Category: არქივი

  • ზუგდიდში სკოლის დარაჯი, სკოლაში გარდაცვლილი იპოვეს

    ზუგდიდში, მეორე საჯარო სკოლოს დარაჯი, სკოლაში მისთვის განკუთვნილ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს.

    როგორც სკოლის დირექტორი ნინო ბულია აცხადებს, 57 წლის მამაკაცი საკუთარმა შვილმა ნახა. მისივე ინფორმაციით, მამაკაცს არავითარი დაზიანება არ აღენიშნება.

    ბულიას ინფორმაციით, გარდაცვლილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მას ექსპერტიზა უტარდება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

  • “ამისთვის დაიბადა ანიტა, რომ ბევრი ადამიანი დაეფიქრებინა” – დეკანოზი შალვა კეკელია

    „ანიტა ყველას შვილი გახდა. მას ეს მადლი, რომ არ ჰქონოდა ღვთისაგან ასე ვერ იქნებოდა, ზუსტად ამისთვის დაიბადა ანიტა, რომ ბევრი ადამიანი დაეფიქრებინა. ანიტა მთელი ქვეყნისთვის დაიბადა“, – თქვა დეკანოზმა შალვა კეკელიამ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში ანიტას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე.

    შეგახსენებთ, რომ ორი წლის ქართველი გოგონა საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. მას გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა. ბოლოს ის ინდოეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო, ანიტა 30 იანვარს გარდაიცვალა.

  • ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში დღეს დაბრუნდება

    ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში დღეს დაბრუნდება. ამის შესახებ  ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ განაცხადა.

    დიპლომატის განმარტებით, საქართველოს სხვა მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ და საელჩო მათთან მუდმივ კავშირზეა.

    როგორც ელჩი განმარტავს, ჩინეთში სანიტარული და უსაფრთხოების თვალსაზრისით უპრეცედენტო ზომებია მიღებული.

    „ჩემი ინფორმაციით, დღეს ჩვენი სამი თანამოქალაქე საქართველოში დუბაის გავლით ბრუნდება. ისინი საზღვარზე იგივე პროცედურებს გაივლიან, რაც დაწესებულია.

    საბედნიეროდ, ჩვენი მოქალაქეები ჯანმრთელად არიან. მუდმივ კავშირზე ვართ მათთან როგორც უხანში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში მყოფ ჩვენს თანამემამულეებთან. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს. საერთო ჯამში, ჩინეთში ნორმალური ვითარებაა, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი მასშტაბური სანიტარული და უსაფრთხოების ზომების მიღება გრძელდება.

    ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. სამწუხაროდ, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი მზარდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის პრევენციული ზომები, რაც ჩინეთის მთავრობამ მიიღო, შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს საქართველოში დაბრუნება სურთ. თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, საელჩო მათ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება. კონკრეტულად ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგ ქართველს სამშობლოში დაბრუნება სურს. ჩვენც შესაბამის მიმართულებებს ვურჩევთ, მოგეხსენებათ, ჩინეთის მიმართულებით ძალიან ცოტა ავიარეისი დაფრინავს და ცხადია, ეს საკითხს აფერხებს“,-აცხადებს არჩილ კალანდია.

  • კახეთში 17 წლის ბიჭი და მისი ბიძაშვილი არასრულწლოვანი გოგოს მოტაცებისთვის დააკავეს

    პოლიციამ კახეთში არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

    არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი – 2001 წელს დაბადებული რ.ქ.

    შსს–ს ინფორმაციით ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

    სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს.

    ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა.

    გამოძიება არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ძლიერი ქარის გამო 112–ში 64 შეტყობინება შევიდა

    ბოლო 24 საათში, ძლიერი ქარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მთელი საქართველოდან 64 შეტყობინება შევიდა.

    საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა. ყველა მათგანზე მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს.

    გამოძახებების უმრავლესობა თბილისიდან იყო – 49. რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 2, იმერეთში- 2, გურიაში – 1, შიდა ქართლში – 4, ქვემო ქართლში- 3, აჭარაში – 2, მცხეთა-მთიანეთში – 1 შეტყობინება დაფიქსირდა.
    შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

  • “სააკაშვილი არის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსი საქართველოს შიგნით და საქართველოს გარეთაც“–გუბაზ სანიკიძე

    მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას, რომელიც ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას და პირველი მარტიდან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პირადი შტაბის შექმნას აპირებს, გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ინიციატივა არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ამ დროისთვის არსებულ ოპოზიციურ ფორმატთან, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბება. ინგა გრიგოლიას გადაცემაში გუბაზ სანიკიძემ სააკაშვილის ინიციატივის მისეულ აღქმაზე ისაუბრა:

    სააკაშვილის ამ განცხადებით გავიგეთ დაზუსტებით:

    “აქამდე იყო საუბრები სააკაშვილი სად რჩება – ქართულ პოლიტიკაში თუ უკრაინულ პოლიტიკაში. ეს ძალიან პრინციპული საკითხი იყო მისი მომხრეებისთვისაც და მოწინააღმდეგეებისთვისაც. ჩვენ გავიგეთ და საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის თავის სამშობლოში აპირებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას.

