Category: არქივი

  • მოსახლეობის 80%-ის აზრით, ქალისთვის სიგარეტის მოწევა არასდროსაა მისაღები – CRRC

    კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა-საქართველომ“ (CRRC – საქართველომ) საქართველოს მოსახლეობის შეხედულებათა ტენდენციების კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვით, მოსახლეობის 80%-ს მიაჩნია, რომ ქალისთვის სიგარეტის მოწევა არასდროსაა მისაღები.

    ასევე, კითხვაზე, რომელი ასაკიდანაა მისაღები ქალისთვის სქესობრივი ურთიერთობის დამყარება ქორწინებამდე, 63% ფიქრობს, რომ არასდროს.

    გარდა ამისა, მოსახლეობის 55%-ს მიაჩნია, რომ ქალისთვის ძლიერი ალკოჰოლური სასმელის დალევა მისაღები არასდროს არის.

    „CRRC – საქართველო“ აღნიშნავს, რომ მიუხედავად მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ქალის როლის მიმართ კონსერვატიული განწყობისა, ასეთი დამოკიდებულება 2010 წელთან შედარებით შემცირებულია.

    CRRC-ის მიხედვით, „კავკასიის ბარომეტრის“ ფარგლებში, საქართველოში ჩატარებული გამოკითხვა ქვეყნის წარმომადგენლობითია, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. გამოკითხვა აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე, პირისპირ, პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით წარმოებს.

    საველე სამუშაოები მოიცავს 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს და გამოპასუხების დონე 36%-ს შეადგენს. გამოკითხულია 2 317 რესპონდენტი.

    ცდომილება:

    5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-0.7%
    10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-2.7%
    25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-3.7%
    50%-ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-4.1%

  • თიბისი ლიზინგი მცირე და საშულო ბიზნესის დასაფიანანსებლად 10 მლნ დოლარი მოიზიდა

    თიბისი ლიზინგმა ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიისგან (FMO) 10 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. მოლაპარაკებები მხარეებს შორის ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა. თიბისი ლიზინგი აღნიშნულ რესურსს გამოიყენებს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დასაფინანსებლად.

    თანამშრომლობის მიზანია, აქტივების პირდაპირ დაფინანსების გზით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ლიზინგზე, როგორც ფინანსირების ალტერნატიულ საშუალებაზე წვდომის გაზრდა. ასევე, რესურსის 30% მიმართული იქნება ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროექტების დასაფინანსებლად.

    „2019 წელი ზოგადად სალიზინგო სექტორისთვის ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა, რაც ციფრებშიც კარგად ჩანს – სექტორი 32 % -ით გაიზარდა.
    თიბისი ლიზინგი, ბაზარზე ისევ უპირობო ლიდერად რჩება. წლის ჯამურმა დაბანდებამ 81 მილიონი დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 30 % -ით გაიზარდა.

    2020 წელიც ასეთივე წარმატებით დაიწყო და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, მორიგი ინვესტიცია მოვიზიდეთ ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიისგან. ბოლო სამი წლის მანძილზე, თიბისი ლიზინგმა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან 100 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის სახსრები მოიზიდა. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობას, რაც ჩვენი ქვეყნის ბიზნეს გარემოს საგრძნობლად გააუმჯობესებს,“ – განაცხადა თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ.

    “მრავალი წლის განმავლობაში თიბისი ბანკმა ყველას დაგვანახა, რომ ის წამყვანი და სანდო მხარდამჭერია მცირე და საშუალო ბიზნესისა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენს. ეს გარიგება თიბისი ბანკის შვილობილ კომპანიასთან, თიბისი ლიზინგთან თანხვედრაშია FMO-ს ამბიციურ მიზნებთან განახორციელოს ენერგო ეფექტური ტრანზაქციები. ამ სესხით ჩვენ მიზნად ვისახავთ გავაძლიეროთ თიბისი ლიზინგი და მხარი დავუჭიროთ მას, გახდეს წამყვანი სალიზინგო კომპანია მწვანე პროექტების დაფინანსების კუთხით,“ – განაცხადა FMO-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ ვან მიერლომ.

    ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია (FMO) ჰოლანდიის უმსხვილესი განვითარების ბანკია, რომლის აქციონერებსაც ნიდერლანდების სახელმწიფო და სხვა ჰოლანდიური კომერციული ბანკები წარმოადგენენ. ორგანიზაცია 1970 წლიდან ფუნქციონირებს და მსოფლიოს მასშტაბით ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას. ამჟამად კონიის პორტფელის მოცულობა 10 მილიარდ ევრომდეა და ორგანიზაციაში დასაქმებულია 500-ზე მეტი თანამშრომელი.
    თიბისი ლიზინგი თიბისი ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2003 წელს დაარსდა. თიბისი ლიზინგი საქართველოს წამყვანი სალიზინგო კომპანიაა, რომლის საბაზრო წილი 70% –ია, ხოლო კომპანიის მთლიანი პორტფელი 300 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. თიბისი ლიზინგი აფინანსებს ისეთ სფეროებს როგორიცაა: მშენებლობა, წარმოება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, განახლებადი ენერგია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, HoReCa და სხვა. კომპანიის საქმიანობა ვრცელდება მთელი ქვეყანის მასშტაბით, სადაც ის წარმოდგენილია 5 ფილიალით და 120 თანამშრომლით.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8934 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8934 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8999 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0065 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1868 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1905 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ინფექციურ საავადმყოფოში ჩინელთა ჯგუფი მიიყვანეს (ვიდეო)

    ჩინეთის 2 მცირეწლოვანი მოქალაქე გუდაურიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ისინი მკურნალობას ბოქსირებულ განყოფილებაში გაივლიან

    ინფორმაცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ დაადასტურა, თუმცა მისივე განცხადებით, ფაქტი არ განეკუთვნება კორონავირუსის სავარაუდო ან საეჭვო შემთხვევას. 

    “ჩვენ გვაცნობეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, რომ ყაზბეგში შემოვიდა 9-კაციანი ჯგუფი ჩინელებისა, რომლებიც როგორც ვიცი, შემოვიდნენ აზერბაიჯანის გავლით. ისინი ჩინეთიდან გამოსული არიან 21 იანვარს. ამ 9 ადამიანიდან სამია ბავშვი და ორ ბავშვს, როგორც გვითხრეს ტყუპები არიან, აქვთ ტემპერატურის მომატება, რის გამოც, არსებული რეკომენდაციების მიხედვით, ისინი ჩაითვალნენ საეჭვო შესაძლო შემთხვევად კორონავირუსის ინფექციაზე. მათ აქვთ ტემპერატურის მომატება, არიან ჩინელები და ჩამოსულები არიან ჩინეთიდან. ისინი მოთავსდებიან ბოქსირებულ განყოფილებაში, რომელიც აბსოლუტურად იზოლირებულია. მათ ჩაუტარდებათ სტანდარტული პროტოკოლით გათვალისწინებული მოქმედებები, კერძოდ, კლინიკური გამოკითხვა, ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა, რენტგენოგრაფია, აგრეთვე აღებული იქნება მასალა სხვა გამომწვევებზე. კორონავირუსის იდენტიფიცირება საქართველოში ჯერ ვერ ხდება. ვიმოქმედებთ გამორიცხვის მეთოდით – ჩვენ ავუღებთ მათ მასალას ათზე მეტ გამომწვევზე და თუ რომელიმე ერთი მათგანი დადგინდა, მოიხსნება ეჭვი კორონავირუსზე. თუ ვერც ერთი გამომწვევი ვერ იქნა ნანახი, მაშინ ეს პაციენტი დარჩება საეჭვოდ კორონავირუსის ინფექციაზე”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.

  • რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის ამაზრზენი, ამას არ აქვს არანაირი გამართლება- გახარია იზორიას ძმის კადრებზე

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, იზორიას ძმის კადრები ამაზრზენია და არანაირი გამართლება არ აქვს.

    გახარიამ მთავრობის სხვა წევრებისგან განსხვავებით, პოლიციელი გაამართლა და აღნიშნა, რომ მას უარესი რეაქცია ექნებოდა.

    ,,მე რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის ამაზრზენი, ამას არ აქვს არანაირი გამართლება. იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, მექნებოდა უარესი რეაქცია. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, საკუთარი სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ეს იყო უკიდურესად ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებზე ვნახე”,- ამბობს გიორგი გახარია.

    შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს პოლიციელმა გიორგი დვალიშვილმა გაასაჯაროვა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს ის მაშინდელი შს მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, შემდეგ კი ზემდგომები მის გათავისუფლებას აიძულებენ.

