Category: არქივი

  • სიღნაღისა და წნორის უფასო სასადილოში 184 სოციალურად დაუცველს საკვებს აკლებდნენ

    აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2018 წელს წნორისა და სიღნაღის უფასო სასადილოებში კერძები ნორმით დადგენილთან შედარებით მცირე ულუფებით და არასათანადოდ მზადდებოდა.

    ბენეფიციარები მერიას ერთობლივი განცხადებებით მიმართავდნენ საკვების უხარისხობასთან დაკავშირებით, თუმცა მერიამ მიმწოდებელი ი/მ ბესიკ დოხნაძის მიმართ სანქციები არ გამოიყენა.

    მას 2018 წელს სრულად აუნაზღაურდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა – 116.6 ათასი ლარი.

    აუდიტის ინფორმაციით, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ ვერ მიიღო
    ხელშეკრულებით განსაზღვრული, ხარისხიანი მომსახურება.

    2019 წლიდან უფასო სასადილოს მომსახურებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ
    დაფუძნებული ა(ა)იპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო“.

  • თბილისის მერიის სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულია თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და შპს ტექრეისერსის ფაქტობრივი მფლობელი. ორივე მათგანს  ბრალად ედება სხვისი ქონების მითვისებისა და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ასევე, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარება.  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს კიდევ სამი პირი.

    “გამოძიებამ დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ “მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს” ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, წინასწარი განზრახვის შესაბამისად, 34550 ლარით გაზრდილ ფასად შპს „ტექრეისერსისგან“ შეისყიდა 23 ერთეული კომპიუტერი, ე.წ. „ლეპტოპი“, გაზრდილი ფასის შედეგად დარჩენილ სხვაობას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს “ტექრეისერსის“ დირექტორისა და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მფლობელის დახმარებით.

    ასევე, ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“, სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, თავისი რეკომენდაციით, 2019 წლის აგვისტოში დაასაქმა ორი პირი, რომლებიც მასთან წინასწარი შეთანხმებით არ ასრულებდნენ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, არ ცხადდებოდნენ სამსახურში, სახელფასო ბარათები გადაცემული ჰქონდათ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსისთვის, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნული პირების სახელზე ჩარიცხულ 29 000 ლარს.

    გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისების, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით)“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “გიგი უგულავა დღეს თუ დაიჭირეს უპრეცენდენტო იქნება დიქტატორული რეჟიმებისთვისაც კი”- ნიკა გვარამია

    „გიგი უგულავა დღეს თუ დაიჭირეს, ეს იქნება ერთი დანაშაულისთვის ორჯერ მსჯავრდების პრეცენდენტი და კონსტიტუციის უმძიმესი დარღვევა“ , – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს.

    „გიგი უგულავა დღეს თუ დაიჭირეს, თან ზეპირი მოსმენის გარეშე, რა ფორმალური დეტალებიც არ უნდა მოიშველიონ, ეს იქნება ერთი დანაშაულისთვის ორჯერ მსჯავრდების პრეცენდენტი და კონსტიტუციის უმძიმესი დარღვევა. აი ეს კი ნამდვილად უპრეცენდენტო იქნება დიქტატორული რეჟიმებისთვისაც კი. ამ განაჩენის ყველა ხელმომწერი აუცილებლად წავა ციხეში. ბრალმდებელიც, დამკვეთიც“, – წერს გვარამია.

    შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლო თბილისის ყოფილ მერთან, გიგი უგულავასთან დაკავშირებულ, თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადებს. საუბარია თბილისის განვითარების ფონდიდან საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომლის ძიება 2013 წელს დაიწყო. საკასაციო საჩივარში პროკურატურა ითხოვს, შეიცვალოს თბილისის ყოფილი მერის მიმართ ბრალდების ფორმულირება გაფლანგვის მუხლით, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • “რა მოხდა როცა ლომი კატას აკრიტიკებს” – დინი ვირსალაძე ხატია ბუნიათიშვილზე

    “როცა ლომი კატას აკრიტიკებს, რა მოხდა, რა არის აქ გასაკვირი”- ასე აფასებს ცნობილი ქართველი პიანისტი და მუსიკოსი დინი ვირსალაძე, ელისო ვირსალაძის კრიტიკას ხატია ბუნიათიშვილის მიმართ.  

