Category: არქივი

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

    სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, სამგორის დასახლების, ვიქტორ კუპრაძის და ლადო კოტეტიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და ტაბახმელას(ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის, შევჩენკოს და ინგოროყვას ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, პაატა ჯანელიძის, გიორგი ნადარეიშვილის, ბესიკ გეთიას და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს. ამავე რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის და შანდორ პეტეფის ქუჩის მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 და მე-13 კილომეტრების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, გრიგოლ ფერაძის, ვიქტორ ნოზაძის, ბუდაპეშტის, ალმასიანის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ლვოვის, ყუშიტაშვილის და მარუშიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III და IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის IV კვარტლის, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, გიორგი გურგენიძის, არჩილ ქურდიანის, ცოტნე დადიანის, გრომოვის, ზაქარია ვეშაპურის, მეუნარგიას, სოლომონ ქურდიანის და ზაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანის ხევის დასახლების, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, მარატ ნოზაძის, ლეკო გობრონიძის, შეშელიძის, ქერჩის, დავით სარაჯიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზამბარელის, ხიზაბავრის, ევგენი ხარაძის, წყალსადენის, ფეიქართა, ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • ანიტა ფაცაცია გარდაიცვალა

    რამდენიმე წუთის წინ პატარა ანიტა ფაცაცია ინდოეთის კლინიკაში გარდაიცვალა. 

    “მეტ პოსტს ვერ დავწერ, ერთი თხოვნა მაქვს მარტო, არანაირი ცრემლი და არც ერთი სიტყვა, არც ერთი კომენტარი, დუმილით და გულში ვიგლოვოთ ჩვენი ყველასი ანგელოზი.”- წერს ანიტას ბებია სოციალურ ქსელში.

    ანიტა ფაცაცია ბოლო რამდენიმე თვე დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძოდა. გულის გადანერგვის ოპერაციაზე თანხმობა ინდოეთმა განაცხადა და სწორედ ინდოეთში გადიოდა მკურნალობას ანიტა.

    დილატაციური კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებაა, რომელიც ძირითადად გულის მთავარ საკანში ყალიბდება (მარცხენა პარკუჭი). მარცხენა პარკუჭი იწელება და თხელდება, შედეგად მას არ შეუძლია გადატყორცნოს იგივე რაოდენობის სისხლი, რაც ჯანმრთელ გულს შეუძლია. 

    solostudio.agency/-ს რედაქცია უსამძიმრებს ანიტას ოჯახს

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო მსოფლიოს მაშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

    რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთში კორონავირუსის აფეთქება საერთაშორისო მაშტაბის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა.

    “ვაცხადებ საერთაშორისო საგანგებო სიტუაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში კორონავირუსის აფეთქების გამო.“– განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირეტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

    გადაწყვეტილება ჟენევაში ორგანიზაციის ხელმძღვანელობის საგანგებო თათბირის შემდეგ მიიღეს.

    ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა რეკომენდაციას ვირუსთან დაკავშირებით ადამიანების და საქონლის გადაადგილება აიკრძალოს.

    ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7700-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 1737-ით, დაღუპულთა რაოდენობა კი 38-ით არის გაზრდილი. ვირუსი მთელ ჩინეთში გავრცელდა.

  • გივი თარგამაძე მის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტში სოსო გოგაშვილს ადანაშაულებს

    ევროპული საქართველოს წევრის, გივი თარგამაძის მტკიცებით, მის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის უკან სოსო გოგაშვილი დგას.

    საქმე ეხება ტერაქტს, რომელიც 2016 წლის 4 ოქტომბერს მოხდა. გივი თარგამაძის მკვლელობა მისი მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები.

    თარგამაძის თქმით, ტერაქტამდე მასთან მივიდა გოგაშვილის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ გოგაშვილმა დაავალა ტყეში მისი უმოწყალოდ ცემა და იქ დატოვება, ამ ბრძანების ვერშესრულების შემდეგ კი, ანგარიშწორების შიშით, მან ქვეყანა დატოვა. თარგამაძე აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევა გამეორდა და მეორე თანამშრომელმაც არ შეასრულა დავალება.

    ,,ამით რომ ვერ გაჭრა, შემოიჭრა ჩემს პირად ცხოვრებაში და მოახდინა ბინძური კომპილაცია, ჩაუგდო ჩემს მეუღლეს რაღაც ჩინური ნომრიდან, რომ დაენგრია ჩემი ოჯახი”,- ამბობს ევროპული საქართველოს წევრი.

    ამის შემდეგ, თარგამაძისვე განცხადებით, გოგაშვილი დარწმუნდა, რომ მისი ოჯახი ვერ დაანგრია და 5 დღეში ტერაქტი მოუწყო.

    ,,რომ დარწმუნდა, რომ ჩემი ოჯახი ეგრე მარტივად დასანგრევი არ იყო, 5 დღეში ჩემს მანქანას, რომელშიც მე ჯანდაბას, იმ დროისათვის ჩემი 13 და 9 წლის შვილები მგზავრობდნენ, ამოუდო ბომბი”,- განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ ბომბის ამომდებს დავალებად ჰქონდა მისი განადგურება, მიუხედავად იმისა, იჯდებოდა თუ არა ვინმე მის გარდა ავტომობილში.

