Category: არქივი

  • 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული მორის მაჩალიკაშვილი გაათავისუფლეს

    20 ივნისის საქმეზე ბრალდებული მორის მაჩალიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

    მორის მაჩალიკაშვილს სასჯელის სახით 2 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

    მან სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ პარლამენტში შეჭრა არ უნდოდა და ბიძას იცავდა.

    „არ ვიცოდი, არ ველოდი გათავისუფლებას. სახლში მივდივარ… დასვენებას ვაპირებ“, – განაცხადა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ

    20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილს ბრალი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში ედება, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა.

  • ჩინეთში 30 საათის ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა

    ჩინელ ახალშობილს დაბადებიდან 30 საათში კორონავირუსი დაუდასტურდა.

    ბავშვი 2 თებერვალს, ქალაქ ვუჰანში დაიბადა. მის დედას მშობიარობამდე კორონავირუსი დაუდგინეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია , როგორ გადავიდა ის ახალშობილზე.

    მისი მდგომარებობა ამ დროისთვის სტაბილურია. ახალშობილი 3.25 კგ-ს იწონის. ექიმების განმარტებით, ბავშვი შესაძლოა დაბადების შემდეგ, დედის მჭიდრო კონტაქტისას დაინფიცირებულიყო.

    კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 28 ათასს გადააჭარბა , გარდაცვლილია 564 ადამიანი.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    6 თებერვალის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8612 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8577 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.35 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1479 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1498 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.19 თეთრი შეადგინა.

    გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4780 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.7107 ლარი ეღირება.
    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 7 თებერვალიდან შევა ძალაში.

  • ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს

    ისანში, დოდაშვილის ქუჩაზე ინდოეთის მოქალაქე მოკლეს. შსს-ს ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

    გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული და სავარაუდო დამნაშავე მეზობლები იყვნენ.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 7 დან – 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ეუთოს არცერთი კითხვა არ აქვს ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით- უსუფაშვილი

    პოლიტიკური პარტია ,,ლელოს” წევრის, დავით უსუფაშვილის თქმით, ეუთოს არცერთი კითხვა არ აქვს ე.წ. გერმანული  მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

    უსუფაშვილის განმარტებით, დასკვნაში ნათქვამია, რომ ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული მოდელი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

    ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას აკვიატებული აქვს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია, მათი განცხადებები კი სპეკულაციურია.

    ,,ეუთოს არცერთი კითხვა არ აქვს ამ მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. მას ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები აქვს. რაც შეეხება ამ თემაზე ხელისუფლების წარმოდგენებს, აკვიატებული საკითხი აქვთ იმის თაობაზე, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება. გვეუბნებიან, აბა, სად წერს ეუთო რომ ეს მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება?! ეუთო შეგვახსენებს, რომ დიახ, საბოლოო ჯამში, საქართველოს სასამართლო წყვეტს ნებისმიერ დავას ამ თემაზე, მაგრამ ეუთო არცერთ საკითხს არ სვამს ეს მოდელი კონსტიტუციასთან რამე პრობლემას ხომ არ ქმნისო.

    იქ, სადაც ეუთოს ასეთი კითხვა ებადებოდა მოლდოვის ერთ-ერთ კანონპროექტთან დაკავშირებით, არ მორიდებია და ამ დოკუმენტში ჩაწერა – ჩვენ ამ საკითხს რომ ვიხილავთ, ვხედავთ, რომ ეს კონკრეტული ფორმულირება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში კითხვებს აჩენს და ამიტომ, კარგად დაფიქრდითო. ეს უთხრა იმავე ორგანომ მოლდოვას, რომელმაც ჩვენ ეს დასკვნა გამოგვიგზავნა და მსგავსი კითხვა არ დაუსვამს. ამიტომ, საუბარი იმის თაობაზე, რომ ეს მოდელი კონსტიტუციური არის, თუ არა და საერთაშორისო საზოგადოება ამაზე როგორ ფიქრობს, არის სპეკულაციური“,- ამბობს ,,ლელოს” ლიდერი.

    ეუთო/ოდირის დასკვნა გუშინ გახდა ცნობილი. ოპოზიცის თქმით, დოკუმენტით დასტურდება, რომ ე.წ. გერმანული მოდელი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებს. საპირისპიროს ამბობს მმართველი გუნდი. მათი თქმით, ოდირის პრეროგატივა კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა არ არის და დასკვნაში მსგავსი არაფერი წერია.

  • წვიმა, თოვლი, ნისლი – როგორი ამინდი იქნება 11 თებერვლამდე

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 თებერვალს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და 4-5 ბალიანი შტორმი.

    8-10 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.

