Category: არქივი

  • ქედის მუნიციპალიტეტში ზვავი ჩამოწვა

    მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის შედეგად, ქედის მუნიციპალიტეტში ზვავი ჩამოწვა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, სატრანსპორტო გზებზე  ქარბუქის გამო, ხილვადობა არ არის.

    აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში საგანგებო შტაბები მუშაობს. გზების გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ახორციელებენ.

    ცნობისათვის,მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარი ერთ მეტრნახევარს აჭარბებს.

  • ქართველი ახალგაზრდის უხერხული კითხვები კალაძეს და კობახიძეს მიუნხენის აეროპორტში(ვიდეო)

    სტრასბურგში ვიზიტის დასრულების შემდეგ თბილისის მერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დღეს მიუნხენის აეროპორტიდან ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ჩაერთნენ და ვიზიტის შედეგებზე ისაუბრეს.  თუმცა, ამის შემდეგ ისინი კიდევ ერთ, ამჯერად დაუგეგმავ ფეისბუქ ლაივში აღმოჩნდნენ.   უხერხული კითხვები კახა კალაძეს და ირაკლი კობახიძეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ხეხელაშვილი დახვდა და ლაივ-რეჟიმში კითხვები დაუსვა. კითხვებიც და პასუხებიც საკმაოდ მწვავე გამოვიდა. ნახეთ  ვიდეოს სრული ვერსია

  • ამაზრზენი იყო განცხადებები, თუ როგორი ბედნიერები იყვნენ, რომ დეკლარაცია ჩავარდა- კალაძე ოპონენტებზე

    სტრასბურგიდან დაბრუნებისას თბილისის მერი, კახა კალაძე და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიუნხენის აეროპორტიდან ,,ფეისბუქ ” ლაივში ჩაერთვნენ და ევროპარლამენტში ასოცირების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის ჩავარდნაზე ისაუბრეს.

    კალაძის თქმით, ამაზრზენი იყო ,,ნაციონალური მოძრაობის” და ,,ევროპული საქართველოს” წევრების განცხადებები, თუ როგორი ბედნიერები იყვნენ დეკლარაციის ჩავარდნით.

    მისი განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოხარული არიან იმით, რომ უკეთესობისკენ არ გადაიდგას ნაბიჯი, თუმცა ყველას 2020 წლის არჩევნებზე გაეცემა პასუხი.

    „ნამდვილად ამაზრზენი იყო ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, თუ როგორი ბედნიერები იყვნენ რომ ეს დეკლარაცია ჩავარდა. გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არსებობს ასეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ მოხარულები არიან იმით, რომ რაღაც არ გაკეთდეს, უკეთესობისკენ არ გადაიდგას ნაბიჯი. არაუშავს, ეს ზოგადად საინტერესოა და საზოგადოება ამას ხედავს. არჩევნები ამიტომ არის მნიშვნელოვანი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. კარგად იცის ხალხმა ვინ რას წარმოადგენს, რომელ პოლიტიკურ პარტიას რა ხედვები და დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ. ყველას გაეცემა პასუხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, – ამბობს კალაძე.

    თბილისის მერი აღნიშნავს, რომ ოპონენტები დღესაც ისევე ცდილობდნენ დეკლარაციის ჩაგდებას და შემდეგ ამის ,,ქართული ოცნების” მარცხად გამოცხადებას, როგორც ვიზალიბერალიზაციის მიღების დროს.

    „გვახსოვს ვიზალიბერალიზაციის პროცესი რომ მიმდინარეობდა,, მაშინაც, როგორ დარბოდნენ, რომ ქვეყანას ეს ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო. შემდეგ ისინი შეეცდებოდნენ ეს გამოეცხადებინათ „ქართული ოცნების“ მარცხად და შეფუთავდნენ ყველფერს, რომ ეს თითქოს „ქართული ოცნების“ ბრალი იყო. იგივე მცდელობა ჰქონდათ ახლაც. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში და ეს აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე“, – განაცხადა კახი კალაძემ.