    ცნობისთვის, თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებულ დავით ხეჩუაშვილს 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

  • ჩატაევმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველი ზარი თემირლან მაჩალიკაშვილთან განახორციელა- სოსო გოგაშვილი

    სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თქმით, ტერორისტმა აჰმედ ჩატაევმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველი ზარი თემირლან მაჩალიკაშვილთან განახორციელა. შემდეგ მაჩალიკაშვილმა, მამამისს , მალხაზ მაჩალიკაშვილს დაურეკა.

    ,,პირველი ზარი , რომელიც ჩატაევმა განახორციელა საქართველოში, ეს იყო თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონზე, შემდეგ თემირლანი ურეკავს მამამისს, შემდეგ ისინი ჩამოდიან საქართველოში, გადმოყავთ ჩატაევი. ჯგუფი გადავიდა თურქეთში, საიდანაც მოიყვანეს თურქეთის მხრიდან საზღვარზე და გადამოიყვანეს საქართველოში”,- აცხადებს გოგაშვილი.

    გარდა ამისა, გოგაშვილის მტკიცებით, საბანკო ანგარიშები , რომელიც გაიხსნა ტერორისტული დაჯგუფების წევრებზე, მათ შორის იყო თემირლან მაჩალიკაშვილი და რამდენიმე სხვა, ვის სახელზეც რიცხავდა ლიკვიდირებული ტერორისტის მეუღლე. ეს თანხები ირიცხებოდა მცირე რაოდენობით, რადგან მათ იცოდნენ, რომ გადარიცხვები კონტროლდებოდა.

    ცნობისთვის, 2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ედებოდა ბრალი. 

  • შსს-მ ნიკა გვარამიას თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

    შსს-მ ნიკა გვარამიას თავასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

    ნიკა გვარამიას დღეს საქალაქო სასამართლოს ეზოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, დაზიანება ცხვირის და თვალის არეში მიიღო.

  • მსუბუქი მანქანა ჯებირს შეეჯახა და სიმაღლიდან ჩამოვარდა – დაშავებულია 17 წლის მძღოლი

    ზუგდიდში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო ავტოპარკინგზე მსუბუქი მანქანა ჯებირს შეეჯახა და სიმაღლიდან ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 17 წლის გოგონა, რომელიც მანქანას მართავდა.

    თვითმხილველები აცხადებენ, რომ გოგონა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

  • არც ერთი ჩინეთის მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს- სააკაშვილი (ვიდეო)

    მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსის რისკების გამო მთავრობას მოუწოდებს, არ შეუშვას ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში. 

    ,,უნდა აიკრძალოს ჩინელების ჩამოსვლა საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრით”,- ამბობს სააკაშვილი.

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს:

  • ინფექციურ საავადმყოფოში, უხანიდან ჩამოსული დედა-შვილი შეიყვანეს

    ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის მოქალაქე შეიყვანეს, რომელიც საქართველოში ქალაქ უხანიდან ჩამოვიდა.  ქალბატონს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და შესაბამისად ის იმყოფება რისკ ჯგუფში. ქალბატონს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და შესაბამისად ის იმყოფება რისკ ჯგუფში.

    “იყო რისკ ფაქტორში და რისკნ ჯგუფში. ქონდა ტემპერატურა 37.7, ყელის ტკივილი. გადმოვიყვანეთ რომ დავადგინოთ ზუსტი დიაგნოზი. აღსანიშნავია, რომ შვილს ტემპერატურა არ აქვს” – განაცხადა სასწრაფოს ექიმმა.

    შეგახსენებთ, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყაზბეგიდან ჩინელი ტურისტების ცხრაკაციანი ჯგუფი ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. 7 წლის ჩინელ ტყუპ გოგონებს რენტგენოლოგიური კვლევა ჩაუტარდათ, მათ ფილტვის ანთება არ აღენიშნებათ. პირველადი კვლევების მიხედვით, მათ A ტიპის ვირუსი აქვთ. რაც შეეხება 24 წლის ქართველ ამმაკაცს, რომელიც ასევე ინფექციურ საავადმყოფოში ყაზბეგიდან გადაიყვანეს, მას გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ვერ დაუდგინდა.

    ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. როგორც ცნობილია ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება.  დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 170 ადამიანია, ხოლოინფიცირებული 7 700-ს გადააჭარბა.

  • დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს

    ფრაქცია ,,დამოკიდებელი დეპუტატები” თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს.

    დეპუტატების თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იყო თუ არა მაჩალიკიშვილების ოჯახის რომელიმე წევრი კავშირში ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან ჯგუფებთან, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის საფუძველი გახდა.

    6 დეპუტატისგან შემდგარი ფრაქციის განცხადებით, სუს-ის ხელთ არსებული მასალების გასაჯაროება კითხვებზე პასუხების მიღებას ხელს შეუწყობს.

    ,,სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და საზოგადოებისათვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად, მხარს დავუჭერთ ნებისმიერ ფორმატში საქმის მასალების გასაჯაროების პროცესს, მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუკი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა”,- აცხადებენ დეპუტატები.

    ფრაქციის “დამოუკიდებელი დეპუტატები” წევრები არიან: მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი და გედევან ფოფხაძე.

    მათ მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის მხარდაჭერის თხოვნით გუშინ მიმართა.

    პროკურატურამ მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 25 იანვარს შეწყვიტა.