Category: არქივი

  • კორონავირუსის შემთხვევა ინდოეთშიც დაფიქსირდა

    ინდოეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული სტუდენტია, რომელიც ჩინეთის ქალაქ უჰანში სწავლობდა.

    სტუდენტი ინდოეთში ქალაქ კერალას მცხოვრებია. ის საავადმყოფოში, იზოლაციაში იმყოფება.

    ამ დროისთვის კორონავირუსით უკვე 170 ადამიანია გარდაცვლილი, 7711 კი დაინფიცირებული.

    კორონავირუსის შემთხვევა უკვე 20-მდე ქვეყანაში დადასტურდა.

  • ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არშემოშვება დამთავრდება სანქციებით- წულუკიანი

    იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილს რუსი დელეგატების შემოშვებასთან დაკავშირებულ კითხვაზე შეიძლება მხოლოდ ერთადერთი პასუხი ჰქონოდა, რომელიც გასცა.  

    საუბარია ზურაბიშვიის განცხადებაზე, რომ საქართველო შემოუშვებს რუსეთის დელეგატებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ.

    წულუკიანის განცხადებით, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არშემოშვება სანქციებს დადებას გამოიწვევს, რაც ოპოზიციის სურვილია.

    ,,რუსი დელეგატების შემოშვების შესახებ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტს შეიძლება ჰქონოდა ის ერთადერთი პასუხი, რომელიც გასცა. კერძოდ, ევროსაბჭოს სტატუტით და შეთანხმება იმუნიტეტის შესახებ, რომლის ხელმომწერები ვართ სწორედ იმ პერიოდიდან, როცა ბატონმა ჟვანიამ სწორედ იმ ტრიბუნიდან თქვა ის ცნობილი ფრაზა, რომელიც ყველას გვახსოვს – რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არშემოშვება დამთავრდება საქართველოსთვის სანქციებით. ეს სანქციები უნდა ოპოზიციას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დაედოს სახელმწიფოს’, – თქვა წულუკიანმა.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროსაბჭო ზურაბიშვილის ვიზიტს წარმატებულად და დადებითად აფასებს, მაგრამ ოპოზიცია პრეზიდენტს აკნინებს და შეურაცხყოფას აყენებს.

    ,,რა თქმა უნდა, თითოეულის უფლებაა, განსაკუთრებით კი უპასუხისმგებლო ოპოზიციის, რომ ჩვენი წარმატება დააკნინოს ან პიროვნულად საქართველოს პრეზიდენტს მიაყენოს შეურაცხყოფა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ჩვენ ობიექტურად შევაფასებთ ამას და ვიტყვით, რომ ეს ვიზიტი იყო წარმატებული,”- აცხადებს თეა წულუკიანი. 

  • ნიკა გვარამიას სასამართლოსთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

    ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოს ეზოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

    ,,მოსაწევად ვიყავი გასული, მოვდიოდი ჩემს გზაზე და ვერ დავინახე, გვერდიდან მოვიდა. თავმდამსხმელი არ ვიცი, ვინაა, მაგრამ გავიგებ”,- ამბობს გვარამია.

    მისი თქმით, დაზიანება ცხვირის და თვალის არეში მიიღო.

  • რურუას პროცესის პარალელურად სასამართლოსთან მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

    გიორგი რურუას სასამართლო პროცესის პარალელურად მოძრაობა ,,სირცხვილიას” აქტივისტები , ენმ-ის და ევროპული საქართველოს წევრები მის მხარდამჭერ აქციას მართავენ.

    გიგი უგულავას თქმით, რურუა პოლიტპატიმარია, ამიტომ აქციაზე მის წინააღმდეგ პოლიტიკური საქმის შეწყვეტას ითხოვს.

    ,,იარაღიც აღარ სჭირდებათ. ამიტომაა, რომ საქმეში იარაღი არც იყო, მერე რაღაც მორიგე იარაღი იპოვეს, რომელზეც ადგნენ და პურზე რომ ჯემს წაუსვამ, ისე წაუსვეს რურუას დნმ. ვითხოვთ, ბუნებრივია, გიორგის რურუას წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და ზოგადად ვითხოვთ ყველა პოლიტიკური საქმის შეწყვეტას,” – ამბობს უგულავა.

