Category: არქივი

  • „ასეთია ქართული სტუმართმასპინძლობა“- რა აჩუქეს ბრიტანელ მოგზაურს, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოპარეს

    „ასეთია ქართული სტუმართმასპინძლობა“, – წერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი და ბრიტანელ მოგზაურთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.

    მისი თქმით, მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მოგზაურ როვან ქემფბელს საჩუქრები აჩუქეს.

    „ჩვენს ბრიტანელ სტუმარს – როვან ქემფბელს, ბევრი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ველოსიპედი – Bikes.ge; ორი ღამე სასტუმროში “Best Western Gudauri” და ტრადიციული ქართული ვახშამი; 2 ღამე ჰოსტელში “Fabrika”, – წერს ქვრივიშვილი ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე.

    სინგაპურიდან წამოსულ ბრიტანელ მოგზაურს ველოსიპედი თბილისში მოპარეს. მან გუშინ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ყვებოდა, რომ საქართველომდე მოსასვლელად ერთი წლის განმავლობაში 11 ქვეყანა და 7500 კილომეტრი გამოიარა, თუმცა მოგზაურობას ვერ აგრძელებდა, რადგან ჰოსტელთან ველოსიპედი მოპარეს.

  • საჭიროა კონგრესმენებთან ჩასვლა და სწორი ინფორმაციის მიწოდება- კახა კალაძე

    თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, კონგრესმენების წერილებში არაზუსტი ინფორმაცია იყო, ამიტომ საჭიროა მათთან ჩასვლა, ინფორმაციის მიწოდება და ურთიერთობა.

    „ჩემთვის ოფიციალური ვაშინგტონის, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ გაკეთებული შეფასებები, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რეფორმებზე, გამოწვევებზე. ამ ადამიანებთანაც სამუშაოა. სამუშაოა კონგრესმენებთან, საჭიროა ურთიერთობა, ინფორმაციის მიწოდება იმიტომ, რომ წერილებში, რომელსაც ჩვენ ვნახულობდით, აშკარად იყო არაზუსტი ინფორმაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საჭიროა ჩასვლა და სწორი იფორმაციის მიწოდება, რომ ეს არ იყოს ცალმხრივი”,- ამბობს კალაძე.

  • ტონი, რომლითაც ,,ფრონტერას” მხარდამჭერი კონგრესმენები გახარიას მიმართავენ, მიუღებელია- საქართველოს ელჩი აშშ-ში

    საქართელოს ელჩი აშშ-ში , დავით ბაქრაძე, აცხადებს, რომ ტონი, რომლითაც კონგრესმენები საქართველო პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, აბსოლუტურად მიუღებელია.

    ,,ის ტონი, რომლითაც ფრონტერას მხარდამჭერი კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორის პრემიერ-მინისტრს, მიმართავენ არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს გამოცდილება კონკრეტულად ამ კომპანიის მხარდამჭერ კონგრესმენებთან ურთიერთობის”,- ამბობს ელჩი.

    ბაქრაძის განცხადებით, კომპანია ,,ფრონტერა” ტეხასსა და ოკლაჰამაში წარმოიშვა, ამიტომ ამ შტატების წარმომადგენელ კონგრესმენებს კომპანიის დაცვის პირადი ინტერესი აქვთ.

    რაც შეეხება საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის წერილს, ელჩის თქმით, მასში ფაქტობრივი უზუსტობებია, ამიტომ ის ხალხი, ვინც მათ ამ ინფორმაციას აწვდის, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს თავად აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებს.

    ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენებმა გიორგი გახარიას კრიტიკული წერილები გამოუგზავნეს. მათ შორის ბოლო პიტ ოლსონი იყო, რომელმაც საქართველო მთავრობას კორუმპირებული უწოდა. ენმ-მ სენატორი როჯერ ვიკერის წერილიც გამოაქვეყნა, რომელსაც მთავრობა მალავდა. მან გახარიასთვის მიწერილ წერილში ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლაზე, სასამართლო სისტემის რეფორმასა და სხვა პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი მოგვარების გარეშე საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია დაიკლებს.

