Category: არქივი

  • სომხეთის პოლიციამ ოპერაცია ,,გენაცვალე” ჩაატარა- დაკავებულია საქართველოს ელჩის მანქანის ძარცვაში ბრალდებული

    სომხური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ელჩის მანქანა გაძარცვეს. „მერსედესის“ მარკის ავტომობილს სარკეები მოპარეს.

    ფაქტეზე ქვეყნის კრიმინალური დაზვერვის განყოფილებამ ბრალდებული სომხეთის 22 წლის მოქალაქე გეგამ ს. დააკავა.

    სპეციალური ოპერაცია სახელწოდებით „გენაცვალე“ ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.

    პოლიციის ინფორმაციით, მანქანის სანომრე ნიშნები საქართველოს საელჩოს ბალანსზეა.

  • ცხინვალში რუსი მრჩევლისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს

    ცხინვალში, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების რუსი მრჩეველი და მისი მეუღლე გარდაცვლილები იპოვეს.

    ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის თქმით, იგორ გალის და მისი მეუღლის სხეულზე ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ აღინიშნება და სახლი წესრიგშია – არეულობის არანაირი კვალი არ ჩანს.

    გარდაცვლილთა ცხედრები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ვლადიკავკაზში გადაასვენეს.

  • საქართველოში თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

    საქართველოში დღეს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    „მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

    ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესები,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

  • პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება

    პარლამენტი დღეს განაახლებს მუშაობას. პირველი პლენარული სხდომა მიმდინარე კანონპროექტების განხილვას დაეთმობა. საკანონმდებლო ინიციატივების განხილვამდე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განაცხადებები გაკეთდება.

    პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.

  • თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

    გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წყაროთუბნის დასახლების, გლდანის III, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, წყაროთუბნის, კალოუბნის (გლდანი), იაკობისა და მუხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამის, ალექსანდრე წულუკიძისა და პატარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: იონა მეუნარგიასა და ზაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახელების XI მიკრორაიონის II კვარტლის, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების Xა კვარტლის, გურამ ქუთათელაძისა და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), საექიმოს, ავშნისა და სოფო მგელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთავის გზატკეცილისა და სადგურის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მაჭავარიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

  • “ცოლ-შვილი სახლში დაძინებული დატოვა, ბუხარი ანთებული” – ვინ არიან ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაცვლილები

    ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია.  

    ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი – ხანშიშესული ქალის ცხედარი.

    გარდაცვლილები გვარად გველესიანები არიან. ისინი ძველ სახლში მას შემდეგ შესახლდნენ, რაც ფეხმძიმე ქალბატონს ძმა გარდაეცვალა და ძველ სახლში ვეღარ ჩერდებოდა.

    ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლის გაჩენის მომენტში მეუღლე მაღაზიაში იყო. როგორც ის თანასოფლელებთან აცხადებს, ცოლ-შვილი სახლში დაძინებული დატოვა, ბუხარი კი – ანთებული.

    ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

    ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

    მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.

  • “ლობისტი სახიდან ნეხვს ვერ ჩამოგრეცხავს“–ჩერგოლეიშვილი ოცნების მიერ ამერიკელი ლობისტების დაქირავებაზე

    ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას კონტრაქტი გაუგრძელა:

    “რაღაც ვიშვიშს მოვკარი თვალი ბიძინამ ახალი ლობისტები აიყვანა და ახლა ნახეთ რას იზამსო.

    ხალხო, ლობისტი შეიძლება დაგეხმაროს ამბის კომუნიკაციაში.

    ლობისტი სახიდან ნეხვს ვერ ჩამოგრეცხავს. ვერც ჯადოს გააკეთებს.

    თუ პატიოსანი და პროფესიონალი ლობისტია – მივა და ეტყვის ბიძინას, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შარიდან გამოძვრეს. მაგალითად, პროპორციული დააბრუნოს და ოპოზიციის დევნა შეწყვიტოს.

    თუ უპატიოსნო – მოწველის, როგორც გოიმ მელეხს.

    დამშვიდდით.

    p.s. ვერ “უპრავებდა” ბიძინას პოლიტიკური პროცესიდან გათიშვას მოქალაქეობის საკითხის გამო ნაცნოძრაობას თავისი ლობი – ამიტომ კონსტიტუცია გადაკეთდა.

    ვერც თეფშებს უპრავებდა – ამიტომ მასთ ქერი მიიღეს.

    ვერც არჩევნების მოპარვას გაუპრავებდა, ამიტომ წაგება აღიარეს და გადაულოცეს.

