Category: არქივი

  • გორში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ქალი დაიღუპა

    გორში 60-წლამდე ქალი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი  სახლის აბაზანაში ნახეს.

    მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    სხვადასხვა ტიპის გადაუდებელი სამუშაოების გამო, 7 თებერვალს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

    “თელასის” ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), მარნეულის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლომინაძის, ჟორდანიას, სურგულაძის, გეგეჭკორის, ნიშნიანიძის და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნათაძის, ხვინგიას, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ჭილაძის, ცოტნე დადიანის და ბეჟანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, დიდუბის დასახლების, მექანიზაციის, შერვაშიძის, ხუდადოვის, ჟორდანიას, ბეთაშვილის, ადამიას, კვარაცხელიას, ყუბანეიშვილის, კარტოზიას, ერისთავის, მოლითის, ტოროშელიძის და ხერხეულიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და გლდანის ხევის დასახლების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიელის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, მახათას, სევანის, დმანისის და მთავარანგელოზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქალი გარდაიცვალა.

    უწყების ცნობით,  ძლიერი დაკვამლიანების გამო, მიმდებარე ბინებიდან 7 მოქალაქე გამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

    შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მეზობლების ინფორმაციით, დაკეტილ ბინაში, საიდანაც გამოდიოდა კვამლი, უნდა ყოფილიყო მოქალაქე. საცხოვრებელ სახლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანშიშესული ქალის ცხედარი იპოვეს.

    ძლიერი დაკვამლიანების გამო, მიმდებარე ბინებიდან გამოყვანილია 7 მოქალაქე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    ხანძარი  სრულად ლიკვიდირებულია.

    ადგილზე მუშაობდა 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ავთანდილ წერეთლის ამჟამინდელი მდგომარეობა ძალიან დიდი სტრესის შედეგია- ექიმი

    კლინიკა ჰელსიკორის ექიმის თქმით, ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია , თუმცა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო. მისი თქმით, პაციენტს გამოკვლევები უტარდება, რათა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი დადგინდეს.

    ექიმის ამბობს, რომ წერეთლის ამჟამინდელი მდგომარეობა , როგორც ჩანს, ძალიან დიდი სტრესის შედეგია.

    ,,კლინიკაში შემოსვლისას აღენიშნებოდა დაბალი წნევა, ჩატარდა პირველადი ანალიზები, კორონაროგრაფია, იყო გარკვეული ცვლილებები გულზე მაგრამ ამ ეტაპზე ექიმმა თავი შეიკავა სტენდირებისგან. მიმდინარეობს შემდგომი დაკვირვება პაციენტზე, რჩება კლინიკაში. როგორც ჩანს ეს არის ძალიან დიდი სტრესის შედეგი, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა და ვაკვირდებით მის ჯანმრთელობას”- განაცხადა ექიმმა.

    ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში 6 თებერვალს , საღამოს გადაიყვანეს. მისი შვილის, ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის თქმით, მამამისი სააბაზანოში გულწასული იპოვა.

    ის მამამისის ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ეს შედეგი სასამართლოში მისი ყოველდღიური ტარების გამო დადგა. ,,მას ბრალი კი არ წაუყენეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს”,- თქვა ვატო წერეთელმა.

    ავთანდილ წერეთელს ბრალი 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, ,,რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება”. ვატო წერეთლის განცხადებით, ავთანდილ წერეთელზე სამართლებრივი დევნის მოტივი ტვ პირველის გაჩერებაა.

  • უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში დემოკრატია ისევე მუშაობს, როგორც აქამდე- ადამ კინზინგერი

    აშშ-ში არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებთან შეხვედრებს მართავს. ცოტა ხნის წინ ის კონგრესმენ ადამ კინზინგერს შემხვდა. კინზინგერი პირველი იყო იმ კონგრესმენებიდან, რომლებმაც გახარიას კრიტიკული წერილები გაუგზავნა.

    ის თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ შეშფოთებულია, თუმცა ეს სიბრაზედ და იმედგაცრუებად არ უნდა იყოს აღქმული.

    ,,ჩვენ ყველაზე მეტ კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, მთავრობასთან ვამყარებთ. ჩვენ ვართ შეშფოთებული და ამას გამოვხატავთ. თუმცა, შეშფოთება არ უნდა იქნას იმედგაცრუებად ან სიბრაზედ აღქმული. ეს უნდა აღვიქვათ ვითარებად, რომელიც მეგობრებს შორის არის. ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და, ვფიქრობ, საქართველოსთვისაც ასეა. ახლა ჩვენ ძალიან კარგ ადგილზე ვიმყოფებით. უნდა მივიღოთ რეზოლუცია და ვაგრძელებთ საქართველოსადმი ერთგულებას”,- ამბობს საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე.

