Category: არქივი

  • ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულებით მიცემის საქმეზე რამდენიმე პოლიციელის გადაცდომაც გამოიკვეთა- სახელმწიფო ინსპექტორი

    სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, ლუკა სირაძის დაკითხვისას რამდენიმე პოლიციელის გადაცდომაც გამოიკვეთა.

    უწყების განცხადებით, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლ.ს-ს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

    ,,შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით”,- აცხადების ინსპექტორი სამსახური.

    უწყება აღნიშნავს, რომ ნაცვლად იმისა, რომ გამომძიებელ ჩოლოიანს ემოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი პრინციპების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე და უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, შექმნა არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურად დამთრგუნველი გარემო და მუქარით, ასევე ძმისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პრობლემების შექმნის შანტაჟით, მოსთხოვა დანაშაულის აღიარება და საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენების მიცემა.

    15 წლის ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მან თვითმკვლელობა პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. ის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა, რის შემდეგაც კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

    ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ჩოლოიანი უარყოფს, რომ მოზარდს ჩვენების მიცემას აიძულებდა. სახელმწიფო ინსპექტორმა დაადასტურა, რომ ჩოლოიანი სირაძეს დედის გარეშე 20 წუთის განმავლობაში კითხავდა და ემუქრებოდა.

    მოზარდს “მწვანე სკოლაში” კედლებზე წარწერების გაკეთებაში სდებდნენ ბრალს. მათ შორის იყო წარწერა “ამ ცხოვრების დედაც”.

    გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 2020 წლის 12 თებერვალს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

    ,

  • 24 წლის მშობიარე ქალის ოჯახი ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს

    24 წლის მშობიარე ქალის ოჯახი „ევექსის“ ერთ-ერთი კლინიკის სამშობიაროს ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. მშობიარე ქალის ახლობელმა ეთო ბუთიაშვილმა განაცხადა, მოსკოვის გამზირზე მდებარე კლინიკაში მისი ნათესავი ორსული გოგო გუშინ შეიყვანეს, რომელსაც მაღალი წნევაც ჰქონდა. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალი საკეისრო კვეთას საჭიროებდა, თუმცა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ საკეისრო არ გაეკეთბინათ და ბუნებრივად მშობიარობას დალოდებოდნენ. ეთო ბუთიაშვილი ამბობს, რომ ბავშვი სწორედ ამ დროს, ანუ დაბადებამდე დაიღუპა.

    მისივე განმარტებით, ოჯახმა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ამ დრომდე არაფერი იცის, რადგან სამშობიარო ბლოკის ექიმები ამის თაობაზე ოჯახს ჯერჯერობით, არაფერს ეუბნებიან.

    „საკეისრო კვეთა ახლა გაუკეთეს და ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცით. ჯერ ისევ საოპერაციოში იმყოფება. ექიმების პასუხი ჯერ არ ვიცით. ამასთან, კარებთან დაახლოებით 30-მდე დაცვის თანამშრომელი დგას, საპატრულო პოლიციაც თვითონ გამოიძახეს, რადგან ბავშვის მამა და ოჯახის სხვა წევრები ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. კიდევ აქეთ გვაკავებენ და არანაირ პასუხს არ გვცემენ ჩვენს კითხვებზე. ჩვენი მოთხოვნაა ის, რომ ექიმი გამოვიდეს და აგვიხსნას, ასე რატომ მოხდა. მშობიარე ქალი მთელი ღამის განმავლობაში მათ ხელში იყო და შესაძლებლობა იყო, რომ ეს შემთხვევა არ მომხდარიყო“, – განაცხადა ეთო ბუთიაშვილმა.

  • ავთანდილ წერეთლის ანალიზებში ცვლილებებია, ვაგრძელებთ კვლევას- კლინიკა „ჰელსიკორის“დირექტორი

    კლინიკა „ჰელსიკორის“ გენერალური დირექტორის, რუსუდან ლაგვილავას თქმით, ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა ანალიზებში ცვლილებებია, ერთი სისხლძარღვი 50%-ით არის შევიწროვებული, ამიტომ მისი გაწერა უახლოეს დღეებში არ იგეგმება.

    მისივე თქმით, წერეთელს კრეატინინი ძალიან მაღალი აქვს, რაც ნიშნავს, რომ თირკმლის პრობლემაც აქვს.

    „ვაგრძელებთ გამოკვლევებს და შესაბამისი მკურნალობა მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში მისი კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება. ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. გუშინ ღამე ჩაუტარდა კორონაროგრაფია. ავთანდილ წერეთელი საერთოდ ჩვენი კლინიკის პაციენტია. მას კორონაროგრაფია რამდენიმე თვის წინაც ჩაუტარდა ჩვენს კლინიკაში და რომ შევადარეთ, ცვლილებები არის. ერთი სისხლძარღვი 50%-ით არის შევიწროვებული, მაგრამ ამ ეტაპზე ექიმმა გადაწყვიტა, რომ სტენტირება არ იყო გასაკეთებელი. კრეატინინი არის ძალიან მაღალი, რაც ნიშნავს, რომ არის თირკმლის პრობლემაცაა და ვაგრძელებთ კვლევას”,- განაცხადა რუსუდან ლაგვილავამ.

    ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში 6 თებერვლის საღამოს გადაიყვანეს. მისი შვილის, ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის თქმით, მამამისი სააბაზანოში გულწასული იპოვა.

    ის მამამისის ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ეს შედეგი სასამართლოში მისი ყოველდღიური ტარების გამო დადგა. ,,მას ბრალი კი არ წაუყენეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს”,- თქვა ვატო წერეთელმა.

