Category: არქივი

  • ბელიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია ( ვიდეო)

    ბელიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, აცხადებენ  შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, „თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე მდებარე საწყობში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა. 

    შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. ცეცხლი საწყობებს, მათ მიმდებარედ არსებულ მუყაოს ყუთებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ეკიდა. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

    მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

  • ევროპარლამენტართა რეზოლუციის 10 ცვლილება, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო

    ,,ევროპული საქართველოს” წევრი, ოთარ კახიძე ევროპარლამენტართა 10 წინადადებას ასაჯაროებს, რომელსაც მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა და დეკლარაცია ჩავარდა.

    ოთარ კახიძე განმარტავს, რომ წინადადებებს ჯერ კენჭი უყარა ევროპარლამენტმა და მხარი დაუჭირა, ხოლო შემდეგ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, სადაც უმრავლესობაში ქართული ოცნებაა, ყველა შესწორება ჩააგდო.

    ,,ოპოზიცია ვერ ჩააგდებდა ვერაფერს, ჩვენ ვართ ორნი, ხოლო ოცნების დეპუტატები – ექვსნი, მათ ჩაუგდეს ევროპარლამენტარებს ტექსტი და მიიღეს ბოლოს შესაბამისი პასუხი ამ თავხედობასა და უტიფრობაზე”,- აცხადებს კახიძე.

    ცვლილებების ჩამონათვალი ასეთია:

    1. დასანანია ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ეს პროექტი გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკას და უსაფრთხოებას;
    2. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ახლდა დარღვევები, რაც დაფიქსირებულია ეუთოს დამკვირვებლების მხრიდან – ფართო მასშტაბიანი მოსყიდვა, დაშინება/ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და შემდეგ არჩევნებზე აღარ გაიმეოროთ;
    3. პარლამენტირ რეგლამენტი ეფექტურად აღასრულეთ, რომ მთავრობის წევრებმა კომიტეტებზე იარონ;
    4. პროპორციული არჩევნების შესახებ დაპირების უკან წაღება ცუდია, შეთანხმდით ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულ წარმომადგენლობას;
    5. ოპოზოციასთან ნაყოფიერ დიალოგს შეუძლებელს ხდის ოპოზიციის ლიდერების დევნა, კერძოდ გიგი უგულავას ბოლო საქმე; 
    6. პრობლემები იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში და შემდეგი მოსამართლეების არჩევისას ეს გაითვალისწინეთ; 
    7. დაუშვებელია ძალადობა პოლიტიკურ ოპონენტებსა და მშვიდობიან მანიფესტანტებზე, უკანონობას ახალისებს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მოძალადეთა დაუსჯელობა;
    8. 20 ივნისის აქციის დაშლას მოყვა მშვიდობიანი მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, რაც მიუღებელია და ამაზე რეაგირებაა საჭირო;
    9. შემაშფოთებელია მთავრობისადმი კრიტიკული მედიის მფლობელების და მენეჯერების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების წარმოება – გვარამია, რურუა (ტვ მთავარი), წერეთელი (ტვ პირველი), გუმბარიძე (ტვ ფორმულა);
    10. შემაშფოთებელია პოლიტიკური პატიმრების არსებობა, გააქტიურებული გამოძიებები და დაკავებები პოლიტიკური ოპონენტების – გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, მამუკა ხაზარაძე და სხვები. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის ლიდერის განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლების გამოძიებებზე შესაძლოა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული.

    ევროპარლამენტის წარმომადგენლობამ შესწორებების გარეშე დარჩენილ დოკუმენტს გუშინ, 13 თებერვალს მხარი არ დაუჭირა.

  • წლების, უდიდესი ძალისხმევით ნაშენები ქვეყნის რეპუტაცია ჩამოშალეს- ჩუგოშვილი ,,ქართულ ოცნებაზე”

    ,,ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა უდიდესი ძალისხმევით და ენერგიით ნაშენები ქვეყნის რეპუტაცია ჩამოშალა.

    მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის ჩავარდნა ასოცირების შეთანხმებას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ,,გამორიცხული არაფერია”.