    გიორგი ვაშაძის განცხადებით, გიორგი რურუას იარაღი მთავარი არხის და სირცხვილიას დაფინანსების გამო ჩაუდეს. ის ასევე აღნიშნავს, რომ სენატორების და კონგრესმენების წერილები სწორედ ამ ტიპის დაკავებებს უკავშირდება.

    რურუა 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა.

    გიორგი რურუა საპროტესტო მოძრაობა ,,სირცხვილიას” აფინანსებდა. ის ,,მთავარი არხის” მეწილეც არის.

  • მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    „ვაპირებთ, 100 საინვესტიციო ბიზნესის ფარგლებში შევიტანოთ ე.წ. რიყის დოქები. გარკვეული მომზადება დასჭირდა ამ ობიექტს. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამ პროექტის მშენებლობაზე. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა ვერ იპოვა თავისი სწორი გამოყენება, ვერ იპოვა თავისი ფუნქცია, არადა ობიექტი ძალიან საინტერესო ადგილას არის. ამ ადგილს ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. შეფასება, რომელიც გაკეთდა არის 95 მილიონი ლარი, რაც რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზეც, რომ თავის დროზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამის აშენებაში.

    ჩვენ სწორედაც ამ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ გავტესტოთ რამდენად რელევანტურია ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ ღია საჯარო აუქციონის გზით სწორი გამოყენება ვუპოვოთ „რიყის დოქებს”, – განაცხადა თურნავამ.

    მისივე თქმით, აუქციონი მომავალი კვირიდან გამოცხადდება.

  • პარტია ,,სოციალ-დემოკრატები” საფინანსო კომპანია „საქართველოს” საქმიანობის შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

    პარტია „სოციალ-დემოკრატები” საფინანსო კომპანია „საქართველოს” საქმიანობის შესწავლის მიზნით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

    პარტიის წევრის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, კომპანია „საქართველოს” საქმიანობის შედეგად 2 500-მდე ოჯახი დაზარალდა, მათთვის მიყენებული ზარალი კი 15 მლნ ლარზე მეტია.

    მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა საფინანსო კომპანიასთან დაკავშირებული რისკების შესახებ მოსახლეობას არ მიაწოდა ინფორმაცია, რის გამოც 2012 წლის შემდეგ „საფინანსო კომპანია – საქართველოში” ანაბრები შეიტანეს.

    ,,მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო კომპანიასთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დროული და ეფექტური რეაგირება. დაზარალებულთა უმრავლესობამ ანაბარი შეიტანა „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, 2012 წლიდან, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში „საფინანსო კომპანია – საქართველომ“ გააჩაღა აქტიური სარეკლამო კომპანია. ეროვნულმა ბანკმა არ მიიღო საჭირო ზომები მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, შესაძლო რისკების თაობაზე. შედეგად, ადამიანებმა არ იცოდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ენდობოდნენ სახელმწიფოსა და ეროვნულ ბანკს, შესაბამისად, აგრძელებდნენ ანაბრების შეტანას კომპანიაში, რომელიც რეალურად თაღლითურ პირამიდას წარმოადგენდა. შედეგად, მივიღეთ ათასობით დაზარალებული. ჩვენი ინფორმაციით, ეს მოვლენები უკიდურესად უარყოფითად აისახა უამრავი ადამიანის ჯანმრთელობაზე”,- ამბობს ჟორჟოლიანი.

    პარტია ,,სოციალურ-დემოკრატებმა” დადგენილების პროექტი პარლამენტში უკვე შეიტანეს. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, დროულად შექმნან საგამოძიებო კომისია.

  • იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

    იტალიაში, საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. იტალიური პრესა წერს,რომ ქალის ცხედარი კვირა დილით აღმოაცინეს.  ქალი, 1966 წლის 20 ივლისს დაბადებული ელზა სიუკაევა, რომელიც იტალიაში 14 წელი იმყოფებოდა. მას ოჯახი საქართველოში ჰყავს.

