Category: არქივი

  • აშშ საქართველოს რუსეთის გავლენისა და აგრესიის წინააღმდეგ ფინანსურად დაეხმარება

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა  2021 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარებაა გათვალისწინებული.

    დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სტრატეგიული პრიორიტეტებია წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის გავლენას და აგრესიას.  აშშ 25.5 მილიონ დოლარს დახარჯავს საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის პროგრამისთვის (IMET) ევროპასა და ევრაზიაში. IMET მიზნად ისახავს რეგიონული უსაფრთხოებისა და ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებას აშშ-ის, ნატოსა და ევროპული ქვეყნების სამხედრო ძალებს შორის.  

    ამ პროგრამის ფარგლებში დახმარების მიმღები პრიორიტეტული სახელმწიფოები არიან უკრაინა, საქართველო, ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია.

  • გიორგი კვირიკაშვილი გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „როდესაც რამდენიმე თვე რჩება უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და ხდება ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მითუმეტეს, როცა ამ ფაქტს წინ უძღვის საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული პირობის დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი კრიტიკა, ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად, ხოლო შექმნილი ტენდენცია – როგორც ხელისუფლების მხრიდან (გამიზნულად თუ გაუაზრებლად – აღარ აქვს მნიშვნელობა) მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია. ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, განურჩევლად იმისა, ჯდება თუ არა გიგი უგულავა მის პოლიტიკურ გემოვნებაში – აქვე დავაზუსტებ, რომ პირადად ჩემი და „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური მრწამსი იყო და რჩება კარდინალურად განსხვავებული. ასეთი ქმედებებით ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას შემდგომი პოლარიზაციის ზრდაზე. მოვუწოდებ მას, იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია, საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან აცილება და უმნიშვნელოვანესი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

  • ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების რისკი მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

    უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია – თინა ხიდაშელი

    გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

    „დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია! სრულიად ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე!

    1. პოლიტპატიმარი არ ნიშნავს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც არასოდეს, არავითარი დანაშაული ჩაუდენიათ და ისე ხელი მოკიდეს და ჩაყარეს ციხეებში.

    2. თქვენთვის ცნობილი პოლიტპატიმრების უდიდეს უმრავლესობას რაღაც კანონი აუცილებლად ჰქონდა დარღვეული მაშინ, როდესაც იჭერდნენ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა მაინც.

    3. პოლიტპატიმარი ხარ თუ არა, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმით არ იზომება, ის იზომება იმით: ვინ გასამართლებს? რამდენად არსებობს ნდობა სასამართლოს, ან კონკრეტულად იმ მოსამართლეების მიმართ ვინც გაგასამართლა? როდის გასამართლებენ?

    რა გარემოებებში ხდება გასამართლება?პირის კავშირი პოლიტიკასთან.

    რასაც ახლა ვწერ, სულ რაღაც 8 წლის წინ არც იმათ ესმოდათ დღეს რომ სამართლიანად აღშფოთებულ-გაგიჟებული არიან უგულავას დაპატიმრებით, მაგრამ ამ ქვეყანაში არის ხალხი, რომელსაც მაშინაც ესმოდა და ახლაც ესმით ემოციების და საკუთარი პოლიტგემოვნების მიღმა.

    სრულიად ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ უგულავას ჩემზე დიდი კრიტიკოსი არ ჰყოლია როდესაც ისიც მერი იყო და მე საკრებულოს წევრი და ზუსტად იმ ყველაფერზე ვწერდი, ვკიოდი, ვაპროტესტებდი, რაზეც დღეს ედავებიან, მაგრამ დღეს ის პოლიტპატიმარია და იმის მიუხედავად, დღეს თავს გამარჯვებულად თვლით თუ არა, ფასი იქნება მაღალი, რასაც თქვენ და ქვეყანა გადაიხდის ამ სისულელეში“, – წერს ხიდაშელი.

  • 100 ადამიანს დაიჭერ?! 200?! 500?! არ გეყოფა ამდენი საკანი — ნიკა მელია

    “მთავარ არხთან” საუბრისას ნიკა მელიამ გიგი უგულავას დაკავება შეაფასა. მისი განცხადები, გიგი უგულავას დაკავებით, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია “შეადუღაბა”.

    “ჩვენ ვიბრძვით სახელმწიფოს გადასარჩენად, ივანიშვილი რამდენს დაიჭერს, 100 ადამიანს დაიჭერ?! 200?! 500?! 1 000?! არ გეყოფა ამდენი საკანი, წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მირჩევნია კონკრეტული მოქმედებებით გაგაცნოთ ოპოზიცია, ვიდრე მხოლოდ დაუმთავრებელი საუბრით მოგაბეზროთ თავი”, -განაცხადა მელიამ.

  • ზაქარია ქუცნაშვილი სახელმწიფო კომპანიაში დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

    ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 

    შპს გარდაბნის თბოსადგურის 49.092%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი — საპარტნიორო ფონდია, 50.908%-იანი წილს კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ფლობს.

    შეგახსენებთ, ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება 2019 წლის სექტემბერში შეუწყდა. ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.  ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი თბილისში გამართული სესიის და გავრილოვის ჩამოყვანის, რაც  საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.

  • აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 30 ფაქტი გამოავლინეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იანვარში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 30 ფაქტი გამოავლინეს.ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

    ამ ეტაპზე, ბრალდებულის სახით, 15 პირი პასუხისგებაშია მიცემული.

    „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 30 000 კოლოფზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

    ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 117 000 ლარს აღემატება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

  • 24 წლის ბიჭმა სახის არეში სანადირო თოფით თვითდაზიანება მიიყენა

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში 24 წლის ბიჭმა სანადირო თოფიდან გასროლით თვითდაზიანება სახეში მიიყენა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, მიზეზი  მეუღლესთან დაშორება გახდა,  მამაკაცი დეპრესიაში იყო ჩავარდნილი.

    მან თვითმკვლელობა ნასვამ მდგომარეობაში სცადა.

    სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახლგაზრდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით,პაციენტის  მდგომარეობა მძიმეა.

    გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ოპოზიციის დევნა მიუღებელი საქციელია-ჯიმ რიში

    ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯეიმს რიში გიგი უგულავას დაპატიმრებას სენატის საგარეო კომიტეტის ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

    „იმედგაცრუებული ვარ, რადგან საქართველომ აირჩია გზა, რომ გაზარდოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გასულ კვირას ვუთხარი, სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელი საქციელია“- წერს ამერიკელი სენატორი.