Category: არქივი

  • “სელექტორი არ არსებობს 112-ში? “- ნინო ბურჯანაძე სახლის დაწვას გადაურჩა

    “ჩამოცვივდა ელექტრო სადენები, დაეცა ხეს და ხუთი სახლი აღმოჩნდა ხანძრის საფრთხის წინაშე”- ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით დარეკეს 112-ში, რომელმაც „თელასში“ გადაამისამართეს, იქიდან კი მერიაში.

    „დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც 112-ში მუშაობენ. მართლა დღე არ გადის, რომ სხვის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააყენონ, მაგრამ ნახეთ ბიუროკრატიული აპარატი როგორ მუშაობს. 112-ს ვუთხარით, გათიშეთ ელექტროენერგია სანამ მოვა სახანძრო, რათა ცეცხლი არ გაუჩნდეს ხუთ სახლს. ოპერატორი გვპასუხობს, რომ ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის, დარეკეთ „თელასშიო“. კამათს აზრი არ ჰქონდა, დავრეკეთ „თელასში“ და ვეუბნებით, რომ გათიშონ შუქი კონკრეტულ მისამართზე. იქიდან გვპასუხობენ, რომ გარე განათება მათ არ ეხებათ და უნდა დავრეკოთ მერიაში. ამასობაში რამდენი წუთი გავიდა? ხანძარი იცდის?! ბიუროკრატიული მექანიზმები როდესაც ასეთ სტრუქტურებშიც კი არ მუშაობს გამართულად, უკაცრავად, სელექტორი არ არსებობს 112-ში? კიდევ ერთხელ ვადასტურებ მათდამი პატივისცემას, ძალიან კორექტულად გვესაუბრნენ, მაგრამ კორექტულობა ხანძარს არ შველის. მთელი სამეზობლო რეკავდა, ვიღაცამ მოახერხა დაკავშირება და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

  • “ვხსნი ჩემს პირად შტაბს. გადავწყვიტე ღიად, აქტიურად ჩავერთო ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად“ –სააკაშვილი

    მიხეილ სააკაშვილი ახლო მომავალში მისი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე შტაბის გახსნას აანონსებს. ვიდეო მიმართვას საქართველოს ექსპრეზიდენტი საკუთარ გვერდზე ავრცელებს:

    “მიმართვა ყველა საქართველოს პატრიოტს

    მე მინდა გითხრათ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე, თუ ვის ხელში გადავიდა ქვეყანა.
    “ქართული ოცნებაო” და ამის მაგივრად მოგვაჩეჩეს გაჭირვება, დახოცილი ბავშვები, კაპიკებზე დღე და ღამე შრომა უცხოეთში, ბრძოლა გადარჩენისთვის.
    ეს არ არის ის, რასაც იმსახურებს ქართველი ხალხი!

    ეს ხალხი გვეუბნება, რომ უნდა დარჩეს კიდევ ჯერ 4, მერე კიდევ 4 და მერე კიდევ ალბათ კიდევ 10-16 წლით.
    დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ, ვინ არის ეს ხალხი:
    მაოხრებელი ივანიშვილი, ბრიყვი თალაკვაძე, ბოროტი წულუკიანი, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი, ბოლომდე გათავხედებული მექრთამე კალაძე და უამრავი სხვა კიდევ არარაობა, რომელიც ანადგურებს ჩვენს ქვეყანას.

    გავიდა უკვე 8 წელი და ეს ხალხი არსად არ აპირებს წასვლას და უფრო მეტიც, უნდათ რომ მიგვაჩვიონ ამ არანორმალურ გიჟურ მდგომარეობას!

    ამიტომ, რა თქმა უნდა მე გვერდზე ვერ გავდგები და გადავწყვიტე, უკვე ღიად, აქტიურად, ორგანიზაციულად, ჩავერთო ჩვენი ხალხის დასახმარებლად, ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად და საქართველოს სწრაფი განვითარების გზაზე მყარად დასაბრუნებლად.

    მე მინდა ვუთხრა ყველას,რომ მე რა თქმა უნდა ვარ მომხრე ყველა ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის, მე ვარ მომხრე ჩვენი ფართო ფრონტის შექმნის, მე ვარ მომხრე იმისა,რომ არცერთი ძველი თანამდებობის პირი არ დაბრუნდეს თავის კაბინეტში და ბევრი ახალი ადამიანი, ღირსეული მოვიდეს პოლიტიკაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა და ამაზე აქტიურად ვმუშაობ და ყველაფერ ამაში უშუალოდ მივიღებ ძალიან აქტიურ მონაწილეობას.