    რაც შეეხება ლეიბორისტების ოფისში წარმართულ მოლაპარაკებებს და ოპოზიუციურ ერთობას, არაფერი საერთო არ აქვს ლეიბორისტების შტაბში შეკრებილ ოპოზიციურ ერთობას და სააკაშვილის განცხადებას. იქ შეკრებილი პოლიტიკური პარტიები გაერთიანებული არიან მხოლოდ ერთი საკითხის ირგვლივ, როგორიც არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. საარჩევნო წესების საკითხი ადრე თუ გვიან ავად თუ კარგად უნდა გადაწყდეს, რამდენიმე თვეში. რაღაცა პროდუქტი უნდა მივიღოთ, ან კარგი, ან ცუდი, ხელისუფლება ან დათმობს ან არ დათმობს. ამის შემდეგ რა ხდება? იქ შეკრებილი ოპოზიცია შეთანხმებულია მხოლოდ ერთ საკითხზე. მხოლოდ ერთ საკითხში არიან ერთად და სხვა საკითხში არაფერში არ არიან ერთად.

    ნაკლებად ველოდები რომ მთელი ის ოპოზიციური სპექტრი ერთ ბლოკად ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ არის იდეოლოგიური განსხვავება, საგარეო პოლიტიკაში განსხვავება. სააკაშვილის განცხადება არაფერში არ უშლის ხელს იმ ფორმატს, რაც არის ლეიბორისტების ოფისში. სააკაშვილმა სხვა რამ თქვა. მან თქვა, რომ გარდა ოპოზიციური პარტიებისა საქმეში უნდა ჩაერთოს მთელი ქართული საზოგადოება და ის, ვინც შეიძლება იდეაში თანამოაზრეები აღმოვჩნდეთ, რაში შეიძლება აღმოვჩნდეთ თანამოაზრეები: ეს არის ივანიშვილის გასტუმრება ხელისუფლებიდან.
    სააკაშვილი ამბობს, ვინც ვთვლით, რომ შეგვიძლია შევთანხმდეთ, საერთო ფრონტით გამოვიდეთ,. ამას ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომლის მიმართაც სულ იყო პრეტენზიები და დღესაც არის, რომ ის აპირებს თავის ჭკუაზე მოაწყოს რაღაცეები.

    არავითარ შემთვევაში. პირიქით. შტაბზე როცა არის ლაპარაკი და შეკრების ადგილზეა საუბარი, ის ეპატიჟება ყველას, მათ შორის ოპოზიციურ პარტებს თავისი იდეებით. ეს ამას ნიშნავს ზუსტად, რომ იქ რამე გამზადებული მზა პროდუქტი კი არ არის, პირიქით, შეკრება იმისათვის, რომ დავიწყოთ სტრატეგისა და ტაქტიკის განსაზღვრა როგორ ვუშვებთ ხელისუფლებას არჩევნებით. არჩევნები არის ურთულესი თემა, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილსა და ქართული ოცნების ხელში ჩვენ გვექნება სტალინგრადი, იმიტომ რომ ყველაფერს იკადრებს ბიძინა ივანიშვილი. ბრძოლა იქნება. ნუ ხართ ჩაციკლულები, რომ ვინმე ავტომატს ხელს მოკიდებს. არავინ არ აპირებს. იქნება საერთო სახალხო აღტკინება, საერთო სახალხო ტალღა, რომელიც არჩევნებში დაამარცხებს ქართულ ოცნებას და ამ ტალღას ჭირდება ძალმოსილება. წვეთ წვეთობით ვერ ვერევით, ცალცალკე ვერ ვერევით, ოპოზიციაც უნდა გაერკვეს, იმიტომ რომ ეს საფეხური, ეს ეტაპი, რასაც ქვია საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა უახლოვდება დასასრულს. უნდა დამთავრდეს, პროპორციული იქნება, შერეული იქნება თუ როგორც იქნება უნდა დამთავრდეს. არჩევნები მოდის და ქართულ ოცნებას უნდა დაუპირისპირდეს ძლიერი ძალა. და არა ერთი პარტია, იმიტომ რომ ერთი პარტია ვერ უგებს ხელისუფლებას. მაჟორიტარებზე შეთანხმება არ არის საკმარისი.“– ამბობს გუბაზ სანკიძე.

  • პაკისტანის პარლამენტმა პედოფილების საჯაროდ ჩამოხრჩობას მხარი დაუჭირა

    პაკისტანის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასა და მკვლელობაში ბრალდებული პირების საჯაროდ ჩამოხრჩობას.

    რეზოლუციას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებისა და აქტივისტების მხრიდან.

    „ის ვინც ბავშვებზე იძალადებს, არ იმსახურებს თანაგრძნობას, ისინი ქალაქების ცენტრში უნდა იქნენ ჩამოხრჩობილი“, განაცხადა საპარლამენტო მინისტრმა, ალი მუჰამად ხანმა 7 თებერვალს, როცა რეზოლუცია ეროვნულ ასამბლეას წარუდგინეს.

