Category: არქივი

  • “საქართველოს ჩრდილოვანი ბოსი ვაშინგტონში ახალ ლობისტებს ქირაობს“–ბლუმბერგი

    საქართველოს ჩრდილოვანი ბოსი ვაშინგტონში ახალ ლობისტებს ქირაობს– ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა ბლუმბერგი მოსაზრების რუბრიკაში. სტატიის ავტორია ელი ლეიქი, ბლუმბერგის კოლუმნისტრი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

    გთავაზობთ სტატიას სრულად:

    კონგრესმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში უარი თქვა მის საერთაშორისო პოლიტიკურ ვალდებულებებზე აღმასრულებელი შტოს წინაშე. სენატი პოსტზე პრეზიდენტის და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირების კანდიდატურებს ამტკიცებს. პალატა იწყებს უცხოური დახმარების დაფინანსების შესაბამის პროცესს. და რა თქმა უნდა, არსებობს ზედამხედველობის ფუნქცია. თუმცა, ტრამპის ეპოქაში საკანონმდებლო ხელისუფლებას იშვიათად თუ შეუქმნია ორპარტიული ფრონტი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის შესაკავებლად.
    თუმცა, ხანდახან, კონგრესის რამდენიმე მკვეთრმა, დრულმა გააქტიურებულმა მოქმედებებმა შეიძლება უცხოელი ავტორიტარი მოღვაწის ყურადღება მიიპყროს.
    როგორც ჩანს, სწორედ ეს მოხდა ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი და ფაქტიურად ქვეყნის ჩრდილოვანი ბოსია. ქვეყნის ავტორიტარიზმის მიმართულებით სვლით შეშფოთებულმა კონგრესმა მის მიერ შერჩეულ პრემიერ მინისტრს წერილების სერია გაუგზავნა, რომლებმაც მას მოქმედებისკენ უბიძგეს. თვის დასაწყისში იურიდიულმა ფირმამ, Hogan Lovells–მა თვეში 75 000 დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა, რათა წარმოადგინოს პარტია “ქართული ოცნების“ ინტერესები, რომელიც ივანიშვილმა 2012 წელს დააფუძნა და რომელიც დღემდე მოქმედებს.

    წერილში, რომელიც იუსტიციის სამინისტროში ფირმების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს ახლავს თან, კომპანია კლიენტს დახმარებას პირდება ყველაფერში – იურიდიული ანალიზიდან დაწყებული ვაშინგტონში საჯარო ადვოკატირებით დამთავრებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფირმა წარმოადგენს ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიას და არა მთავრობას, რომელსაც ამჟამად ეს პარტია აკონტროლებს.
    “ფირმა ითანამშრომლებს და შეიძლება მიიღოს მითითებები საქართველოს არჩეული თანამდებობის პირებისგან.“– დაწერა 21 იანვარს ივანიშვილის მიმართ გაგზავნილ წერილში ყოფილა რესპუბლიკელმა სენატორმა ნორმ კოლემანმა, “თუმცა ის იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ თავად პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით და კონტროლით“.

    ეს რამდენიმე მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს რეგრესზე და რეპრესიებისკენ სვლაზე. საქართველომ ბოლო დროს რამდენიმე პრემიერ მინისტრი გამოიცვალა, რომლებიც ქვეყნის კონტროლის კონსოლიდაციას ეფექტურად ახერხებდნენ, ბოლო დროს კი ივანიშვილის ოპოზიციის დაშინება და დაჭერა დაიწყეს. ბოლო მაგალითი ორშაბათს მოხდა, როცა უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა დანაშაულისთვის, რომლის გამოც ის უკვე იჯდა ციხეში. დაპატიმრებამ გამოიწვია ის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს ივანიშვილის პარტიასთან მოლაპარაკებებზე.

