Category: არქივი

  • ახალციხეში მაღაზიის ძარცვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

    შსს-მ ახალციხეში თანხისა და პროდუქციის მოპარვისთვის ორი არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული ლ.წ. და 2003 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავა.

    ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარე სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეიჭრნენ, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს გარკვეული ოდენობის თანხა და პროდუქცია წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაძარცვი პროდუქცია და თანხა.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვას გულისხმობს და 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “ამ კაცის გარეშე უზურპატორ ივანიშვილს ამ ქვეყანას ვერ ჩამოვაშორებთ“–გვარამია სააკაშვილზე

    მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სააკაშვილის ინიციატივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ის აქტიურად ერთვება ქართულ პოლიტიკაში და პირად შტაბს ქმნის ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოსაშორებლად. მის განცხადებას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, რომლის დიდი ნაწილი არ აპირებს სააკაშვილის შტაბთან თანამშრომლობას. ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს:

    “არ ვიცი, ვინ ვერ ხედავს პოლიტიკაში, არ ვიცი ვინ სად ხედავს, ზოგადად, არ მაინტერესებს ვინ როგორ უყურებს, მაგრამ ორი რამ ვიცი ზუსტად:

    ეს კაცი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი მამა და ყველაზე მასშტაბური ქართველი პოლიტიკოსია,

    ამ კაცის გარეშე უზურპატორ ივანიშვილს ამ ქვეყანას ვერ ჩამოვაშორებთ.

    ამ წუთას, მთავარი ზუსტად ისაა, ხელისუფლებიდან ვინ წავა. ასეთია ისტორიული რეალობა და მას უნდა მოვერგოთ და მოვიყვანოთ დრო, როცა მომსვლელი იქნება მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენ არჩევის უფლება წართმეული გვაქვს და გადარჩევნები უნდა მოვაწყოთ, და არა არჩევნები! ამიტომაც, ხელისუფლებაში ვინ მოვა, ეს სპეკულაცია არც რელევანტურია და არც ადეკვატური. მით უფრო, რომ ეს არავის მოსაზრებებით და სურვილებით არ წყდება, ამას ამომრჩეველი წყვეტს ნორმალური არჩევნების გზით.

    აი, უსამართლოდ და უკანონოდ დევნილ სააკაშვილს რომ მიეცემა სხვების თანაბრად ამომრჩეველთან კომუნიკაციის და საკუთარ სამშობლოში ყოფნის უფლება, ასევე, იმათთან დებატების შესაძლებლობა, ვინც მას ვერ ხედავს ან არ უნდა რომ დაინახოს, მერე ვნახოთ, ხელისუფლებაში ვინ მოვა და რას გააკეთებს.

    მე პირადად, ძალას არ დავიშურებ, რომ ასე მოხდეს. მერე ვის მივცემ ხმას და ვისი ხელისუფლებაში ყოფნა მენდომება, ამაზე უივანიშვილო საქართველოში მოგახსენებთ. მანამდე, ვიბრძოლებ, რომ სამარცხვინო უსამართლობა – ქვეყნის დამფუძნებელი მამა დევნილი, ქვეყნის დამაქცევარი უზურპატორი კი მეფე – აუცილებლად გამოსწორდეს!

    ps ხო მართლა, კრიტიკოსებისთვის ცალკე სამუშაო მაქვს: აი ამ ვიდეოში რას ამბობს არასწორს?“- წერს გვარამია.

  • ავთანდილ წერეთელს კლინიკიდან ხვალ ან ზეგ გაწერენ

    ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა განაცხადა.

    როგორც ვატო წერეთელი განმარტავს, ავთანდილ წერეთელს კლინიკა „ჰელსიკორიდან“ ხვალ ან ზეგ გაწერენ.

    „ახლა უკეთესად არის. ალბათ, ხვალ ან ზეგ გაწერენ კლინიკიდან. სისხლში რაღაც ცვლილებები არის, შაქარი ჰქონდა მაღალი. თუ დაუსტაბილურდება, ხვალ ან ზეგ კლინიკიდან გაწერენ. გულზე ისედაც ბევრი სტენტი უდგას, კორონოგრაფია გაუკეთეს, შევიწროვება ჰქონდა, მაგრამ სტენტები არ ჩაუდგეს, კიდევ უნდა გადაამოწმოს მდგომარეობა. ალბათ, სტრესულ ფონზე მოხდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა წერეთელმა.