    ამიტომ პირველი მარტიდან, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა.

    ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას მე გვერდით, ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და მაქვს მე და ყველა ჩემს რესურს, ყველა ჩემს კონტაქტს ადამიანურს, პოლიტიკურს ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ ეს უბედურება სწრაფად გადაილახოს.

    წელს ისინი დასრულდებიან!
    წელს საქართველო დაიწყებს დაჩოქილი მდგომარეობიდან ადგომას!
    წელს საქართველოში გათენდება და ქართველი ხალხი აუცილებლად გავა სამშვიდობოზე!
    დროის ათვლა დაწყებულია, ქართველი ხალხის და თითოეული ჩვენგანის გამარჯვებამდე!“– ამბობს სააკაშვილი.

  • “თებერვლის ბოლოს მოლაპარაკებების შეთანხმების ფანჯარა უკვე რეალურად იხურება”- თალაკვაძე საარჩევნო სისტემაზე

    პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ვარიანტზე თებერვლის ბოლომდე შეთანხმება თუ ვერ შედგება, მოლაპარაკების ბოლო რაუნდიც დაიხურება.

    „თებერვლის ბოლოს მოლაპარაკებების შეთანხმების ფანჯარა უკვე რეალურად იხურება, რადგან თებერვლის ბოლოს, შეთანხმება თუ არ შედგა პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს ამ ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში. შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახოთ ოპოზიციის პრაგმატული პასუხი ამ შეთავაზებაზე. 100/50 – ეს არის ნამდვილად კომპრომისული ვარიანტი იმასთან შედარებით, თუ რა არის დღეს ჩაწერილი კონსტიტუციაში, გარდამავალ დებულებებში და ის ითვალისწინებს მნიშვნელოვნად პროპორციული მანდატების გაზრდას და ასევე მნიშვნელოვნად მაჟორიტარული მანდატების შემცირებას. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ შეთანხმება მოხდეს და მიიღოს კონკურენტული საარჩევნო გარემო, ამ ეტაპზე, ეს არის კომპრომისული, სამართლიანი შეთავაზება, მაგრამ, როგორც ვხედავ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს, რომელთაც არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, იმედი, რომ არჩევნებში რაიმე შედეგს აჩვენებენ, მათი ერთადერთი ამოცანა არის დესტუქცია და ერთადერთი ამოცანა არის, როგორმე არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან მათ არ აქვთ იმედი, რომ ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწევენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ ვაშინგტონში ვიზიტის დასრულების შემდეგ.

    მისივე განმარტებით, ვაშინგტონში ვიზიტით ყოფნისას და გამართული შეხვედრების შემდეგ, უფრო მეტად დარწმუნდა, რომ დაბალი მხარადაჭერის მქონე პარტიები, რომელთაც საქრათველოში არ აქვთ ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, ძირითადად, თავის საარჩევნო კამპანიას ატარებენ ვაშინგტონში.

    „ისინი ცდილობენ, რომ აქ მოახდინონ თავისი ვიწროპოლიტიკური ინტერესების პროექტირება, მოძებნონ ლობისტები, იპოვონ ადამიანები, ვისი საშუალებითაც შეიძლება, რომ გარკვეულწილად შეულახონ იმიჯი ჩვენს პოლიტიკურ გარემოს, საარჩევნო პროცესს და ამით სცადონ პოლიტიკური ქულების მოპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ყველას, ვისაც რეალურად დემოკრატია აინტერესებს, პირველ რიგში, ამ პარტიებმა ჩვენს მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან უნდა იმუშაონ, იქ გააკეთონ კამპანია, იქ აჩვენონ მათი ხედვები სხვადასხვა სფეროში პოლიტიკასთან დაკავშირებით და უკვე შემდეგ ვისაუბროთ, არის თუ არა მათი განწყობები გულწრფელი და სურთ თუ არა ნამდვილად სამართლიანი არჩევნები და საერთოდ, სურთ თუ არა არჩევნების გზით რაიმეს შედეგებისთვის ბრძოლა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    9-11 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი.

    გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი ქარი, ზოგან ძლიერი თოვა, მაღალმთიან რეგიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული.

    „საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

    9-11 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად აცივდება. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის ვირუსით 2 ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

    ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებებით 54 ადამიანი მკურნალობს.

    როგორც კლინიკის მორიგე ექიმი ნანა სხულუხია აცხადებს, მათგან 40 ბავშვია, 14 კი მოზრდილი. 14 დან 2 კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

    „დღეისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებით 54 ადამიანი მკურნალობს. 54-დან 40 ბავშვია, 14 კი მოზარდი. მოზრდილებიდან ორი კლინიკური მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე, ორმაგი პნევმონიით იმყოფება. ამჟამად მათი მდგოამრეობა არის მძიმე, სტაბილური“,- აცხადებს ექიმი

  • პოლიციამ აჭარაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული გ.ხ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1985 წელს დაბადებულ მ.ა.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

    ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

  • “გაკოტრებული ბიძინას ხელისუფლების შეცვლა არ უნდა ოთხ კატეგორიას“–დავით ზურაბიშვილი

    რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი ფეისბუქ სტატუსში იმ ადამიანებზე და მათ მოტივებზე საუბრობს, რომლებსაც ივნიშვილის ხელისუფლების შეცვლა არ უნდათ:

    “მორიგი ჩაანალიზება.

    რასაც მე ვუყურებ, ამ ხელისუფლების მომხრეებისთვის “ნაცები არ გვინდა” ტიპის არგუმენტი არის მხოლოდ სიტყვის მასალა და საბაბი. რეალურად კი თუ ყველა მთავრობაზე მორგებულ მედროვეებს და დასაქმებულ ნათესაობა-ახლობლობას არ ჩავთვლით, დღეს, სრულიად დისკრედიტირებული და გაკოტრებული ბიძინას ხელისუფლების შეცვლა არ უნდა ოთხ კატეგორიას. კერძოდ:

    1. უკიდურეს ბნელებს და რუსეთუმეებს.

    2. ნაცებზე და უფრო ადრე მოქკავშირის ახალგაზრდულ გუნდზე რაღაც პირადული მიზეზით (შეიძლება სამართლიანად, შეიძლება უსამართლოდ) ნაწყენებს და დაბოღმილებს.

    3. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რაღაც კორუფციულ სქემებში ჩართულებს ან ჩართვის მოიმედეებს.

    4. ზემოთ ნახსენებ სამ კატეგორიას რომ არ მიეკუთვნებიან, მაგრამ მენტალურად საბჭოურ მორალურ-ესთეტიურ სისტემაში ჩარჩენილი ე. წ. “სავოკები” არიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან სულიერ სიახლოვეს გრძნობენ და თავის მსგავსად მიიჩნევენ, ხოლო საზოგადოების პროდასავლური სეგმენტის კი არ ესმით, გაღიზიანებით აღიქვამენ და მთლიანად აიგივებენ მათთვის საძულველ ნაცებთან. ამ კატეგორიის ხალხისთვის ბიძინას წასვლა ნიშნავს რაღაც ნაცნობის და გასაგების ნაცვლად რაღაც უცნობის და გაუგებრის მოსვლას, რაც აშინებთ და აფრთხობთ.

    ესაა ხელისუფლების მხარდამჭერი მთელი სპექტრი, ჩემი მოკრძალებული აზრით. არც მეტი, არც ნაკლები.“– წერს ზურაბიშვილი

  • ჩიორა თაქთაქიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

    ჩიორა თაქთაქიშვილი ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

    „ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდს და დავასრულებ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას. წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დიდი ძალისხმევის და მსხვერპლის ფასად უპირისპირდება ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, განსაკუთრებით კი ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გულშემატკივრებს და დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტივისტებს.

    დღეს საერთოდ არ არის აქტუალური ჩემი განცხადება, რადგან რეალურად არც არაფერი იცვლება. ჩვენი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა დიდი ხანია, იცის ჩემი პასიურობის მიზეზები. დიდი ბოდიში ყველას, ვინც პირადად არ მინახავს ბოლო ხანებში და ვისაც გაგიკვირდებათ, ან გეწყინებათ ამ ამბის გაგება.