    კინზინგერი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოში დემოკრატია ისევ მუშაობს. კონგრესმენი შეშფოთებას იმით ხსნის, რომ აშშ საქართველოთი დაინტერესებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე არც იღელვებდა.

    ,,უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში დემოკრატია ისევე მუშაობს, როგორც ეს აქამდე იყო. ნებისმიერი შეშფოთება, რაც ჩვენ შორის არის, ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულებაა საქართველოსადმი. ამიტომ, ეს კომუნიკაცია ჩვენს ინტერესებში შედის. საქართველოთი რომ არ ვიყოთ დაინტერესებული, მაშინ არ ვინაღვლებდით საქართველოზე. მინდა გითხრათ, რომ საქართველო ჩვენთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. გავაგრძელებთ დიალოგს, რომ გადავჭრათ არსებული კრიზისი. ვაგრძელებთ ქართველების გვერდში დგომას. კარგი დიალოგი გვაქვს, რომელიც ჩვენს შეშფოთებას ეხება. იმედი მაქვს, რომ მალე გვექნება რეზოლუცია,”- განაცხადა ადამ კინზინგერმა.

    არჩილ თალაკვაძე ვიზიტის ფარგლებში სხვა კონგრესმენებთან შეხვედრასაც გეგმავს.

  • ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

    ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი შვილის და ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, ის სააბაზანოში გულწასული იპოვა.

    ვატო წერეთლის თქმით, დიაგნოზი ჯერ არ იცის , თუმცა მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

    ტვ პირველის დამფუძნებელი მამიმისის ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ,,მას ბრალი კი არ წაუყენეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს”.

    ,,ადამიანს, რომელსაც 5 ოპერაცია აქვს სიმსივნეზე გაკეთებული, რომელსაც სტენტირებები უდევს გულში და დღეში 4 ნემსს იკეთებს ინსულინისას, 70 წლის ადამიანს ყოველდღე ატარებენ სასამართლოზე საათობით, ამის პრეცენდენტი არ არსებობს მსოფლიოში. უბრალოდ ვერ გაუძლო ჯანმრთელობამ და დაემართა ის , რაც დაემართა. ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას პირადად ვაკისრებ ხელისუფლებას”,- ამბობს ვატო წერეთელი. 

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ავთანდილ წერეთელზე სამართლებრივი დევნის მოტივი ტვ პირველის გაჩერებაა.

  • ჩინელი ექიმი, რომელიც საზოგადოებას ​კორონავირუსის შესახებ დეკემბერში აფრთხილებდა, ამავე ვირუსით გარდაიცვალა

    ჩინელი ექიმი ლი ვენლიანი, რომელიც კორონავირუსის შესახებ საზოგადოებას 2019 წლის დეკემბერში აფრთხილებდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

    არსებული  ინფორმაციით, 30 დეკემბერს მან თავის კოლეგებს ჯგუფურ ჩატში ვირუსის შესახებ შეატყობინა და ურჩია, ინფიცრებისგან თავის აცილებისთვის შესაბამისი ზომები მიეღოთ. ამის შემდეგ ის პოლიციაში დაიბარეს და ინტერნეტით სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულეს.

    ლი ვენლიანი კლინიკაში 12 იანვარს მოათავსეს. ერთ-ერთი ვერსიით, მას ვირუსი პაციენტისგან გადაედო.

    პირველ თებერვალს ექიმს კორონა ვირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა. 

  • თიბისი სტატუსი და ისთერნ პრომოუშენსი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს

    25-28 მარტს თბილისი რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები არიან, როგორებიცაა: 5 გრემის ჯილდოს მფლობელი საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი დაიან რივსი, ჯაზის ლეგენდები კენი ბარონი, დეივ ჰოლანდი და ჯონათან ბლეიქი, ბრიტანეთის ამომავალი ვარსკვლავი, ევროპის საფესტივალო სეზონის ყველაზე მოთხოვნადი არტისტი აიანა უიტერ-ჯონსონი.
    ტრადიციულად, წლევანდელ ფესტივალში ჯაზ-ლეგენდებთან ერთად სხვადასხვა თაობის ქართველი ჯაზ-შემსრულებლებიც მონაწილეობენ. მსმენელის წინაშე უახლესი პროექტებით წარდგებიან გუჯა მარდინის კვარტეტი, ლუკა თოფურიას კვარტეტი, რეზო კიკნაძის სიქსტეტი და გია რაქვიაშვილის ტრიო.
    თბილისის 23-ე ჯაზ-ფესტივალს 25 მარტს რუსთაველის თეატრში ბრიტანელი ჯაზ-მუსიკოსის აიანა უიტერ-ჯონსონის კონცერტი გახსნის, რომლის შემდეგაც მსმენელის წინაშე წარდგება კენი ბარონისა და დეივ ჰოლანდის ტრიო. ამავე დღეს, საფესტივალო ჯაზ-საღამოს კლუბ „ზინგერში“გუჯა მარდინის კვარტეტი დაასრულებს.
    26 მარტს, რიგით მეორე საფესტივალო დღეს, კლუბ „ზინგერში“ ლუკა თოფურიას კვარტეტის კონცერტი გაიმართება, ხოლო 27 მარტს მსმენლის წინაშე რეზო კიკნაძის სიქსტეტი წარდგება.
    რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს 28 მარტს რუსთაველის თეატრში ლეგენდარული დაიან რივსი დახურავს, რომელიც მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგება.
    ბოლო საფესტივალო დღეს მეორე კონცერტიც გაიმართება – კლუბი „ზინგერი“ ამჯერად გია რაქვიაშვილის ტრიოს უმასპინძლებს.
    ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ჯაზის ვირტუოზები ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასებსაც ჩაატარებენ. პირველ მასტერკლასს 26 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აიანა უიტერ-ჯონსონი გამართავს, ხოლო 28 მარტს რუსთაველის თეატრში სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის დაიან რივსი ღია რეპეტიციას ჩაატარებს და მომავალი ვოკალისტების შეკითხვებსაც უპასუხებს.
    თბილისის რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.
    ჯაზ-ფესტივალში მონაწილე არტისტების მასპინძელია „შავი ლომი“.
    ფესტივალის მედიამხარდამჭერები: მარკეტერი, ნეტგაზეთი, რადიო ფორტუნა, Financial.
    ბილეთები იყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი სტატუს ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

  • ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილი ჩინელი მამაკაცი შესაძლოა კორონავირუსით იყოს ინფიცირებული- თენგიზ ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურში გადაყვანილი ჩინელი მამაკაცი შესაძლოა კორონავირუსით იყოს დაავადებული.

    მისი თქმით, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა ჩივილი აქვს.

    ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ზუსტი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

    „ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ყველა ჩივილები აქვს. ტემპერატურა ამჟამად 37.5 გრადუსი აქვს, მაგრამ ადრე ჰქონდა 38 როგორც თვითონ ამბობს. იმის გათვალისწინებით, რომ მას ცალსახად აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია და არის ჩამოსული პეკინიდან არსებობს ალბათობა, რომ ის იყოს ინფირცირებული ახალი კორონავირუსით, თუმცა ამის მყარი არგუმენტები და კლინიკური ნიშნები ჯერ არ გავქვს. ახლა პაციენტს გაუკეთებენ რენდგენოლოგიურ გამოკვლევას, ასევე აღებულია ხახის ნაცხი და გაუკეთებენ გრიპზე გამოკვლევას, იქნებ ჩვეულებრივი გრიპი აქვს, იმიტომ რომ გრიპს ჰგავს ძალიან. გაუკეთებენ ასევე სისხლის ანალიზს. ამ საღამოს, უკვე 8 საათისთვის ეს ყველაფერი გვეცოდინება და უფრო დამაჯერებელ პასუხსს გაგცემთ, ხვალ იქნება უკვე ანალიზის პასუხი კორონავირუსის ინფექციაზე”,- ამბობს ცერცვაძე.

    მისივე თქმით, ლაბორატორიული პასუხის მიღებამდე პაციენტი მათი მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.

    ,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთვევაშიც არ არის ახალი კორონა ვირუსით ინფექცია, არის სხვა რესპირატორული ვირუსი, თუმცა ეს შეთხევევა მაინც განიხილება, როგორც შესაძლო შემთხვევა და ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე დარჩება ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ. დაახლოებით 28-29 წლის ახალგაზრდა მამაკაცია. მის თანხმლებ პირს არაფერი არ აქვს”,- აღნიშნავს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

    პაციენტი დღეს, რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში.

  • კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

    კომუნიკაციების კომისიის წევრებმა კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. ბექაური კომისიას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, კახა ბექაური კომისიის წევრების მიერ ერთხმად იქნა არჩეული. კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 2020 წლის 3 თებერვალს ჩატარდა, დღეს გამართულ სხდომაზე კი, კომისიის წევრებმა არჩევნების შედეგები დაამტკიცეს.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა კახა ბექაური კომისიის წევრად, ექვსი წლის ვადით, 11 დეკემბერს მეორედ აირჩია.

    კახა ბექაური 2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია, ხოლო 2017 წლიდან ის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.