    უბრალოდ, ნაცმოძრაობაში პოლიტიკოსები იყვნენ (ზოგი).

    ქოცები ნეანდერტალელები არიან და სანამ ცხვირს არ მოტეხავენ, ვერ მიხვდებიან.

    რა გგონიათ ეს ლობი?“ – წერს ჩერგოლეიშვილი.

  • ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 4 ბავშვია

    ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე  საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია. 

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით მათმა თანამშრომლებმა გამოძახებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე 2 წუთში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

    ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე.

    ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი – ხანშიშესული ქალის ცხედარი.

    ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

    ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

    მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.

  • ტაილანდელმა ექიმებმა ახალი კორონავირუსისგან პაციენტების განკურნება შეძლეს

    ტაილანდელი ექიმები ამტკიცებენ, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ჩვეულებრივი ანტივირუსული პრეპარატების და შიდსის თერაპიისთვის განკუთვნილი წამლების შერევით.

    მედიკოსების თქმით, ასეთი კოქტეილის მიღების შემდეგ 48 საათის განმავლობაში უმძიმესი ავადმყოფების მდგომარეობაც კი უმჯობესდება.

    მეთოდი ბანკოკის ერთ–ერთ საავადმყოფოში გამოსცადეს, სადაც ერთდროულად რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მათ შორის 70 წლის ჩინელი ქალის უხანიდან, რომლის ანალიზები ათი დღის მანძილზე ზედიზედ ორგანიზმში ვირუსის არსებობას აჩვენებდა და რომლის მდგომარეობა მძიმე იყო.

    მართალია ერთ–ერთ დაავადებულს ალერგიული რეაქცია ჰქონდა ამ მკურნალობაზე, მაგრამ ექიმების თქმით ის უმნიშვნელო იყო და მისი მდგომარეობაც უმჯობესდება.

    ფორმულაში შედის შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ლოპინავირი და რიტონავირი ანტივირუსული ოსტელტამივირის დიდ დოზასთან კომბინაციაში.

    ამ კომპონენტების ნაწილის კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენების იდეა ახალი არ არის. გასულ კვირას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროც გამოვიდა წინადადებით ლოპინავირი და რიტონავირუ გამოეყენებინათ, თუმცა სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. თუმცა რუსეთის ანალიტიკური კომპანია RNC Pharma–ს სპეციალისტები ამ წინადადებას ეჭვით შეხვდნენ და განაცხადეს, რომ ყოველ შემოთავაზებულ კომპონენტს ბევრი გვერდითი უარყოფითი ეფექტი აქვს.

    ტაილანდელმა ექიმებმა კი თავის მხრივ საფუძვლად ბევრად უფრო პროგნოზირებადი პრეპარატი – ოსელტამივირი აიღეს. მათი თქმით, იხელმძღვანელეს საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკებით, თუმცა უბრალოდ ერთ–ერთი პრეპარატის დოზა გაზარდეს.

    ტაილანდელი ექიმების თქმით მათმა ჩინელმა კოლეგებმა უკვე დაიწყეს მათი მეთოდის გამოყენება.

    ტაილანდელი ექიმების თქმით, პროგნოზი დადებითია, მაგრამ აუცილებელია ყოველმხვრივი კვლევების ჩატარება, სანამ ამ კომბინაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო მეთოდად ოფიციალურად აღიარებენ.

  • 4 თებერვალს პარლამენტის შესასვლელებს ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები დილიდან დაიკავებენ

    ოპოზიცია  პროტესტისთვის ემზადება. 4 თებერვალს დილის 10:00 საათიდან, პარლამენტის სამივე შესასვლელს ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები დაიკავებენ. ისინი სირცხვილის დერეფნების მოწყობას აპირებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია იქნება.

    4 თებერვალს საპარლამენტო სესიაზე დასწრებას გეგმავენ დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებმაც მმართველი პარტია, საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო დატოვეს. „ქართული ოცნების” ყოფილი წევრები ამბობენ,  რომ ყოფილ თანაგუნდელებს დემოკრატიის პრინციპის მნიშვნელობებს და დაპირების შესრულების აუცილებლობას, საპარლამენტო ტრიბუნიდან  შეახსენებენ.

    მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია უკანონოა, ისინი გეგმების შეცვლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება საკმარის დათმობაზე წავიდა.

    ხვალინდელ აქციას მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებიც უერთდებიან, მათი თქმით, ქვეყანაში პროპორციული არჩევნების ჩატარება აუცილებელია.

    4 თებერვლის გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ პერმანენტულად აქციები, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასა და დიდ ქალაქებს მოიცავს.