Category: არქივი

  • მგონი თვითონ პრემიერი გადაიხდის მაგ ჯარიმას- იღუმენი კონსტანტინე საგანგებო მდგომარეობაზე

    ,,მგონი თვითონ პრემიერი გადაიხდის მაგ ჯარიმას, ასე გადაეცით”,- ასე გამოეხმაურა იღუმენი კონსტანტინე საგანგებო მდგომარეობის პირობებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას, რისი დარღვევაც ჯარიმით დაისჯება.

    იღუმენის თქმით, უფლის ეშინია და არა პრემიერების.

    ,,ჩვენ მაგის არ გვეშინია, ჩვენ უფლის გვეშინია და არა პრემიერების. როცა დიდი განსაცდელი იყო, სულ იყო ზიარება, მარხვა, ლოცვა და ა. შ. რა იქნება?! არაფერი. რასაც უფალი ინებებს, ის იქნება. ჩვენ არ გვეშინია – ქრისტიანებს, მართლმადიდებლებს და სხვებმა იკითხონ”,- ამბობს იღუმენი კონსტანტინე.

    დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წარდგინებით მიმართა, რის შემდეგაც ზურაბიშვილმა 1 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

    გახარიას თქმით, საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15 000 ლარით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 3 წლამდე ვადით.

  • კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იტალიაში ერთ დღეში 793-ით გაიზარდა

    კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იტალიაში ერთ დღეში 793-ით გაიზარდა და თითქმის საერთო ჯამში 4,825-ს მიაღწია.

    ბოლო ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 53,578 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 6,072 -ზე მეტმა წარმატებით გაიარა მკურნალობის კურსი და სრულად გამოჯანმრთელდა.

  • დახურულ ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვის შესახებ ბრძანება ოფისების თანამშრომლებს არ ეხებათ

    დახურულ ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვის შესახებ ბრძანება, რომელიც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაწესდა, მხოლოდ ისეთ ოფისებს ეხება, რომელიც მოქალაქეებს კონკრეტულ სერვისებს აწვდის.

    „აკრძალვა არ ეხება ოფისების თანამშრომლებს, საოფისე პერსონალს, ეს შეეხება ისეთ დაწესებულებებს, რომელიც მოქალაქეებზე გასცემს კონკრეტულ სერვისებს. სწორედ ამ შემთხვევაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ დახურულ ტერიტორიაზე შეუშვან მხოლოდ 10 მოქალაქე, დანარჩენების რიგში დგომა კი შესაბამისი დისტანციის დაცვით მოხდეს“, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

    შეგახსენებთ, მთავრობის მიმართვის საფუძველზე, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ერთი თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ დროისთვის ინფექცია 49 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1 გამოჯანმრთელდა.

  • საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად სიონის ტაძარში ხალხმრავლობაა

    რამდენიმე საათის წინ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ხელისუფლებამ აკრძალა დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნა. მიუხედავად ამისა სიონის ტაძარში ამ წუთებში ათეულობით ადამიანი წირვას ესწრება. ამის ამსახველ ფოტო მასალას ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე აქვეყნებს.

  • რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 306-მდე გაიზარდა

    რუსეთში ოფიციალური მონაცამებით, ბოლო  24 სათში კორონავირუსის კიდევ 53 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ინფორმაციას COVID-19-ის მონიტორინგის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
    ჯამში  რუსეთში ოფიციალური მონაცემებით  კორონავირუსის 306 შემთხვევაა დადასტურებული.

  • ქუთაისში მგზავრმა მძღოლი მოკლა

    ქუთაისში მკვლელობა მოხდა. როგორც ცნობილია ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. დაჭრილია ერთი, რომელიც გადაყვანიალია კლინიკაში.

    არსებული ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრმა მძღოლი მოკლა.  რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

  • კახა ოქრიაშვილი კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 300 000 ლარს გადაურიცხავს

    დეპუტატი კახა ოქრიაშვილი კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 300 000 ლარს გადაურიცხავს.  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეფექტურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დროულად იმოქმედა.

    „მივესალმები საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და მათ ვაფასებ, როგორც არა ნაჩქარევ, ან დაგვიანებულ, არამედ ზედმიწევნით დროულად და ეფექტიანად გადადგმულ ნაბიჯებს. აგრეთვე, მსურს, დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის, მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის მიმართ და მზად ვარ, ფონდს, რომელიც სპეციალურად კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად იქმნება, შევწირო 300 000 ლარის ოდენობის თანხა,”- აცხადებს ოქრიაშვილი.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 49-მდე გაიზარდა.

    ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის.

  • საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის ოქმს აქვეყნებს

    საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის ოქმს აქვეყნებს. გთავაზობთ  წმინდა სინოდის ოქმს უცვლელად:

    „წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მისალმების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ისაუბრა მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე.

    მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა; და დასძინა: ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება; გვწამს, რომ სულიწმინდის შეწევნით ეს მოხერხდება.წმინდა სინოდის სხდომის მდივნად აირჩიეს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

    კათოლიკოს-პატრიარქმა, საკითხის განხილვაში, აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა მღვდელმთავრებს და სიტყვა გადასცა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი).