    მედიის ცნობით, პოლიცია ადგილზე გარდაცვლილი ქალის ბიძაშვილის და ბინის მეპატრონის გამოძახების საფუძველზე მივიდა.

  • შეიძლება, იძულებულები გავხდეთ, ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ- სენატორები გახარიას

    სენატორები, ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი პრემიერ-მინისტრ გახარიას წერილს უგზავნიან, რომელშიც აფრთხილებენ, რომ რეფორმების შეფერხებამ და საქართველოს შიგნით დაძაბულობის ზრდამ შესაძლოა, საქართველოსთან პარტნირობის გადახედვის საკითხი დააყენოს.

    აქამდე პარტნიორობის შეწყვეტის საკითხი ვაშინგტონიდან გამოგზავნილ არც ერთ წერილში გაჟღერებულა. წერილი მით უფრო საყურადღებოა იმ მიზეზითაც, რომ მას საკმაოდ მაღალი რანგის სენატორები აწერენ ხელს – ჯეიმს რიში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარეა, ჯინ შაჰინი კი ამავე კომიტეტის წევრი. 

    სენატორების უპრეცენდენტო გზავნილის მიზეზი ის არის, რომ ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენებით , განსაკუთრებით კი, პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებით და მთავრობის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობით. მათი შეფასებით, ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებზე ზეწოლა, საქართველოს უკუსვლის მტკიცებულებაა.

    ,,გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების მიზანში ამოღება, როგორც ფორმალური და ასევე არაფორმალური მეთოდების გამოყენებით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ცნობები, რომ ოპოზიციის ლიდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად ესხმიან თავს ან ავიწროვებენ, გვაშფოთებს. იგივეა, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების თავიდან გახსნა. პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ სიტყვის თავისუფლებით. საქართველოს სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული მათთვის თავისუფლების შესაზღუდ იარაღად.

    და ბოლოს, ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემას ძირი ეთხრება უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის სამუდამოდ დანიშვნით – მანამ, სანამ მათ კვალიფიკაციას სრულად შეაფასებდნენ, როგორც აღნიშნა ეუთო-მ თავის 2020 წლის იანვარში მონიტორინგის ანგარიშში. პოლიტიკური მოკავშირეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში დანიშვნა, მიუკერძოებელი და მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეების ნაცვლად, იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს, რომელთა გამოც რეგიონში საქართველოსი შურდათ. ბატონი ივანიშვილის განცხადება, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა, დამატებით შემაშფოთებელი განვითარებაა. იმედი გვაქვს ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სასამართლო და პოლიცია ბოროტად გამოიყენოს პოლიტიკური სარგებლის მისაღებად.

    ჩვენ წლებია საქართველოსთან შეერთებული შტატების პარტიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და კვლავ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ფუნდამენტი გაქვთ. თუმცა, ეს მოვლენები გვაპაუზებს და კითხვებს გვიჩენს, რამდენად ერთგულია საქართველო ჩვენი საერთო ღირებულებების. მეტიც, ვშიშობთ, რომ რეფორმების შეფერხება და საქართველოს შიგნით დაძაბულობის ზრდა, რუსეთის უფრო მეტად ჩარევას განაპირობებს ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო მეტად შეექმნება საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენ შეიძლება იძულებული გავხდეთ, რომ ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ”,- წერენ სენატორები.

    ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ საქართველო იქნება სანდო, დემოკრატიული და სტაბილური დასაყრდენი.

    ,,ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სწრაფად შეეცდებით ამ უკუსვლის შემობრუნებას და შეუსრულებთ დანაპირებს ქართველ ხალხს” – ნათქვამია სენატორების წერილში.

    ეს უკანასკნელი და ყველაზე მაღალი რანგის სენატორების წერილია, რომელიც გახარიამ ვაშინგტონიდან მიიღო. მანამდე პრემიერს შვიდმა კონგრესმენმა და სენატორმა როჯერ ვიკერმა გამოუგზავნეს წერილები და მთავრობის ქმედებები გააკრიტიკეს. მათ შორის, პროპორციულის ჩაგდება, ოპოზიციურ ლიდერებზე და მედიაზე ზეწოლა, სასამართლო სისტემა და ა.შ.