    ცნობისთვის, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი კლინიკა „ჰელსიკორში” 6 თებერვალს უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

  • ზუგდიდის მერია ქალთა დღესასწაულებზე ქალებს ხორცსაკეპ მანქანებს აჩუქებს

    ზუგდიდის მერია ქალთა და დედის დღისადმი მიღძვნილი ღონისძიებებისთვის 20 ხორცსაკეპ მანქანას ყიდულობს, რომელსაც ქალებს აჩუქებს.

    მათ შესაძენად მერიამ 7 თებერვალს ტენდერი გამოაცხადა. ტექნიკისთვის მერია 3 980 ლარს დახარჯავს.

    ადგილობრივ მედიას ზუგდიდის მერიამ განუმარტა, რომ წერილი 20 ადგილზე მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციას გაეგზავნება, ისინი კი თითო ქალს თვითონ წარმოადგენენ. ტექნიკა მათ გადასცემათ. 

    ,,აბსოლუტურად ყველა სფეროს წარმომადგენელი შეიძლება იყოს ამ ოც ადამიანში, რაღაცით გამორჩეული უნდა იყოს, რა თქმა უნდა”,- აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.

  • თბილისი ენერჯის სპეციალისტებმა საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს

    თბილისში, ისნის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა – ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

    განცხადების თანახმად, ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა დაადგინა, რომ იორის ქუჩაზე ერთ-ერთ დაკეტილ სახლში ამთვლელი მექანიზმი ბრუნავდა: „კომპანიის ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმად თბილისში, იორის შესახვევში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფმა ადგილზე მისვლისთანავე შემოწმებისას დაადგინა, რომ ერთ-ერთი დაკეტილი სახლის მრიცხველის ამთვლელი მექანიზმი ბრუნავდა. 114-ის სპეციალისტებმა მრიცხველი სასწრაფოდ გადაკეტეს. მეზობელმა დაკეტილი ბინა გააღო. სპეციალური აპარატით შემოწმებისას, ბინაში გაზის მაღალი კონცენტრაცია დადგინდა, ასევე აღმოჩნდა რომ სახლში გაზის ცენტრალური ონკანი ღია იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა. ბინის განიავებისა და საფრთხის განეიტრალების პარალელურად შემოწმდა გარე პერიმეტრი, ჭები და მიმდებარე სახლები. რამდენიმე ბინაში ასევე დაფიქსირდა გაზის მაღალი კონცენტრაცია. სპეციალისტებმა მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგაყვანილობა სრულად შეამოწმეს. კომპანია “თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის მოქალაქეს. რომელმაც კომპანიის ცხელ ხაზზე ოპერატიულად დარეკა. „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს – სახლიდან გასვლის წინ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. ამით თქვენ საფრთხეს შეუქმნით უამრავი ადამიანის სიცოცხლეს“, – აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • პრაქტიკულად, მიშა ნაცმოდან მიდის და დისტანციურად ახალ პარტიას ქმნის- გია ნოდია

    ,,პრაქტიკულად, მიშა ნაცმოდან მიდის და დისტანციურად ახალ პარტიას ქმნის”,- ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ნოდია მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას პირადი შტაბის გახსნასთან დაკავშირებით.

    მისი თქმით, როგორც ჩანს, სააკაშვილს თავისმა გუნდმა იმედი გაუცრუა, მიუხედავად იმისა, რომ მან 2016 წელს გაწმინდა პარტია იმ წევრებისგან, ვინც გადაწყვეტილებებს მისგან დამოუკიდებლად იღებდნენ.

    ნოდია აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, რა ეშველება ენმ-ს მიშას გარეშე. ის ამ თემაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

    ,,პრაქტიკულად, მიშა ნაცმოდან მიდის და დისტანციურად ახალ პარტიას ქმნის.

    2016 წელს, არჩევნების შემდეგ, მიშამ საკუთარი პარტია “გაწმინდა” იმ ხალხისგან, ვინც ახლა ევროპული საქართველოს ხელმძღვნალობას შეადგენს. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ისინი ბევრ (თუმცა არა ყველა) გადაწყვეტილებას მისგან დამოუკიდებლად იღებდნენ; მას იმედი ჰქონდა, რომ ამით პირად კონტროლს დაიბრუნებდა პარტიაზე.