  • ბიჭი, რომელსაც 23 დღე ეძებდნენ, პალიასტომის ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

    პალიასტომის ტბაში მაშველებმა ცხედარი იპოვეს. დადასტურებული ინფორმაციით, ტბაში გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგა თავბერიძეა, რომელსაც  რომელსაც 23 დღე ეძებდნენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    ფოთში 24 წლის გოგა თავბერიძეს 4 იანვრიდან ეძებდნენ. ის სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. 

    სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

    შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • მაშველებმა 4 იანვარს ფოთში დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი პალიასტომის ტბაში იპოვეს

    მაშველებმა 4 იანვარს გაუჩინარებული 21 წლის გოგა თავბერიძის ცხედარი პალიასტომის ტბაში იპოვეს.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მყვინთავთა ჯგუფებმა ცხედარს სამკვირიანი, უწყვეტი სამუშაოების შედეგად მიაკვლიეს.

    ,,თბილისიდან ფოთში გაემგზავრნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების წყალზე სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებს პალიასტომის ტბიდან მდინარე კაპარჭინის შესართავამდე აწარმოებდნენ. ასევე, საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა მდინარე რიონში. ადგილზე შეიქმნა სამუშაო შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო სამუშაოების მართვა. პროცესში ჩართული იყო ექოლოტი და სპეციალური მცურავი ტექნიკა. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა დრონის საშუალებით. სამკვირიანი, უწყვეტი სამუშაოების შედეგად, დღეს მაშველებმა პალიასტომის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

    ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

    გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 27 იანვარს მიიღო. სასამართლომ საქმეზე დაკავებული ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, არჩილ ვანაძე უდანაშაულოდ ცნო, ეგრასლან ლომაძეს კი ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

    წინა წლის 30 მაისს დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი, მათ შორის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი დააკავეს.

    საქმე ეხება ბათუმში „იაფი სახლის” პროექტს. ბათუმის მერიამ შემსრულებელ კომპანიას ავანსის სახით მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა, კომპანია გაუჩინარდა, პროექტი კი არ შესრულდა, რაზეც გამოძიება დაიწყო.

  • თუ გენპროკურორის შერჩევის პროცესი ფარსია, ბატონ შოთაძესთან რატომ მოდის კითხვების დასასმელად?- ოხანაშვილი ოთარ კახიძეზე

    ,,თუ გენპროკურორის შერჩევის პროცესი ფარსია, ბატონ შოთაძესთან რატომ მოდის კითხვების დასასმელად?”,- ამ კითხვით ეხმაურება ანრი ოხანაშვილი ოთარ კახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის მხოლოდ ირაკლი შოთაძესთან გასაუბრებას დაესწრება, რადგან შერჩევის პროცედურა ფარსია.

    ანრი ოხანაშვილის თქმით, საპროკურორო საბჭოში განსაზღვრულია კვოტა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლისთვის, ოთარ კახიძე არის საბჭოს წევრი, ამიტომ, შეუძლია დაესწროს ამ პროცესს და კითხვები დასვას.

    ,,თუ ისინი აპელირებენ, რომ მათ ანტერესებთ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით შეკითხვები დასვან, მობრძანდნეს, პროცესში მონაწილეობა მიიღოს და დასვას. თუ ფარსია ეს პროცესი, ბატონ შოთაძესთან მიმართებით რატომ მოდის და რატომ სურს შეკითხვების დასმა?! თუ ეს პროცესი მისთვის ფარსია, მაშინ მისი ამ პროცესში მონაწილეობა საერთოდ აზრს უნდა იყოს მოკლებული. ამიტომ, საკუთარ თავთან მოდინ წინააღმდეგობაში, რადგან, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ეს პროცესი დადგმულია. თუ ეს პროცესი დადგმულია, რატომ აცხადებს, რომ უნდა მოვიდეს და დასვას კითხვები საპროკურორო საბჭოში მხოლოდ ერთ კანდიდატთან?! ეს მიუთითებს მათ პოლიტიკურ დაინტერესებაზე”,- აცხადებს ოხანაშვილი.