  • „წულუკიანის დიეტა ყოფილა ყველაზე ეფექტური“ – ოქრუაშვილის 1 დღე ციხეში

    ერთი დღე ციხის ცხოვრებიდან – პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ციხეში გატარებულ დროზე წერს.

    „13:30 საათზე ციხეში სადილის დროა.
    თუ მარხვას ინახავ, ცალკე სამარხვო საჭმელს გიმზადებენ. შობის მარხვაში, როგორც იცით, 25 დეკემბრამდე თევზის ჭამა შეიძლება ოთხშაბათის და პარასკევის გარდა.
    ციხეში თევზი მაინცადამაინც ოთხშაბათს არის.
    როდესაც ვუთხარი, თევზი ერთი დღით გადაწიეთ, სამშაბათს ან ხუთშაბათს- მეთქი, მიპასუხეს:- მაგას დეპარტამენტის უფროსი არეგულირებს ბრძანებით-ო და მეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქვეყანას იდიოტები მართავენ.

    საერთოდ, ციხეში კვებას რაც შეეხება, არ დაუჯეროთ არც ერთ დიეტოლოგს, წულუკიანის დიეტა ყოფილა ყველაზე ეფექტური. 2 კვირაში ამ დიეტით 15კგ-ს დაკლება გარანტირებული გაქვთ, ოღონდ ბოლოს წიწიბურას, ლობიოს, ან კარტოფილის ფორმას მიიღებთ. დიეტას შედეგი აქვს ერთი პირობით-დანიშნულება ივანიშვილმა უნდა გამოგიწეროთ, ანუ, გლდანში ან მატროსოვზე უნდა მოხვდეთ, სხვაგან ასეთი შედეგი არ ექნება.

    ახლა, ცოტა სერიოზულად.
    საკჯარისკაცისთვის აუცილებელი დღიური კალორია 5 ათასი-6 ათასია. პატიმრის კალორია საფრანგეთის და გერმანიის ციხეებში, საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, 3500-ზე ნაკლები არაა. მატროსოვზე კვების კალორია დღეში 1800-ზე მეტი არ იქნება.
    ცნობისათვის, ფაშისტები საკონცენტრაციო ბანაკებში ტუსაღებს 800 კალორიაზე მეტს არ აძლევდნენ.
    კვირაში 150 გრ, ხორცი, 50 გრ, თევზი და დანარჩენი ბურღულეული- ეს არის მატროსოვზე პატიმრის რაციონი. დასკვნები თქვენ გააკეთეთ.

    14: 30 საათი გახდა.
    გარეთ გასეირნების დრო მაქვს.
    სიცივის გამო გარეთ გასვლა მეზარება, მაგრამ იქნებ გუშაგს გამოველაპარაკო ( ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან).
    აქაც ჩანს, რომ სახელმწიფოს ვერ ვაშენებთ. ან, ქართველს ჯარში წასვლა არ სურს, ან გამწვევი კომისიები ისევ ფულს აკეთებენ და გეგმას ეთნიკური უმცირესობით ასრულებენ.

    15: 30 საათზე საკანში შემოვბრუნდი და კითხვა გავაგრძელე.
    ციხის ბიბლიოთეკაში უცხო ენაზეც აქვთ წიგნები, მაგრამ ერთი წიგნი დიდი თავსამტვრევი გახდა ჩემთვის.
    ვინ შეიძინა, ვისთვის შეიძინა, ანუ ვინ უნდა მოხვდეს ამ ციხეში ისეთი პატიმარი, რომელიც ფრანგულ ენაზე წაიკითხავს ცნობილი ფრანგი მწერლის წიგნს „ლა შარიტე“-ს
    პრინციპში კი გვყავს ერთი ასეთი მატროსოვზე მოხვედრის კანდიდატი, თან საფრანგეთის მოქალაქეცაა, მაგრამ არაა. მაგას მარტო თავისი ეკა უკითხავს და ცოლთან ერთად ხომ არ ჩავსვამთ.