    ცნობისთვის, დღეს ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია ჩავარდა.

    დეკლარაციის დოკუმენტში ევროპარლამენტარებს შესწორებების შეტანა სურდათ გიგი უგულავას, საარჩევნო სისტემისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა შესწორებების შეტანას საქართველოს მმართველი გუნდი არ დაეთანხმა.

    ,,ოცნების” წევრი კახა კუჭავას განმარტებით, იმ ცვლილებებს არ დაეთანხმნენ, რომელიც ,,ხშირ შემთხვევაში აბსურდულად ჟღერდა

    შესწორებების გარეშე დარჩენილი ტექსტის გამო ევროპარლამენტის წარმომადგენლობამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.

    ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, შეხვედრებისა და კონსულტაციების მიუხედავად , მმართველი გუნდის წევრებმა ვერაფერი გაიგეს.

    ომელიც ხშირ შემთხვევაში აბსურდულად ჟღერდა
  • საარჩევნო წელს აღმოჩნდა, რომ ყველა ოპოზიციური ლიდერი კრიმინალია- თამარ ჩუგოშვილი

    ,,ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, პარტნიორების კრიტიკას ხელისუფლების მიმართ იწვევს ის, რომ ოპოზიციურ ლიდერებს საარჩევნო წელს აპატიმრებენ.

    ,,საარჩევნო წელს აღმოჩნდა, რომ ყველა ოპოზოციური ლიდერი არის კრიმინალი. ზოგიერთი უკვე მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში და თავისუფლება აქვს აღკვეთილი, ზოგიერთი კი ელოდება. რეალურად, ასეთი მოცემულობა გვაქვს. ზუსტად ეს მოცემულობა ალაპარაკებს ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს პოლიტიკური საქმეებია”,- ამბობს ჩუგოშვილი.

    ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთმა ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა შეშფოთება გამოთქვა გიგი უგულავას დაპატიმრებისა და ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლის გამო.

  • რეზოლუციის ჩაგდება გზავნილია მთავრობისთვის და არა ქართველი ხალხისთვის- ევროპარლამენტარი

    ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვას თქმით, რეზოლუციის ჩაგდებით გზავნილი საქართველოს მთავრობას გაუგზავნეს და არა ქართველ ხალხს.

    ,,ჩვენ დღეს ჩავაგდეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის საპარლამენტო შეხვედრის დასკვნითი განცხადება. ეს არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის, ჩვენ კვლავ მხარს გიჭერთ თქვენ ევროპულ გზაზე. ეს სიგნალია საქართველოს მთავრობისთვის, რომ ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებებს და მათ სერიოზულად განვიხილავთ”,- წერს ევროპარლამენტარი ,,ტვიტერზე”.

    დღეს ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტზე საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაციის მიღება კენჭისყრაზე ჩავარდა.

  • მხარი არ დავუჭირეთ ცვლილებებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში აბსურდულად ჟღერდა- კახა კუჭავა რეზოლუციაზე

    პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას განცხადებით, ,,ქართული ოცნების” წევრებმა ჩავარდნილი რეზოლუციის ნაწილი მხარი დაუჭირეს, ნაწილს კი, რომელიც ,,აბსურდულად ჟღერდა” არ დაუჭირეს.

    კუჭავას უკვირს, რატომ არ მიიღო ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაცია, რადგან ის საკმაოდ კრიტიკული იყო.