    ცნობისთვის, გენრპროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრებები დღეს დაიწყო. ოთარ კახიძემ ამ პროცესს ფარსი უწოდა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი იღებს.

  • გენერალური პროკურორობის კანდიდატს სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი ირჩევს, ეს პროცედურა არის ფარსი- ოთარ კახიძე

    საპროკურორო საბჭოს და „ევროპული საქართველოს” წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, პროკურატურაში მიმდინარე გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესი ფარსია და კანდიდატს სინამდვილესი ბიძინა ივანიშვილი ირჩევს.

    მისი თქმით, ის მხოლოდ ირაკლი შოთაძესთან გასაუბრებას დაესწრება.

    ,,ივანიშვილის პროკურატურში იწყება მორიგი სპექტაკლი, თითქოს რაღაც დამოუკიდებელი საპროკურორო საბჭო იწყებს გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევას. სინამდვილეში კანდიდატს ირჩევს თავად ბიძინა ივანიშვილი და ეს ყველაფერი, მთელი ეს პროცედურა არის სრული ფარსი და არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან და გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევასთან. შესაბამისად, მე ამ წარმოდგენაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, როგორც ივანიშვილის რჩეულს, როდესაც მას ექნება საშუალება, რომ პასუხები გასცეს იმ კითხვებზე, რაც საზოგადოებას აქვს, აუცილებლად დავესწრები ამ სხდომას და კითხვებსაც დავსვამ”,- ამბობს ოთარ კახიძე.

    ცნობისთვის, გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დღეიდან იწყება.

  • “ქართულმა ოცნებამ” თავისი მისია ამოწურა, მან ხელისუფლება უნდა დათმოს- გია ჟორჟოლიანი

    დეპუტატი, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” თავისი მისია ამოწურა და მან ხელისუფლება უნდა დათმოს.

    მისი თქმით, ხელისუფლება ვითარების გამოსწორებას ვეღარ შეძლებს და კრიტიკული მოწოდებები მათ მიმართ უშედეგოა.

    ,,ქართულმა ოცნებამ” თავისი მისია ამოწურა. მან ხელისუფლება უნდა დათმოს. დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან “ქართული ოცნების” მისამართით კრიტიკა, მოწოდებები, რომ მან არსებული ვითარება გამოასწოროს – ფუჭია. ქართველი ხალხი ამ განცხადებების გარეშეც კარგად ხვდება არსებული ვითარების სიმწვავეს და გრძნობს პოლიტიკური ელიტის უუნარობას, გამოასწოროს ვითარება. 2012 წელს საქართველოს ისტორიაში მოხდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა – დამარცხდა რეპრესიული და ავტორიტარული “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი. ეს მართლაც ისტორიული მოვლენა და “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, მაგრამ ამით „ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა“, – ამბობს პარტია ,,სოციალ-დემოკრატების” ლიდერი.

    ჟორჟოლიანი ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება საპროტესტო მოძრაობად დარჩა და მას ლეგიტიმაციას ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირება აძლევს.

    ,,ეს იყო საპროტესტო მოძრაობა და საპროტესტო მოძრაობადვე დარჩა. დღეს, ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის 8 წლის შემდეგაც, ამ პარტიის ლეგიტიმაცია ისევ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ პროტესტზე დგას. მხილება, კინკლაობა და დაპირისპირება – სამწუხაროდ, ესაა დღევანდელი პოლიტიკის შინაარსი. თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს, განვითარების გზას დაადგეს, ეს პროტესტის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”,- ამბობს გია ჟორჟოლიანი.

  • გენპროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დღეიდან იწყება

    საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას დღეიდან იწყებს. 

    კანდიდატურა მოხსნა ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ, რომელმაც მხარდაჭერა ირაკლი შოთაძეს გამოუცხადა, შესაძლოა, ანალოგიური გადაწყვეტილება, იურისტმა გელა ჩივაძემაც მიიღოს.

    საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.