    თავად ლობისტურ კონტრაქტს მას შემდეგ მოეწერა ხელი, რაც რესპუბლიკელმა სენატორმა, როჯერ ვიკერმა, აშშ–ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და სხვა ბიპარტიულმა ლიდერებმა წერილები გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ მინისტრს და გააპროტესტეს დაპატიმრებები და უზენაესი სასამართლოს დამორჩილება. კონგრესის ბოლო წერილი, რომელშიც ამ საკითხებთან დაკავშირებული შეშფოთება იყო გამოთქმული, გასული თვის ბოლოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ და წამყვანმა დემოკრატმა წევრმა გაგზავნეს.
    კოლმანს რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი. ისეთი ავტორიტარული მოკავშირეების შემთხვევაში, როგორიც არის მაგალითად საუდის არაბეთი, შეგიძლია ამტკიცო, რომ ამერიკამ თვალი უნდა დახუჭოს სტრატეგიული მიზნების გამო. თუმცა, საქართველომ ბოლო 15 წლის განმავლობაში აშშ–სთან და მჭიდრო ურთიერთობის დამყარება მხოლოდ კანონის ერთგულებისა და კონკურენტული არჩევნების ერთგულებით შეძლო. კოლმანის ახალი კლიენტი, სამწუხაროდ ამ საკითხის მეორე მხარეს დგას და ამ ფაქტს ვერანაირი მცდელობა ვერ უშველის.

  • ვერც ერთი კონგრესმენი ვერ გვასწავლის არსებულ რეალობას- მიხეილ ყაველაშვილი

    ,,ვერცერთი კონგრესმენი ვერ გვასწავლის არსებულ რეალობას” – ასე პასუხობს ,,ქართული ოცნების” წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენების კრიტიკას.

    მისი თქმით, ,,ქართული ოცნება” აპირებს მათ მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ხდება ადგილზე, რეალობაში, რადგან ვერც ერთი კონგრესმენი ვერ იქნება უკეთ ინფორმირებული, ვიდრე მმართველი გუნდის წევრები.

    ,,მიუხედავად ჩვენი პატივისცემისა კონკრეტული კონგრესმენებისა, ჩვენ ვაგრძელებთ, რომ მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია, თუ ადგილზე რა ხდება ჩვენს რეალობაში. ეს, ახლა, ვერც ერთი კონგრესმენი ვერ გვასწავლის და ვერ იქნება უკეთ ინფორმირებული ვიდრე ჩვენ, ვინც ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ვიცით, არსებული რეალობა. ვერც ერთი კონგრესმენი, ვერცერთი ევროპარლამენტარი დამიმტკიცებს იმ რეალობას, რა რეალობაშიც მიწევს ცხოვრება და მე თვითონ ვხედავ გამოწვევებს და პრობლემებს”,- ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

  • Bloomberg-ის სტატია, მაღალი ალბათობით, არის დასპონსორებული- არჩილ თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარის , არჩილ თალაკვაძის განცხადებით, Bloomberg-ის სტატია, რომელშიც ავტორი ბიძინა ივანიშვილს ,,ჩრდილოვან ბოსს” უწოდებს, დიდი ალბათობით, დასპონსორებულია.

    მისი თქმით, ოპოზიცია საზღვარგარეთ, მათ შორის საერთაშორისო პრესის და გაზეთების გამოყენებით ცდილობს, გააჟღეროს თავისი პოზიციები.

    „ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელსაც აქვთ ქვეყანაში დაბალი ან ნულოვანი მხარდაჭერა, თავის წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ახორციელებს, ვინაიდან მათ იციან, რომ საქართველოს მოსახლეობა მათ მხარს არ უჭერს. ისინი ცდილობენ საზღვარგარეთ, მათ შორის საერთაშორისო პრესის და გაზეთების გამოყენებით გააჟღერონ თავისი პოზიციები. Bloomberg-ის სტატია, მაღალი ალბათობით, არის დასპონსორებული. მათ არ გაუშუქებიათ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, დღეს კი სააგენტო წერს, თითქოს ივანიშვილი 77 ათას დოლარს ხარჯავს. 3 მილიარდსა და 77 ათასს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. რაც შეეხება კომპანიებს, აშშ-ის და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, ბიძინა ივანიშვილს და სხვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება და გამოიყენოს ამა თუ იმ კომპანიის მომსახურება თავისი სტრატეგიული მიზნებისთვის“,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