    ,,ფაქტი ერთია, რაც ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რომ თვითონ რეზოლუცია საკმაოდ კრიტიკული იყო, რასაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, რადგან ვთვლით, რომ არის გარკვეული წუხილები, რაზეც აუცილებელია ჩვენგან მიღებული იქნას ის კრიტიკა. რასაც მხარდაჭერა არ ჰქონდა ეს იყო ის ცვლილებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში აბსურდულად ჟღერდა. ჩვენთვის მართლა გასაკვირია რატომ არ დაუჭირეს მათ მხარი, რადგან, კიდევ ვამბობ, საკმაოდ კრიტიკული იყო რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი, მაგრამ ვთვლით, რომ ეს წუხილები, რომელიც აქვთ ევროპარლამენტარებს, არის აბსოლუტურად მისაღები და ჩვენ უნდა გავცეთ მათ პასუხი. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ნაწილს დავუჭირეთ მხარი, ნაწილს არ დავუჭირეთ, იმ ნაწილში, სადაც ვთვლით, რომ არაადეკვატური იყო იმის ჩაწერა, რაც ჯერ კიდევ დასადგენია“,- აცხადებს კახა კუჭავა.

    მისივე თქმით, ევროპარლამენტარებმა წუხილი გამოთქვეს უგულავასთან დაკავშირებით, მაგრამ შინაარსზე არ უსაუბრიათ.

    „დღესაც გამოქვეყნდა მათი წუხილი. ძალიან კარგად ჩანს ტექსტი, სადაც მითითებულია, რომ წუხილი აქვთ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო პროცედურულად ამ დროს, შინაარსზე არ აქვთ არანაირი ხაზგასმა, როდესაც თავისუფლად შეიძლებოდა ეთქვათ, მაგრამ არ გააკეთეს და მეორე – იმავე განცხადებაში ძალიან კარგად გაუსვეს ხაზი, რომ მოუწოდებენ ყველა მხარეს გააგრძელონ დიალოგი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით”,- აცხადებს ,,ქართული ოცნების” წევრი.

    ცნობისთვის, დღეს ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტზე საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაციის მიღება კენჭისყრაზე ჩავარდა.

    საბოლოო დეკლარაციის დოკუმენტში ევროპარლამენტარებს შესწორებების შეტანა სურდათ გიგი უგულავას საქმეზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე. თუმცა შესწორებების შეტანას საქართველოს მმართველი გუნდი არ დაეთანხმა.

    შესწორებების გარეშე დარჩენილი ტექსტის გამო ევროპარლამენტის წარმომადგენლობამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.

  • ივანიშვილი დასავლეთის კრიტიკის გასანეიტრალებლად საკუთარი თანაგუნდელების დაჭერას აპირებს

    მალე დასასრულს უახლოვდება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი, ასევე ნიკა გვარამიას პროცესი, რომელთა დაჭერა გადაწყვეტილია. სარწმუნო წყროს ცნობით, ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმე ამ კვირაში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ დასავლელი პარტნიორების მხრიდან წამოსული უმწვავესი კრიტიკის შემდეგ ხაზარაძის დაპატიმრება მცირე ხნით გადაიდო. თუმცა ივანიშვილი არ აპირებს დასავლეთის კრიტიკის გამო პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე უარი თქვას.

    ივანიშვილის გარემოცვაში ფიქრობენ, რომ თუ საკუთარი გუნდის წევრებსაც დაიჭერენ, ეს მმართველ გუნდს პარტნიორების კრიტიკაზე წონადი და დამაჯერებელი არგუმენტებით პასუხის გაცემის საშუალებას მისცემს, ანუ, მმართველი გუნდი იტყვის, რომ იჭერენ არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ მათ თანაგუნდელებსაც და ოპონენტების დაჭერას პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია. ახლო მომავალში თავად მმართველი გუნდის წევრების დაჭერა თითქმის გადაწყვეტილია. ინფორმირებული წყაროს ცნობით დასაჭერთა რიგში არიან ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო და თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე.

    ეს უკანასკნელი კახა კალაძის თანაგუნდელია და 2013–2017 წლებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდის კორუფციული გარიგებები გახდება სავარაუდოდ მისი დაჭერის საფუძველი.