    “ელისო ვირსალაძე მსოფლიო დონის საუკეთესო ათი პინისტის სიაშია შესული. ასეთი განძი გვყავს. იმიტომ კი არა, რომ ჩემი მამიდაა, ეს ფაქტია. ერთ საათიან ინტერვიუში, სადაც ყველა მისი სიტყვა სიბრძნე, ღრმა და ინტელექტუალურია, მეტი სხვა საინტერესო ვერაფერი ნახეს, რომ ეს მეასე ხარისხოვანი ნაწილი აქციეს მთავარ ამბად? ეს არის ჩვენი ტრაგედია. ყველას ვურჩევ ქალბატონი ელისო ვირსალაძის მთლიანი ინტერვიუ მოისმინოს.

    მე რა უნდა ვთქვა (ხატია ბუნიათიშვილზე) , როცა ასეთი გიგანტი აფასებს. ელისო 52 წლის მანძილზე მსოფლიოს სამი კონსერვატორიის – მიუნჰენის, ფლერენციის და მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი გახლავთ. მოსკოვის კონსერვატორია მსოფლიოში საუკეთესოა. ასეთი მუსიკოსი რომ შეფასებას ამბობს, მასთან შედარებით მე ვინ ვარ, რომ რაღაც ვთქვა. ხატიაზე ამბობს ტალანტია, მაგრამ… და რასაც ამბობს. ერთია, რომ მას, როგორც შემსრულებელს, თაყვანისმცემლები ყავს და ღმერთმა გაუმარჯოს. ელისო ვინმეს ერჩის? ვინც ტალანტია, ყველაზე თქვა რომ ასეა. მით უმეტეს, ეკითხებიან კონკრეტულად, ხომ არ ჭორაობს? ერთმა ქალტონმა ძალიან კარგი კომენტარი მიაწერა, როცა ლომი კატას აკრიტიკებს, რა მოხდა, რა არის აქ გასაკვირიო. ცოტა დავაფასოთ ელისოსნაირი ადამიანები. “- განაცხადა დინი ვირსალაძემ. 

    შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ცნობილმა პიანისტმა ელისო ვირსალაძემ “ვინ არის მთავარი პიანისტი”- ამ თემაზე Youtube არხზე ЕщёнеПознер-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. სწორედ ამ ინტერვიუში კონკრეტულად ხატია ბუნიათიშვილზე დასმულ შეკითხვას მან ასეთი პასუხი გასცა.

    „საშინელება… თქვენ პოპულარობის მიხედვით არჩევთ, ხომ… უდავოდ, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს საშინელებაა. მაქვს შეგრძნება, რომ განათლება აკლია. თუმცა დღევადელ დღეს ეს არ მიკვირს, რადგან ასე ბევრი უკრავს. ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება მიუღებლად მიმაჩნია. ეს ცუდია დამწყები პიანისტებისთვის, რომლებიც ამას უყურებენ და ჰგონიათ, რომ ასეა საჭირო” – განაცხადა პიანისტმა ხატიაზე. 

    “ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს საშინელებაა… განათლება აკლია”- ელისო ვირსალაძე ხატია ბუნიათიშვილზე

  • უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით- ბაქრაძე ,,ქართულ ოცნებას”

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გიგი უგულავას დევნა ივანიშვილის დაკვეთაა, რასაც ადასტურებს მის მიმართ ორკესტრირებული მოქმედებები.

    ,,ყველას გვესმის, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ დევნა არის ის პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მომდინარეობს ქვეყნის დღევანდელი ფორმალური და არაფორმალური ხელისუფლებისგან – ივანიშვილისგან და “ქართული ოცნებისგან“. ამას ადასტურებს ორკესტრირებული მოქმედებები პროკურატურის, სასამართლოს და პოლიციის მხრიდან ყველაფერში, რაც ეხება გიგი უგულავას. ამას ადასტურებს ის, რომ პირველივე საქმე, რომელსაც იღებს ახლად დანიშნული მოსამართლე შალვა თადუმაძე გახლავთ საქმე, რომელიც პროკურორმა თადუმაძემ გადააგზავნა უზენაეს სასამართლოში და ახლა პასუხისმგებელია განაჩენზე, რომელიც დადგება”, – აცხადებს ბაქრაძე.

    მისივე თქმით, უგულავას დაპატიმრება ხელისუფლებისთვის იმ რუბიკონის გადალახვა იქნება, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდება. გარდა ამისა, ეს დააზიანებს პოლიტიკურ კლიმატს და მოლაპარაკებებს, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იმართება.

    ,,მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ისედაც უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, მათ შორის, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს იმ მოლაპარკებებს, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ არ არის განაჩენი დამდგარი, მინდა ვიქონიო იმედი, რომ ხელისუფლებას ეყოფა საღი აზრი, არ დააზიანოს შეუქცევადად ამ ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი და არ დაიზიანოს საკუთარი თავი. 

    ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე. ან ეყოფათ საღი აზრი და ამ პროცესს არ მიიყვანენ იმ დასასრულამდე, რომლის ნიშნებიც სამწუხაროდ ჩანს, ან შეუქცევადად დაზიანდება გარემო და მათ შორის დაზიანდება მათი მომავალი პერსპექტივა”,- ამბობს დავით ბაქრაძე.

    პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება. ოპოზიციასა და დაცვის მხარეს ეჭვი აქვთ, რომ თადუმაძემ უგულავას დაჭერის დავალება მიიღო.

    მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

  • ოპოზიციამ ,,ოცნებას” მანდატების 130-20-ზე ან 135-15-ზე განაწილება შეიძლება შესთავაზოს

    ოპოზიციამ ,,ოცნებას” მანდატების 130-20-ზე ან 135-15-ზე განაწილება შეიძლება შესთავაზოს. ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

    მისი თქმით, ოპოზიცია აქტიურად განიხილავს მანდატების განაწილების კომპრომისულ კონფიგურაციას.

    ,,ჩვენ რა თქმა უნდა, ვამზადებთ კომპრომისულ წინადადებებს, ერთ-ერთი იყო „გერმანული მოდელი“ და ის კვლავ რჩება. შევთავაზებთ სხვა ვარიანტებსაც, ოღონდ ამ პრინციპის გათვალისწინებით, რომ ახლოს მაინც უნდა იყოს პოლიტიკური ძალა იმ მანდატთან, რომელიც ქვეყნის მართვის უფლებას იძლევა, ეს შეიძლება იყოს 45-50% თან ახლოს მყოფი მხარდაჭერა. ამიტომ 130-20- ზე თუ 135-15-ზე სისტემა ან მსგავსი კონფიგურაციები არის აქტიურ განხილვის ფაზაში ოპოზიციაში და დანარჩენს საზოგადოება გაიგებს შეხვედრის მერე”,- ამბობს ოთარ კახიძე.

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერი აღნიშნავს, რომ მიუღებელია სისტემა, რომლითაც 10-დან 7 ადამიანი მხარს არ უჭერს პოლიტიკურ ძალას და ის მართავს ქვეყანას.

    „ოპოზიცია გაერთიანებული ვართ ფუძემდებლური პრინციპის გარშემო, ეს არის პროპორციული წარმომადგენლობა, ანუ რა მხარდაჭერაც ექნება პოლიტიკურ ძალას, იმის შესაბამისი რაოდენობა უნდა ჰყავდეს დეპუტატების პარლამენტში. მმართველი გუნდი გვთავაზობს ისეთ წინადადებას, რომელიც შესაძლებელს ხდის მესამედზე ნაკლები მხარდაჭერით მოიპოვოს უმრავლესობა პარტიამ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 10 – დან 7 ადამიანი როცა მხარს არ უჭერს პოლიტიკურ ძალას, მან მართოს ქვეყანა, რაც არის მიუღებელი”,- აცხადებს ოთარ კახიძე.

    მმართველი გუნდი ოპოზიციას 100/50-ზე სისტემას სთავაზობს, რაც ოპოზიციისთვის მიუღებელია. ისინი ამ თემაზე შეხედრის მეხუთე რაუნდზე იმსჯელებენ.

    მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძის თქმით, თუ მმართველი ძალა ოპოზიციას 100/50-ის იქით მოლაპარაკებებში შეყვება, მაჟორიტარები კვლავ ,,მუხრუჭს” გამოიყენებენ.

  • კომპანია Frontera განცხადებას ავრცელებს

    ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია Frontera განცხადებას ავრცელებს. მასში ბოლო დროს კომპანიის შესახებ საქართველოში გავრცელებულ ინფორმაციებზეა საუბარი, რომელსაც Frontera „არაკორექტულს და არასწორს“ უწოდებს.

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „Frontera Resources Corporation ეხმაურება ბოლო დროს კომპანიის შესახებ საქართველოში გავრცელებულ არაკორექტულ და ხშირ შემთხვევაში არასწორ ინფორმაციას. Frontera არის ნავთობისა და გაზის საძიებო და მოპოვების ამერიკული კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ჰიუსტონში, ტეხასი, აშშ.

    კომპანიის დამფუძნებელი აქციონერები არიან ამერიკის ენერგეტიკისა და ფინანსური ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის შორის Baker Hughes, Conoco, JP Morgan, Shell Capital და მრავალი სხვა. დაარსების დღიდან კომპანია მუშაობდა ტეხასში აშშ, ლათინურ ამერიკის და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში.