    შს მინისტრის თქმით, კიტა იზორია პოლიციელს ხელით არ შეხება, მიმართვა ,,ფორმას გაგხდი” კი დანაშაული არ არის.

  • სენაკში ხანძარს 96 წლის ქალი ემსხვერპლა

    სენაკში ხანძარს 96 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    როგორც ცნობილია, ის სახლში მარტო იმყოფებოდა. ადგილობრივების თქმით, მას ელექტრო-გამათბობელი ჰქონდა ჩართული. ხანძრის გაჩენის მიზეზი შესაძლოა, სწორედ ეს გამხდარიყო.

  • პრაქტიკულად, საქართველო კარგავს აშშ-ის მხარდაჭერას, ამის დაშვება არ შეიძლება- მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

    მიხეილ სააკაშვილის თქმით, სენატორების, ჯეიმს რიშისა და ჯინ შაჰინის წერილი ივანიშვილის რეჟიმისთვის ძალიან მძიმე საბრალდებო დასკვნაა. მისი შეფასებით, ორივე სენატორი ცნობილი, წესიერი და დიდი ავტორიტეტის მქონე პოლიტიკური მოღვაწეები არიან. 

    სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველო , პრაქტიკულად, კარგავს აშშ-ის მხარდაჭერას და ამის დაშვება არ შეიძლება.

    ის სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს: 

  • ჩინელი ტურისტები ყაზბეგიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ

    ჩინელი ტურისტების ჯგუფი ყაზბეგიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. 

    ინფორმაცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ დაადასტურა, თუმცა მისივე განცხადებით, ფაქტი არ განეკუთვნება კორონავირუსის სავარაუდო ან საეჭვო შემთხვევას.

    პაატა იმნაძის განმარტებით, ტურისტები არიან ჩინეთის იმ პროვინციიდან, სადაც ვირუსი არ არის დაფიქსირებული და უხანიდან 1300 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

    იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში კორონავირუსის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს, პირებს დააკვირდებიან და შესაბამის გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

    საქართველოს პირველი არხი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსაც დაუკავშირდა, სადაც ასევე დაადასტურეს, რომ ელოდებიან ცხრაკაციანი ჯგუფის მიღებას. კლინიკის ინფორმაციით, ტურისტთა ჯგუფი საქართველოში ბაქოდან 25 იანვარს შემოვიდა, ბაქოში კი ჩინეთიდან 21 იანვარს ჩავიდა.

  • სოფლის მეურნეობის დარგისთვის ,,იაფი ფულის” დაპირება შევასრულეთ- ლევან დავითაშვილი

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ,,იაფი ფულის” დაპირება ქართულმა ოცნებამ სოფლის მეურნეობის დარგში შეასრულა.

    მინისტრის თქმით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში სესხები 1%, 2% და 3%-ად გაიცემა, ხშირ შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი ნულის ტოლია და სესხები პრაქტიკულად უფასოდ გაიცემა.

    ,,ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო იაფი ფულადი რესურსები სოფლის მეურნეობის დარგისთვის. ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. 2013 წლიდან არსებობს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2 მილიარდ ლარზე მეტი დაფინანსებაა გაცემული”,- ამბობს ლევან დავითაშვილი. 

    დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

  • თელავში მასწავლებელი მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა

    თელავში მეფე ერეკლე მეორეს სახელობის პირველ საჯარო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგი მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარ ფაქტს სკოლის დირექტორიც ადასტურებს.

    მაია ოთარაშვილის ინფორმაციით, შემთხვევა საგაკვეთილო პროცესზე მოხდა, რაც სათვალთვალო ვიდეოკამერებმაც დააფიქსირა.

    „გიდასტურებთ, რომ შემთხვევა გაკვეთილის მსვლელობისას მოხდა. კამერებმა დააფიქსირეს, როგორ ეხება ფიზიკურად პედაგოგი ბავშვს. ამ ყველაფერს ჩემი თვალით შევესწარი, რის შემდეგაც დავწერე წარდგინება და მივმართე სკოლის დისციპლინურ კომიტეტს“, – განაცხადა ოთარაშვილმა.

    პედაგოგი, რომელსაც მოსწავლეზე ძალადობას ედავებიან, მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. სადისციპლინო კომიტეტის სხდომა მომავალ კვირაში ჩატარდება. სხდომაზე პედაგოგის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სასჯელის ფორმაზე იმსჯელებენ.