    რაც შეეხება დავით სერგეენკოს, მას სავარაუდოდ ბრალს ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ცე ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების გაფუჭების საქმეზე წაუყენებენ.

    განიხილება გიორგი კვირიკაშვილის და დიმიტრი ქუმსიშვილის დაპატიმრების საკითხიც. თუმცა ჯერჯერობით ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

  • ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და მგონი ვერაფერი გაიგეს- ევროპარლამენტარი ,,ოცნების” წევრებზე

    ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების კომიტეტის რეზოლუციის პროექტს ძალიან სუსტად აფასებს და ამბობს, რომ ის  არ ასახავდა არსებულ ვითარებას.

    მისი თქმით, ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა ყველა ცვლილება ჩააგდეს და შეხვედრებისა და კონსულტაციების მიუხედავად ვერაფერი გაიგეს.

    „ჩვენ წარმოვადგინეთ ცვლილებები და გვსურდა დაბალანსებული ტექსტი. უმრავლესობის წევრებმა თითქმის ყველა ცვლილება ჩააგდეს. ძალიან გაბრაზებული ვარ. ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და მგონი, ვერაფერი გაიგეს.

    ახლა „ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა გააანალიზოს არსებული სიტუაცია და შეცვალოს გარკვეული პოზიციები. ჩემი გზავნილია ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის არის სიტუაციაზე პასუხისმგებელი და სამწუხაროდ, ის აზიანებს საქართველოს ევროპულ კურსს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაგიდასთან მყოფი „ქართული ოცნების“ დეპუტატები საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგ არ არიან. მათ პარტიაში კარგად უნდა იმსჯელონ“,- აცხადებს რასა იუკნევიჩიანე. მის განცხადებას Imedinews.ge ავრცელებს.

    ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელსაც კომიტეტი დასკვნის სახით ყოველ წელს იღებს.

    არსებული ინფორმაციით, საბოლოო დეკლარაციის დოკუმენტში ევროპარლამენტარებს შესწორებების შეტანა სურდათ გიგი უგულავას საქმეზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე. თუმცა შესწორებების შეტანას საქართველოს მმართველი გუნდი არ დაეთანხმა.

    შესწორებების გარეშე დარჩენილი ტექსტის გამო ევროპარლამენტის წარმომადგენლობამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.

  • ავთანდილ წერეთელი პროკურატურას საზღვრის კვეთის უფლებას სთხოვს

    „TV პირველის“ მფლობელის მამა, ავთანდილ წერეთელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროკურატურას საზღვრის კვეთის უფლებას სთხოვს.

    როგორც მისი უფლებადამცველი  კახა წერეთელი აცხადებს, მის დაცვის ქვეშ მყოფს 21 თებერვალს გამოკვლევები ავსტრიაში აქვს  ჩანიშნული და შესაბამისი მოწვევა წარუდგინეს უწყებას.

    „მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით სამკურნალოდ უნდა დატოვოს საქართველო. გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდება“, – ამბობს ავთანდილ წერეთელის ადვოკატი.

    ცნობისთვის, „TV პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამის  ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა  6 თებერვალს გაუარესდა და ის საავადმყოფოში  გადაიყვანეს. 

    გამოძიება ავთო წერეთელს  „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.

    27 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

  • გიხარიათ, ბატონო ბიძინა? – მოძრაობა ,,სირცხვილია” ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

    სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილია” ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.

    წერილში საუბარია გიგი უგულავას, გიორგი რურუას და სხვა პატიმრების შესახებ, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად თვლის. ასევე, ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელ მოქმედებებზე, საერთაშორისო კრიტიკასა და ,,სირცხვილიას” გეგმებზე.

    მოძრაობის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

    ,,უვადო მოსამართლის პოზიციაზე მწვავე კრიტიკის პარალელურად დანიშნულმა შალვა თადუმაძემ, ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალება სანიმუშოდ შეასრულა და გიგი უგულავა, ერთხელ უკვე გასამართლებულ და პატიმრობამოხდილ საქმეზე (რომლის პროკურორიც თავად გახლდათ) ხელმეორედ დააკავა.

