Category: არქივი

  • “ორი დღის განმავლობაში კლინიკაში არ მიდიოდა” – მანანა არჩვაძე და ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ნახვის საათებს იყოფენ

    “დღის პირველ ნახევარში ქალბატონი მანანა შედის ცოტნესთან, ხოლო დღის მეორე ნახევარში ქალბატონი ანა ჯაბაური”- ამის შესახებ ანა ჯაბაურის ინტერესების დამცველმა ჯაბა კვარაცხელიამ განაცხადა. როგორც ის აცხადებს, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას და ანა ჯაბაურს ცოტნეს ნახვის საათები გაყოფილი აქვთ.

    „ჰოსპიტალისგან მოწოდებული ინფორმაციით, მათ ქალბატონ მანანას შეატყობინეს, რომ აღარ არსებობდა ქალბატონი ანას წინაღობის რამე იურიდიული საფუძველი და უნდა დაეშვათ ის პალატაში. ქალბატონი მანანასგან კი იყო ასეთი რეაქცია, თუ ანა შევიდოდა ცოტნესთან, ის საერთოდ არ მივიდოდა ჰოსპიტალში და ორი დღის განმავლობაში კლინიკაში არ მიდიოდა, თუმცა, დღევანდელი ინფორმაციით, მათ გაყოფილი აქვთ ნახვის საათები. დღის პირველ ნახევარში ქალბატონი მანანა შედის ცოტნესთან, ხოლო დღის მეორე ნახევარში ქალბატონი ანა ჯაბაური, ქალბატონი მანანას არგუმენტი იყო ანას პალატაში არ შეშვებასთან დაკავშირებით, რომ ის დედაა და ჰოსპიტალს აუკრძალა, რომ ანა შეეშვათ. ვერ ვხდები რა საფრთხეს უნდა ხედავდეს ის ქალბატონ ანაში, როცა თავად ცოტნემ აირჩია ანასთან ურთიერთობა და ბოლო წლების განმავლობაში მისი უახლოესი ადამიანია“, – განაცხადა ჯაბა კვარაცხელიამ. 

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს თურქეთის კლინიკაში არ უშვებდნენ. 28 იანვარს მან თურქეთის სასამართლოს მიმართა. ცოტნე გამსახურდიას ცოლი მოითხოვდა, რომ მისცემოდა ქმრის მონახულების უფლება.

  • ჯარში ათეულის მეთაურმა რიგითს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, გამოძიება დაწყებულია

    თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლოჯისტიკურ სარდლობას დაქვემდებარებულ ერთერთ სამხედრო ნაწილში ათეულის მეთაურმა ფიზიკური შეურაცხყოფა სხვა ათეულის რიგითს მიაყენა. კონფლიქტის მიზეზი მეთაურის მიცემული შენიშვნა გახდა.

    ,,კონფლიქტის მიზეზი ათეულის მეთაურის მიერ რიგითისათვის მიცემული შენიშვნა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რიგითის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება, პრევენციის მიზნით გადაიყვანეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაიარა დეტალური სამედიცინო შემოწმება. ექიმის დასკვნის საფუძველზე, ის მაშინვე გაწერეს კლინიკიდან”,- აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

    ათეულის მეთაურის მიერ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება უკვე დაიწყო.

  • “ხელის მოჭერის მოთხოვნა ცოტნემ ყოველ ჯერზე შეასრულა” – უახლესი ინფორმაცია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ

    ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის ინტერესების დამცველი ჯაბა კვარაცხელია აცხადებს, რომ ამჟამად ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაში მცირე დადებითი დინამიკა შეინიშნება.

    „ანამ მითხრა, რომ ცოტნეს რამდენჯერმე გაუმეორა ერთი და იგივე დავალების შესრულება, როგორიცაა ხელის მოჭერა და ყოველ ჯერზე ცოტნემ ეს მოთხოვნა შეასრულა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი მისი მდგომარეობის განსასაზღვრად. მას ესმის, ინფორმაციას ამუშავებს და ასრულებს. ამჟამად ვიმყოფებით ახალი ტომოგრაფიის მოლოდინში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ცოტნეს უახლესი მდგომარეობა დადგინდეს და შემდგომი მკურნალობაც დაიგეგმოს”,-განაცხადა ჯაბა კვარაცხელიამ.

    შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ის ამჟამად თურქეთის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.

  • ეჭვი გვაქვს, რომ თადუმაძემ გიგი უგულავას დაჭერის დავალება მიიღო- ბექა ბასილაია

    გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, თადუმაძემ მიიღო დავალება, რომ გიგი უგულავას თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება მიიღოს.

    ,,დღეს, როდესაც ამ სასამართლომ განაახლა ეს საქმე, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ დავალება არის მიცემული თადუმაძისთვის, რომ გიგი უგულავას თავისუფლება იქნეს აღკვეთილი. უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა უკვე მიიღეს პირველი პოლიტიკური დავალება”,- ამბობს უგულავას ადვოკატი.

    მისი თქმით, ეჭვის საბაბი ბოლო დროს უგულავას წინააღმდეგ მიმართული ტენდენციაა.

    ბასილაია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას 10 თებერვალს გამოაცხადებს, პროცესზე კი ის და უგულავა ვერ დაესწრებიან.

  • ბათუმში, ზღვის სანაპიროზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

    ბათუმში გუშინ, გვიან ღამით, ზღვის სანაპიროზე, კლუბ „გეითის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

    ცხედარი ამ დროისთვის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

    ქალზე ძალადობის კვალი არ დაფიქსირებულა, ის სავარაუდოდ ნასვამი იყო.

    გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

  • ” 50 მილიონი მოიპარა, ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ?”- კალაძე უგულავაზე

    კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ? – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ოპოზიციური ლიდერების, მათ შორის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ პოლიტიკური დევნა, რომელთა სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს.

    მისივე თქმით, თუ ადამიანს დანაშაული აქვს, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება.

    „დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებმა საზოგადოებას სიმართლე და რეალობა რომ დაანახოს, ძალიან მარტივია. შესაბამისად, ვერავინ ვერ დაიჩაგრება, ჩვენ არასოდეს არავინ არ დაგვიჩაგრავს“, – განაცხადა კალაძემ.

    რაც შეხება გიგი უგულავას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელი მოაწერა.

    „რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  • ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

    ჩინური მედიის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. ქალს კორონავირუსი ორსულობის 38-ე კვირაში დაუდგინეს.

    ინფიცირებულმა ქალმა ჩინეთში, ჰერბინის პროვინციის კლინიკაში იმშობიარა.

    ახლად დაბადებულ გოგონას კვლევებით კორონავირუსი არ დაუდგინდა. რამდენიმედღიანი სამედიცინო საკარანტინო დაკვირვების შემდეგ, დედის და ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

    ბავშვიც და დედაც ამ ეტაპზე კარანტინში რჩებიან.

  • ყველაზე დიდი ლობისტობა ის რეალობაა, რაც ქვეყანაში ხდება- ნინო წილოსანი

    ქართული ოცნების წევრის, ნინო წილოსანის თქმით, ყველაზე დიდი ლობისტობა ის რეალობაა, რაც ქვეყანაში ხდება.

    ,,ერთადერთი ხელშესახები ინფორმაცია, რაც საზოგადოებას ლობისტებთან დაკავშირებით აქვს, არის ის ინფორმაცია, რაც ოპოზიციის მიერ ამერიკაში დაქირავებულ ლობისტებზე გვაქვს. მე ვერ მოგახსენებთ ამ თემასთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე დიდი ლობისტობა არის ის რეალობა, რაც ქვეყანაში ხდება. ვფიქორობ, ჩვენი გუნდის წევრები ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებს მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწვდიან“,- ამბობს წილოსანი.

    საქმე ეხება საქართველოს მთავრობის მიერ ლობისტურ კომპანია Chartwell strategy group-თან ხელშეკრულების განახლებას.

    2019 წლის ხელშეკრულებით, კომპანიას საქართველოს მთავრობა მომსახურებისთვის ყოველთვიურად 65 ათას დოლარს უხდიდა, 12 თვეში ეს მომსახურება 780 000 აშშ დოლარი დაჯდა.

  • იანვარში ხორცი 14.2%-ით გაძვირდა, ხილი და ყურძენი 28.3%-ით, რძის ნაწარმი 15%-ით- საქსტატი

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა, იანვარში ასეთი მაღალი ინფლაცია ბოლო რამდენიმე წელია არ ყოფილა.

    საქსტატის ცნობით, ფასების ცვლილება ასეთია:

    სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.3 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ პროდუქტებზე: ხილი და ყურძენი (28.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.2 პროცენტი), თევზეული (12.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (8.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.1 პროცენტი);

    ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 11.2 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (20.3 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 პროცენტი);

    ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.2 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.6 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.9 პროცენტი).

    სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასების ზრდა 8.1% იყო.

  • არ გათეთრდება „ოცნება“, რაც უნდა ხეხო ფულითა- რომან გოცირიძე

    ,,არ გათეთრდება „ოცნება“, რაც უნდა ხეხო ფულითა”- ასე ეხმიანება რომან გოცირიძე ხელისუფლების მიერ ლობისტური კომპანიისთვის ხელშეკრულების გაგრძელებას.

    ენმ-ის დეპუტატის თქმით, ლობისტური კომპანიის დაქირავებას მაშინ აქვს აზრი, როცა რამე გაქვს საჩვენებელი, ისინი ,,შავეზე ვერ იტყვიან რომ თეთრია”.

    „სხვა უწყებებსაც ჰყავს ანალოგიური კომპანიები, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილს, რომლებიც პირადად მის იმიჯზე მუშაობენ. თუ როგორი შედეგით დამთავრდა ეს, ძალიან კარგად ვიცით. ლობისტური კომპანიის მუშაობას მაშინ აქვს აზრი, თუკი რაიმე გაქვს საჩვენებელი. შავზე ვერ იტყვიან, რომ თეთრია. ვერავითარი ფული „ოცნებას“ და ვერავითარი ლობისტი ივანიშვილის ხელისუფლებას ვერ „გაათეთრებს“, ვინაიდან არ არსებობს არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი და მოხელე, რომელიც არ არის პირადად ბიძინა ივანიშვილის სამსახურში”,- ამბობს გოცირიძე და აღნიშნავს, რომ ლობისტობისთვის ტყუილად იფლანგება ბიუჯეტის ფული და ჯობდა, ხელისუფლებას საქმე ეკეთებინა.

    საქართველოს მთავრობამ აშშ-სთან ურთიერთობების განმტკიცებისა და კავშირების დამყარებისთვის ლობისტურ კომპანია Chartwell strategy group-თან ხელშეკრულება განაახლა. დოკუმენტი აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზეა განთავსებული.

    2019 წლის ხელშეკრულებით, კომპანიას საქართველოს მთავრობა მომსახურებისთვის ყოველთვიურად 65 ათას დოლარს უხდიდა, 12 თვეში ეს მომსახურება 780 000 აშშ დოლარი დაჯდა.