    Bloomberg-ზე გამოქვეყნებული სტატია ამჯერად ,,ქართული ოცნების” მიერ ამერიკელი ლობისტური კომპანიის Hogan Lovells-ის დაქირავებას ეხება, რომლისთვისაც თვეში $75 000 გამოიყოფა. 

  • შეფასებები ბიძინა ივანიშვილის მიმართ სამარცხვინო და უსამართლოა- თურნავა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შეფასებები ბიძინა ივანიშვილის მიმართ სამარცხვინო და უსამართლოა. ამის მიზეზი, თურნავას აზრით, ის არის, რომ ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა.

    „რაც შეეხება შეფასებებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, პირდაპირ გეტყვით ეს სამარცხვინო და უსამართლოა, იმიტომ, რომ ბატონი ბიძინა ჩვენი მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახლავთ“, – განაცხადა მინისტრმა „ბლუმბერგში“ გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ.

    Bloomberg-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორმა ბიძინა ივანიშვილი “ჩრდილოვანი ბოსად” მოიხსენია.

    ნათია თურნავამ ხელისუფლების მიერ ლობისტური კომპანიების დაქირავებას პოზიტიურად აფასებს, რადგან, როგორც ის ამბობს, იმ ზღვა ინფორმაციაში, რაც მიეწოდება დასავლეთს და მთელს მსოფლიოს, ძალიან ბევრი არასწორი და უსამართლოა.

    ,,მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება, რომ შევაფასოთ. იმიტომ, რომ იმ ზღვა ინფორმაციაში, რაც მიეწოდება დასავლეთს და მთელს მსოფლიოს, ძალიან ბევრი არის არასწორი, უსამართლო. ეს არის ძალიან კარგი არხი, რომ სიმართლე ვუთხრათ მთელს მსოფლიოს იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და რა რეფორმებს ვახორციელებთ”,-ამბობს თურნავა.

    13 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა, რომელსაც 300 ათას დოლარს გადაუხდის. შეთანხმებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

    ლობისტური კომპანია ,,ოცნებამ” წინა კვირაშიც დაიქირავა და მისი მომსახურება 900 ათასი დოლარი დაჯდება.

  • 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

    20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

    მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა და პატიმრობა ძალაში დატოვა.

    სასამართლოში ჩვენება იმ პოლიციელებმა მისცეს, რომლებმაც კახაბერ კუპრეიშვილისა და ზურაბ ბუდაღაშვილის დაკავება განახორციელეს.

    სასამართლო პროცესს არ დასწრებია ცოტნე სოსელია. მის ინტერესებს ადვოკატი იცავდა.

    20 ივნისის ღამეს დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ლაგოდეხში 2 მამაკაცი დაკბინა ძაღლმა, რომელსაც ცოფი დაუდგინდა

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მიუსაფარმა ძაღლმა ორი მამაკაცი დაკბინა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ძაღლს ცოფი დაუდგინდა.

    ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის მაკა ხმალაძის ინფორმაციით, დაკბენილი ერთი პირი აუცილებელ ვაქცინაციაზე უარს აცხადებს, სპეციალისტები კი მის დარწმუნებას ცდილობენ. ცხოველის მიერ მეორე დაკბენილ მამაკაცს მკურნალობა უკვე უტარდება.

    ეპიდემიოლოგები განმარტავენ, რომ ლეტალური შედეგის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვაქცინაცია.

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ხვდებიან სხვა პირებსაც, ვისაც შეიძლებოდა ძაღლთან შეხება ჰქონოდათ. ადამიანს ცოფი შესაძლოა ძაღლის ნერწყვითაც გადაედოს.