    გიგი უგულავას ციხეში სამი წლით გაშვება არის სასჯელი ოპოზიციისთვის და საგანგაშო სიგნალი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “სამართლიანობის აღდგენის” დაპირებით მოსულმა ხელისუფლებამ სასამართლო სრულად გააუქმა და პარტიის სურვილის დასამტკიცებელ ნოტარიულ ბიურომდე ჩამოაქვეითა.

    გიგი უგულავას დაკავება ახალი ფაზაა იმ ომისა, რომელიც კოლაბორაციონისტმა მთავრობამ 20 ივნისს, რუსული გავლენების წინააღმდეგ მებრძოლი მოქალაქეებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ წამოიწყო. სამწუხაროა იმის გააზრება, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები; ტუსაღები, რომლებიც მოაშორეს თავიანთ ოჯახებსა და ყოველდღიურ საქმიანობას, რადგან მათ გაბედეს და რუსეთის მიმართ ლოიალურ მილიარდერ ოლიგარქს დაუპირისპირდნენ.

    გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და გავრილოვის პატიმრების მსგავსად, სასჯელით ემუქრებიან მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ნიკა მელიას. თავად ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ რეპრესიებს მხოლოდ პოლიტიკოსები არ ეწირებიან, ბიძინა ივანიშვილი ებრძვის მედიასაც – აღძრულია საქმეები მთავრობის მიმართ კრიტიკული ტელევიზიების დირექტორებზე და რიგ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრებზე. ნიკა გვარამიას (მთავარი არხი), ვახტანგ წერეთელს (ტვ პირველი) და ზუკა გუმბარიძეს (ფორმულა) პატიმრობა ემუქრებათ.

    პარალელურად, პრორუსი ოლიგარქი ღია კონფრონტაციაში შედის დასავლელ პარტნიორებთან. ბიძინა ივანიშვილის კურსი არასდროს ყოფილა პროდასავლური, ახლა კი, როცა ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხე იგრძნო, კიდევ უფრო მეტად ცდილობს მმართველობის იმ დასავლურ მოდელთან დაშორებას, რომელიც ქვეყნის განვითარების ერთადერთი საწინდარია.

    “ღირსების დაბრუნების” დაპირებით ქვეყნის სათავეში მოსული ბიძინა ივანიშვილისთვის საკუთარი გუნდის წევრთა ღირსებაც კი არაა ფასეული. სხვაგვარად ვერ აიხსნება პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკავაძის სპეციალური ვიზიტი ვაშინგტონში, ამერიკელი კონგრესმენისთვის დაპირებების მიცემა, შემდეგ ამ შეხვედრის პოზიტიურად გაშუქება, რამდენიმე საათში დაპირების გატეხვა და ოპოზიციის ლიდერის დაკავება. ცხადია, ბიძინა ივანიშვილის ცინიზმისა და ქვეყნის ღალატის ატანას თავისი ფასი აქვს, რომელიც მისი ქვეშევრდომებისთვის კონკრეტულ თანხასა და კომფორტში ითარგმნება. თუმცა ეს პრივილეგიებიც დროებითია: სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესთა გამყიდველებს აუცილებლად დასჯის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებული სასამართლო სისტემა ან უფრო ადრე, მათ ერთგულებაში ეჭვის შემტანი ბიძინა ივანიშვილი.