    ,,იმდენად ვამწვავებთ ჩვენ მათთან ურთიერთობას და იმდენად გავიფუჭეთ წლების ნაშენები, წლების წვალებით, არ ვიცი… უდიდესი ძალისხმევით და ენერგიით ნაშენები ქვეყნის რეპუტაცია ისე ჩამოშალეს, რომ ახლა უკვე გასაკვირი და გამორიცხული, სამწუხაროდ, არაფერი არ არის”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

    გუშინ, 13 დეკემბერს ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტზე საქართველოსთან დაკავშირებული დეკლარაცია ევროპარლამენტარებმა ჩააგდეს. საბოლოო დეკლარაციის დოკუმენტში ევროპარლამენტარებს შესწორებების შეტანა სურდათ გიგი უგულავას, საარჩევნო სისტემას და სხვა საკითხებზე, თუმცა შესწორებების საქართველოს მმართველი გუნდი არ დაეთანხმა.

    შესწორებების გარეშე დარჩენილი ტექსტის გამო ევროპარლამენტის წარმომადგენლობამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.

  • ბელიაშვილის ქუჩაზე საწყობი იწვის

    თბილისში ბელიაშვილის ქუჩაზე საწყობი იწვის. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი საწყობში არსებულ მუყაოს ყუთებს და საბურავებს უკიდია.

    ადგილზე 12 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

  • ნანახი მაქვს, რისი თავი აქვთ პოლიტიკაში კვირიკაშვილს და მარგველაშვილს- დავით ჭიჭინაძე

    პოლიტიკური მოძრაობა ,,ტრიბუნას” ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ნანახი აქვს, რისი თავი აქვთ პოლიტიკაში გიორგი კვირიკაშვილის და გიორგი მარგველაშვილს.

    მისი თქმით, არც ერთს ქვეყნის სასიკეთოდ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

    ,,მარგველაშვილის და კვირიკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა ნანახი მაქვს და ისიც ვნახე, რისი თავი აქვთ ამ ადამიანებს.

    ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ქვეყნის სასიკეთოდ არცერთს არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი. თუ არა, შეგიძლიათ ნახოთ მათი განვლილი გზა და დაასახელოთ თუნდაც ერთი კარგი რამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც ჩვენ ქვეყანას გამოადგება”,- ამბობს ჭიჭინაძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ მარგველაშვილს ივანიშვილისთვის კრიტიკულ მომენტებში წინააღმდეგობა არ გაუწევია.

    ,,თუ მარგველაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ გარიგება არ ჰქონდა, რატომ თქვა უარი მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ?! მითუმეტეს, რომ ოპოზიცია მხარდაჭერას ჰპირდებოდა.

    მოკლედ, მე არც ერთი კრიტიკული მომენტი არ მახსოვს, როდესაც მან „ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგობა გაუწია. ის, რომ ვეტოებს ადებდა რაღაცეებს, ეს გართობას უფრო გავდა, რადგან მაშინ „ოცნებას“ დეპუტატების იმხელა რესურსი ჰქონდა, რომ ვეტოს დაძლევა სეირის ყურება იყო, მეტი არაფერი“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

    ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი კვირიკაშვილი და მარგველაშვილი შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდნენ.

  • გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შეხვდება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს მარკ ესპერტს შეხვდება.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრების შესახებ, რომლებიც მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისაუბრა.

    დავით ზალკალიანის შეფასებით, მიუნხენის კონფერენცია წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან ფორუმს, რომელსაც ქართული მხარე მაქსიმალურად იყენებს, რათა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დეტალურად იყოს ინფორმირებული საერთაშორისო თანამეგობრობა, განსაკუთრებით ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.

    „ბუნებრივია, ასევე ვისაუბრებთ იმ რეფორმებზე, რომელიც ეკონომიური მიმართულებით ხორციელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დამსწრე საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, ხაზი გავუსვათ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, იქნება როგორც ორმხრივი შეხვედრები, ასევე მონაწილეობას მივიღებთ სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში. პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება აშშ-ის თავდაცვის მდივანთან. ამ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, რომელიც სამაგალითოა, კიდევ უფრო უნდა გამყარდეს, გაძლიერდეს. ცოტა ხნის წინ ჩატარდა თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში, სადაც საუბარი იყო ავღანეთში ოპერაციის შემდგომ მიმდინარეობაზე. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მიმართულებით და მომავალშიც გააგრძელებს ამას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

    მინისტრმა ასევე ისაუბრა კოლეგებთან დაგეგმილ ოცამდე ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართავს.