    მიტროპოლიტმა შიომ ისაუბრა არსებული ვითარების შესახებ და განსახილველად წარმოადგინა ტექსტი. მან რამდენიმე მღვდელმთავრის მიერ შემოთავაზებული სხვა ტექსტების შესახებაც მოახსენა წმ. სინოდს.

    მეორე ტექსტი წარმოადგინა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

    მესამე ტექსტი წაიკითხა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი).

    მეოთხე, – გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა).ტექსტების მოსმენის შემდეგ გაიმართა მსჯელობა.

    მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს მიტროპოლიტებმა: ისაიამ (ჭანტურია), დავითმა (მახარაძე), სერგიმ (ჩეკურიშვილი), თეოდორემ (ჭუაძე), საბამ (გიგიბერია), დიმიტრიმ (შიოლაშვილი), გერასიმემ (შარაშენიძე), ილარიონმა (ქიტიაშვილი), მთავარეპისკოპოსებმა: სპირიდონმა (აბულაძე) და იაკობმა (იაკობიშვილი), ეპისკოპოსებმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) და გრიგოლმა (კაცია).წმ. სინოდმა განაჩინა:დღევანდელი მსოფლიო მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგას.

    ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. პირველ რიგში კი გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები.

    მთავარი მიზეზი კი ადამიანის ღვთისგან დაშორებაა.განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი, სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით აღმოფხვრას ცოდვები, რომელიც ანადგურებს პიროვნებას სულიერად და ხორციელად.

    ჩვენ, ეკლესიის წევრები, არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები, განსაკუთრებით კი წმინდა და დიდი მარხვის პერიოდში, აძლიერებდნენ მარხვასა და ლოცვას.შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა.ეკლესიის ყველა საიდუმლოება სული წმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც განაღმრთობს და მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარყოფს ადამიანს. ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა არის ტაძარი.ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი; ევქარისტიული კავშირი გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან; წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება.ამიტომაც, ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, – მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, – ყოვლად მიუღებელია.ამ კრიტიკულ პერიოდში წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს:

    1. ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით.

    2. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობა.

    3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის (წყლიანი ღვინის) მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით.

    4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს – ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფთ, ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ამ შემთხვევაში სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები.

    5. დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის მუშაკების, თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა მაღალი პროფესიონალიზმით.წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაცეები და სიფრთხლით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მოვერიდებით, გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი.არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთმხარდაჭერას. ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი.

    6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან, ყოველდღე ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე“, რათა ერთობით შევავედროთ უფალს საქართველო და მთელი მსოფლიო.

    7. საქართველოს ეკლესია მზად არის, გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე.ასევე საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არის, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები.

    არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ საუკუნეების მანძილზე: სტიქიური უბედურებები, ომები, სხვადასხვა სახის ეპიდემია.ღრმად გვწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ჩვენ ერთად, – ერი და ბერი, გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

    „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედერებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?“ (ფსალ.26-1).ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო!- ნათქვამია წმინდა სინოდის ოქმში.

  • მამუკა ხაზარაძე მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილ ფონდში 100 000 ლარს ჩარიცხავს

    ლელოს დამფუძნებელი კორონავირუსის პანდემიასა და საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

    ,,ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, მრწამსისა და დამოკიდებულებებისა, ვახერხებდით გაერთიანებას ჩვენ წინაშე მდგომ ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად.

    დღეს ზუსტად ასეთი პრობლემის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენ გვჭირდება ერთიანობა!

    მე აღარ ვარ ბიზნესში, ვარ პოლიტიკაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვაპირებ, ჩემი პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ამ საქმეში. ასევე, მივმართავ და მოვუწოდებ ჩემს ყოფილ ბიზნეს პარტნიორებს და მეგობრებს – გავერთიანდეთ და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

    დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ ექიმებისგან სამოქალაქო გმირობის მაგალითებს, ასევე სამოქალაქო თვითორგანიზებას, რომელიც მისაბაძი და მხარდასაჭერია. მაგალითად, ახალგაზრდა ადამიანებმა შექმნეს ჯგუფი „დავეხმაროთ მოხუცებს“ და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნავენ. Covid 19-ის გავრცელების წინააღმდეგ შეიქმნა პლატფორმა „ერთიანობა“, რომელიც ახდენს მოხალისეების მობილიზებას, მუშაობს ვებგვერდი, რომელიც იმ მოსწავლეებს ეხმარება ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს და დისტანციურ გაკვეთილებს ვერ იღებენ, ბიზნეს-ომბუდსმენთან იქმნება საკოორდინაციო პლატფორმა.

    ყველა ასეთი ინიციატივა მისაბაძია. ვუერთდები და მივესალმები.

    მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე მამუკა ხაზარაძე, მიუხედავად იმისა, რომ მოგონილი ბრალდების საფუძველზე დაყადაღებული მაქვს პირადი ანგარიშები, – ჩემი ოჯახი გააკეთებს 100 ათასი ლარის პირველ კონტრიბუციას მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილ სხვადასხვა ფონდში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ! – ერთობით ჩვენ ამ განსაცდელზე გავიმარჯვებთ!’’ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.