    ჩვენ ვიცით, რომ რაც ზემოთ დავწერეთ, რასაც ყოველდღე ვაწყდებით ცხოვრებაში და ვისმენთ ეკრანებიდან, მხოლოდ დასაწყისია. პროცესები უფრო გართულდება, ძალაუფლებაზე კბილებით ჩაჭიდებული ოლიგარქი არაერთ უკანონო დავალებას გასცემს და ამ დავალებებს ისინი შეასრულებენ, ვისაც ივანიშვილის ძალაუფლება სამუდამო ჰგონია. დანაშაულს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ ბიძინა ივანიშვილი იმისთვის კი არ სჩადის, რომ წყლიდან მშრალად ამოსვლის იმედი აქვს, არამედ იმიტომ, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩაითრიოს ჭაობში, რომელშიც თავად ყელამდეა ჩაფლული.

    ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ფულით კურორტები, მხცოვანი ხეები, შავი ზღვის ფერადი სანაპიროები და შავ-თეთრი ბიზნესები იყიდოს, შეუძლია ამავე ფულით ქართული ოცნების სრული შემადგენლობა, მოსამართლეები და პოლიციელები დაიმონოს, მაგრამ იგი ვერასდროს შეძლებს შეიძინოს ღირსეული ადამიანები. ამ ქვეყანაში, ბატონო ბიძინა, არსებობს უფრო მეტი, ვიდრე თქვენი ბუნდოვნად ნაშოვნი და საკმაოდ ნათელი გზებით გათეთრებული ფულია. ამ ქვეყანაში ვარსებობთ ჩვენ, თავისუფალი ადამიანები და ჩვენთვის ამ ძვირფას და ისტორიულ ბრძოლას არასდროს გავცვლით დროებით მოგდებულ ლუკმა-პურებზე.

    არ ვიცით, რა მოლაპარაკებებს აწარმოებთ ერთმანეთთან, რა მოლოდინები გაქვთ ოპოზიციური პარტიებისგან, რამდენად დაბალი მოლოდინი გაქვთ ადამიანებისგან. რაც ვიცით არის ის, რომ ჩვენ გაძლევდით შანსს – მიგვეღო პროპორციული არჩევნები და ყველა პოლიტიკური ძალა სამართლიანად ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში, ყველა, მათ შორის თქვენი “ქართული” ოცნებაც. მაგრამ არც საკმარისი შეგნება აღმოგაჩნდათ ამისთვის და არც საკმარისი პატრიოტიზმი.

    ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, რადგან ამ ერთპიროვნული მმართველობების დროს გვერდზე გვრჩება ჩვენი ქვეყანა და ადამიანები, თავიანთი ინდივიდუალური სიცოცხლითა და ბედნიერების ძიების უფლებით. თქვენ ბედნიერი ხართ, ბატონო ბიძინა? – ეჭვი გვეპარება! თუმცა რადგან ადამიანების გაუბედურება გაბედნიერებთ, იცოდეთ, ეგ თქვენი ბედნიერებაც დროებითია, რადგან ჩვენ მზად ვართ მივიღოთ გამოწვევა. მეტიც, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ვიქნებით, რადგან ისტორიულადაც, მრავალრიცხოვნება არასდროს ყოფილა ჩვენი ძლიერი მხარე – პრინციპულობა, შემართება და სიმართლე კი იყო.

    თქვენ დამარცხდებით არჩევნების იმ მოდელში, რომლის შენარჩუნებაც თავად გადაწყვიტეთ, დამარცხდებით ყველა იმ დაჩაგრული ადამიანის გამო, რომელიც არათუ დაიცავით, არამედ თავად დაჩაგრეთ. დაისჯებით იმ ბავშვების გამო, რომლებიც თქვენი დაბალჩინოსნების ღრეობის პარალელურად შიმშილობენ. დაისჯებით იმ პატიმრების გამო, რომელთა წილ ჰაერსაც თქვენი კორუმპირებული ცხვირებით სუნთქავთ.

    რადგან არ არსებობს სიმართლეზე უკეთესი იარაღი თქვენი მოგზავნილი მონების წინააღმდეგ.

    მშვიდობით, პრინციპულობითა და ღიმილით დაგამარცხებთ და ეს გარდაუვალია”,- აცხადებს მოძრაობა ,,სირცხვილია”.