    ,,რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, კანონმდებელთა ნახევარმა მხარი დაუჭრა დოკუმენტს, რომელსაც მმართველი პარტია, თეჰრიქ-ე-ინსააფი მიემხრო. პაკისტანის სახალხო პარტიამ მხარდაჭერაზე უარი თქვა და ეს იმით ახსნა, რომ სასჯელის გამკაცრება არ შეამცირებს ბავშვებზე ძალადობას.

    საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Amnesty International”-ის განცხადებით, სიკვდილით დასჯა არ არის პასუხი ბავშვებზე ძალადობასა და მათ მკვლელობაზე, რეზოლუციას კი არაკეთილსინდისიერი სიბოროტე უწოდა, რომლის ადგილი არ არის ადამიანის უფლებების პატივისცემელ საზოგადოებაში.

    ორგანიზაციის თქმით, ჩამოხრჩობა არ იძლევა სამართლიანობას. ,Amnesty International”-ი პაკისტანის ხელისუფლებას მოუწოდებს, ფოკუსირდეს ბავშვების დაცვაზე ძლიერი პოლიციის დახმარებით მანამ, სანამ ძალადობა მოხდება.

    არასამთარობო ორგანიზაცია საჰილის ცნობით, პაკისტანში 2018 წლის განმავლობაში დაფიქსირდა ბავშვთა ძალადობის 3,832 შემთხვევა.

  • მისი გადასაწყვეტია, სად რას დააარსებს, შეხვედრები გაგრძელდება ლეიბორისტების ოფისში- გიგა ბოკერია სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, სააკაშვილი სად რას დააარსებს და რა ინიციატივით გამოვა, მისი გადასაწყვეტია, თუმცა პროპორციულ არჩევნებზე შეხვედრები გაგრძელდება ლეიბორისტების ოფისში.

    ,,ეს მისი გადასაწყვეტია, სად რას დააარსებს, შეიძლება მის პარტიას ჰქონდეს რაღაცა მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. ნებისმიერ პოლიტიკურ ფიგურას შეუძლია შტაბი ჰქონდეს და ინიციატივებით გამოვიდეს. რაც შეეხება კოორდინირებას პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაზე, მათ შორის იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს ხდება ლეიბორისტული პარტიის ოფისში და ძალაინ კარგად მიდის ეს პროცესი იქ”,- აცხადებს გიგა ბოკერია.

    ის აღნიშნავს, რომ საჭიროების შეთხვევაში, ადგილთან (ბიბლიოთეკასთან) დაკავშირებით რაიმე “ცრურწმენა” არ აქვს, მაგრამ “ასე უბრალოდ” იქ შეკრება არარეალისტურია:

    ,,გააჩნია რა საკითხზე უნდა ვისაუბროთ. ისე უბრალოდ მოდით ბიბლიოთეკაში, ეს არ მესმის. გირჩს აქვს ძალიან კარგი ინიციატივა კონკრეტულ თემაზე – მართლმსაჯულებაზე დისკუსიების, რომელსაც შევუერთდით. თუ რამე არის ისეთი, სადაც საჭიროებას დავინახავთ, არანაირი ცრურწმენა არ მაქვს რომელიმე ადგილთან დაკავშირებით. მაგრამ ასე, რომ ახლა იქ უნდა მივიდეს ყველა, ეს რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია რეალისტურად,” – ამბობს ბოკერია.

    მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა 8 თებერვალს გაავრცელა. მისი თქმით, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე შტაბს გახსნის, რათა დააჩქაროს ,,ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა”.

  • ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 5-6 ბალიანი შტორმია

    ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 5-6 ბალიანი შტორმია. ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, საშტორმო მდგომარეობა სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. დღეს ღამის საათებში გაძლიერდება ქარი. დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა +0 -1 გრადუსი იქნება. ხვალ იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ-ში.

    10 თებერვალს შტორმი 4 ბალამდე შემცირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 -1 გრადუსი, ღამით -2 -4 გრადუსია მოსალოდნელი.

  • ბიჭს, რომელიც გზებზე ყოჩივარდებს ყიდის, ,,გურული დღიურების ფონდმა” სტიპენდია დაუნიშნა

    ბიჭი, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ კორტანეთის გზებზე ყოჩივარდებს ყიდის, დღეიდან ,,გურული დღიურების ფონდის” სტიპენდიატია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

    ,,ამ ბიჭს, გზებზე რომ ყოჩივარდებს ყიდის კორტანეთში და რაღაც ხნის წინ ფოტოც გადავუღე და გიჩვენეთ, ბევრი ვესაუბრე. გონიერი და მშრომელი მოსწავლეა კორტანეთიდან, უაღრესად ზრდილობიანი და შეგნებული. მისი ცხოვრების სირთულეებზე არ მოგიყვებით – დღეს აქვს, ხვალ დაძლევს. და დაძლევაში რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც დავეხმაროთ, მას ჩვენი საგანმანათლებლო ,,გურული დღიურების ფონდი” დაეხმარება. დღეიდან ის ჩვენი სტიპენდიატია”,- ამბობს კეკელიძე.

    მანამდე მან ბიჭის ფოტო ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე განათავსა.