    5 საათზე ბონდო ვათიაშვილმა შემომიარა და ერთი-ორი პოსტის ტექსტი ჩავაწერინე.
    მალევე საკანში დავბრუნდი.უაზრო ფიქრებმა წამიღო.

    ამას წინათ ტვ პირველზე სიუჟეტს ვუყურე.
    ახალგაზრდებს მოძრაობა 20-30 შეუქმნიათ და ფეისბუქის მიერ ივანიშვილის ტროლების გაუქმების შემდეგ , ბიძინას სოცქსელებში მხარდაწერას სთავაზობენ, თუ ფონდი ქართუ დააფინანსებს. ისიც დააყოლეს, რომ 100 წლის შემდეგ ბიძინა მთაწმინდაზე უნდა დაიკრძალოსო. ვფიქრობ, როგორ გავწევრიანდე ამ ორგანიზაციაში და დაფინანსების გარეშე ჩემი წვლილი შევიტანო.
    მთაწმინდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ლიახვის ან დურუჯის რიყეზე მარტომ ნიჩბის გარეშე მისი საფლავი გავთხარო. მე მეტი არ შემიძლია.
    ცოტა ხანს ტელევიზორს ვუყურე.
    წინასაახალწლოდ ბიძინამ და წულუკიანმა უძვირფასესი საჩუქარი გაგვიკეთეს- სატელევიზიო პაკეტში 2 ახალი რუსული არხი ჩაგვირთეს: TV 3 და TV RUS.
    პირველი მკითხავების არხია და დამწყები მკითხავებისათვის ჯადოს მოხსნის კურსი ისწავლება, ხოლო მეორე არხზე ექსტრასენსები სულის გასუფთავების კურსს ატარებენ დღისით, საღამოობით კი რუსული ინტერნეტ მაღაზიაა და ,, ტუშონკებს’’ და ვიბრატორებს ყიდიან.

    ასე უაზროდ ჩიარა კიდევ ერთმა დაკარგულმა დღემ.

    ციხეში გატარებული ყოველი დღე დაკარგულია ცხოვრებაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ,, არ იცი’’ რატომ ზიხარ. არ იცი -პირობითად, თორემ რეალურად რა თქმა უნდა ვიცი. თუ ქვეყანაში ხელისუფალი რაიმე ცუდს ჩაიდენს, ხოლო შენ პირში წყალს არ ჩაიგუბებ და მხოლოდ სამზარეულოში მოთქმით არ შემოიფარგლები, როგორც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, აუცილებლად მოგიწევს ჩაჯდომა, რადგან, მიუხედავად 21-ე საუკუნისა, ჩვენთან ასეთი საქციელი დასჯადია.

    ჩვენი საზოგადოება 5 ნაწილად იყოფა. ( 2008 წლის ომის მაგალითზე) .
    1. იმათ, ვინც წინა ხაზზე იბრძვის
    2. იმათ, ვინც ქვეყნის დასაცავად რუსთაველზე მაშინ გამოდის, როცა ომი დამთავრებულია
    3. იმათ, ვინც წითელი ხიდისკენ გარბის
    4. იმათ, ვისაც უხარია რუსები, რომ შემოდიან
    5. იმათ, ვისაც ყველაფერი და დანარჩენი 4 კატეგორია ფეხენზე ჰკიდია.
    პირველ კატეგორიაში ყოფნა ყოველთვის დასჯადია, ამიტომ არც მიკვირს და არც ვნანობ ციხეში, რომ ვარ.
    მირჩევნია ყოველთვის წინა ხაზზე ვიყო, ვიდრე სხვა გაუგებარ კატეგორიებში.
    საქართველოში, იმ ადამიანების ათეულში ნამდვილად შევალ, ვისი ცხოვრებაც საინტერესოდ წარიმართა, მითუმეტეს , ყველაფერი წინ არის.

    ციხეს და არა მარტო ციხეს ერთი ცუდი კანონი აქვს _ მომავლის გამო აწმყო არ უნდა დააჩქარო“, – წერს ოქრუაშვილი.

    შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. მას პროკურატურა ადანაშაულებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში.

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს.

    ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს.

    რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.