    როგორც ჩანს, ამ “გაწმენდილმა” პარტიამაც გაუწბილა იმედები. მისი ზოგი წამყვანი წევრი (ვაშაზე, მელია) ხანდახან ბედავდა, რაღაცაში საჯაროდ არ დათანხმებოდა (არასაჯაროდ რა ხდებოდა, არ ვიცი). ახლა საკუთარი, პირადი მოძრაობა უნდა შექმნას. ენმ მოიხსენია, როგორც ერთ-ერთი ოპოზიციური ძალა, რომელთანაც ასევე ითანამშრომლებს.

    ამ მიმართვაში საინტერესო (შესაძლოა – მთავარი) ისაა, რომ პირველი პირის ნაცვალსახელს სულ მხოლობითში ხმარობს – “მე გავაკეთე”, “მე გადავაბარე მმართველობა და ა.შ. (ეს მისი ბოლო გამოსვლების საერთო ტენდენციაა). წინა ხელისუფლების მიღწევები პირადად მისია და ბიძინაც პირადად მან უნდა გადააყენოს.

    “ჩვენ” იხმარა მხოლოდ ერთხელ: “ჩვენ გიჟებს გვეძახდნენ”. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მართლა მხოლობითში უნდა ეთქვა: მას ეძახდნენ გიჟს და არა ვანო მერაბიშვილის, ზურა ადეიშვილს, გიგი უგულავას ან გიგა ბოკერიას (მათ სხვა რამეებს ეძახდნენ, გიჟებს არა). რომ არაფერი დამაბრალონ: სამართლიანად ეძახდნენო, არ ვამბობ, უბრალოდ, პირადად მას ეძახდნენ.

    როგორც ფეისბუქზე კომენტარებიდანაც ჩანს, რაღაც რაოდენობის ხალხს მიშას ეს გადაწყვეტილება მოეწონება, რადგან მათ არ ესმით, რა არის “პარტია” და “ორგანიზაცია” და ესმით მხოლოდ “ლიდერი”. მაგრამ ასეთი ხალხი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მიშას ჰგონია (ეს საიდან უნდა იცოდეს?).

    ენმ-ს მიშას გარეშე საერთოდ რა ეშველება, გაურკვეველია. ეს ეპიზოდი ცოტა მაგონებს ივანე მრისხანის წასვლას, რის შემდეგაც ბოიარები ხოხვით ეახლნენ. ახლაც რაღაც ამგვარი უნდა მოხდეს?

    ამ ყველაფრის ობიექტურ შედეგებს რაც ეხება, იმასვე ვიტყვი, რასაც 2016 წელს იმ პარტიის დაშლის დროს ვამბობდი: მოგებული აქედან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია.

    მიშას ნაბიჯის კიდევ ერთი მსხვერპლია საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის იდეა, რომელიც თავისი ჩანაფიქრით ძალიან კარგი პროექტი იყო. ბიბლიოთეკა პარტიის შტაბი არ უნდა იყოს. (კი მეტყვიან, ბიბლიოთეკას რას დაეძებო, მაგრამ რა ვქნა, მომწონდა ის ბიბლიოთეკა),”- ამბობს გია ნოდია.

  • რუსეთში ქართველი კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

    რუსეთში, ქალაქ ვოლგოგრადის ავტოსადგურზე, ტრაილერში 52 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

    გარდაცვლილი გორში მცხოვრები რამაზ კამლაძეა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი, სადაც გარდაცვლილი იპოვეს ერთ-ერთი კერძო კომპანიის საკუთრებაა. ინფორმაციას „რეგიონული კვირა“ ავრცელებს.

    გარდაცვლილის ოჯახის ახლობელის თქმით, მამაკაცს გულის პრობლემა ჰქონდა და სავარაუდოდ გულის შეტევით დაიღუპა. ამ დრომდე, ცხედარი ვოლგოგრადის პროზექტურაში რჩება და სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებია. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ოჯახს გადმოსვენების მოთხოვნით ამ ეტაპზე, არ მიუმართავს.

  • ხობში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

    ხობში მომხდარი ინციდენტის დროს, დაშავებული ქალი დოდო კორტავა,ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში,დღეს გამთენისას გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეყვანისთანავე უკიდურესად მძიმე იყო და მისი გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. პაციენტს ქალა-ფუძის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.