    მაგრამ ვალდებული ვარ, თქვენ, ვინც ნდობა გამომიცხადეთ და საშუალება მომეცით თქვენი წარმომადგენელი ვყოფილიყავი ერთიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ და პარლამენტში, ანგარიში ჩაგაბაროთ.

    ძალიან მიყვარხართ და ვამაყობ თქვენთან ერთად გატარებული წლებით, საერთო ბრძოლით, საქმით, დისკუსიებით, კამათით, თუნდაც ზოგჯერ, მცირე ან მნიშვნელოვან დეტალებში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. მჯერა, რომ გესმით და გრძნობთ, ეს უბრალო სიტყვები არაა!

    ვფიქრობ, ორი საპარლამენტო მანდატი საკმარისზე მეტია ერთი ადამიანისთვის, რომ დასკვნები გამოიტანოს და ერთსა და იგივე წრეზე არ იტრიალოს. ეს ანგარიში არ არის პასუხი კითხვაზე, რატომ წავედი „ნაციონალური მოძრაობიდან“. ეს უფრო იმის მცდელობაა, რომ გითხრათ, რატომ ვერ შევძელი თქვენი იმედების გამართლება.“ – წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

    საკმაოდ ვრცელ პოსტში ის სხვადასხვა საკითხს ეხება. წერილის დასასრულს მადლობას უხდის გულშემატკივრებს.

    „შიდაპარტიული დისკუსიის გახსნა და მტკივნეული დიაგნოზის დასმა – ეს არის ის, რისი გაკეთებაც მე დღემდე შევძელი. ამაზე მეტი, სამწუხაროდ, არ გამომივიდა. მადლიერი ვარ თითოეული თქვენთაგანის, ვინც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და მგულშემატკივრობდა „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ განხილვებში. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი კეთილსინდისიერი და ძლიერი ლიდერი გამოჩნდება სამოქალაქო საზოგადოებაში და ქართულ პოლიტიკაში, ვინც პარტიების შიდადემოკრატიის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტის დამკვიდებას თავის ღია პოლიტიკურ ამოცანად დაისახავს და წარმატებასაც მიაღწევს! “ – წერს ჩიორა თაქთქიშვილი.

  • აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლების სამუშაო გრაფიკი უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია

    აუდიტის სამსახურის დასკვნით, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლების უმეტესობა კვირაში 48 საათზე მეტს მუშაობს, რაც გარდა იმისა, რომ შრომის კოდექსის დარღვევაა, უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია.

    სახელმწიფო აუდიტის სამსახური  თბილისის სატრანსპორტო კომპანიის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მრავალ დარღვევაზეა საუბარი.

    ირკვევა, რომ 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი ზეგანაკვეთური სამუშაო 6,499 დასაქმებულიდან აუნაზღაურდა 3,349-ს, ხოლო 2018 წელს – 6,649 დასაქმებულიდან − 3,446 პირს. ამასთან, 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი იმუშავა ავტობუსის 1,398-დან 1,379- მა მძღოლმა, ხოლო 2018 წელს – 1,438-დან 1,420-მა მძღოლმა.

    „კომპანიაში დასაქმებული მძღოლების უმეტესობა კვირაში ზოგჯერ მუშაობს 48 საათზე მეტი დროის ხანგრძლივობით. აღნიშნული პრინციპი, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება „საქართველოს შრომის კოდექსის“ ძირითად მოთხოვნას და მეორე მხრივ, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია. გარდა ამისა, შრომის უკეთესი დაგეგმვისა და ორგანიზების პირობებში, კომპანია დაზოგავდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს”,-აღნიშნულია ანგარიშში.

  • წყნეთში ტყე იწვის

    წყნეთში ტყე იწვის- ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ავრცელებს.

    „წყნეთში ავდივარ და ვხედავ, რომ ტყე იწვის. მობილურით უკეთესი ფოტო არ გამოდის. 112-ზე უკვე დავრეკე. ამ ყინვაში რას უნდა გაეჩინა ცეცხლი? ან ვიღაც მავნებელმა შეგნებულად გააჩაღა, ან მოქეიფეებმა დატოვეს ჩაუმქრალი ნაკვერჩხლები. მძღოლი ამბობს, რომ ნაფეტვრების თავზეა და საქეიფო ადგილებია. შემირცხვენია ასეთი ქეიფიც, მოქეიფეც და მავნებელიც“, – წერს გოგო ჩანადირი.