    1996 წელს Frontera-მ ხელი მოაწერა პროდუქციის წილობრივი განაწილების ორ ხელშეკრულებას აზერბაიჯანში, სადაც იმავე წელს დაიწყო ნავთობის საძიებო და მოპოვების სამუშაოები, რამაც რამოდენიმე წელიწადში კომპანია აზერბაიჯანის ხმელეთზე ყველაზე დიდ უცხოურ ნავთობმომპოვებელ კომპანიად აქცია.

    1997 წელს კომპანიამ გაიმარჯვა საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში და მოიპოვა აღმოსავლეთ საქართველოს მე-12 ბლოკში ნავთობის და გაზის საძიებო და მოპოვების სამუშაოების წარმოების ლიცენზია.

    საქართველოს მთავრობასთან ერთწლიანი მოლაპარაკების შედეგად და მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების პირობები შეთანხმდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტთან, სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოსთან და საქართველოს პარლამენტთან, კომპანიამ ხელი მოაწერა პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას საქართველოს სახელმწიფოსთან და სახელმწიფო კომპანია საქნავთობთან.

    კონტრაქტის სავალდებულო საინვესტიციო პროგრამა შეადგენდა 18,5 მილიონ აშშ დოლარს. ამ ვალდებულებას კომპანიამ დაახლოებით 30-ჯერ გადააჭარბა.

    საქართველოში თავისი საქმიანობის პერიოდში „ფრონტერამ“ პირველად ქვეყნის ისტორიაში:

    ამერიკულ ბანკებთან JPMorgan, Morgan Stanley, Shell Capital და Deutsche Bank – თან ერთად დაიწყო მე-12 ბლოკის პროექტში ინვესტირება, წარმატებით განახორციელა სამგანზომილებიანი სეისმური კვლევა, თანამედროვე ტექნოლოგიით გაბურღა ნავთობისა და გაზის 60-მდე ჭაბურღილი , განახორციელა ნავთობის ჭაბურღილების ჰორიზონტალური ბურღვა წამყვან ამერიკულ კომპანიებთან, Netherland Sewel & Associates, Ryder Scott და Miller & Lens – თან დაამტკიცა მე-12 ბლოკის ნავთობისა და გაზის მარაგები. ( ამ მარაგების ათვისება სრულად დააკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნილებას ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე და გაზრდის ნავთობის და გაზის ქართული ექსპორტის მოცულობას).

    2004 წელს საქართველოს პროექტისათვის განათავსა აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული პროექტისათვის საფონდო ბირჟაზე აიწია კაპიტალი. ამ ტრანზაქციამ საქართველო წარმატებით გააცნო საერთაშორისო საფონდო კაპიტალის ბაზარს.

    აშენდა პირველი გაზსადენი და საკომპრესორო სადგური, რომლის მეშვეობით ადგილობრივად მოპოვებული გაზი მიეწოდება მომხმარებლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

    1997 წელს ნავთობის ძებნა ძიებისა და მოპოვების სამუშაოების დაწყებიდან დღემდე განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა დაახლოებით 580 მლნ აშშ დოლარია, ხოლო ამავე პერიოდში სულ მოპოვებული და რეალიზებულ იქნა 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ნავთობი და ბუნებრივი გაზი. გადასახადების სახით სახელმწიფომ მიიღო რამოდენიმე ათეული მილიონი დოლარი. პროექტში დასაქმებულია ასეულობით ადამიანი.

    ასევე საგულისხმოა, რომ პროექტში კაპიტალის ინვესტირების ვალდებულებას და რისკს სრულად იღებს Frontera Resources, ხოლო მოპოვებული მოგების ნავთობისა და გაზის ნახევარზე მეტი წილი ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს.

    2013 წლიდან დაიწყო სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის შევიწროება, რაც გამოიხატა სხვადასხვა სახის საოპერაციო ნებართვების გაუცემლობაში და ყოველგვარი საბაბის გარეშე ნავთობის და გაზის მოპოვების ლიცენზიის გაუქმების არაერთ მცდელობაში.

    2017 წელს სახელმწიფომ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წამოიწყეს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა Frontera – ს წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა კომპანიის საქმიანობა და გათვალისწინებული ინვესტიციების შემოდინება საქართველოში.

    მიუხედავად ამისა, კომპანია იმედოვნებს, რომ კვლავაც გააგრძელებს ნავთობისა და გაზის საბადოების ათვისების მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელებას, რაც საქართველოს მოუტანს ენერგოდამოუკიდებლობას, ხოლო მის მოსახლეობას კი უდიდეს მატერიალურ სიკეთეს.