    შსს ინფორმაციით, ხობის სოფელ პირველ მაისში ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ერთ-ერთ სახლში სტუმრად იმყოფებოდა ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე მასპინძელი მოკლა. ამის შემდეგ, ის მიმალვის მიზნით, მეზობლის სახლში გადავიდა და 75 წლის ქალს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

    მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი აქირთავა წინასწარპატიმრობაში იმყოფება. მის წინააღმდეგ საქმე სს კოდექსის 108-ე და 19-108-ე მუხლებით არის აღძრული, რაც მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაშავებული ქალის გარდაცვალების გამო საქმე, სავარაუდოდ, გადაკვალიფიცირდება და მას მუხლი დაუმძიმდება.

  • “პირადი შტაბი რას ნიშნავს? სააკაშვილი ცდილობს, “ნაცმოძრაობას” დაუმტკიცოს, რომ რეიტინგი მას აქვს და არა პარტიას” – ძაბირაძე

    შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, პირადი შტაბის მეშვეობით დაუმტკიცოს მთელ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ რეიტინგი მას აქვს და არა პარტიას, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც 1-ელი მარტიდან “საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე პირად შტაბს ხსნის.

    „ეს ანალიზს არ ექვემდებარება, სააკაშვილიც არ ექვემდებარება ანალიზს და მითუმეტეს, მისი განცხადებები. პირადი შტაბი რას ნიშნავს? ანუ სააკაშვილი ცდილობს, რომ ცალკე აწარმოოს საარჩევნო კამპანია? ემიჯნება “ნაციონალურ მოძრაობას” თუ რა ხდება? გაურკვეველია. სააკაშვილს ბევრი განცხადება აქვს გაკეთებული – ხან ზღვით ჩამოდიოდა, ხან – ჰაერით და ხან – გვირაბით, ძალიან რთული თემაა… ახალი სახეები, რომელზეც სააკაშვილი ლაპარაკობს, საიდან მოჰყავს ან ვინ არიან? არ ვიცი, “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა დინებები რა არის, მაგრამ საქართველოში, მათ შორის ოპოზიციაში, აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი არის დესტრუქციული ფიგურა დღეს “ნაციონალური მოძრაობისთვის”. ერთი მხრივ, მისი გავლენაა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ამხელა მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მეორე მხრივ, პრობლემა ჩნდება ის, რომ ეს მხარდაჭერა მზარდი არ არის და ვერ გააერთიანებს ოპოზიციურ ელექტორატს, პარტიებს კი არა, ელექტორატს. შესაძლოა, სააკაშვილი ცდილობს, პირადი შტაბის მეშვეობით დაუმტკიცოს მთელ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ რეიტინგი მას აქვს და არა “ნაციონალურ მოძრაობას”. ეს შეიძლება ივარადო, რომ მხოლოდ ამისთვის აკეთებს და შესაძლოა, სააკაშვილმა ცალკე გააკეთოს ჯგუფი და ცალკე იყაროს კენჭი, ეს არ არის გამორიცხული“, – განაცხადა ძაბირაძემ.

    მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ახალ გუნდს შექმნის და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ის საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, ვინაიდან, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს 3%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არ ექნება.

    „თუ სააკაშვილი შექმნის გუნდს და არჩევნებისთვის მოახერხებს პარტიის გაკეთებას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ამ ახალი სახეებით, ის საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და მას ყოველ შემთხვევაში 3%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა ნამდვილად არ ექნება. ფორმალურად სააკაშვილი ჩამოშორდება “ნაციონალურ მოძრაობას”, შექმნის თავის ახალ შტაბს, ექნება პოლიტიკური ორგანიზაცია და იმუშავებს პირადი რეიტინგით. საპრეზიდენტო არჩევნები რომ იყოს, კიდე ჰო. პირადი შტაბი რაში უნდა სჭირდებოდეს? არაფერში, მაგრამ იქ ექნება გუნდი, რომელიც იტყვის, რომ ჩვენი ლიდერი არის სააკაშვილი და სააკაშვილი იტყვის, რომ ეს არის ჩემი გუნდი“, – აღნიშნა ძაბირაძემ.

    ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი მარტიდან “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე პირად შტაბს ხსნის.

  • ჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 86 ადამიანი დაიღუპა

    ჩინეთში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 86 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 722-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

    თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ დღემდე, ვირუსით დაავადებული 2,050 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

    შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.