჩნდა.

    ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა, ინფიცირებული კი 3000-მდე ადამიანია.

  • “მადლობა მოგონებებისთვის” – ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გამოეხმაურა

    NBA-ის ქართველი ვარსკვლავი, ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    “ძალიან ადრეა, ძალიან სევდიანია, უამრავი გატეხილი გული, ძალიან ბევრი ცრემლი, მადლობა უამრავი მოგონებისთვის”, – წერს ფაჩულია  სოციალურ ქსელში.

    კალათბურთის ლეგენდა, კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი, კალაბასასში ვერტფმრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ.

  • კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

    უახლესი ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 80-ს მიაღწია. გამოვლინდა ინფიცირების 3000-მდე შემთხვევა.

    ვუჰანში და სხვა რამდენიმე ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერეულია. ამ პროვინციაში გარდაცვლილთა რიცხვი 56-დან 76-მდე გაიზარდა, 4 ადამიანი კი სხვა ქალაქებში გარდაიცვალა.

    ამ დროისთვის 461 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ვირუსის შემთხვევები ჩინეთის გარდა დაფიქსირდა საფრანგეთში, აშშ-ში , სინგაპურში, სამხრეთ კორეაში, ნეპალში , ტაილანდში , მალაიზიასა და ავსტრალიაში.

    საქართველოში აეროპორტში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება დაიწყო.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო მწვანე ზონაში , ანუ დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა.

  • „მე განვახორციელე მის მიმართ ის მსუბუქი დამამცირებელი ჟესტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა“ – თარაშ შურღაია ლევან ხაბეიშვილზე

    მე განვახორციელე მის მიმართ ის მსუბუქი დამამცირებელი ჟესტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა –  საკრებულოს დეპუტატი თარაშ შურღაია, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლევან ხაბეიშვილს, სოციალურ ქსელში წერს.

    თარაშ შურღაიამ საზოგადოებას ბოდიშს უხდის,თუმცა საკუთარ საქციელს ამართლებს.

    „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მსურს მცირე განმარტება გავაკეთო საკრებულოს კომისიის სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

    პირველ რიგში, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო რომ ვიაზრებ იმ თმენის ვალდებულებას, რომელსაც საჯარო სამსახური მაკისრებს და აქედან გამომდინარე, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს შვილებს, იმის გამო რისი ნახვაც მოუწიათ.

    ამავდროულად მოგახსენებთ რომ ფართო საზოგადოებამ იხილა ამ კონფლიქტის ესკალაცია და არ არის საქმის კურსში რა პრეისტორია უძღოდა წინ ამ ინციდენტს.

    ლევან ხაბეიშვილმა არაერთხელ მოგვაყენა პირადი შეურაცხყოფა.

    ორი კვირის წინ მას პირადად ვესაუბრე მის სამუშაო ოთახში, რომ მისი განცხადებები ხშირად სცდება ყველანაირი პოლიტიკის, თუ ეთიკის ჩარჩოებს და ვთხოვე თავი შეეკავებინა პერსონსლური შეურაცხყოფისგან.

    მან სიტყვა მომცა რომ მსგავს საქციელს აღარ გაიმეორებდა. ამ საუბარს ესწრებოდა მისი თანაგუნდელიც.

    ამის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია კავკასიის ეთერით ჩვენს მიმართ მან გააჟღერა აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენ შეგვიძლია და ხელფასს არ ვუმატებთ კერძო კომპანიის თანამშრომლებს. მას ასეთი ტყუილი მრავლად უთქვამს და ცხადია ეს კონფლიქტის მიზეზი არ გამხდარა.

    კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ მან პირდაპირ ეთერში საკრებულოს უმრავლესობის ყველა წევრს-ფარჩაკი,იდიოტი, არაკაცები გვიწოდა და თქვა, რომ ვიმსახურებთ თავების გატეხვას ლევან ხაბეიშვილის მხრიდან.

    ლევან ხაბეიშვილს კარგად მოეხსენება რომ საკრებულოს ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანიის თანამშრომლები ალაგებენ, რომ საკრებულოს გარდა ეს ქალბატონები კომპანიას სხვა ორგანიზაციებშიც ყავთ დასაქმებული და საკრებულოს არანაირად არ შეუძლია კერძო კომპანიას სახელფასო განაკვეთი განუსაზღვროს, თუმცა ეს სხვა საკითხია.

    კონფლიქტის მიზეზი, ლევან ხაბეიშვილის მხრიდან პირადი შეურაცხყოფაა. ჩემი აღშფოთება და ემოციური სიმშვიდის დაკარგვა სწორედ ამ თავხედობას და უზრდელობას უკავშირდება. გაერთიანებული კომისიების სხდომის მიმდინარეობისას ისევ აგრძელებდა ცინიკური პასუხების გაცემას, რამდენჯერმე შევეცადე მისი ყურადღება მიმექცია და პასუხად მივიღე ისევ ცინიკური განცხადებები, ამის შეემდეგ მე განვახორციელე მის მიმართ ის მსუბუქი დამამცირებელი ჟესტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა. ეს ჩემი მხრიდან შეიძლება ნამდვილად არ იყო მიზანშეწონილი ქმედება, მაგრამ სამწუხაროდ თავი ვეღარ შევიკავე.

    ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის წარმოუდგენელია პოლიტიკური ქულების და სპეკულაციების გამო ხაზი გადაუსვა ყველანაირ მორალს სინდისს და ღირსებას.

    ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ ინციდენტის ხილვის გამო, მაგრამ ნამდვილად არ მიცხოვრია ისე, რომ ვინმეს, მითუმეტეს ლევან ხაბეიშვილის მხრიდან სიტყვა არაკაცი და ფარჩაკი მეკუთნოდეს.

    ცხადია, ძალადობას მორალური არგუმენტით ვერ და არ გავამართლებ, თუმცა საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ასეთი იყო პრე-ისტორია და ასეთია ჩემი პოზიცია“ – წერს თარაშ შურღაია.

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

    ისნის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან დედოფლის გამზირის, გურჯაანის, მახათის, მთავარანგელოზის, გონაშვილის, სევანის, ერისთავის, ფაღავას, ირბახის, ცისკრის, ალიხანიანის, ბოროდინის, მარტყოფის, ნასაკირელის, წურწუმიასა და ქეთევან წამებულის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, აწყურის, გარეკახეთის, დოესის, ავლიპ ზურაბიშვილის, ცუცხვათის, შორაპნის, ძევერის, ლერწმის, მანავის, მიხეილ აბრამიშვილისა და პატარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლეონიძის, შოთა ნიშნიანიძის, ვასო აბაშიძის, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ჭანტურიასა და ლადო ალექსი-მესხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეტრე იბერისა და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს. ამავე ქუჩების მაცხოვრებლებს შეზღუდვა ასევე შეეხებათ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

    გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის დასახლების, კაჭარავასა და ჯანჯღავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

  • საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 იანვარს, თბილისის დროით 01:01 საათზე, ჩრდილო ოსეთთან მიწისძვრა მოხდა.

    სიმძლავრემ 4.0 (ML) მაგნიტუდია შეადგინა.

  • კალათბურთელი კობი ბრაიანტი დაიღუპა

    კალიფორნიაში, ვერტმფრენის ავარიის შედეგად დაიღუპა ლოს ანჟელეს ლეიკერსის ლეგენდარული კალათბურთელი, NBA – ის ვარსკვლავი კობი ბრაიანტი. ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისურენოვანი გამოცემები ავრცელებენ. 

    დადასტურებული ინფორმაციით ვერტმფრენში კალათბურთელის გარდა კიდევ 4 ადამიანი იმყოფებოდა მათ შორის კობი ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილიც. ჯერჯერობით უცნობია ავიაკატასტროფის მიზეზი. 

  • ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავეს

    ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა 65 წლის მამაკაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული და დაზარალებული მეზობლები არიან.

    შსს-ს ცნობით, გამოძიება ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და პოლიციამ 1955 წელს დაბადებული 1 პირი დღეს დააკავა.

    ის სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაა ბრალდებული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

    შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა და ადმინისტრაციული წესით 3 პირი დააკავა.

  • 3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი სავაჭრო ცენტრი საქართველოში

    საქართველოში სულ უფრო იზრდება მოსახლეობის დაინტერესება სავაჭრო ცენტრების მიმართ, შესაბამისად, მათი შემოსავალი და რაოდენობაც წლიდან-წლამდე იმატებს. 

    თბილისის თითქმის ყველა უბანში და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ნახავთ სავაჭრო ცენტრს, თუმცა მათგან ყველაზე მეტი მოგება თბილისის 3 სავაჭრო ცენტრს აქვს.

    პირველ ადგილს კახეთის გზატკეცილზე მდებარე ისთ ფოინთი (East Point) იკავებს, რომელმაც 2018 წელს 39 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო. სავაჭრო ცენტრი 72 ათას კვადრატულ მეტრზეა განლაგებული და 200-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს.

    შემოსავლით მეორე ადგილს თბილისი მოლი (Tbilisi Mall) იკავებს. ის აღმაშენებლის ხეივანზე მდებარეობს და 75 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. სავაჭრო ცენტრში 250-მდე სხვადასხვა ტიპის მაღაზიას შეხვდებით. მისი შემოსავალი 2018 წელს 35,1 მილიონი ლარი იყო.

    მესამე ადგილზე გალერია თბილისია (Galleria Tbilisi) . ის თავისუფლების მოედანზე რამდენიმე წლის წინ გაიხსნა. მისი ჯამური შემოსავალი 2018 წელს 25.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

    სავაჭრო ცენტრებს შესავლების შესახებ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება აქვთ. მას bm.ge ავრცელებს.