    Frontera Resources Corporation – ისთვის დიდი პატივია იყოს საქართველოს ეკონომიკური აღორძინების მონაწილე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გადაუჭრელი განსხვავებები არსებობს- კინზინგერი

    აშშ-ის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ, ,,ტვიტერზე” დაწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ,,პროდუქტიული შეხვედრა” ჰქონდა.

    ,,ვაფასებ თავმდჯომარე თალაკვაძის ძალისხმევას, ჩამოსულიყო აქ და განგვეხილა ჩვენი ალიანსის მნიშვნელობა და ასევე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას,”- წერს კინზინგერი.

    მისი თქმით, თალაკვაძის შემდეგ საქართველოს ოპოზიციურ პარტიებსაც ესაუბრა, რომელებიც პოლიტიკური კრიზისის მხარეს წარმოადგენენ, რითიც ნათელი გახდა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გადაუჭრელი განსხვავებები არსებობს.

    ,,მართალია, მიღწეულია პროგრესი, მაგრამ ჩემთვის ცხადია, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის არსებობს გადაუჭრელი განსხვავებები. დემოკრატია იოლი არ გახლავთ; მართალია, პროტესტი ნორმალური მოვლენაა თავისუფალ ქვეყანაში, მაგრამ აუცილებელია, რომ იგი მშვიდობიანი იყოს. გარდა ამისა, მოქალაქეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანია ყველასთვის, დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან”,- ამბობს კონგრესმენი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველა ჩართული მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, რათა მიაღწიონ იმ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, რომლისკენაც იღწვიან. ,,როგორც საქართველოს თანამეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე აშშ-საქართველოს ურთიერთობის მტკიცე მხარდამჭერად ვრჩები”,- წერს სოციალურ ქსელში ადამ კინზინგერი. 

  • 100/50-ზე შეთავაზება არის ის უკიდურესი კომპრომისი, რომლის იქეთაც გარდაუვალი კრიზისია- დიმიტრი ხუნდაძე

    ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ოპოზიციამ სერიოზულობა დაკარგა და სახიფათო თამაშს აგრძელებს, რათა რევოლუციურ სცენარზე გადავიდნენ.

    „ოპოზიციამ რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა შესთავაზოს მმართველ გუნდს, მარცხისთვის განწირულნი არიან. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ამიტომ მათი მხრიდან ყველა შემოთავაზება შეუთანხმებლობისთვის კეთდება, რომ საბოლოოდ ისინი მათთვის სასურველ, რევოლუციურ სცენარზე გადავიდნენ. ოპოზიციამ პასუხისმგებლობასთან ერთად სერიოზულობაც დაკარგა და სახიფათო თამაშს აგრძელებს”,- აცხადებს ხუნდაძე.

    ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარი აღნიშნავს, რომ 100/50-ზე საარჩევნო სისტემა უკიდურესი კომპრომისია და თუ ხელისუფლება უფრო შორს შეყვება მოლაპარაკებებში, მაშინ მაჟორიტარები ,,მუხრუჭს” კიდევ ერთხელ გამოიყენებენ.

    ,,რაც დრო გადის კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ დესტრუქციული ძალა ქვეყნისათვის საზიანოა. სწორედ ამიტომ საჭიროა სწორი და პრინციპული პოზიციის შენარჩუნება. 100/50 -ზე შეთავაზება არის ის უკიდურესი კომპრომისი, რომლის იქეთაც გარდაუვალი კრიზისია და მმართველი გუნდი ოპოზიციას სახიფათო თამაშში აღარ უნდა შეჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, მაჟორიტარები და არა მხოლოდ ისინი, მუხრუჭს კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ“.

    შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა პარლამენტმა ჩააგდო, რაც მაჟორიტარ დეპუტატთა ,,ამბოხებას” დაბრალდა. ამ ვერსიის არ სჯერათ ოპოზიციაში. 

    მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებას აგრძელებს და მას 100/50-ზე სისტემას სთავაზობს, თუმცა ოპოზიცია თანახმა არ არის.

  • კლუბ „აკადემიის“ 16 წლის მორაგბე გარდაიცვალა

    კლუბ „აკადემიის“ 16 წლის მორაგბე ზურა ბურჯანაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული რაგბი“ ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მორაგბე მძიმე დაავადებას ებრძოდა.

    „დილა სამწუხარო ამბით უნდა დავიწყოთ – „აკადემიას“ 16 წლის მორაგბე, ზურა ბურჯანაზე გარდაიცვალა. ის სიმსივნეს ებრძოდა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“ – წერია ინფორმაციაში.