    „მე დაგეგმილი მაქვს 20-მდე ორმხრივი შეხვედრა, როგორც კოლეგა მინისტრებთან, ასევე სხვადასხვა ექსპერტებთან და ოფიციალურ პირებთან. მექნება ასევე გამოსვლა პანელზე, რომელიც არის მიძღვნილი შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკასთან, სადაც ვისაუბრებ საქართველოს როლზე და ფუნქციაზე შავი ზღვის რეგიონში, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების კონტექსტში შავ ზღვას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ჩვენი ფუნქცია განსაკუთრებულად იყო გამოყოფილი ბოლო სამიტებზე, ბრიუსელის სამიტზე, ნატო-ს უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტერიალის დროს. ბუნებრივია, ამ პანელს აქტიურად გამოვიყენებთ შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკაზე სასაუბროდ და ასევე, საქართველოს როლის წარმოჩენის თვალსაზრისით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

  • დმანისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

    დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მოკლული ქალი 57 წლის ზაირა დევნოზაშვილია. მისი ცხედარი დღეს დილით იპოვეს.

    მასზე თავდასხმა სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით მოხდა, რადგან მას მოპარეს იმ მაღაზიის გასაღები, რომელიც ქალის ოჯახის მფლობელობაშია. მოკლულს გახადეს ქურთუკიც.

    შემთხვევა სახლიდან რამდენიმე მეტრში მოხდა.

    ექპერტებმა დაადგინეს, რომ მას თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • როგორ გამოეხმაურნენ Facebook მომხმარებლები აეროპორტიდან კობახიძისა და კალაძის ლაივს

    ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის ,,ფეისბუქ” ლაივს მიუნხენის აეროპორტიდან სოციალურ ქსელში მომხმარებლების გამოხმაურება მოჰყვა. ,,ქართული ოცნების” წევრები სხვადასხვა ფილმის გმირებს და ცნობილ ადამიანებს შეადარეს.

    ნახეთ, Facebook გამოხმაურებები: 

  • “ძალიან კარგი წერილია”- ზალკალიანი საფრანგეთიდან და გერმანიიდან მიღებულ წერილზე, რომლესაც არ ასაჯაროებს

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ საფრანგეთიდან და გერმანიიდან მხარდამჭერი წერილი მიიღეს. ასე უპასუხა მან  ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, თუ რატომ არ გახდა წერილის შინაარსი საჯარო.

    “ძალიან კარგი წერილია, ჩვენი მეგობრების, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების. მხარდამჭერი წერილია. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით საფრანგეთისა და გერმანიის მხრიდან საქართველოს ასეთ მხარდაჭერას”, –  განაცხადა ზალკალიანმა.

    ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს მთავრობას ერთობლივი წერილი მისწერეს. როგორც კანდელაკი ამბობს, წერილში კრიტიკულადაა შეფასებული საქართველოში მიმდინარე მოვლენები.

  • კონგრესმენების წერილები არ გვაშფოთებს- ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი

    საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბიზნესგარემოზე კონგრესმენების წერილებს, პასუხობს, რომ წერილები არ აშფოთებს.

    ფხაკაძის თქმით, ბიზნეს ასოციაციას ეკონომიკის პულსზე უდევს ხელი, კვლევები კი აჩვენებს, რომ 2019 წელი ბიზნესის მხრიდან კარგად არის შეფასებული.

    ,,ძალიან ხშირად ის ინფორმაცია, რაც საჯარო სივრცეში არის, როდესაც ხდება მისი საზოგადოებისთვის გაცნობა, სხვანაირად არის ხოლმე აღქმული. მე დარწმუნებული ვარ, რომ რა ქეისებიც თქვენ ახსენეთ ამისი განხილვა მიმდინარეობს ევროპის სასამართლოში და იქნება ობიექტური გადაწყვეტილება მიღებული.

    ეს წერილები არ გვაშფოთებს! ჩვენ იმდენად მსხვილი ორგანიზაცია ვართ, რომ ქვეყნის ეკონომიკის პულსზე გვიდევს ხელი და მაჯისცემას კარგად ვგრძნობთ და პირდაპირ გეტყვით, კვლევები აჩვენებს, რომ 2019 წელი ბიზნესის მხრიდან კარგად არის შეფასებული.

    2020 წელს გავაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებდით წინა წლებში, გავაგრძელებთ ბრძოლას და განვითარებას იმ კომპანიებისა, რომლებიც ჩვენს ასოციაციაში არიან. დავეხმარებით, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. ყველამ უნდა აკეთოს საკუთარი საქმე”- ამბობს სოსო ფხაკაძე BM.ge-სთან ინტერვიუში.