  • სამეგრელოში 2,150 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

    13 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში 2,150 კოლოფი) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქმეთა მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

  • ოპოზიციური ჯგუფები წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებენ- ანრი ოხანაშვილი

    ,,ქართული ოცნების” ლიდერის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციური ჯგუფები წინასაარჩევნო კამპანიას უცხოეთში-სტრასბურგში და ვაშინგტონში ატარებენ და ცდილობენ, პარტნიორები შეცდომაში შეიყვანონ.

    ,,ჩვენ ყველა ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ, რომ ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, თითქმის არ აქვთ რეიტინგი, წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ საზღვარგარეთ. იქნება ეს სტრასბურგი თუ ვაშინგტონი. ისინი ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორები და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ”, – აცხადებს ოხანაშვილი.

    მან კომენტარი ლობისტური ჯგუფების დაქირავებაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მათ სახელმწიფო ინტერესებისთვის ქირაობს, ნაციონალური მოძრაობა კი პარტიული ინტერესებისთვის.

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტარების კრიტიკის მიუხედავად, საფრთხე არ ემუქრება ვიზალიბერალიზაციას და ევროკავშირში ვაჭრობას.

    „ეს არის ჩვენი შეუქცევადი კურსი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ამ ყველაფრის დასტურია ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები, რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ის მონაპოვარი, რომელიც ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირში, ვაჭრობის საკითხების გაუმჯობესებას ევროკავშირთან, აშშ-სთან, ეს საკითხები არის და იქნება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს მიმართულებები, შესაბამისად, არანაირი კითხვის ნიშნები არ შეიძლება გაჩნდეს, არ არსებობს ობიექტური საფუძველი კითხვის ნიშნების დასმის”,- ამბობს ანრი ოხანაშვილი.

  • ცოტნე გამსახურდიას პირველი ფოტო თურქეთის კლინიკიდან

    სოციალურ ქსელში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას ფოტო გავრცელდა. ფოტო, რომლეიც თურქეთის კლინიკაშია გადაღებული ცოტნეს დედამ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ გაავრცელა. ცოტნეს მეგობრები წერენ, რომ მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

    შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია თბილისში კოლხურ კოშკთან დაჭრეს. გამსახურდია დიდი ხნის განმავლობაში მედიკამენტოზურ კომაში იყო, მისი გამოღვიძება თურქეთში გადაყვანის შემდეგ მოხდა.

  • ბათუმის მერი პარიზში 40 დაქალთან ერთად კრუასანების საჭმელად წავიდა-მოძრაობა “ალტერნატივა”

    მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები აცხადებენ, რომ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე 40 დაქალთან ერთად პარიზში ბიუჯეტის ხარჯზე იმყოფება.

    „ბათუმის მერი იმყოფება პარიზში თავის 40 დაქალთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, თითქოს იქ განვითარებული მოვლენების გამო, რაღაც ღონისძიებაზე წავიდნენ, რეალურად კი ისინი კრუასანების საჭმელად გაემგზავრნენ. ჩვენ სიმბოლურად მას აქ მოვუტანეთ კრუასანები, შეეძლოთ არ წასულიყვნენ, აქაც მივართმევდით, მიეხედათ ქალაქისთვის, 10 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა ქალაქში და ხედავთ რომ გზები კვლავ გაუწმენდავია. მოვუტანეთ კრუასანები მერს მიჩვეული იქნება“- განაცხადა ალტერნატივას წევრმა.

    ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის მერი და დეპუტატები, პარიზში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაზე იმყოფებიან. ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, პარიზში არტ კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში, 16 თებერვლამდე გაგრძელდება.

    გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, მის სანახავად პარიზში აჭარიდან დეპუტატები, ბათუმის მერი, მინისტრი, მისი მოადგილე, პოეტები და მხატვრები ბიუჯეტის ხარჯზე გაემგზავრნენ.