    “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

    საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება” – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • წულუკიანი ოპოზიციას მოუწოდებს, ოდირის დასკვნიდან ,,ქოფი ფეისთით” ამოუღონ ფრაზა, სადაც ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობაზე წერია

    იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციას მოუწოდებს, ,,ქოფი ფეისთით” ამოიღონ ფრაზა ოდირის დასკვნიდან, სადაც ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე წერია და წინ დაუდონ.

    წულუკიანის თქმით, ოპოზიციამ უცოდნირობა გამოავლინა და ვერ გაიგო, სად შეემოწმებინა საარჩევნო მოდელი.

    ,,ამ დასკვნაში, რომელიც ინგლისურ ენაზეა გამოცემული, რამდენადაც მე ამ ენას ვფლობ, არსად წერია ის, რომ მათ მიერ გაგზავნილი ე.წ. გერმანული მოდელი შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. თუ ეს სადმე წერია, მე მოვუწოდებ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს, რომ ე.წ “ქოფი ფეისთით” ეს ფრაზა ამოგვიღოს და წინ დაგვიდოს, ამგვარი არ არსებობს”- ამბობს წულუკიანი.

    ეუთო/ოდირმა დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა. ოპოზიციური ლიდერების თქმით, დასკვნის მიხედვით, ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობა დასტურდება, რადგან შეუსაბამობის შემთხვევაში, ორგანიზაცია ამაზე აუცილებლად მიუთითებდა. ოთარ კახიძის განცხადებით, ოდირმა მიუთითა, რომ საარჩევნო ცვლილებებს ორგანული კანონის ცვლილება სჭირდება, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისია.

    ოდირის დასკვნაში ნათქვამია, რომ ,,საერთაშორისო სტანდარტები არ ითვალისწინებს საარჩევნო სისტემების არჩევანს. საარჩევნო სისტემის არჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ექვემდებარება ფართო დისკუსიას, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს წარმოადგინონ რეფორმირების პოზიტიური და უარყოფითი შედეგები”.

    ეუთო-ოდირის დასკვნის მიხედვით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი შეთავაზება შეესაბამება “უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს.

  • თბილისში აკუმულატორების ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

    თბილისში აკუმულატორების ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ნაძალადევის რაიონში, ვასილ თამარაშვილისა და გულრიფშის ქუჩებზე, მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიდან აკუმულატორები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

    უწყების ინფორმაციით, ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ,,სირცხვილის კორიდორი” არც გაბედოთ, თორემ თავებს დაგიტეხთ- აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აქტივისტებს

    აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მერაბ ბლადაძე აქტივისტებს ფიზიკური ძალადობით ემუქრება, თუ ,,სირცხვილის კორიდორის” მოაწყობენ. ის სოციალურ ქსელში ამ თემაზე პოსტს აქვეყნებს , რომელაც სრულად გთავაზობთ:

    ,,დიდება ღმერთს, რომ დღეს სესიას,საპატიო მიზეზის გამო ვერ დავესწარი…
    დედის საფლავს გეფიცები, ,,სირცხვილის კორიდორი”, არც გაბედოთ,თორემ თავებს დაგიტეხთ თუნდაც მანდატის დატოვება მომიწიოს..
    არ ცხოვრობ ისე,რომ ეგ მაკადროთ!!!
    მომავალ შეხვედრამდე და უნამუსოები ხართ”,- წერს ბლადაძე.

    ბლადაძე საბჭოში ,,პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით დაინიშნა, თუმცა 2019 წლის ბოლოს პარტია დატოვა.

    დღეს დილით ენმ-ს და მოძრაობა ,,გაბედეს” აქტივისტებმა ბათუმში, მერიასთან ,,სირცხვილის კორიდორი” მოაწყვეს. ისინი მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

  • საგარეჯოში 15 წლის გოგო მოიტაცეს, გამტაცებელი ჯერ არ დაუკავებიათ

    საგარეჯოში, სოფელ იორმუღალოში 15 წლის, მე-10 კლასელი გოგო მოიტაცეს. ოჯახის წევრის თქმით, გამტაცებლის ოჯახმა გოგონა სახლში დააბრუნა, თუმცა შსს-ს გამტაცებელი ჯერ არ დაუკავებია.

    გოგონას ბებია ,,მთავარ არხთან” საუბრისას ყვება, რომ მისი შვილიშვილი მაშინ მოიტაცეს, როდესაც ძმასთან ერთად სკოლაში მიდიოდა. ის გამტაცებლის დაკავებას ითხოვს, რათა გოგონამ თავისუფლად გადაადგილება შეძლოს. ბებიის თქმით, მან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო.

    შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე ისჯება.