  • ჩინეთის ორი მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში დღესაც შეიყვანეს

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში დღესაც შეიყვანეს.

    გამყრელიძის თქმით, ისინი ერთ-ერთი დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტზე არიან დასაქმებულები.

    „მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ დღეს ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც გვაქვს ინფორმაცია, ისინი ერთ-ერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის დაქირავებული მუშახელია, რომლებიც ერთ-ერთ რაიონში მუშაობდნენ, რომელსაც არ დავასახელებ. ჩვენი ეპიდემიოლოგები გასულები არიან, იკვლევენ ამ ადამიანებს, აიღებენ სინჯებს და დღეს მათზეც იქნება პასუხი. მინდა ჟურნალისტებს მადლობა გადაგიხადოთ, რომ აქტიურად შუქდება ეს საკითხი”,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

    ჩინეთის მოქალაქეები ინფექციურ საავადმყოფოში გუშინაც შეიყვანეს. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

  • 26 შეკვრა მეტადონი და 5 შეკვრა კოკაინი – ფოთში 38 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

    განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 26 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და 5 შეკვრა „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“,- ნათქვამი შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ერთადერთი პარტია, რომელსაც გამარჯვების შანსი აქვს, არის ,,ქართული ოცნება”- კალაძე

    თბილისის მერის , კახა კალაძის განცხადებით, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების შანსი აქვს, არის ქართული ოცნება.

    კალაძის თქმით, მმართველ პარტიას საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს.

    ,,ვეთანხმები ირაკლი კობახიძეს, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რეალურად გამარჯვების და მყარი უმრავლესობის მოპოვების შანსი პარლამენტში, ეს არის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი. საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ყველა ყველაფერს ხედავს – რა ხდება, რა მდგომარეობაა, რა გამოწვევებია და ერთადერთი ძალა, ვისაც აქვს საზოგადოების მხარდაჭერა, არის “ქართული ოცნება”, – განაცხადა კალაძემ. 

    ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ,,ქართულ ოცნებას” სასტარტო პოზიცია დღეს უფრო ძლიერი აქვს, ვიდრე 2016 წლის არჩევნებზე და თავისუფლად შეუძლია 50%-იანი ბარიერის გადალახვა.

  • “ის, რასაც ბატონ ავთო წერეთელს ივანიშვილის რეჟიმი უწყობს, სხვა არაფერია, თუ არა გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა”-ნიკა გვარამია

    “ის, რასაც ბატონ ავთო წერეთელს ივანიშვილის რეჟიმი უწყობს, სხვა არაფერია, თუ არა გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა”- “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია  ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას მთავრობის მიერ განხორციელებულ წეზოლას უკავშირებს.

    “ის, რასაც ბატონ ავთო წერეთელს ივანიშვილის რეჟიმი უწყობს, სხვა არაფერია, თუ არა გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა!!! ეს ასაკოვანი კაციც, საოცრად უმკლავდება ამ განსაცდელს და არ მარცხდება! ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და მის ბრძოლაში გარდაუვალ გამარჯვებას! მართალი და გამბედავი ხალხი ყოველთვის იმარჯვებს მშიშარა ნაძირლებთან!

    ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერა მას, Vatoს და ტვ პირველს!”-წერს გვარამია.

    შეგახსენებთ, რომ ” ტვ პირველის” ერთ-ერთი მეწილის ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გუშინ საღამოს გადაიყვანეს. ვატო წერეთელი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.

  • სასტარტო პოზიცია დღეს უფრო ძლიერი გვაქვს, ვიდრე 2016 წლის არჩევნებზე- ირაკლი კობახიძე

    ქართული ოცნების წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოების განწყობა აძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ ოცნება 50%-იან ბარიერს თავისუფლად გადაცდება, რადგან 2016 წლის არჩევნებთან შედარებით, უფრო ძლიერი სასტარტო პოზიცია აქვს.

    ,,2016 წლის იანვარში, როდესაც კვლევა ჩავატარეთ, მაშინ სასტარტო პოზიცია გვქონდა ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე გვაქვს დღეს და იცით, რომ 49% -ით დავასრულეთ მაშინ არჩევნები. ეს გვაძლევს ჩვენ იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ თავისუფლად შეიძლება, თავისუფლად და კარგად გადავცდეთ 50% -იან ნიშნულს, საზოგადოების განწყობა არის ასეთი”,- აცხადებს კობახიძე.

    მისი თქმით, ქართული ოცნების მაღალ მხარდაჭერას პოლარიზაციის მაღალი ხარისხი განაპირობებს, რადგან ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, ხალხი არჩევანს მმართველ პარტიაზე აკეთებს.

    ,,ისევ იგივე სურათი გვაქვს ჩვენ ჩამოყალიბებული, არის ერთ მხარეს ქართული ოცნება , მეორე მხარეს ნაცმოძრაობა, ეს არის ორი პოლუსი ,რომელსაც ხედავს საზოგადოებას და ბუნებრივია უდიდესი ნაწილი არჩევანს ამ ორ პოლუსს შორის აკეთებს ქართული ოცნების სასარგებლოდ”,- აღნიშნავს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

    ცნობისთვის, 2020 წლის 16 იანვარს გამოქვეყნებული NDI-ს კვლევის მიხედვით, ,,ქართულ ოცნებას” მოსახლეობის 20% უჭერს მხარს, ხოლო ,,ნაციონალურ მოძრაობას”- 13% . 

  • დუშეთში მგელმა ქალი დაგლიჯა

    დუშეთის რაიონის, სოფელ გრემისხევში მგელმა 60 წლამდე ცისანა ხუბაშვილი საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაგლიჯა. 

    ქალს დაზიანებები სახის, ხელის და ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს  თბილისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.